ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები, შესაძლოა, ახალ დაძაბულ ფაზაში შევიდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც აქამდე რუსეთის ლიდერს საჯაროდ აქებდა და უკრაინის ომთან დაკავშირებით, მის პასუხისმგებლობაზე ღიად არ საუბრობდა, მოულოდნელად ტონი შეცვალა. მისი განცხადებით, ის პუტინით იმედგაცრუებულია და ორშაბათს, 14 ივლისს, რუსეთთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა 11 ივლისს, „NBC News“-თან საუბარში აღნიშნა, რომ მომავალ კვირას მზად არის, გადადგას კონკრეტული ნაბიჯი მოსკოვის წინააღმდეგ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის ზომებს გულისხმობს.
„მე იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში... ვფიქრობ, ორშაბათს, რუსეთზე მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გავაკეთო“, - თქვა ტრამპმა.
მიუხედავად განცხადების ბუნდოვანებისა, ტრამპის ინტერვიუში გაკეთებული სხვა კომენტარები მიუთითებს, რომ შესაძლოა, საუბარი იყოს უკრაინის ომთან დაკავშირებული დამატებითი სანქციების, ან სამხედრო დახმარების გაძლიერების შესახებ.
პოლიტიკური კულუარებიდან გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესში უკვე მზადდება ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას. ამ ინიციატივას მხარს უჭერს ტრამპის მჭიდრო მოკავშირე, სენატორი ლინდსი გრეჰემი და მოსალოდნელია, რომ დოკუმენტი, უახლოეს დღეებში, სენატის ზედა პალატაში დამტკიცდეს.
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტს აძლევს სრულ თავისუფლებას, გამოიყენოს ის, ან - არა, ანუ საბოლოო გადაწყვეტილება ჩემზეა“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამ გზავნილმა, ვაშინგტონში, პოლიტიკური მიმომხილველების მოლოდინი გააჩინა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, მკვეთრად შეცვალოს მიდგომა კრემლის მიმართ.
ტრამპმა ასევე გაამხილა ნატო-ს ბოლო სამიტზე მიღწეული შეთანხმების დეტალები, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაგრძელდება ალიანსის შუამავლობით. მისი თქმით, აშშ თავდასაცავ სისტემებს, მათ შორის, „პატრიოტს“ ნატო-ს გადასცემს, ხოლო ალიანსი კიევისთვის იარაღის სრულ ღირებულებას აანაზღაურებს.
„ნატო 100%-ით აფინანსებს ამ იარაღს. ვაგზავნით შეიარაღებას ნატო-ში, შემდეგ ნატო მას უკრაინას გადასცემს“, - განმარტა ტრამპმა.
არადა, ტრამპმა წლის დასაწყისში, ვლადიმერ პუტინს გენიოსი და გამჭრიახი უწოდა, რამაც კრიტიკა გამოიწვია, როგორც აშშ-ის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, ბოლო განცხადებებით აშკარაა, რომ ტრამპის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა:
„მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით, ახლა ამის თქმა შემიძლია, რადგან ის ბევრ ადამიანს კლავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პუტინი არ აჩვენებს ომის დასრულების სურვილს, რაც მიუთითებს, რომ კრემლი აგრძელებს უკანონო აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე.
ანალიტიკოსები ვარაუდს გამოთქვამენ, რომ შესაძლოა, იმედგაცრუების ფონზე, ტრამპმა მოითხოვოს სანქციების გამკაცრება, ან უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების გამოყოფა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამჯერად, მას სურდეს აჩვენოს მკაცრი და პრინციპული ლიდერის იმიჯი.
ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი for.ge-თან ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი ხასიათიდან გამომდინარე, რთულია ზუსტად იმის თქმა, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მან, რუსეთთან დაკავშირებით. თუმცა, ალადაშვილი არ გამორიცხავს, რომ გაბრაზებულმა ტრამპმა პუტინს საპასუხო დარტყმა მიაყენოს.
„ფაქტია, რომ კონგრესმენები უკვე საუბრობენ 500%-იანი სანქციების პაკეტზე, რომელიც შესაძლოა, დაუწესდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ენერგორესურსებს (გაზს, ნავთობს) ყიდულობენ და ამავდროულად, არ ეხმარებიან უკრაინას. მოლოდინი არსებობს, რომ ტრამპი სწორედ ამ მიმართულებით გააკეთებს აქცენტებს.
თუ ტრამპის ადმინისტრაცია მართლაც გადადის „თაფლაკვერიდან მათრახის“ პოლიტიკაზე, ეს რუსეთისთვის პრაქტიკაში და ფრონტის ხაზზე, სანქციების გაძლიერებისა და საერთაშორისო იზოლაციის თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება“, - ამბობს ალადაშვილი.
თუმცა, მისივე თქმით, ტრამპის ცვალებადი პოლიტიკის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, მისი განცხადება არც ისეთი რადიკალური აღმოჩნდეს, როგორსაც ელიან.
„თუმცა, თუ რუსეთს მართლაც დაუწესდა 500%-იანი სანქციები, ეს მისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება. რუსეთის ეკონომიკა და, შესაბამისად, ომის წარმოების უნარი, პირდაპირ არის დამოკიდებული ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზე. თუ ნედლეულის ექსპორტი შეუმცირდება, ან ნავთობის ფასი 60-დან 45 დოლარამდე დაეცემა, ეს კრემლს კრიტიკულ პრობლემებს შეუქმნის. შემოსავლების წყაროს გადაკეტვა მასზე ზეწოლის ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი გახდება ომის დასასრულებლად“, - ამბობს ალადაშვილი.
მისივე თქმით, ტრამპი, უკრაინისთვის იარაღის გადაცემის კუთხით, გამოსავლის ძიებაშია. ამიტომ, მან გამოთქვა იდეა, რომ მიჰყიდოს ამერიკული შეიარაღება ნატო-ს, რომელიც შემდეგ, თავად გადაანაწილებს მას უკრაინისთვის.
„თავად ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, იარაღი მიჰყიდოს ნატო-ს, ალიანსმა კი შემდგომში, მისი უკრაინისთვის გადაცემა უზრუნველჰყოს. მეორე გზა, რომელიც ტრამპს აქვს, პრეზიდენტის უფლებამოსილების გამოყენება და სამხედრო მარაგებიდან დახმარების პირდაპირ გამოყოფაა. მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი, ამ მექანიზმს აქტიურად იყენებდა, ტრამპს კი, პრეზიდენტობის ექვსი თვის განმავლობაში, ეს ჯერ არ გაუკეთებია. შეიარაღება, რომელიც ამჟამად უკრაინაში იგზავნება, ჯერ კიდევ ბაიდენის მიერ გამოყოფილი დახმარების ნაწილია. თუ ტრამპი 300-მილიონიან პაკეტს რეალურად გაგზავნის, ეს ნიშნავს, რომ „ნავსი გატყდა“ და ის მზად არის, უკრაინის მხარდაჭერა განაახლოს“, - ამბობს ალადაშვილი.