დასავლეთის მკაცრი ტონის მიუხედავად, რუსეთი საკუთარ საგარეო პოლიტიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ არ ცვლის. დასავლეთის მიმართულებით გადადგმულ ყოველ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოსდევს. ყირიმის ფასად უკრაინამ უკვე მიიღო ევროპასთან ასოცირების დოკუმენტზე ხელმოწერა, რიგში საქართველო და მოლდოვაა. უკვე გადაწყდა, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას დაგეგმილზე ორი თვით ადრე მიიღებს. როგორი იქნება დასავლეთისა და რუსეთის მხრიდან შემდგომი ნაბიჯები და რას უნდა ველოდეთ რუსეთის მხრიდან დასავლეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
უკვე გადაწყდა, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას დაგეგმილზე ორი თვით ადრე, ივნისში მოაწერს ხელს - პარალელურად, საზოგადოება საგონებელშია ჩავარდნილი - როგორ შეხვდება ამას რუსეთი? როგორი მოლოდინი არსებობს?
- დასავლეთი ძალიან ფრთხილია თავის მოქმედებებში, ერთი მხრივ, სანქციებს უწესებს რუსეთს, მეორე მხრივ, დახმარების ხელს უწვდის იმ ქვეყნებს, რომლებიც შეიძლება გახდნენ რუსეთის აგრესიის მორიგი მსხვერპლნი. თუ შედეგის თვალსაზრისით შევაფასებთ, ანუ ერთი მხრივ, რამდენად შეაფერხებს ეს ყველაფერი რუსეთს და მეორე მხრივ, ის პრიზები, რასაც ამ ქვეყნებს აძლევს დასავლეთი, რამდენად შეიძლება გამოდგეს რუსეთისგან დამცავ ფარად.
შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთი უნდა იყოს ეფექტიანი და ვერც მეორე - ვერც რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციები და ვერც წამახალისებელი პრიზები საქართველოსა და მოლდოვასთვის.
დღემდე დაწესებული სანქციები განსაკუთრებულ ეფექტს რუსეთზე მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ მოახდენს. ასევე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღის გადმოწევა ნამდვილად ვერ არის ის ბერკეტი, რომელიც რუსეთს თავს შეაკავებინებს საქართველოსა და მოლდოვას მიმართულებით აგრესიული ქმედებებისგან.
აქ მთავარი არის ერთი რამ, რა იქნება დღეს პუტინის მოქმედებების მოტივები. თუ უკრაინაში ის იცავდა თავის ტერიტორიულ მთლიანობას - თუ ის უკრაინაში პროცესებს თავისუფალ დინებაზე მიუშვებდა, პუტინის ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ ანალოგიური, რევოლუციური პროცესები განხორციელდებოდა რუსეთშიც, რასაც სულ მცირე, რუსეთის ხელისუფლების საფუძვლის შერყევა მოჰყვებოდა. ამას შესაძლოა, ცენტრიდანული პროცესებიც დართვოდა და ა.შ. ყირიმის ანექსიას პუტინი და რუსეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი სწორედ ამ მოტივით ამართლებს. რუსეთის აზროვნების ლოგიკას რომ გავყვეთ - ერთი მხრივ ხელისუფლების შენარჩუნება, მეორე მხრივ კი რუსეთის სახელმწიფოს შენარჩუნება იმ საზღვრებში, რომელშიც დღეს არის. ხოლო რაც უფრო გაფართოვდება ეს საზღვრები, მით უფრო ნაკლები საფრთხე დაემუქრება რუსეთის, როგორც სახელმწიფოს ერთიანობას.
დავუშვათ, საკუთარ ხალხს დაუმტკიცა ის, რისი დამტკიცებაც სურდა. ამის შემდეგ უკვე რა შეიძლება იყოს პუტინის შემდგომი მოქმედებების მოტივი?
- თუ ამოსავლად ამ მოტივს მივიღებთ, შესაძლოა განიხილებოდეს ორი სცენარი - აქ საინტერესოა, რა უფრო მეტი საფრთხეა დღეს რუსეთისთვის. პირველი - მის წინააღმდეგ გატარებულმა სანქციებმა შეიძლება დააჩქაროს რუსეთის ეკონომიკის და შესაბამისად პოლიტიკური სისტემის ნგრევა და ამიტომ, პუტინმა თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ნაბიჯებისგან უკრაინის სიღრმეში, ან მოლდოვას და საქართველოს მიმართულებით, ან მეორე - პირიქით, პუტინი ჩათვლის, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის უფრო მომგებიანია, ხოლო რუსეთის სახელმწიფოს პოზიციების გაძლიერებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ტერიტორიების შემატება, რასაც შეიძლება რუსეთის შეჭრა მოჰყვეს აღმოსავლეთ უკრაინში და ევროკავშირთან ასოცირების მოსურნე სხვა ქვეყნებში და ა.შ. - გააჩნია რა იქნება ომ ორი მოტივიდან წამყვნი.
