სააკაშვილმა ახალი ხელისუფლება დუელში გამოიწვია და სიმბოლურად თეთრი ხელთათმანი ესროლა. იგი არათუ არ აპირებს პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადებას, არამედ საქართველოსა და მთელი რეგიონის გათავისუფლებას ლამობს და, როგორც ირწმუნება, მას ვერაფერი შეაჩერებს, გარდა ფიზიკური ლიკვიდაციის.
„არ ვაპირებ ივანიშვილ-პუტინის თამაშების თამაშს... მე საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ საქართველოში ჩამოვალ პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. ეს დრო დადგება ბევრად უფრო მალე, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენია, რუს ოლიგარქს, რომელსაც 2 მილიარდი მისცეს ამ დავალების შესრულებაში 2012 წელს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და განმარტა, რომ უკრაინის მოვლენების გამო ბოლო კვირებში იგი ვლადიმერ პუტინს „ძალიან გაეჩხირა ყელში“.
ამის დასტურად მან ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელის ინფორმაცია მოიშველია, რომლის ვარაუდითაც, პუტინმა სააკაშვილის დაჭერაზე პირდაპირი დავალება გასცა. თუმცა, რასაკვირველია, სააკაშვილმა კვლავ ზოგადი საუბრის მანერა შეინარჩუნა და არ დაუკონკრეტებია, ევროკავშირის რომელი ხელმძღვანელი თანაუგრძნობდა და აფრთხილებდა მას პუტინისგან მომავალი საშიშროების შესახებ.
ასევე, სააკაშვილმა ამერიკაში ძალიან გავლენიან და მნიშვნელოვან თანამდებობაზე მყოფი მეგობრებიც ახსენა და განმარტა, რომ მას საქართველოს დატოვება ურჩიეს, რადგან ტიმოშენკოზე უფრო მნიშვნელოვანი კაზუსის გაჩენა საქართველოს იმიჯს დააზარალებდა. თუმცა ექსპრეზიდენტი თავადვე არ მოერიდა ახალი ხელისუფლების იმიჯის დაზარალებას და ასეთნაირად შეამკო ისინი: „საქართველოს მთავრობას მართავენ სრული არარაობები“.
რისი გარანტია აქვს სააკაშვილს?! ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრა.
სააკაშვილის ტონს მუქარა შეერია. დაკითხვაზე გამოცხადების ნაცვლად, იგი აპირებს, სულ სხვა მიზნით ჩამოაკითხოს ივანიშვილს საქართველოში. მის ტონალობას ეკა ხერხეულიძეც იმეორებს - „მოემზადეთ ქართული მაიდანისთვის, იქ მიშა სააკაშვილი გელოდებათ!“ როგორც ჩანს, დროებითი ტაიმ-აუტის შემდეგ, ეს უკვე ახალი ეტაპია სააკაშვილ-ივანიშვილის ურთიერთობაში. რა საფუძველი უნდა ჰქონდეს სააკაშვილის მუქარას?
- მოსალოდნელი იყო, რომ დაკითხვასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება ამ სტილში იქნებოდა. მათ სხვა არგუმენტი, გარდა იმისა, რომ ისევ ამოსწიონ პუტინის თემა, არ აქვთ. საინტერესოა, რომ „ნაცმოძრაობის“ თითქმის ყველა ლიდერი იმავეს ურჩევს, არ ჩამოვიდეს სააკაშვილი თბილისში. დაახლოებით ეს მაგონებს თავის დროზე ლენინი რაზლივში რომ იყო და მთელი ბოლშევიკები ურჩევდნენ, არ მისულიყო სასამართლოზე. ასეთივე სიტუაცია შეიქმნა. რაც შეეხება მაიდნის განმეორებას, თუ მაიდანი ან მსგავსი რამ საქართველოში განმეორდება, ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და, მით უმეტეს, სააკაშვილის დროშით და ეგიდით. აქციების მოსაწყობად არანაირი მხარდაჭერა ნაციონალებს არ აქვთ და არც ექნებათ. რეალურად თუ ვიტყვით, სააკაშვილის მიმართ კითხვები პროკურატურას კი არა, საზოგადოებას აქვს. ეს კითხვები არ გაჩენილა გუშინ და გუშინწინ. ეს კითხვები ქრონოლოგიურად ყოველი ახალი უბედურების შემდეგ ჩნდებოდა და პასუხგაუცემელი იყო. ახალმა ხელისუფლებამ, უბრალოდ, ქრონოლოგიურად დაალაგა და ერთ კითხვაში გააერთიანა ეს შეკითხვები.
