შინაგან საქმეთა სამინისტროში ანტინარკოტიკული კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროში ანტინარკოტიკული კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. „ბიოს“ მოხმარების წინააღმდეგ მიმართული ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო კამპანიის და კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო რგოლების პრეზენტაცია გაიმართა.

კამპანიის მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირება. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ რა საფრთხეებს შეიცავს მათი ჯანმრთელობისთვის ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიო ეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ ასევე მომზადებულია საინფორმაციო რგოლი, რომლის მეშვეობით საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღებს ინფორმაციას.

ანტირაკოტიკული კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, ასევე, რგოლებში მონაწილე ექიმები – ნარკოლოგი თათა ასათიანი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, სექსოლოგი ანდრო კანდელაკი და ექსპერტ-ნარკოლოგები გელა ლეჟავა და ზურაბ სიხარულიძე ესწრებოდნენ.