„ქვეყანას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხები აქვს და კარგი იქნებოდა, რომ ამაზე იხარჯებოდეს დრო, ფიქრი და რესურსები და არა ვიღაცასთან პირად ურთიერთობებზე. დღევანდელ დღეს ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე - ის, რაც ხდება უკრაინაში, აბსოლუტურად არა მხოლოდ დინამიკას ცვლის მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, არამედ გეოპოლიტიკას“, - აცხადებს გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის თავმჯდომარე, თენგიზ ფხალაძე.
როგორც ფხალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მსოფლიო დღეს არის იმის საშიშროების წინაშე, რომ დაიწყოს ცივი ომი. ამ პირობებში, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სად აღმოჩნდება ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი საზრუნავი ქვეყნისთვის.
For.ge. თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
„მარგველაშვილმა ვერ გაამართლა“, - ასე ფიქრობს ივანიშვილი პრეზიდენტზე. როგორ ფიქრობთ, ის რაც ხდება პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერს შორის, რა შეიძლება ამას დავარქვათ, დაპირისპირება თუ გაუგებრობა?
თენგიზ ფხალაძე: სიმართლე გითხრათ ნაკლებად მაინტერესებს ეს შიდა ურთიერთობები, გამომდინარე იქიდან, რა პრობლემები, საფრთხეები და გამოწვევები არსებობს დღეს საქართველოს წინაშე. მიმაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია ყველა ძალების კონსოლიდირება, ძალიან ცვალებად გარემოში. ჩვენ ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც წინ გველეოდება და ძალიან ბევრი გველოდება, გავიაროთ ისე, რომ არ დავზარალდეთ, მივაღაწიოთ იმ შედეგებს რა შედეგების მიღწევაც გვინდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს გარშემო რა პროცესებიც მიდის კარგია, პირიქით, ძალიან საშიში პროცესები მიდის და ამას სჭირდება ყურადღება.
ივანიშვილის განცხადებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ ის არაა დისტანცირებული ხელისუფლებისგან და ეს რამდენად არის საფრთხე ქვეყნისთვის?
- ის, რომ ბიძინა ივანიშვილი გავლენიანი პიროვნება იქნება პოლიტიკაში, თუ პოლიტიკის მიღმა, ფაქტია. ეს ადამიანი, თავისი რესურსებით თუ თვისებიდან გამომდინარე, მოქმედებს პოლიტიკურ კლიმატზე. ამიტომაც ვამბობ, რომ აი ამ ვითარებაში, შესაძლოა არსებობდეს ეს უთანხმოება. სხვა შემთხვევაში ის არ დაიწყებდა ამაზე საუბარს. მე მგონია, რომ დღეს არც ისე გადასარევი დროა იმისთვის, რომ ჩვენ ამაზე მოვახდინოთ კონცენტრირება.
იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს მეთაურზე, უმაღლეს მთავარსარდალზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ადამიანზე, რომელიც იქნა არჩეული. ქვეყნის და მთავრობის მეთაურის იმიჯი, საბოლოო ჯამში, უკავშირდება ქვეყნის იმიჯს. მე მგონია, რომ დღეს მთავარი ძალისხმევა ამაზე უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ საქართველოს ირგვლივ არიან როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტიორები, მეგობრები, ასევე არსებობს არაკეთილგანწყობილ პირთა წრე, სახელმწიფო ან სახელმწიფოთა ჯგუფი, რომლებიც ზუსტად იმას ცდილობენ, რომ როგორმე დაიჭირონ რაღაცა პატარა განხეთქილება, მერე ეცადონ, რომ ეს შიდა განხეთქილება გამოიყენონ იმისთვის, რომ დრო გადაგვატანინონ სხვა რაღაცეებზე. ის, რაც ხდება უკრაინაში, რომლის გარშემო იცვლება მსოფლიო პოლიტიკა, ამაზე ნაკლები დრო და რესუსრი დაგვრჩეს სალაპარაკოდ.
არ ვიცი და ნაკლებად მაინტერებს ვინ მტყუანია და ვინ მართალი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ სამზარეულოს ნიუანსები არ უნდა იყოს გამოტანილი სამჯავროზე. ის არის სახელმწიფოს მეთაური. კარგია თუ ცუდია, ის არჩეული იქნა. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, რომ დღეს მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნას თანამშრომლობაზე. მითუმეტეს, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი. ის არ იყო დამოუკიდებელი კანდიდატი.
ქვეყნის მთავარსადლის საჯარო კრიტიკა, არ ყოფილა მიმართული კონცეპტუალურ საკითხებზე, უფრო საკადრო პოლიტიკაზე და რეზიდენციაში გადასვლაზე გამახვილდა ყურადღება.