ფაქტია, რომ დღეს ყველა ფრონტი გადის ეკონომიკებზე. ყველა მსოფლიო დაპირისპირებას დღესდღეობით ერთი განმასხვავებელი ნიშანი აქვს, კერძოდ ის, რომ ერთმანეთს უპირისპირდება ეკონომიკები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვინ უფრო მზად არის ამ ახალი რეალობის გამოწვევებისთვის - ვინც მზად არის, გაიმარჯვებს სწორედ ის.
ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ახალი რეალობა რომელიც სამხედრო არსენალში ატომური იარაღის შემოტანამ განაპირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ თუ დაიწყო საომარი მოქმედებები, უკვე აღარავის არ ექნება გარანტია, რომ კონფლიქტში მონაწილე რომელიმე მხარე ატომური იარაღის გამოყენებისგან თავს შეიკავებს.
ანუ, დღეს მიდის რუსული და დასავლური ეკონომიკების ჭიდილი?
- პირველ ეტაპზე, ეს არის ეკონომიკების ჭიდილი - ვინ შეძლებს, გაუძლოს სანქციებს. მნიშვნელოვანია, ვინ რა ტიპის სანქციებზეა წამსვლელი. თავის მხრივ, დასავლური ეკონომიკაც ელოდება რუსეთისგან სანქციებს და საინტერესოა, რა სანქციებზეა წამსვლელი რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, შედეგი, რომელიც ამ ეკონომიკურ სანქციებს მოყვება, რომელ მხარეს უფრო მეტად დააზიანებს. ამჟამად ჩვენ ეკონომიკური ომის საწყის სტადიაზე ვიმყოფებით. თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში, ეკონომიკურ სანქციას არ შეილება ჰქონდეს ცალმხრივი ეფექტი. თეოროულად რომ დავუშვათ, ეკონომიკური სანქცია რუსეთის მხრიდან შეიძლება იყოს დასავლეთ ევროპის დატოვება გაზის გარეშე, რაც თავისთავად, აბსურდია იმიტომ, რომ ამით რუსეთიც კარგავს უზარმაზარ, მილიარდობით შემოსავლებს, რაც ასევე დაანგრევს მის ეკონომიკას. ამიტომაცაა, თანამედროვე ეკონომიკური სანქციები ისეთი შუბია, რომელსაც ორი ბოლო აქვს.
ამიტომ არის დასავლეთი დღეს ძალიან ფრთხილი რუსეთის მიმართულებით ეკონომიკური სანქციების დაწესებაში - ნებისმიერი სანქცია შეიძლება მას მიუბრუნდეს ბუმერანგივით.
გარდა ამისა, ისიც მნიშვნელოვანია, რომელი ეკონომიკა უფრო მყარია სანქციებამდე - რუსეთის ეკონომიკა გაცილებით სუსტია და მოწყვლადი სანქციების მიმართ, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ეკონომიკები, რომლებსაც არანაკლებ უჭირს. ამერიკასაც ბევრი ფინანსური და საბიუჯეტო პრობლემა აქვს და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ძალიან დიდი ფინანსების გადასროლას, რის უფლებასაც საკუთარ თავს აძლევდა ამერიკა რეიგანის, კლინტონის და ა.შ. ეპოქებში, საგარეო პოლიტიკისთვის, იმ მასშტაბის ფინანსური რესურსების გადასროლა მას ამ ეტაპზე არ ძალუძს.
ასე რომ, ჩვენ ეკონომიკური ომის დასაწყისის მოწმენი ვართ, მაგრამ ეს არ არის ომი, რომელსაც შედეგების გაუთვლელად იწყებენ. შედეგები ყველა მხარეს დათვლილი აქვს.
ამ შემთხვევაში ამოსავალია პუტინის პოიზიცია - მისი გადმოსახედიდან რა უფრო დააზარალებს მას.
ამ ეტაპზე პუტინისა და რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან საკმაოდ ცინიკურ განცხადებებს ვისმენთ, თუნდაც სანქციეთან დაკავშირებით. არის ეს მიმანიშნებელი, რა პოლიტიკას ირჩევს რუსეთი სამომავლოდ?
- რეალობა ის არის, სად ჩათვლის დასავლეთი, რომ აქ უკვე წითელი ხაზი გადის, რომლის გადაკვეთის უფლებასაც ის რუსეთს ვეღარ მისცემს. ეს წითელი ხაზი ყირიმზე რომ არ გადის, ეს ფაქტია - სანქციებს როდესაც აწესებდნენ, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება, თუ პუტინი არ შეჩერდება ყირიმზე - ფაქტობრივად, ყირიმის აგრესიას მსოფლიო შეგუებულია, ეს რეალობაა და ამას ვერ გავექცევით. დღეს სანქციები წესდება იმისთვის, რომ რუსეთს უკრაინის სიღრმეში შესვლის სურვილი და მადა დაეკარგოს.
ყველაფერთან ერთად, ფსიქოლოგიის ომიც არის - სადღაც წავიკითხე - რუსეთს რომ არ ჰგონებოდა რეიგანი ატომურ ბომბზე თითის დამჭერი იყო, ასე მარტივად არ დათმობდა პოზიციებსო. დღეს სწორედ ეს არის ამოცანა, თანამედროვე მსოფლიოს სჯერა თუ არა, არის პუტინი ის კაცი, რომელსაც შეუძლია ატომურ ბომბზე მარტივად დააჭიროს თითი?
