არაფორმალური მმართველობა ევროპაში და უსამართლო მოწოდებები საქართველოს მიმართ - „ქართული ოცნების“ მწვავე პასუხი ევროკავშირის 17 ქვეყანას 

არაფორმალური მმართველობა ევროპაში და უსამართლო მოწოდებები საქართველოს მიმართ - „ქართული ოცნების“ მწვავე პასუხი ევროკავშირის 17 ქვეყანას 

მმართველმა პარტიამ - „ქართული ოცნებამ“ - ოფიციალურად უპასუხა ევროკავშირის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და გაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“  ჩაითრია. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი დიდი ბრიტანეთიდან მოსალოდნელ ახალ სანქციებს ელის და ამ განცხადებით თავი დაიზღვია.

 „ქართული ოცნება“ 17 ქვეყნის  ჩინოვნიკის განცხადებას „დეზინფორმაციულსა“ და „უხეშს“ უწოდებს. პარტიის მტკიცებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე „დიფ სთეითმა" დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს კონკრეტული მიზნით დააშორა“. მათი აზრით, „ბრექსიტის" საფუძველზე ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიფ სთეითის“ გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში, ღრმად არის ფესვგადგმული „დიფ სთეითის“ არაფორმალური მმართველობა, სადაც „არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს“. „ქართული ოცნების“ აზრით, საქართველოს, უნგრეთს, სლოვაკეთსა და სერბეთს „ერთადერთი, რასაც ვერ პატიობენ, სწორედ, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია“.

პარტია ასევე მიუთითებს, რომ ევროპა დემოკრატიულ უკუსვლასა და ღირებულებით კრიზისს განიცდის.        

„უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას“, - წერია განცხადებაში.

„ოცნების“ განცხადებაში  ნათქვამია, რომ არასასურველი პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო გამარჯვების არაღიარება, არჩევნების გაუქმება, ოპონენტების პოლიტიკური დევნა და მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა ევროპისთვის დღეს ნორმად არის ქცეული. ამ ფონზე, „არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 17 ქვეყნის დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, არც მათი სანქციები და ქართველ ხალხზე სხვა თავდასხმები არავის უკვირს“.

ასევე, „ქართული ოცნება“ გამოხატავს „სრულ მზაობას“ ითანამშრომლოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც „საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს“.

„მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო“, - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ წერილში.

ამ განცხადებას წინ უძღოდა 11 ივლისს, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში“.

ოპოზიცია კი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას „არასერიოზულს“ უწოდებს.  მათი თქმით, ეს არის „კონსპიროლოგიის თეორიის ძალიან ღრმა ფორმა“, რაც „შესაბამისი დარგის სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს“.

„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ „ოცნების“ წევრები „ერთობლივად დგებიან სანქციების დაწესების საშიშროების წინ“. აქუბარდიამ განცხადების „შეთქმულების თეორიები“ და „შათირიშვილისეული სტილი“ დუგინის იდეებს შეადარა და აღნიშნა, რომ ეს „კოლექტიურ პასუხისმგებლობას“ აჩვენებს, რომელიც ივანიშვილსა და მის რეჟიმს სანქციების წინაშე უდგას.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი სრულად იზიარებს პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს და მიიჩნევს, რომ დასავლეთის კრიტიკა უსაფუძვლოა. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ 17 ქვეყნის განცხადება საქართველოს ხელსიუფლების მიმართ, უხეში ცილისწამებაა.

„ეს არის უხეში ცილისწამება და სრულიად უსამართლო ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. საქართველოს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს და 30 წელზე მეტია, მოქმედებს. ოპოზიციონერებმა, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობით, თვითონ მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ მთავრობას სხვა გზა არ ჰქონდა. მსგავსი კანონმდებლობა ევროპის ქვეყნებშიც მოქმედებს“, - ამბობს მამრაძე.

მამრაძე გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ დასავლეთი ბედავს თქვას, თითქოს, მთავრობამ დააპატიმრა პოლიტიკოსები მაშინ, როცა „ოპოზიციონერებმა თვითონ ჩაიგდეს თავი ამ დღეში“.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დიდ ბრიტანეთმაც გარკვეული სანქციები შემოიღოს საქართველოს წინააღმდეგ.

„შეიძლება, სანქციების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში. რაც შეეხება ტერმინ „დიფ სთეითს“, ამ კონტექსტში, მისი გამოყენებისგან თავს შევიკავებდი, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ბრიტანეთის პოლიტიკამ, ბოლო პერიოდში, აშკარად უსამართლო ხასიათი მიიღო. ეს ყველაფერი ამერიკელ პოლიტიკოსებს მახსენებს, რომლებსაც ბაიდენის პერიოდში, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ. მაგალითად, ვიქტორია ნულანდი, რომელიც მაიდანზე ნამცხვრებს არიგებდა და შემდეგ, მთელი ამ პროცესის კურატორი გახდა“, - აცხადებს მამრაძე.

მისი თქმით, ბრიტანეთის პრემიერის განცხადებაც მოწმობს, რომ ლონდონი ჯერ არ ფლობს სრულ სურათს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

„პრემიერმა აღნიშნა, რომ ის არ არის სათანადოდ ჩახედული ქართული პოლიტიკის ამბებში, თუმცა გეგმავს, გაერკვეს და შესაბამისად იმოქმედოს. ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

პეტრე მამრაძის შეფასებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის, უახლოეს პერიოდში, პროგრესი მოსალოდნელი არ არის.

„არ ველოდები, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში მალე, რამე გარდატეხა მოხდება. ამისთვის, ჯერ არც შიდა, არც გარე გარემოებებია მომწიფებული. როგორც ჩანს, საჭიროა ხელისუფლებების, ან თაობების, როგორც აქ, ისე - დასავლეთში, ცვლილება. მიუხედავად ამისა, თანამშრომლობა შესაძლებელია, და ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამისთვის მაქსიმუმს აკეთებს“, - დასძინა მამრაძემ.  

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ ალბათ, საუბარი ისევ სანქციებზე იქნება, რადგან სხვა ბერკეტი დასავლეთს საქრათველოს ხელისუფლების დასასჯელად არა აქვს.

საყვარელიძემ for.ge-ს განუცხადა, ძნელი სათქმელია, რომ ვითარება გაუმჯობესდეს, რადგან ფაქტია, დასავლეთი ხელისუფლების შეცვლისთვის იბრძვის.

„შემობრუნების შანსი თუ არის, ის არის, რომ „ოცნებამ“ ხელისუფლება დათმოს, მაგრამ გაუგებარია, ეს დათმობა როგორ უნდა მოხდეს. ღიად ლაპარაკობენ იმაზე, რომ პატიმრები გამოუშვან, კი ბატონო, მაგრამ თუ მათი დაკავება კანონიერია და ხელისუფლებამ ზეწოლით გადაწყვიტა მათი გათავისუფლება, მერე ხომ დადგება კითხვა: ესენი პოლიტიკური პატიმრები ყოფილან? მერე მაგაზე დაიწყება საუბარი. მეორეც, თუ ხელისუფლებამ უკან დაიხია, მისი მომხრეები აღარ დაუჭერენ მხარს.

მეორე პუნქტია, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას, ან სამკურნალოდ წასვლას ითხოვენ, არც ეს არის კორექტული. ასეთი მოთხოვნები გამიზნულია არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ და საბოლოოდ, ზარალდება, როგორც მთავრობა, ასევე ევროპელი პარტნიორები და მთლიანად დასავლეთის იმიჯი საქართველოში“, - განაცხადა საყვარელიძემ.