აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარეების მიერ დასანიშნი თანანმდებობის პირების - მრჩევლებისა და თანაშემწეების უკონკურსოდ დანიშვნას ითხოვს. შესაბამისი ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეიტანა და ანალოგიური რეგულაციების გავრცელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს მიმართაც მოითხოვა.
საბჭომ ცვლილებები განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა და საკითხით ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაინტერესდა.
„რატომ უკონკურსოდ? - გასაგებია, მაგრამ კანონპროექტს კომიტეტებმა ჩახედონ“, - დასძინა სპიკერმა.
ინიციატორთა განმარტებით კი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებს არ ეძლევათ საშუალება მრჩევლები და თანაშემწეები უკონკურსონ დანიშნონ, მაშინ როდესაც, მათი ცნობით, მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე უკონკურსოდ ინიშნებიან.
ამას გარდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ცნობით, კანონში ასევე არ არის განსაზღვრული მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლებისა და თანაშემწეების უფლებამოსილების ვადა, რის გამოც, დამატებითი რეგულაციებია შემოსაღები.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით, გარდა იმისა, რომ მთავრობის თავმჯდომარეების მრჩევლები და თანაშემწეები უკონკურსოდ უნდა დაინიშნონ, ისინი ატესტაციასაც არ უნდა დაექვემდებარონ.
პროექტით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების მრჩევლებისა და თანაშემწეების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
აღნიშნული საკითხის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში უახლოეს მომავალში დაიწყება და შესაძლოა, ინიციატორს კანონპროექტის კორექტირება დასჭირდეს, რადგან დიდი ალბათობით, მსგავს მოთხოვნას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არ დაეთანხმება.
ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოითხოვდა, რომ მათ ნორმატიული აქტების გამოცების უფლება მიცემოდათ, რაც პარლამენტმა არ დაუშვა.