საქართველოს ბედი ამ თამაშის შედეგზეა დამოკიდებული?
- საქართველოს ბედი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ამაზეც - თუ პუტინი ჩათვლის, რომ მისთვის წითელი ხაზი არის ყირიმი, რომლის იქითაც ის აღარ გადავა, რომლის იქითაც ევროპა მიხვდება, რომ პუტინმა მათ კარს მიუკაკუნა, პუტინი ეცდება ამ სტატუს-კვოზე გაყინოს შემდგომი გაფართოების პოლიტიკა.
თუ ის თვლის, რომ მისი დროა და ეს ეკონომიკური სანქციები ბევრს ვერაფერს დააკლებს ახლოვადიან პერსპექტივში, პირიქით მოიქცევა. შესაძლოა, პუტინი იმასაც ფიქრობდეს და საამისო საფუძველიც გააჩნია - ტერიტორიების გაფართოების სანაცვლოდ, რუსი ხალხი მას ეკონომიკურ სიდუხჭირეს აპატიებს. ასეთ შემთხვევაში, მან შეიძლება გააგრძელოს გაფართოების პოლიტიკა და მაშინ არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის.
აღარაფერს ვამბობ საქართველოსა და მოლდოვაზე, რომელთათვისაც ასოცირების ხელშეკრულების ვადის გადმოწევა ცხვირწინ აფრიალებული წითელი ნაჭერი უფროა, ვიდრე რეალური ბერკერტი რუსეთის შეკავების.
როდის შეიძლება ველოდოთ რუსეთის მხრიდან საქართველოს, იგივე მოლდოვას მიმართ მორიგ რეაქციას, გამომდინარე ხელშეკრულების თარიღის გადმოწევიდან?
- არავინ იცის. დღეს მიდის გათვლა, რას ვეღარ აპატიებს დასავლეთი პუტინს და ამასვე ითვლის პუტინიც. თუ ყირიმის იქით წასვლას ევროპისთვის კარზე მიკაკუნებად ჩაუთვლიან, ამაში იგულისხმება არა მხოლოდ უკრაინის დანარჩენი ტერიტორია, რამედ საქართველო და მოლდოვაც - დასავლეთი უფრო მკვეთრი გახდება.
ბოლო პერიოდში მრავალი შედარების მომსწრე გავხდით - არსებულ სიტუაციას ადარებდნენ როგორც 1939 წელს, ასევე პირველი მსოფლიო ომის დასაწყისსაც. გერმანულ პრესაშიც იყო მსგავსი შედარებები, სადაც ნათქვამი იყო, რომ როგორც მაშინ, მსოფლიო ახლაც ვერ ახერხებს დიალოგის გზით დაითანხმოს პუტინი კომპრომისებზე. ძალიან ბევრი ანალოგია გვინახავს - მთავარია, სად დაინახავს ევროპა უშუალოდ მისი მოქალაქის წინააღმდეგ მიმართულ თოფს. თუ ამ საკითხში რუსეთისა და დასავლეთის ხედვა ერთმანეთს დაემთხვა, მაშინ კიდევ არაგვიშავს, თუმცა თავისთავად გააჩნია, რა იქნება ეს ხედვა. მაგრამ, თუ რუსეთმა დაინახა, რომ ეს წითელი ხაზი არ გადის აღმოსავლეთ უკრაინაზე, არ გადის საქართველოზე, მოლდოვაზე და ამ ყველაფერზე ოცდაათიოდე რუსი მაღალჩინოსნის პირადი ანგარიშების დაყადაღებითა თუ ვიზებზე უარით უპასუხებენ, თუ დარწმუნდა, რომ ამით შემოიფარგლება ქვეყნების ექსპანსიაზე დასავლეთის პასუხი, რუსეთი შეეცდება, რომ მაქსიმუმი მიიღოს იმ ისტორიული მომენტიდან, რომელიც დღეს არის შექმნილი... და ისევ ეკონომიკამდე მივდივართ - რამდენად გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა ამ ახლადშემოერთებული ტეროტორიების პატრონაჟს. მართალია ყირიმს აქვს თავისი შემოსავლები ტურიზმიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია საკუთარ ეკონომიკას მიხედოს და რუსეთისგან უზარმაზარი ინვესტიციები არ მოითხოვოს, ისე როგორც ნებისმიერმა ახლადშემოერთებულმა მხარემ.
ბევრი მსგავსი ფაქტორია, რომლის გარშემოც ვფიქრობ, საქართველოში უნდა იმართებოდეს სასწრაფო წესით უსაფრთხოების კონფერენციები, სადაც უსაფრთხოების სპეციალისტები გეოპოლიტიკოსები, ეკონომისტები, ყველა ერთად უნდა იჯდეს და მსჯელობდეს იმ შესაძლო ვესიებსა და სცენარებზე, რაც შეიძლება რუსეთმა შემოაგდოს პოლიტიკურ სივრცეში უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში - სამწუხაროდ, ეს არ ხდება.