ობამა-ღარიბაშვილის და, ზოგადად, ამერიკაში უპრეცედენტოდ მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ ბევრად უფრო გააქტიურდა მთავარი პროკურატურა და ყველასათვის მოულოდნელად, სააკაშვილის დაკითხვის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე გამოძიება სააკაშვილს დელიკატურად გვერდს უვლიდა. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მაღალი დონის შეხვედრებმა დღევანდელი ხელისუფლება დაარწმუნა, რომ ვაშინგტონში ზუსტად ისე იგებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, როგორც ამას ქართველი ხალხი მოითხოვს? რომ ჩვენთან ყოფილ ჩინოვნიკთა გასამართლების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის? ყველას გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილი კარგა ხანს თავს იკავებდა ამერიკაში ვიზიტისგან, რადგან არ სურდა, თავის მართლების რეჟიმში ყოფილიყო.
- სააკაშვილთან მიმართებით პროკურატურამ ჩამოთვალა ყველა ის ფაქტი, რაც ქართული საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია - გირგვლიანის, ტელეიმედის, მუხროვანის ამბოხის და სხვა თემები. ქართული საზოგადოება წინასწარ იყო დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის ნებართვისა და მისი კურთხევის გარეშე ვერც განხორციელდებოდა და არც განხორციელდებოდა. ბუნებრივია, იყო მოლოდინი, ეს პროცესები, ბოლოს და ბოლოს, თავს მოიყრიდა სააკაშვილთან და დღის წესრიგში მისი დაკითხვა დადგებოდა. კარგა ხანია, სიტუაცია იმ მიმართულებით შეიცვალა, რომ სააკაშვილისადმი ინტერესის გამოჩენა ისეთივე სიმძაფრის არ იქნება დასავლეთის მხრიდან, როგორც, დავუშვათ, ერთი წლის წინ, ან უშუალოდ 2012 წლის არჩევნების შემდგომ.
მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით. პირველ რიგში, ეს იყო გარღვევა, ღარიბაშვილ-ობამას შეხვედრის სახით, საქართველოს ახალი ხელისუფლების მტკიცე კურსი ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ პროცესი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაჭიანურდა, გამოწვეული იყო იმით, რომ არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ დასავლური საზოგადოებაც დარწმუნებულიყო, რომ აქ პოლიტიკურ დევნასთან არ გვქონდა საქმე. ახლა ამას უკრაინის პროცესებიც დაემატა. სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვალა დღევანდელი ქართული ხელისუფლების მიმართ და სანდოობის ხარისხი გაიზარდა. ახლა უკვე იმის დროა, უფრო გააქტიურდნენ სამართალდამცავი ორგანოები და, თუ შეკითხვები გაჩნდება, ალბათ, უკვე შეიძლება სწრაფი ქმედებები. როგორც ჩანს, ამ დასკვნამდე მივიდა დღევანდელი ხელისუფლება, პროკურატურა და ამის გამოძახილია, რომ სააკაშვილმა სამართალდამცავებისა და ქართული საზოგადოების კითხვებს უნდა უპასუხოს.
სად უნდა განხორციელდეს დაკითხვის პროცედურა, როცა სააკაშვილს ერთი მისამართი არ აქვს, ხან ამერიკაშია, ხანაც უკრაინასა და ჰოლანდიაში? თანაც, იგი დაკითხვას არ დათანხმდება.
- დიდი პრობლემა აღარ უნდა იყოს ექსპრეზიდენტის დაკითხვა. სად და როგორ განხორციელდება ეს პროცედურა, სხვა საკითხია. უნდა იყოს ამის მცდელობა, სააკაშვილი თავადავე უნდა ჩამოვიდეს აქ, გამოცხადდეს პროკურატურაში და მისცეს ჩვენება. ცხადია, ეს საკითხი მხოლოდ სამართლებრივი არ არის და პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს. ამიტომ „ნაცმოძრაობა“ შეეცდება, ამას პოლიტიკური ელფერი მისცეს. ეს ბუნებრივი რეაქციაა ნაციონალების მხრიდან. ისინი ხედავენ, რომ ნელ-ნელა ყულფი ვიწროვდება და პრობლემები უფრო და უფრო უჩნდებათ. იმასაც ხედავენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მათდამი იცვლება. ისინი ამის მშვენიერ ანალიზს აკეთებენ. ამიტომ ნაციონალები შეეცდებიან, კიდევ მეტი აჟიოტაჟი ატეხონ. ამის საპასუხოდ, ხელისუფლება უნდა იყოს მშვიდად და თანმიმდევრულად განახორციელოს პროცედურები. სამართლებრივად როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ, თუ სააკაშვილი არ გამოცხადდება დაკითხვაზე, მაინც მგონია, გამონაკლისი უნდა დაუშვან და, სადაც იქნება, იქ ჩააკითხონ, აიძულონ, პასუხები გასცეს ძიებას. პოლიტიკურად ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.
