გიორგი ბაჩიაშვილი ახალი ისტორიით დაბრუნდა. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც წერს, რომ საკანში მასზე იძალადეს. კერძოდ, პატიმარი წერს, რომ 11 ივლისს, მას ფიზიკურად დაესხნენ თავს, მაგრამ თავდაპირველად, 8 ივლისს, მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია, ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა. ამის შემდეგ, 11 ივლისს, საღამოს, მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.
ასე აღწერს ბაჩიაშვილი მასზე განხორციელებულ „თავდასხმას“. ის ყველაფერს აკეთებს, რომ თავი სისტემის მსხვერპლად წარმოაჩინოს, მაგრამ ყოველ ჯერზე, მის მიერვე დაგეგმილ გეგმებში იხლართება. ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ ქვეყნიდან გაიქცა, თანაც რუსული პასპორტის გამოყენებით. მას შემდეგ, რაც თავი უსაფრთხოდ იგრძნო, ბიძინა ივანიშვილს დაუანონსა, სრულად გამხელო და იქვე დასძინა, რომ ყველა ინფორმაციას გამოიყენებს მისი მხილებისთვის, რაც მას აქვს, რაც გატანილია ქვეყნიდან და რასაც გამალებით ეძებდა სუს-ი. თუმცა, ბაჩიაშვილს დაპირება მალევე დაავიწყდა და გააგრძელა აბუ-დაბიში მშვიდი ცხოვრება, ივანიშვილისთვის მოპარული ბიტკოინებით, თუმცა მისი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მალევე დააკავეს.
მოგვიანებით, ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ის „მწვანე ზოლზე“ არ დაუკავებიათ, არამედ გაიტაცეს აბუ-დაბიდან. აღნიშნა, რომ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში „მოტაცებით ჩამოიყვანეს“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. მანვე დასძინა, რომ თვალები აუხვიეს და ორი დღე თვალებახვეული ატარეს. რეალურად, ბაჩიაშვილის ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ კი ისევ თავად ავრცელებს წერილს და წერს, რომ მასზე იძალადეს.
„8 ივლისს, 21:00 საათზე, დამიბარა მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად და რამდენჯერმე მირჩია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა, აინტერესებდა, თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში, როცა ჩემი და ასევე, ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი გამომწყვდეული ვარ ყველა უფლების დარღვევით, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე - „გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში, რომ პირობები დააყენო, ხომ იცი, ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, „გიჟიც“ და ნაკლებად „გიჟიც“. საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში, მე ეს მუქარად არ აღმიქვამს.
11 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე, გაიღო ჩემი საკნის კარი (სადაც მარტო ვიყავი ბოლო ერთი კვირა, ვიდეო-მეთვალყურის ქვეშ, საკანში განთავსებულია ორი ვიდეოკამერა, ვიცი, რომ ვიდეოთვალი მუშაობს და 24 საათი მაკვირდებიან) და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება, ჩემთვის არ უთქვამს ვინ იყო, თავად არ გამეცნო, შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზეც აგრესიულად მიპასუხა, რომ „აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა“, მე ვუთხარი, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა, მივხვდი, რომ პროვოკაციისთვის იყო ეს პირი შემოშვებული. აღნიშნულის შემდეგ, მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება. ვთხოვე, შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა. მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა, მხარზე მიკბინა და დამასისხლიანა.
ჩხუბის მიმდინარეობისას, მეხუთე „ე“ ბლოკის დღის უფროსმა, არჩილმა კარის სარკმელი შეაღო, რა დროსაც შეჩერდა ეს ჩხუბი, თუმცა ამ პიროვნებამ არჩილს უთხრა, რომ დაეკეტა სარკმელი, რასაც, ჩემდა გასაკვირად, მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა. შემდეგ, ისევ გაგრძელდა ჩხუბი, საკანში იდო შუშის ჩაის ჭიქა (მე არ მეკუთვნოდა, საკანში დამხვდა ეს ჭიქა, სავარაუდოდ, სხვა პატიმრის), რომელიც აიღო და თავზე გადამაფშვნა, რის შემდეგაც მუხლებზე დავეცი და წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ, ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელისა და სახის არეში, თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება, მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში.
რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი. ვთხოვდი, დამშვიდებულიყო და თავი დაენებებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ, არჩილმა შემოაღო კარი და ამ პირს სთხოვა, გასულიყო საკნიდან და ერთად გავიდნენ. საკანში იყო სისხლის გუბე, კედლებიც სისხლით იყო დასვრილი, ვითხოვდი შეხვედრას ციხის უფროსთან. დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ, ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქირურგთან. ციხის უფროსმა მითხრა, რომ ეს პიროვნება იყო მსჯავრდებული, (სახელი/გვარი არ უთქვამს), მისი განკარგულებით შემოუშვეს (შესახლების მიზნით) და არ იცოდა, თუ იჩხუბებდა. თუმცა, ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო“, - წერს გიორგი ბაჩიაშვილი.
ამავე წერილიდან ვიგებთ, რომ ქირურგმა დაუმუშავა ჭრილობები, რა დროსაც კიდევ ერთხელ დაკარგა გონება. ითხოვდა ადვოკატთან და სახალხო დამცველთან დარეკვას, თუმცა არ დართეს ნება და მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს „ვივამედში“, რაც მდგომარეობა დამძიმდა. იქვე იმასაც წერს, რომ „ვივამედშიც“ დაჟინებით ითხოვდა დარეკვას, მაგრამ ექიმმა, ვისი სახელიც არ იცის, უთხრა, რომ თუ მოითხოვდა დარეკვას, უკან გააბრუნებდნენ, ციხეში.
„ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ, იძულებით წართმევას, დაშინებას. მოვითხოვ მარტო ყოფნას საკანში, ვიდეო-მეთვალყურის ქვეშ. სხვაგვარად, ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში იქნება. ვაცხადებ, რომ რამდენი კრიმინალიც არ უნდა შემომიგზავნონ საკანში და ვისგანაც არ უნდა მოხდეს ძალადობა, მე არ გავტყდები და ვერ დამაშინებენ“, - ნათქვამია გიორგი ბაჩიაშვილის წერილში.
ბაჩიაშვილის ბრალდებას უარყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახური. განცხადებაში, რომელიც უწყებამ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ 11 ივლისს, პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილსა და მასთან საკანში მყოფ პატიმარს შორის ინციდენტი, რის შედეგადაც, ორივე მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. ბაჩიაშვილი გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“ და მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა.
„ბაჩიაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო არა სამარტოო, არამედ ოთხადგილიან საცხოვრებელ საკანში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის, მიმდინარე წლის 12 ივლისამდე. 11 ივლისს, დაფიქსირდა პატიმრებს შორის ინციდენტი, რის შედეგადაც, ორივე მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებების გამო, ამავე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება მეორე მსჯავრდებულიც“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი 11 ივლისს, კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა, როგორც ჩხაიძე აცხადებს, ბაჩიაშვილმა საავადმყოფო იმავე დღეს დატოვა.
„სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის, თავის არეში. გაეწია შესაბამისი დახმარება. სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიერ გაისინჯა და მათივე რეკომენდაციით გაეწერა პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
თავისთავად ჩნდება კითხვა, რა მოხდა 11 ივლისს და რა დგას ამ ინციდენტის უკან? ვინ არის პატიმარი, რომელმაც ბაჩიაშვილზე იძალადა? ასევე, ერთ-ერთი მთავრი კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა უპასუხოს, მდგომარეობას იმაში, რატომ აღმოჩნდა ბაჩიაშვილის საკანში მეორე ადამიანი და იყო თუ არა ეს თავად მსჯავრდებულის მოთხოვნა, რომ მას ჰყოლოდა თანამესაკნე. რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის, მაგრამ ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ბაჩიაშვილზე თავდასხმა, საკითხის შემდგომი პოლიტიზირების მიზნით, კარგად დაგეგმილი სცენარის ნაწილია.
ამ ეჭვს ამყარებს რადიკალური ოპოზიციისა და ყოფილი პრეზიდენტის საგანგებო განცხადებები, რომ ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელია სწორედ მათთან, რომლებიც ერთ დროს, მასთან თანამშრომლობდნენ. რომ ივანიშვილი, როგორც „რუსული სისტემისა“ და „რუსული ხასიათის“ მქონე ადამიანი, ასეთი „რუსული სტანდარტებით“ უსწორდება, მათ შორის, პირად ოპონენტებსაც. რადიკალური ოპოზიცია ისევ ბაჩიაშვილისგან შეეცდება, მორიგი პოლიტიკური ქულების მიღებას, თუმცა ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ისტორიას მალე ახდება ფარდა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება - რა მოხდა 11 ივლისს.
თუმცა რა, რად გვინდა მკითხაობა ... გასაჯაროვდება ვიდეოჩანაწერი და ყველაფერი გაირკვევა; ხომ გაასაჯაროეს ბათუმში გახარიაზე თავდასხმის კადრები?