„არ მგონია, დასავლეთმა რუსეთს მეორე რიგის სანქციები დაუწესოს“

„არ მგონია, დასავლეთმა რუსეთს მეორე რიგის სანქციები დაუწესოს“

დასავლეთის მხრიდან ჯერჯერობით მხოლოდ ტონის გამკაცრების პოლიტიკა რუსეთზე უკვე აისახა - რუსეთის საფონდო ბირჟების ინდექსები დაეცა. გასული კვირის ბოლოსთვის მოსკოვის საერთაშორისო სავალუტო ბირჟის ინდექსი 3,69%-ით, 1 271,8 პუნქტამდე შემცირდა, ხოლო რუსეთის საფონდო ბირჟის ინდექსი -4,46%-ით, 1 099,4 პუნქტამდე.

გაუფასურდა წამყვანი რუსული კომპანიების აქციებიც, მათ შორის, „სბერბანკის“ (-3,48%), „გაზპრომის“ (-2,61%), „ლუკოილის“ (-3,17%). ფასები დაეცა მეტალურგიული ინდუსტრიის, კერძოდ, „პოლუს ზოლოტოს“ ფასიან ქაღალდებზე - 4,9%-ით, ნოვოლიპეცკის კომბინატზე - 3,1%-ით.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის კრიზისის გამო შექმნილი ვითარება უკვე აისახა საერთაშორისო რეიტინგებშიც. სარეიტინგო კომპანია Fitch-მა რუსეთს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი „ВВВ“-დან (ანუ სტაბილურიდან), ნეგატიურამდე შეუმცირა, თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში კვლავ არსებული ВВВ+ შეუნარჩუნა. სააგენტო მიიჩნევს, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე საერთო პოლიტიკურ და სოციალურ სტაბილურობას ინარჩუნებს.

„პროგნოზის გაუარესება უკავშირდება დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, რომელიც რუსეთის ეკონომიკასა და ბიზნეს-კლიმატზე სერიოზულ გავლენას მოახდენს“, - აღნიშნულია სარეიტინგო კომპანიის პრესრელიზში.

ემუქრება თუ არა რუსულ ეკონომიკას სერიოზული რყევები და შესაძლებელია თუ არა რუსეთის ეკონომიკაში შექმნილმა მდგომარეობამ აიძულოს რუსეთის ხელისუფლება, თავშეკავებული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს, ამის შესახებ ექსპეტი ეკონომიკურ საკითხებში რომან გოცირიძე გვესაუბრება.

ბატონო რომან, როგორც ჩანს, რუსეთის საფონდო ბირჟაზე რაღაც პანიკის მსგავსი დაიწყო, დაეცა წამყვანი რუსული კომპანიების აქციების ფასი. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი რამდენად გრძელვადიანი პროცესია?

- პირველი, რაც უნდა აღინიშნოს - რუსეთი, როგორც ეკონომიკა ინვესტიციებისათვის კარგავს მიმზიდველობას. რუსეთში მიმდინარე პროცესები არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ერთი დღით, ამა თუ იმ საფონდო ბირჟაზე აქციების მატებით, ან კლებით, ან თუნდაც, რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსის შესუსტებით, ან თუნდაც, იმ პროცესებით, რაც დღეს მიმდინარეობს - რუსეთიდან კაპიტალის გატანის პროცესს ვგულისხმობ.

ეს არის ნერვული რეაგირება ყირიმის შემდგომ პროცესებზე, რომელსაც აქვს უეცარი ვარდნის ეფექტი. ეს შიძლება შევადაროთ ციებ-ცხელებაში მყოფ ადამიანს, როდესაც ტემპერატურა უცებ აუწევს ან დაუწევს - ეს ორგანიზმის არამდგრადი მდგომარეობის მაჩვენებელია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ პირველადი შედეგებია. ღრმა პროცესები შეიძლება მოსალოდნელი იყოს უფრო ხანგრძლივი პერიოდისათვის.

ცნობილია, რომ სერიოზული სანქციები ჯერ არ დაუწესებიათ რუსეთისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ამან რუსულ ბიზნესწრეებში უკვე გამოიწვია პანიკა?

- რუსეთისთვის ჯერ არ დაუწესებიათ რეალური სანქციები - გამოქვეყნდა პოლიტიკოსების „შავი სია“, რომლებსაც არსებითი ქონება, ან ანგარიშები საზღვარგარეთ არ აქვთ.

პირველი მტკივნეული გადაწყვეტილება ჯერ მხოლოდ ამერიკის მიერ იყო მიღბული - ევროპას მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამს - პუტინთან დაახლოებული 5-6 ბიზნესმენისათვის პირადი ანგარიში შეზღუდვის სახით. თანაც, ეს ეხება მხოლოდ პირად ანგარიშებს და არა მათი კომპანიებისას.

