„მთელი ჩემი არსებობა ეკუთვნის საქართველოს“, - ეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია. რამდენიმე დღის წინ იგი არ მალავდა, „მეორე სიცოცხლეც რომ მქონდეს, მეორედ დავიბადებოდი და მეორედაც ვიმუშავებდი საქართველოსთვის, მესამე სიცოცხლე რომ მქონდეს, მესამე სიცოცხლეც მიეძღვნება საქართველოს. მეათეც - მეათეც მიეძღვნება საქართველოს“.
უფრო ადრე სააკაშვილი იმასაც იხსენებდა, 2008 წელს რუსული ტანკები თბილისის ასაღებად და მის მოსაკლავად რომ მოდიოდნენ, ამერიკის მთავრობა მზად იყო, თვითმფრინავებით მოეხდინა მისი ევაკუაცია. თუმცა, სააკაშვილს თვალწინ წარმოუდგა 1921 წელი და საქართველოს მაშინდელი მთავრობის მიერ ქვეყნის დატოვება.
„ვთქვი, რომ უცხოეთში მათ შემდგომ ცხოვრებას სამშობლოში სიკვდილი ჯობია. გამახსენდა უინსტონ ჩერჩილი - ჩვენ არასდროს დავნებდებით. მას შემდეგ ჯვართან ერთად ვატარებ ჩერჩილის ამოტვიფრულ ამ სიტყვებს: „არასდროს, არასდროს, არასდროს დანებდე, არასდროს, არასდროს არ ჩამოუშვა ხელები“.
სააკაშვილის ამ სიტყვების მიუხედავად, დღეს მის თანაგუნდელებში ერთი ამბავია ატეხილი, რომ სააკაშვილი არ უნდა ჩამოვიდეს დაკითხვაზე და არ უნდა უპასუხოს ქართული გამოძიებისგან დასმულ შეკითხვებს მთელ რიგ მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე.
მაგალითად, ბაჩო ახალაია მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, არ ჩამოვიდეს და არ გაუყადროს თავი კრიმინალ ხელისუფლებას; გიგი უგულავას რჩევაც ანალოგიურია, სააკაშვილი არ უნდა მივიდეს პროკურატურაში.
გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ, თუ გამოძიებას ძალიან უნდა მისი დაკითხვა, შეუძლიათ, თვითონ ჩავიდნენ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილია. ნუგზარ წიკლაურისთვის სააკაშვილის დაკითხვებზე დაბარება ნიშნავს დიდი სამოქალაქო კონფრონტაციის დაწყებას. ნაციონალები ეჭვობენ, რომ „ოცნების“ მიზანია, როგორმე წითელ ცირკულარში ჩასვან სააკაშვილი, რომ ის ვერ გადაადგილდეს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ, თუ სააკაშვილი არ ჩამოვა, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მასზე ძებნა გამოცხადდება.
უკვე ცნობილია, რომ შეკითხვები სხვადასხვა საქმეებს მოიცავს, მათ შორის, ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულს - გირგვლიანის მკვლელობას, რომლის დედის, ირინა ენუქიძის მიმართაც, თუ სააკაშვილს ვერწმუნებით, ყველაზე მეტად ჰქონდა სოლიდარობისა და დანაშაულის განცდა. ძალიან განიცდიდა, რომ სანდრო გირგვლიანის დედა არ ნახა.
პროკურატურის ჩამონათვალში არაფერია ნათქვამი სააკაშვილის თვითაღიარებების შესახებ - აფრასიძეებისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა იმ ჩამონათვალის მიხედვით, რასაც პროკურატურა ავრცელებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, საინტერესოა, დადგება თუ არა სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი? მოსალოდნელია, რომ მოვლენების ასეთნაირად განვითარების შემთხვევაში, სააკაშვილი ადეიშვილის გზას დადგეს და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს?! საკითხავია ისიც, ვინ მისცემს თავშესაფარს ექსპრეზიდენტს?
ეს კითხვები მით უფრო ლეგიტიმურია, რომ გოკა გაბაშვილს თუ ვერწმუნებით, საქართველოს მთავრობის ქმედებების შედეგად ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, უკვე, ოცზე მეტ ადამიანს მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი.
ბოლო დროს სააკაშვილი საქართველოს შესახებ პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებდა, საქართველოზე ნაკლებად ლაპარაკობდა და ერთგვარ დისტანცირებას ცდილობდა. მიზეზი ალბათ, ის იყო, რომ მერაბიშვილის თუ სხვა მაღალჩინოსანთა მსგავსად, მის მიმართაც კითხვები არ გაჩენილიყო. თუმცა თავი ვერ შეიკავა ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით...
სავარაუდოდ, სააკაშვილი იოლად არ დათანხმდება ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გაქანებული კოაბიტაცია მიმდინარეობდა, სააკაშვილს წამოსცდა კიდეც, „ვინ ვის დაიჭერს, მე ივანიშვილის ზებრა ან რომელიმე სხვა შინაური ცხოველი კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას. ამიტომ, ერთია მათი სურვილები, ერთმანეთთან შეთანხმება და მეორეა, რა იქნება რეალობა“.
ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის მოწმედ დაბარებული სააკაშვილის გამო ნაციონალების ისტერიკა გაუგებარია. მისი აზრით, ჯერჯერობით, ექსპრეზიდენტისთვის ბრალდებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ, ამიტომ ყველა უნდა დაწყნარდეს.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი აცხადებს, რომ ნაციონალებს სააკაშვილი მსოფლიოს ჭიპად მიაჩნიათ, მაგრამ იგი არც მსოფლიოს ჭიპია, არც საქართველოს მომავლის ჭიპი და მას არ უკავშირდება საქართველოს განვითარების ვექტორი. ამდენად, სააკაშვილის გამო ნატოსა და ევროკავშირისკენ გზის დასამარება არ მოხდება.
„ის, რომ მიშას პასუხი მოეთხოვება რაღაც დანაშაულზე, ამაზე არ არის დაკავშირებული საქართველოს მომავალი. რატომ შეიძლება ასეთმა „პატრიოტმა“ უარი განაცხადოს მოწმის სტატუსით დაკითხვაზე? თუ ისინი მართლები არიან, პირიქით, უნდა მივიდნენ დაკითხვაზე. სააკაშვილის პერიოდში დაკითხვაზე რამდენჯერაც დამიბარეს, იმდენჯერ მივედი. ჩემი ფეხით მისვლა რომ არ აკმაყოფილებდათ, მანქანაშიც კარგად მტენიდნენ და ისე მივყავდი. ამდენად, სააკაშვილის ამფსონების საქციელი არ არის მოქალაქეობრივად გამართული.
არასერიოზულია, თითქოს, ობამა სააკაშვილს პირად გარანტიებს მისცემს. ზუსტად ვიცი, ობამას სააკაშვილი არ აინტერესებს, ილუზიაა, რომ დასავლეთი სააკაშვილის გამო სასწაულებს მოახდენს. როგორც მერაბიშვილი ვერ გახდა ტიმოშენკო, ისე ვერ გახდება სააკაშვილი წამებული. სააკაშვილი გახდება იანუკოვიჩი, ეს უფრო სავარაუდოა. ყველა დანაშაულის თავი და დამკვეთი იყო პირადად სააკაშვილი. ამიტომაც დაიბარეს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მის გარეშე სახლები არ იღებებოდა და როგორ წარმოგვიდგენიათ, დანაშაული ვინმეს შეეძლო მის გარეშე ჩაედინა? ამიტომ სააკაშვილს შეუძლია, კარგად მოემზადოს, აიღოს გონივრული ვადა, „მოგვენატრა“ ყველას და, თუ გამოჩნდება, ნამდვილად შევუქებთ ამ საქციელს,“- გვითხრა გია ხუხაშვილმა.
ამასთან, არ გამორიცხა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, ვიღაც ალბათ, მისცემს თავშესაფარს სააკაშვილს. მით უფრო, რომ, როგორც სააკაშვილი ამბობს, მას ჰყავს სერიოზული მეგობრები. თანაც, არ უჭირს მატერიალურად.
For.ge -სთან საუბარში უფლებადამცველ დიმიტრი ლორთიფანიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილი მყისიერად გამოეხმაურება საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნას მისი მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით.
თავშესაფარს რაც შეეხება, დიმიტრი ლორთიფანიძის თქმით, ყველას ახსოვს წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, რომლის შესახებ ჭორები გამართლდა და ის უნგრეთის პრეზიდენტის მრჩევლად აღმოჩნდა. ანუ პირი, რომელიც იძებნებოდა საერთაშორისო ძებნის ყველაზე უფრო მაღალი ფერის - წითელი ცირკულარით და, რომლის მოძიების ვალდებულება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ყველა სამართალდამცავი ორგანოს პირდაპირი ვალდებულება იყო, მაინც ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას უნგრეთის პრეზიდენტის კარზე, რაც დღემდე წარმატებით გრძელდება. ეს მაგალითი შეიძლება უნივერსალურად გავრცელდეს სააკაშვილზე და, სადაც ადეიშვილია ხელშეუხებელი, იქ სააკაშვილიც გახადონ მისმა დასავლელმა პარტნიორულმა ორგანიზაციებმა ხელშეუხებლად.
თუმცა უფლებადამცველის თქმით, წითელი ცირკულარით ძებნას სამართლებრივი საფუძვლები დასჭირდება. ადეიშვილისგან განსხვავებით, სააკაშვილი არ არის ბრალდებულად ცნობილი რაიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ მის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება ვერ მოხდება, სანამ არ მოხდება მისთვის ბრალის წარდგენა.