თქვენ ახსენეთ უკრაინის პროცესები, სადაც სააკაშვილის როლი ცალსახა იყო. ის მხარს უჭერდა კლიჩკოსა და ევრომაიდნის აქტივისტებს. იმ ვერსიასთან ერთად, რომ ის უკრაინის უბედურებას სათავისოდ იყენებდა, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, უკრაინის მოვლენებში სააკაშვილი დამოუკიდებლად არ აქტიურობდა და სწორედ დასავლეთის გარკვეული წრეებისგან ჰქონდა ბიძგი მიცემული. თუ დასავლეთი მასზე უკვე აღარ აფანატებს, მაშინ დასავლეთის თვალში სააკაშვილმა უკრაინასთან მიმართებითაც ამოწურა თავისი ფუნქცია? იქნებ, მავრს საქმე ჯერაც არ დაუმთავრებია? როგორ ფიქრობთ, დამთავრდა სააკაშვილის ციკლი?
- დასავლეთს რამდენად სჭირდებოდა იგი, ძნელი სათქმელია. არა მგონია, მთლად ასე იყოს, მაგრამ სააკაშვილს რომ სჭირდებოდა უკრაინა და ცდილობდა, უკრაინაში მიმდინარე პროცესი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, ეს ნათელია. უკრაინულ მოვლენებში ასე აქტიური მონაწილეობით ის ცდილობს არა მარტო თავისი პოლიტიკური რენომეს გაუმჯობესებას, არამედ იმას, რა კითხვაც თქვენ დამისვით, მას სურს, დასავლეთს აგრძნობინოს, რომ ჯერ კიდევ საჭიროა. ამიტომ აქტიურობს იმაზე მეტად, ვიდრე სხვა შემთხვევაში იაქტიურებდა. სჭირდება თუ არა დასავლეთს, არა მგონია.
უკრაინის პროცესი გავიდა პატარა ქვეყნების ფარგლებიდან, უკვე დიდი სახელმწიფოები არიან ამ პროცესში ჩართულნი და იქ ყოფილი პრეზიდენტის კი არა, სხვა სახელმწიფოების როლი (თუნდაც ევროკავშირში შემავალი, მაგრამ მცირე სახელმწიფოების როლი) ნელ-ნელა სუსტდება. პრობლემა უკვე სხვა სიბრტყეშია გადასული. ასე რომ, დასავლეთი არ შეეცდება, სააკაშვილი რაიმეში გამოიყენოს უკრაინაში.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა სათავეში, სავარაუდოდ, დასავლეთშიც იყო მოლოდინი, რომ საბოლოოდ დადგებოდა სააკაშვილის, როგორც მოწმის და შემდეგ უკვე - ბრალდებულის საკითხი. მით უფრო, რომ საქართველოში არასდროს შეწყვეტილა მისი პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბარი. როგორი იქნება დასავლელი პოლიტიკოსების რეაქცია? სააკაშვილის ლობისტებსა და ევროპის სახალხო პარტიაზე (IPP) უკვე აღარ არის საუბარი.
- რეაქცია იქნება მხოლოდ ლობისტების მხრიდან და არა დასავლეთის მხრიდან. ვერ იქნება ეს მკვეთრი რეაქცია. შეეცდებიან, თავიანთი მხარდამჭერების, სახალხო პარტიისა და მისი ლიდერების საშუალებით რაღაცნაირად ამ თემის აქტუალიზაცია მოახდინონ, მაგრამ საქართველოსთან პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ან ევროკავშირში მომავალ გაწევრიანებაზე ეს ვერ იმოქმედებს. რამდენიც უნდათ, იმდენი აზრი გამოთქვან სახალხო პარტიამ თუ ლობისტებმა, ქვეყანა ამით პოლიტიკურად არ წააგებს. ეს არის მთავარი.
ანუ სააკაშვილის დაკითხვა ან დაკავება დასავლეთისთვის უკვე სულერთია? ნაციონალებმა უკვე გაავრცელეს, რომ სააკაშვილის დაკითხვებზე დაბარება ნიშნავს, დიდი სამოქალაქო კონფრონტაციის დაწყებას, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი თევდორაძემ თქვა, მიშას დაკავების „ერთი ადგილი“ არ აქვს „ქართულ ოცნებას“, შაშკინი კი აცხადებს, რომ ნებისმიერი გზით სააკაშვილისთვის სამართლებრივი პრობლემების შექმნა საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას დაასამარებს.