ერთი გამონაკლისი მოხდა მხოლოდ - უშუალოდ პუტინთან დაკავშირებული საშუალო სიდიდის სანკტ-პეტერბურგის ბანკს გაუყინეს ამერიკაში ანგარიშები - პუტინთან დაახლოებული პირის ანგარიშების დაყადაღებისას ირიბად მოხდა ამ ბანკის ანგარიშების დაყადაღებაც. თვითონ ამ ბანკის აქტივები დიდი არ არის, ე.წ საოჯახო ბანკად ითვლებოდა. ანუ, ეს იყო სამეგობრო-საოჯახო ბანკი, საიდანაც ფინანსდებოდა მიმდინარე მოთხოვნილებები. რა თქმა უნდა, ამ ბანკს ჰყავდა კლიენტურაც, რომელიც დაზარალდა იმის გამო, რომ VIZA-მ MASTERCARD-მა შეწყვიტა პლასტიკური ბარათების განაღდება. ანუ, ეს არის პირველი „ბწკენა“, რომელმაც გამოიწვია შეშფოთება, როგორც რუსეთის პოლიტიკურ წრეებში, ასევე მოსახლეობაშიც.

რომ ყოფილიყო ევროკავშირისა და ამერიკის მიერ გაცხადებული პირველი რიგის სანქციები, რომელიც ძალიან სუსტ სანქციად ითვლება, რომ მომხდარიყო პუტინის მძიმეწონოსანი თანაგუნდელების ანგარიშების გაყინვა, როგორიც არიან „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ დირექტორები (არ ვგულისხმობ კომპანიების ანგარიშებს, რომელთა შემოსალები რუსეთის ბიუჯეტის 50%-ს შეადგენს), ესეც კი, როგორც რუსეთის საფონდო ბირჟებზე, ისე ბიზნესწრეებში უფრო დიდ პანიკას გამოიწვევდა.

ასე მგონია, რომ ნელ-ნელა ნაბი-ნაბიჯ შეიძლება მოხდეს სანქციების გამკაცრება, მაგრამ შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, გადავა თუ არა სანქციები პერსონალიებიდან ბიზნესებზე - ეს არის მთავარი.

ევროპაში ამაზე ერთიანი აზრი არ არსებობს, ვინაიდან ევროპული კომპანიებიც დაზარალდება, მაგრამ საკითხი ასე დგას: უღირს თუ არა დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს საკუთარი დანაკარგების ფასად ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოკუპაციის „გადაყლაპვა“ - ამისი პროგნოზირება ძნელია.

თქვენ აღნიშნეთ რომ შესძლოა, დასავლეთმა სანქციები ნელ-ნელა გაამკაცროს, რა ეტაპზეა მოსალოდნელი, რომ ასეთმა სანქციებმა გამოიწვიოს ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნა?

- მეორე ეტაპის სანქციები იყო ბიზნესთან დაკავშირებული, ხოლო მესამე ეტაპის სანქციები ეს არის ძალიან სერიოზული, დაახლოებით იმ ტიპის, რაც დასავლეთმა დაუწესა ირანს - ტექნოლოგიების შეზღუდვა, ნავთობის შესყიდვაზე ემბარგოს გამოცხადება და ა.შ.

ფაქტობრივად, ეს არის უძიმესი სანქციები და კატასტროფული იქნებოდა რუსეთისათვის, მაგრამ არ მგონია, რომ მესამე რიგის სანქციებამდე მივიდეს საქმე, თუ რასაკვირველია, რუსეთი არ დააპირებს უკრაინის სხვა ტერიტორიების მიერთებასაც.

თუ მეორე რიგის სანქციებიც კი დაიწყება, როგორიცაა, ბიზნესებისთვის ანგარიშების დაყადაღება, ან მსგავსი რამ თუ განმეორდა სხვა რუსული ბანკების მიმართ, რაც მოხდა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ბანკის შემთხვევაში, მაგალითად, რუსეთის მსხვილი ბანკებისათვის საკონრესპონდენტო ანგარიშების გაყინვა, ბანკების დაკრედიტებაზე უარის თქმა, ანუ მსხვილ ბიზნესებზე შეზღუდვების დაწესება, ეს ყველაფერი რუსეთისათვის იქნება ძალიან მძიმე.

მაგრამ მთავარი ეს არ არის. მაგალითად, Fitch Raitings-მა რუსეთს რეიტინგი კი არ დააკლო - 3B დაუტოვა, მაგრამ სამი-B სტაბილურიდან ჩამოიყვანა სამი-B ნეგატიურამდე, რომელიც დიდი ცვალებადობა არ არის საინვესტიციო კლიმატის შეფასების თვალსზრისით, მაგრამ თუ ეს მაჩვენებელი შემცირდება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციების თვალსაზრისით, რუსეთს, ან ძალიან გაუჭირდება, ან საერთოდ შეუჩერდება ინვესტიციები. ასეთ შემთხვევაში, სამომავლოდ რუსეთის ეკონომიკას სერიოზული საინვესტიციო შიმშილი ელოდება.

რამდენად ხანგრძლივი პროცესი შეიძლება იყოს რუსეთის ეკონომიკაში სერიოზული ნეგატიური პროცესი და საქმე თუ მივა იქამდე, რომ სანქციების შედეგად მიღებულმა ეკონომიკურნა ზარალმა რუსეთის ხელისუფლება აიძულოს პოლიტიკურ კომპრომოსზე წავიდეს დასავლეთთან?