„სააკაშვილი შეეცდება, გაჭიმოს დრო და მაქსიმალური პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს, მოისხას პოლიტიკური დევნილის მანტია და მოახდინოს საკუთარი პერსონის ვიქტიმიზაცია დასავლეთის თვალში. რუსულ-უკრაინული ესკალაციის ფონზე სააკაშვილი ივაჭრებს დასავლეთთან ხელშეუხებლობის მისაღებად. ჩამონათვალის მიუხედავად, არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, მათ შორის, აგვისტოს მოვლენები და სააკაშვილის, როგორც მთავარსარდლის, პასუხისმგებლობა. ნებისმიერი პირი, განურჩევლად მისი თანამდებობრივი ცენზისა, ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მოწმის სახით როცა დაბარებულია დაკითხვაზე და თავს არიდებს დაკითხვის პროცედურას, მაშინ სახელმწიფო და პროკურატურა ვალდებულიცაა, იძულების სახით წარმოადგინოს დასაკითხი პირი და გამოაცხადოს მასზე ძებნა“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე და მიიჩნევს, რომ ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის დასამარების ნაციონალური პროგნოზი თავისუფლად გაქარწყლდება იმ ეტაპობრივი წარმატებებით, რასაც დღევანდელი ხელისუფლების დიპლომატიური მისია აღწევს.
კონკრეტულად, ევროკავშირთან ასოცირების პარაფირებული დოკუმენტის ხელმოწერის თარიღმა აგვისტოდან ივლისამდე, ხოლო ივლისიდან ივნისამდე გადმოიწია.
ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური For.ge-სთან საუბარში მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ხელისუფლების ცირკში, რადგან ძიებასთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს და სააკაშვილი დაბარებულია არა რომელიმე ერთ კონკრეტულ საქმეზე, არამედ ნამდვილ პოლიტიკურ ნუსხაზე, ჩამონათვალზე.
„ეს მაშინ, როცა სააკაშვილი არის ანტირუსული ფრონტის გამოკვეთილი ლიდერი მთელ მსოფლიოში. საკუთარ სამშობლოში მისი დევნა რუსი ოლიგარქის - ივანიშვილის მხრიდან პუტინის დავალებას უკავშირდება. პუტინისთვის უმნიშვნელოვანესია, ანტირუსულ ფრონტზე სააკაშვილის აქტიობა შესუსტდეს, მაგრამ ბრძოლის მასშტაბები მსოფლიოში გაცილებით ფართოა. ამიტომ რუს ოლიგარქს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ლოკალურ რანგში გადაიტანოს ბრძოლა. დღეს რუსების მიერ დანიშნული ხელისუფლება ანგარიშს უსწორებს პროევროპულ ძალებს. ევროპელებისთვის ეს სულ უფრო ცხადი ხდება და, მე მგონი, დავინახავთ გამოხმაურებას ამ თემასთან დაკავშირებით. საქართველო გიგანტური ნაბიჯებით დისტანცირდება თავისუფალი სამყაროსგან, რადგან ქართველი იანუკოვიჩი - ბიძინა ივანიშვილი ასეთ ნაბიჯებს დგამს პირადი ზიზღისა და ბოღმის მოტივაციით“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
მანვე ვერ დაადასტურა, სააკაშვილის დაკითხვები გადაიზრდება თუ არა დაკავებაში. უბრალოდ, ფიქრობს, რომ ჟვანიას საქმე ჩაუვარდათ, ამიტომ გადაწყვიტეს, კიდევ ახალი ხმაურიანი საქმე გახსნან.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საერთაშორისო მნიშვნელოვანი ამბების პირობებში, როცა ყველა გაერთიანებულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ამ პროცესის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურანტის- სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების დრო არასწორადაა შერჩეული.
„სააკაშვილი საქართველოს ევროინტეგრაციისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვის. ამას აკეთებს ყოველდღიურად, მსოფლიოს წამყვან ეთერებში, შეხვედრებში. ასეთ ვითარებაში პროკურატურა იბარებს ზოგიერთ გაუგებარ საქმეზე დასაკითხად, ეს აღქმული იქნება პოლიტიკური მოტავიციით. ამის საჭიროება არ არსებობს. თუ რაიმე კითხვები არის, ამას დროის შერჩევა სჭირდება. ამ სიტუაციაში მისი როლიდან გამომდინარე, რაც მას აკისრია საქართველოს ინტერესების გამო, მეც ვფიქრობ, რომ დაკითხვაზე არ უნდა ჩამოვიდეს და უნდა გააგრძელოს ის ბრძოლა, რასაც საერთაშორისო არენაზე ეწევა და ამით დიდ სამსახურს უწევს ქვეყანასაც და ამ ხელისუფლებასაც“, - გვითხრა გიგი წერეთელმა.
როდესაც დავინტერესდით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მოითხოვს თუ არა სააკაშვილი პოლიტიკურ თავშესაფარს, გიგი წერეთელმა გვითრა, რომ დაკავებულია და არ სცალია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვიც ზუსტად ამავე რეპლიკით გამოეხმაურა ჩვენს შეკითხვას სააკაშვილის შესაძლო თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით: „არ ვიცი, რა სისულელეა, კარგად იყავით“.