- დასავლეთი დაინტერესებულია, საქართველომ ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას. ძალიან კარგად წავიდა ეს პროცესები. ჯობდა, ჩვენ ცოტა გვიან მოგვეწერა ხელი და უკრაინაში ეს სამწუხარო პროცესი არ დაწყებულიყო. თუმცა რაც არის, ეს არის. ასეა თუ ისე, რეალობა ისაა, რომ, სამწუხაროდ, უკრაინის პროცესებმა ბიძგი მისცა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღმა ნელ-ნელა აქეთ გადმოიწია და დაჩქარდა. ასეთ შემთხვევაში, გამორიცხულია სააკაშვილისადმი სამართალდამცავი ორგანოების ინტერესი გახდეს დასავლეთისკენ ჩვენი სწრაფვის პოლიტიკური პროცესების შემაფერხებელი. ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა. ჩვენ ყოველთვის გვეჩქარებოდა და ახლაც გვეჩქარება. ამას დაემატა უკრაინის ამბები. ყოველივეს ერთ კონტექსტში განხილვის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილისადმი ინტერესი, მისი დაკითხვა იქნება, თუ დაკავება, საქართველოს იმიჯს უკვე ვერც შეცვლის და ვერც ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს. მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს ქმედების მყარი არგუმენტი ჰქონდეთ. დაკითხვის საკითხი ჩემში ეჭვს არ ბადებს, რადგან კითხვები ისედაც არსებობდა და არსებობს. შემდგომი პროცედურა კი კანონის თანახმად უნდა განხორციელდეს. თუ ხელისუფლება სწორად იმუშავებს და არა ისე, როგორც კეზერაშვილთან მიმართებით, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება, გინდაც დაკავება იყოს.
ჩვენ ვიცით პოლიტიკური თავშესაფრის პრეცედენტები. შესაძლებელია, სააკაშვილი ამ მხრივაც დაუსხლტეს გამოძიებას? არსებობს ისტორიული პარალელებიც. მაგალითად, ნიურნბერგის პროცესის მიუხედავად, ფაშისტური გერმანიის ბევრმა დამნაშავემ მოახერხა ათწლეულების მანძილზე დასხლტომოდა გამოძიებას და სხვა ქვეყნისთვის შეეფარებინა თავი.
- ამ მხრივ მახსენდება ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც იძულებული გახდა, გაქცეულიყო ფილიპინებიდან, შემდეგ იყო ამერიკაში და მოგვიანებით უკვე მასაც პრობლემები გაუჩნდა. უფრო ადრე იყო ირანის შაჰის პრეცედენტი. ეს მაგალითები სწორედ სააკაშვილთან მიმართებითაა. არ გამოვრიცხავ, მცირე ზომის რომელიმე სახელმწიფომ - ევროპაში ან ამერიკაში (და არა წამყვანმა სახელმწიფოებმა), მიხეილ სააკაშვილს თავშესაფარი მისცენ. ბუნებრივია, მაშინ იქნება ისე, როგორც ახლა მოხდა, რომ საფრანგეთის სასამართლომაც უარი განაცხადა კეზერაშვილის ექსტრადირებაზე. ამ შემთხვევაში, ვერაფერს ვიზამთ, მაგრამ ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კითხვები დაესვა სააკაშვილისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია.
შესაძლოა, ახალი ხელისუფლების ასეთი მოწადინება 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისკენ იყოს მიმართული და შემდეგში ისევ მდორედ წარიმართოს გამოძიება. ახლა აშკარაა, რომ ტემპი დაჩქარებულია, შემდგომში რა იქნება, არავინ იცის.
- მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში გარკვეული გულგატეხილობა შეიმჩნევა, მაინც ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა მაინც მაღალი აქვს. ასე რომ, ადგილობრივ არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვება, დიდი უპირატესობით ეჭვგარეშეა. ამიტომ, არა მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს პიარის აგორება ამ მხრივ. თუ ვინმეს ეს სჭირდება, ალბათ, უფრო ნაციონალებს, რომ მერე ატეხონ ყვირილი, რომ მათ პოლიტიკურად დევნიან. თორემ, სხვა ფაქტორებს აქ ვერ ვხედავ. მეტსაც გეტყვით, დღევანდელი სიტუაცია, საერთაშორისო და არა საშინაო, ისეთია, რომ ამ პროცესთა დაჩქარება აუცილებელი ხდება საქართველოს ხელისუფლებისთვის. საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს გაცილებით მეტი შანსია, გაერკვნენ, რა ხდებოდა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. ეს შეიძლება ახლა მოახერხონ ობიექტურად და უმტკივნეულოდ, ვიდრე ერთი წლის წინ.
ხვალ და ზეგ რა იქნება, ჩვენ არ ვიცით, რადგან მსოფლიოში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. თანაც, რაღაც პროცესი დაიწყო და ეს პროცესი მოითხოვს მეტ ტემპს. ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა თანაზომადი ოპოზიციური ძალები. ამიტომ ვწუხვარ, რომ დღეს ასეთი თანაზომადი ძალები არ არსებობს. იმედი მაქვს, 2016 წლისთვის იქნებიან ასეთი ძალები.