სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, წერა როგორ დავიწყო,. მითუმეტეს, რომ საქმე ჩემს კოლეგებს ეხება. ყველას, ვინც „რუსთავი-2“-ში მუშაობს და ვინც იმ აბსურდს აფრქვევს ტელეეკრანიდან, რაც დღეს, 18.00-საათიან „კურიერში“ მოხდა. ახლა იმის თქმა, რომ არ ვიცოდით და გაგვეპარა, უნამუსობა იქნება, რადგან ასეთი რაღაც, როგორც წესი, არ იპარება და თუ გაპარვაზეა, სხვა რამე ეპარებათ ამ ტელევიზიის შეფებს და ვერ ხვდებიან.
მოკლედ, მას შემდეგ, რაც პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილი დაიბარეს, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში სრული ისტერიკა დაიწყო და ვინაიდან და რადგანაც ეს ტელევიზია უკვე არ მალავს, ბარიერის რომელ მხარეს დგას და საერთოდ, სიტყვა ობიექტურობა მათთვის უკვე აღარ არსებობს, გადაწყვიტა გაეკეთებინა ის, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა. „რუსთავი-2“-ის მთავარი სლოგანი - „ახალი ამბები კეთდება აქ“, ხომ გახსოვთ? ჰოდა, მორიგი ახალი ამბავი გამოაცხვეს.
ირაკლი მაისურაძემ საზეიმო ხმით გვამცნო, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესები დაგმო.
თურმე, შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტმა ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ახალი ტიმოშენკო გახდეს. პასუხად ბილდტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა, უარესიც“ მოხდეს. მისივე თქმით, ათიოდე დღის წინ, საქართველოში ვიზიტისას, მან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ პირდაპირ უთხრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ ეს არ არის წინსვლის მომტანი გზა.
როგორია? ხომ არის ქვის გამხეთქავი ამბავი, ხომ იქნია ბილდტმა ხელები და აქეთ გვარამიას კანტორამ (ამას ტელევიზია უკვე აღარ ჰქვია) ხომ გვაუწყა ცინცხალი ამბავი? - ვაი, თქვენს პატრონს - ყველასი ერთად და თითოეულის ცალ-ცალკე. მეცოდებით-თქო, როგორ ვთქვა, საკუთარი თავი თავად არ გეცოდებათ. ახლა არ დამიწყოთ, გაგვეპარა, არ ვიცოდითო... კარლ ბილდტი საქართველოში ათი დღის წინ რომ არ ყოფილა ჩამოსული და აქ გასული წლის ნოემბერში რომ იმყოფებოდა, არ გახსოვთ? არც ის გახსოვთ, რომ მაშნი და შიკორსკიმ რაც ილაპარაკეს, მთელი კვირა ატრიალეთ ტელევიზიით და იგივე ირაკლი მაისურაძე იყო, რომ ამბობდა, ბილდტმა ეს თქვაო. დაავიწყდა ნოემბერში ნამღერი რომ გადაამღერებინეს? თუ ასე, რა უნდა ჟურნალისტიკაში, წავიდეს აგერ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე არასამთავრობო ორგანიზაციები აქვთ გახსნილი ნაციონალებს და გამოიყენებენ რამეში. ან გვარამიამ არ იცოდა, რომ რასაც აკეთებდა, თითქმის ნახევარი წლის წინ ითქვა? ძალიან კარგადაც იცოდა, მაგრამ ვიღაც ხომ დააჯერეს, ვიღაც ხომ მოატყუეს და ამით ბედნიერები არიან. მერე ამბობენ, „ფიფლმეტრებს“ გვართმევს ხელისუფლება, რეიტინგებს ვეღარ ვზომავთო.