- ეს პროცესი, რაც ჩაირთო, ალბათ, არა ერთ და ორწლიანი ეფექტის მატარებელი იქნება. ეს არ არის ჩეჩნეთთან ომის ტოლფასი ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი, არც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ომის ტოლფასი. ეს არის დაახლოებით 50-მილიონიანი მტრული სახელმწიფოს გაჩენა საზღვართან, რომელიც არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი.

ეს გამოიწვევს ათწლეულების განმავლობაში ნეგატიურ პროცესებს - აღარაფერს ვამბობ ყირიმის შენახვაზე, რომელიც ნახევარკუნძული იყო და ფაქტობრივად, კუნძული გახდება, მას შემდეგ, რაც მოხდება ხმელეთის მხრიდან უკრაინული ჯარისა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ბლოკადა. ეს ნიშნავს ძირითად კავშირებს ზევიდან, ქერჩის ახალი ხიდიდან და ა.შ. ეს არის უამრავი საბიუჯეტო ხარჯების საკუთარ თავზე აღება და ა.შ.

ეს იქნება ყირიმის ეკონომიკის აბსოლუტური დასამარება, რადგან ყირიმის ეკონომიკის 70% ივსებოდა უკრაინიდან. ასე რომ, რუსეთმა ძალიან დიდ მახეში მოიყოლა თავი, რომლის ეკონომიკურ შედეგებს ხალხი აუცილებლად იგრძნობს საკუთარ თავზე.

რაც შეეხება საქართველოს, გვახსოვს რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური და ფინანსური რყევები გავლენას ახდენდა ქართულ ეკონომიკაზეც. ამ შემთხვევაში როგორი პროგნოზები არსებობს?

- უახლოეს პერიოდში რაიმე ძირითადი გავლენა არ არის მოსალოდნელი. ჩვენ რუსეთთან გვაქვს ორი ტიპის ეკონომიკური კავშირი - ერთია მიგრანტების მხრიდან ტრანსფერები, რომელიც უცხოეთიდან ჩარიცხული თანხების ნახევარს შეადგენს - სულ 1,4 მილიარდი შემოდის საქართველოში და აქედან 700 მილიონი რუსეთზე მოდის. უახლოეს პერიოდში, თუნდაც ერთ წელიწადში, არ ველოდები მის შემცირებას. ეს არ მომხდარა აგვისტოს ომის დროსაც კი და მანამდეც, როდესაც ქართველებს დევნიდნენ და ავიწროებდნენ. ძალიან დიდია ქართული დიასპორა და ამიტომ, არ მგონია, რაიმე სერიოზული ცვლილება იყოს.

რაც შეეხება ვაჭრობის სფეროს, სადაც სერიოზული გარღვევა იყო ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტში, თებერვლისთვის უკვე გასამმაგებული იყო ეს ციფრი, ამ ნაწილში შესაძლოა იყოს გარკვეული ზეგავლენა, მაგრამ არა არსებითი. ჩვენ რუსეთთან მყარი ეკონომიკური კავშირები ჯერ არ გვაქვს.

რაც შეეხება უკრაინას, ის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია ჩვენთვის, ერთ-ერთი იაფი მომწოდებელი პროდუქციის და შესაძლოა, გარკვეული დროით რაღაც ტექნიკური ხასიათის შეფერხებებიც აღინიშნებოდეს. თუმცა რუსეთმა ჩაკეტა უკრაინის ბაზარი და უჭირს ეროვნულ პროდუქციას იქ შეღწევა. ასე რომ, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალი ბაზრების მოპოვება და არ მგონია, ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ რაიმე პრობლემა შეიქმნას საქართველო-უკრაინის სავაჭრო ურთიეთობებში.

თუ საქმე წავიდა მართლაც ყირიმის კონფლიქტის გაყინვასა და ფედერალიზაციისკენ, რამდენად არის მოსალოდნელი დასავლეთის მხრიდან, თუნდაც, მეორე რიგის სანქციების ამოქმედება რუსეთის მიმართ?

- მიმძიმს თქმა, რომ მეორე რიგის სანქციები დაწესდება, მაგრამ პირველი რიგის სანქციების დაწესება, რომელიც ნაწილობრივ ბიზნესს გადაწვდება, ალბათ, მოხდება. ამას მხოლოდ და მხოლოდ, ხანგრძლივ პერსპექტივაში იგრძნობს რუსეთის ეკონომიკა, მოკლევადიოან პერსპექტივაში იქნება ნევროზული ატმოსფერო, კაპიტალის გადინება და ინვესტიციების შემცირება.

ეკონომიკას ახასიათებს ინერციული პროცესები, ნეგატიური ცვალებადობა უცებ შეიძლება აისახოს საფონდო ბაზარზე - დაეცეს აქციების ღირებულება, მაგრამ სამუშაო ადგილების შემცირება, ინფლაცია არ ხდება მომენტალურაედ და ეს გრძელვადიანი ნეგატიური პროცესია.