რუსეთის წინსვლის გაძლიერების ფონზე, დონალდ ტრამპმა გამოხატა იმედგაცრუება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ და აღნიშნა, რომ ის მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სწავლობს სენატორების - ლინდსი გრემისა და რიჩარდ ბლუმენტალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს იმ ქვეყნებისთვის სანქციებისა და ტარიფების დაწესებაზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთს და აგრეთვე მოიცავს რუსეთის საბანკო სისტემას. „ვფიქრობ, ორშაბათს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება მომიწევს რუსეთზე“, - თქვა დონალდ ტრამპმა.
დღეს კი, ვაშინგტონს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივანი. მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტს, ასევე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს და კონგრესის წევრებს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, რუტეს ვიზიტი უკავშირდება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფის შესახებ.
დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ახალი დაფინანსება, შესაძლოა, პასუხი იყოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასშტაბურ თავდასხმებზე. დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ახალი დახმარება მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვარში, უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს მიაწვდის, რათა ქვეყანამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.
აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავს ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვას იმ პირობით, რომ შემდეგ უკრაინას გადასცემენ. Axios-ის ინფორმაციით, ეს არის ტრამპის მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება, რადგან ის სულ უფრო იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით. როგორც ამერიკის პრეზიდენტმა მედიასთან განმარტა, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად ალიანსი გადაიხდის.
„ნატო 100%-ით აფინანსებს ამ იარაღს. რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგზავნით შეიარაღებას ნატო-ში და შემდეგ ნატო ამ იარაღს უკრაინას გადასცემს. ალიანსი ამ შეიარაღების სრულ ღირებულებას აანაზღაურებს. ვაგზავნით „პეტრიოტებს“ ნატო-ში, შემდეგ ნატო მათ გაანაწილებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, ერთი კვირით ეწვევა უკრაინას, აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი, გენერალი კით კელოგი. ცხადია, რომ კელოგის ვიზიტი უკავშირდება ტრამპისგან მოსალოდნელ მნიშვნელოვან განცხადებას რუსეთზე. ამ ვიზიტამდე, ამერიკულმა დელეგაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში, სადაც უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს.
მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, რომ ის ომს ძალიან მალე დაასრულებდა, მოლოდინი არ გამართლდა. რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ბაიდენის ომად იყო ცნობილი, გახდა ტრამპის ომი. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი, შეიძლება, ტრამპის ომად მოვნათლოდ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მიზნები განსხვავებულია.
„ტრამპის პროგნოზი მამაზეციერასაც გაუჭირდება. თავს ვერ დავდებ ჩემი პროგნოზის ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ჩემი პროგნოზი შეიძლება ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტითაც გაირკვეს. კერძოდ, დაიძაბა ურთიერთობა ევროპასა და ამერიკას შორის და ეს დაძაბულობა არ შემცირება, პირიქით - ალბათ, გაიზარდა კიდეც. არა მარტო რუსეთისგან, უკრაინისგანაც ვერ მიიღო მხარდაჭერა და რაც მთავარია, რის ხარჯზე აგრძელებს უკრაინა ომს? ევროპა არის ჩართული და ხელს უწყობს ომს. ასე, რომ ამ ომის შეჩერება იქამდე, ვიდრე ევროპა ძლიერია, ალბათ, გამორიცხულია.
მერე, ის, რომ ტრამპის სურვილს ევროპა არ აჰყვა, უკვე ევროპისგან არის განაცხადი, რომ არ აპირებს იყოს პარტნიორი ტრამპის პოლიტიკაში, ანუ ევროპა განუდგა ტრამპს, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ევროპაში გადაინაცვლა ულტრალიბერალების შტაბმა და ისევე, როგორც დემოკრატები ებრძვიან ტრამპს, ახლა ევროპა ებრძვის“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
საყვარელიძის შეფასებით, სწორედ ეს ბრძოლა მიიღო ტრამპმა, სადაც უკრაინა ერთ-ერთი მეათე საკითხია, მაგრამ მნიშვნელოვანი და რატომ?
„არ იშლის ევროპა და ამბობს, რომ ჩავერთოთ ომშიო. ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ არ უნდათ ომის შეჩერება და მაშინ გააგრძელონო. ეს არ იყო მარტო სიტყვის მასალა. თუ გაგრძელდა ომი, უკრაინას რა მოუვა, ეს არავის აინტერესებს უკრაინის ჩათვლით, ომის გაგრძელება ნიშნავს, რომ ევროპის მხრიდან უფრო მეტი ფული უნდა დაიხარჯოს სამხედრო პოტენციალზე, უნდა გაზარდოს თავისი სამხედრო ხარჯები და ასევე უკრაინას უნდა მისცეს რაღაცები.
რაც უფრო გააძლიერებს ევროპა უკრაინასთან ომის ხარჯს, მით უფრო გაუჭირდება თვითონ იმიტომ, რომ მას მოუწევს გადასახადების გაზრდა. როგორც კი ამას გააკეთებს, მემარცხენეობაზე განებივრებული მოსახლეობა უკვე გააპროტესტებს გადასახადების გაზრდას და დიდი შანსია, რომ ის ევროპული ელიტა, რომელიც დღეს ბუზს არ იკარებს, მოსახლეობამ გადააგდოს. ომის თემაზე გაჩნდა ოპოზიცია საფრანგეთსა და გერმანიაში. უკრაინის ომი ამომრჩევლის კისერზე გადატარებული საკითხია და დღეს, ამომრჩეველი თუ ჩუმად არის, ხვალ მოისურვებს სხვა პარტიას, ვისგანაც ასეთი პოლიტიკა არ ექნება. ამიტომ, ტრამპი წავიდა იმაზე, რომ გაგრძელდეს ომი. ტრამპი უკრაინას არ ერჩის, ევროპას ერჩის და ამისთვის სჭირდება ომი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა - ევროპას რისთვის უნდა ეს ომი? - ცხადია, პასუხი მარტივია, ფული შესდის ევროპის ელიტას და გარდა იმისა, რომ ფულის წყარო ომია, თვითონ ომზე აქცენტი საშუალებას იძლევა, რომ ამომრჩევლების ფული გადავიდეს ბიუჯეტის საომარ ნაწილში, რითაც პოლიტოლოგის განცხადებით, უკვე სამხედროების გულს მოიგებს დღევანდელი ელიტა.
„და არა მარტო გულებს, შეიძლება, კიდევ რაღაც ხეირი ჰქონდეს. ამდენად, როგორც თავის დროზე, ბაიდენის გარემოცვა მუშაობდა ამ ომზე, ანვითარებდნენ ომის პოლიტიკას რაღაც მოტივით და ეს არ იყო უკრინის სიყვარული, ასეთივე ინტერესი აქვთ ულტრალიბერალებსაც ევროპაში. ესენი დაინტერესებულნი არიან ომით, რომ შემოსავალი გაიზარდოს, ტრამპი დაინტერესებულია იმით, რომ ამ ლიბერალებს შემოსავლები არ ჰქონდეთ, ამიტომ თავისუფლად მიუშვა ომზე. ტრამპი იმ მომენტს დაელოდება, როდესაც ომი ევროპულ პოლიტიკაში სირთულეებს შექმნის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, რამაზ საყვარელიძემ.