აშშ-ში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მას არაფერი აქვს დასამალი. რამდენად გულწრფელი იყო სააკაშვილი თავის განცხადებაში, ეს 27 მარტს 13:00 საათზე გამოჩნდება. ექს-პრეზიდენტი პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. ყოფილ პრეზიდენტზე იმუნიტეტი არ ვრცელდება და ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან. სააკაშვილის არ გამოცხადების შემთხვევაში, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მასზე ძებნა გამოცხადდება.
სისხლის სამართლის კოდექსი ასევე დისტანციური დაკითხვის მექანიზმსაც ითვალისწინებს და შეიძლება პირი ისე დაიკითხოს, რომ საქართველოში არ ჩამოვიდეს, მოწმე ასევე შესაძლოა, ადგილზეც დაიკითხოს, ანუ საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ჩავიდნენ, სადაც ამჟამად საააკაშვილი იმყოფება.
იმ შემთხვევაში თუ ყველა ამ მექანიზმზე უარს იტყვის ექსპრეზიდენტი და გამოძიებას ჩვენებას არ მისცემს, მაშინ როგორც საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება, რადგან მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა დანაშაულია. კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არაფერს ამბობს იმ მოწმის იძულებით მიყვანაზე, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება და ამ შემთხვევაში შესაძლოა, საქმეში საერთაშორისო აქტები ჩაერთოს.
სამხელმწიფო ბრალდება ყოფილ პრეზიდენტს უმძიმეს სისხლის სამართლის საქმეებზე დაკითხავს. საქმე ეხება სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების - ალანიას, ღაჭავას, ბიბილურიძისა და აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით.
სახელმწიფო ბრალდებამ ის სისხლის სამართლის საქმეები გაასაჯაროვა, რის გამოც სააკაშვილის დაკითხის აუცილებლობა დადგა. 2008 წლის თებერვალში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე, რაც 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებასა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა.
2009-2012 წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე; პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. 2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „მზე“-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;
2009 წლის 20 მაისს, ე.წ. „მუხროვანის ამბოხებისათვის“ ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ამირიძის და ოთანაძის დაჭრის ფაქტზე; 2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს „აგრომეტი“ -ს (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე.
2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის თემურ ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს „ბეზეკზე“ უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე. 2012 წლის თებერვალში, აჭარის ა-რ მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის ფაქტზე.
2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით „ქართუ ბანკის“ ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე. ეს არის იმ სისხლის სამართლის საქმეთა ჩამონათვალი, რაზეც სააკაშვილს საუბარი უკვე პროკურორთან მოუწევს.
როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, უწყება მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრს, დედას დღეს ჩაბარდა, შესაბამისად მისი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების თაობაზე ეცნობათ.
„ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტი არ იცავს, უწყებაში დაბარებულია მოწმის სახით დასაკითხად და სხვა რაიმე ღონისძიება მასთან მიმართებაში ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ჩვენ უნდა მოვისმინოთ მისი გამოუცხადებლობის მიზეზი, თუ ის გადაწყვეტს, რომ არ უნდა გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში. ამის შემდეგ გამოძიება გააკეთებს შეფასებას მის ქმედებაზე, თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ სააკაშვილი გამოცხადდება და უპასუხებს გამოძიების შეკითხვებს“, - აღნიშნა კოკა კაციტაძემ.
სააკაშვილს დაკითხვაზე დაბარება მოულოდნელი არ არის ექსპრემიერის ძმის გოგლა ჟვანიასთვის.
„მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე მგონი არავისთვისაა მოულოდნელი, რომ პროკურატურას სააკაშვილი მიმართ კითხვები გაუჩნდა. ამ დღეში, რომელშიც ვიმყოფებით და მთელი ცხრა წელიწადი რაც ხდებოდა, გამოწვეული იყო იმ ადამიანების მოქმედებებით, რომლებიც მართავდნენ ამ ქვეყანას და პირველ რიგში სააკაშვილის მოქმედებებით, ასე რომ, პროკურატურას გაუჩნდა მასთან კითხვები“, - განაცხადა გიორგი ჟვანიამ.
სააკაშვილის მოწმის სახით პროკურატურაში დაბარებას სააკაშვილის უკრაინასა და საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობას უკავშირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. დეპუტატი აცხადებს, რომ სააკაშვილი დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს მსოფლიო ლიდერებთან და, რომლის აზრსაც ვაშიძის განცხადებით, მსოფლიო ლიდერები იზიარებენ.
„როგორც ჩანს, ეს დღევანდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელია. სამწუხაროდ, ეს მიუღებელია ისევე დღევანდელი ხელისუფლებისთვის, როგორც მიუღებელია პუტინისთვის. დღევანდელი ხელისუფლების მიზანია, მიხეილ სააკაშვილს რამენაირად თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდოს. მათი მიზანია, როგორმე წითელ ცირკულარში ჩასვან, რომ ის ვერ გადაადგილდეს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში“, -აღნიშნა ვაშაძემ.
კითხვაზე, გამოცხადდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე, ამასთან დაკავშირებით ვაშაძე ფიქრობს, რომ თუ გამოძიებას ძალიან უნდა მისი დაკითხვა, შეუძლიათ თვითონ ჩავიდნენ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილია.
„ბევრი სხვადასხვა ვარიანტია და ამაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მიხეილ სააკაშვილის აქტივობასთან, განსაკუთრებით უკრაინაში და მათი მიზანია, ეს პროცესი შეაჩერონ. ეს პირდაპირ შედის პუტინის ინტერესში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პროკურატურის გააქტიურება და დაკითხვების კასკადი მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ რაღაც დავალება მიიღო. ვწუხვარ, რომ ეს დავალება შეიძლება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებთან იყოს კავშირში“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პროკურატურის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ დაკითხვაზე ექსპრეზიდენტის დაბარება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის.
„პროკურატურის შთამბეჭდავ ჩამონათვალში, საკმაოდ ბევრი გახმაურებული საქმეა და შესაძლოა, სხვა ფაქტებიცაა, რომლებიც კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. თუ ეს კითხვები არ დაისმება სააკაშვილთან, ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ, სააკაშვილი კანონზე მაღლა უნდა დააყენოს. სააკაშვილი აუცილებლად უნდა მობრძანდეს დაკითხვაზე. ის ამბობდა, რომ არაფერი აქვს დასამალი. თუ ეს მართლაც ასეა ვალდებულია, როგორც საქართველოს მოქალაქე მივიდეს პროკურატურაში და კითხვებს პასუხი გასცეს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.