„ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლოა არა ივნისში, არამედ უფრო ადრეც მოხდეს“

„ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლოა არა ივნისში, არამედ უფრო ადრეც მოხდეს“

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწერს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის სამიტზე მიიღეს და ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ აცნობა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ასევე შევთანხმდით, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოსა და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა“, - განაცხადა ბაროზომ.

თუ რა შეფასებები მოჰყვა აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოში, ამის გარკვევის მიზნით, for.ge ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა:

უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რამდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა იღებული ევროკავშირში?

- ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლოა არა ივნისში, არამედ უფრო ადრეც მოხდეს. ნათელია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების თვალსაზრისით, ევროკავშირი კონკრეტულ, პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს დაანახა, რომ ჩვენ რეალურად მზად ვართ ინტეგრაციული პროცესებისთვის. ამგვარი გადაწყვეტილებები სხვათაშორის არ მიიღება. ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ევროკავშირს სთხოვდა, უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

თუმცა, არ ფიქრობთ, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის გააქტიურება განსაკუთრებით, ყირიმში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა?

- რაღაცა სახით, რა თქმა უნდა. მონეტას ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, სახეზეა ის უარყოფითი პროცესები, რაც უკრაინაში მიმდინარეობს, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ცუდ რაღაცას ვამბობდე, მაგრამ მეგობარ სახელმწიფოში არსებული სიტუაცია პროცესების დაჩქარების თვალსაზრისით, ჩვენც წაგვადგა. კარგია, რომ წაგვადგა და ევროკავშირმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა, რომ ეს ინტერგაცია დაჩქარდეს, რადგან ეს იქნება პოლიტიკური სიგნალი რუსეთისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის. რუსეთი ჩვეულებრივი აგრესორია, რომელიც 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის მეთოდებით მოქმედებს და საერთაშორისო ვალდებულებებსა და ხელშეკრულებებს არ ასრულებს. არ მგონია, ეს მოსკოვისთვის კარგი იყოს.

ნაციონალური მოძრაობამოგიწოდებთ, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთისა და ევროპის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეთ. საქართველოს შემთხვევაში, რაიმე მექანიზმი არსებობს სანქციების მიერთების?

- საქართველომ, რა უნდა გააკეთოს? ამერიკისა და ევროპის მიერ დაწესებული სანქციები ფისკალურ სახეს ატარებს - გაყინულია საბანკო ანგარიშები და დიდი ფული. ამერიკისგან და ევროპისგან განსხვავებით, საქართველოს ეს ბერკეტი არ აქვს და ვინმე თუ მეტყვის, რომ რომელიმე რუსი ოლიგარქის ფული ქართულ ბანკში დევს, ის უნდა გაიყინოს. ჩვენს ოპონენტებს თუ რაიმე კონკრეტული შეთავაზება აქვთ, შეუძლიათ გაგვაცნონ და კი ბატონო, მას განვიხილავთ. ზოგადი საუბარი კი, მართებული არ არის.

ევროკავშირის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს მისამართით რუსეთის გააქტიურებას ელით?

- რუსეთისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც უკრაინაში აკეთებს. არ მეგონა, თუ რუსეთი ამხელა სამხედრო დაპირისპირებაზე გავიდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, პუტინი ვაბანკზე წავიდა. ამიტომ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენს პარტნიორებთან ახლო კავშირში ვართ და ვითარებას ვაანალიზებთ, რომ რუსეთთან მარტო დარჩენა არ მოგვიწიოს. მოვლენების განვითარებას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სხვა ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მოსკოვს მასშტაბური ეკონომიკური სანქციები ემუქრება. შულცმა საქართველოს ოკუპაციის შესახებ არ იცის?

- შესაძლოა, შულცმა ტერიტორიის მიერთება იგულისხმა. ცივი ომის შემდეგ საქართველო პირველი იყო, რომლის ანექსია და ოკუპაციაც განხორციელდა და ურიგო არ იქნებოდა, რომ შულცს საქართველოც ეხსენებინა.

შულცის ამ განცხადების მოსმენის დროს, თქვენი ოპონენტების შეფასებები გამახსენდა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის აქტუალიზაციას არ ახდენს. მათი მოსაზრებით, ქართული მხარე აქტიურ საგარეო პოლიტიკას არ ეწევა. მაგალითად, გიორგი კანდელაკმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მთავრობამ ევროპაში და დასავლურ პრესაში საქართველოს პიარი უნდა მოახდინოს, რაც სტატიების გავრცელებაში გამოიხატება...

- კანდელაკი რას ამბობს, ეს გასაგებია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ საერთაშორისო პრესა ნახოთ, სადაც საქართველოს თაობაზე მკაფიო პოზიციებს ამოიკითხავთ. ოპონენტები აქტიურობას რას ეძახიან, არ ვიცი, მაგრამ კვირა არ გავა, რომ ბრიუსელსა და სტრასბურგში არ ვიყო და მაღალი დონის შეხვედრები არ გავმართო. ამჟამად, პერტრიაშვილი ბრიუსელშია, ალასანია ნატო-ს წარმომადგენლებს ხვდება. ოპონენტთა ობიექტურ კრიტიკას სიამოვნებით მოვისმენ, მაგრამ ის, რომ სტატიები არ იწერება, სიცრუეა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ამერიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იყო, რომელმაც დიდი დივიდენდი მოგვიტანა.

რაც შეეხება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების შანსს, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

- მოლოდინი გვაქვს და პროგრესი გვინდა რომ იყოს, მაგრამ არ მინდა, რაღაც დროზე და ფორმაზე ვილაპარაკო. ეს იქნება გაწერილი სამოქმედო გეგმა და თუ რაიმე არსებული მექანიზმი იქცევა გარანტად იმისა, რომ ნატოსთან მიერთებაში პროგრესი გვქონდეს, რისი იმედიც გვაქვს, ამას უელსის სამიტი გვაჩვენებს. წინასწარ არ გვინდა, რომ მოლოდინები ავწიოთ და მერე არაფერი მოხდეს, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის დროს ბუქარესტის სამიტზე მოხდა.