- მივესმალები ფართო დისკუსიას და მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. ის რაც მოხდა უკრაინაში, ეს არაა არაფრის დასასრული, ეს არის ძალიან დიდი ცუდის დასაწყისი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამ ცუდში არ მოვხვდეთ. 2014 წელი ამ მხრივ იქნება ძალიან ბევრი რამის გადამწყვეტი. თუ მსოფლიოში ხელახალი გადანაწილება დაიწყო და ფაქტია, რომ რუსეთი ამ გზას ადგას, ამ პროცესში ჩვენთვის მთავარია, რომელ მხარეს აღმოჩნდება საქართველო. არ მინდა, რომ ჩვენ ვიღაცის მიერ შედგენილ გადანაწილებაში აღმოვჩნდეთ. ჩვენ იქ უნდა აღმოვჩნდეთ, სადაც ჩვენ გვინდა. სწორედ, ამისკენ უნდა იქნას მთელი ძალისხმევა მიმართული.
როდესაც ქვეყანა დგას საგერეო გამოწვევის წინაშე, როდესაც ახლოვდება ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პროცესი, ამ პირობებში, ალბათ, გვერდზე უნდა იყოს გადადებული პირადი ურთიერთობა და კონცენტრირება მოხდეს საგარეო გამოწვევაზე...
- აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, დღეს უკვე, არ ვიცი, ასოცირების ხელშეკრულება შეასრულებს თუ არა იმ ფუნქციებს, რომელსაც შეასრულებდა ორი თვის წინ. ასოცირება კარგია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საფრთხის ხარისხი გაიზარდა და კიდევ მზარდია, ამ ვითარებაში მარტო ასოცირება საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ნაკლებ გარანტიად მეჩვენება. იქნებ ვიფიქროთ რაღაცა უფრო მეტზე.
ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითადი მექანიზმები, როგორიც არის გაერო, ეუთო არ არის ისეთი ეფექტური ამ სიტუაციის პრევენციისათვის, ამ სიტუაციისგან პატარა სახელმწიფოების დაცვისაგან, როგორც ჩვენ გვინდა იყოს და როგორც ჩვენ გვეგონა. საქართველოს აქვს ოკუპირებული ორი ტერიტორია. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ დამატებითი გარანტიების შექმნაზე - იგივე, ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ინტეგრაციის გაღრმავება, დაჩქარება. მაშინ, როდესაც ევროპარლამეტი აკეთებს განცხადებას, რომ მან შესაძლოა განიხილოს უკრაინის საკითხი დაჩქარებული წესით, მინდა, მსგავი პრესპექტივები განიხილებოდეს საქართველოსთვისაც. საუბარი იყო იმაზე, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს თანაშრომლობა ჩვენი ბედის სახელმწიფოებთან, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვა.
უკვე საუბარია იმაზე, რომ მსგავსი ფაქტები შეიძლება განმეორეს მოლდოვაში...
- სწორედ ამიტომ, ამ მხრივ ძალიან სერიოზული ძალისხმევა გვმართებს. ფაქტია, რომ შავი ზღის რეგიონში იწყება ახალი გადანაწილება და ამ გადანაწილებაში ჩვენ პასიურობა არავითარ შემთხვევაში შედეგს არ გვაძლევს. დღეს ყველაზე ძვირფასია დრო. საქართველო შეზღუდული რესურსების ქვეყანაა, ეკონომიკური და ტერიტორიული ფაქტორიდან გამომიდინარე და სოციალური ფაქტორი ეს ისაა, რაც ისევე საზრუნავი გვაქვს საგარეო პოლიტიკის გარდა.
ჩვენი მოწინააღმდეგე შეეცდება, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაგვატანინოს, დაგვარტყას მაშინ, როდესაც სულ სხვა რაღაცით ვართ დაკავებული. ამიტომ, დღეს ისევე როგორც არასდროს, გვჭირდება ძალიან შეკავშირება. მითუმეტეს - ვისზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ ოპონენტებზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ხალხზე, რომლებიც განასახიერებენ ქვეყანას და წარადგენენ საერთაშორისო არენაზე. უკიდურესად მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება.
თქვენ იცნობთ გიორგი მარგველაშვილს. რამდენად პრინციპული გადაწყვეტილება შეიძლება მან მიიღოს და გადადგეს? მითუმეტეს, რომ როგორც საპარალამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციამ მოუწოდა მას გადაგომისკენ...
- გიორგი მარგველაშვილი არჩეული იქნა არჩევნების შედეგად. არ მესმის რატომ უნდა გადადგეს? მეორე, ვინც ამას იძახის რამდენად კარგად აქვს გათვიცნობიერებული, ისევ და ისევ საერთაშორისო გამოწვევებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე, რას მოუტანს ეს ყველაფერი ქვეყანას? რამდენად მზად არის საქართველო იმისათვის, რომ ამ არასტაბილურობის ფაზაში გადავიდეს? ვადამდელი საპარეზიდენტო არჩევნები არაა ადვილი თემა.
ქვეყნის მეთაურის გადადგომა და ხელახალი არჩევნების ჩატარება, ეს არაა ჩვეულებრივი მოვლენა. როგორც წესი, ეს არის სერიოზული გამოწვევა, გარკვეულ დისბალანს იწვევს ზუსტად ხელისუფლებაში და ქვეყნის მმართველობაში. არსებოს როგორც არჩევის, ისე გადაყენების წესი. მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არაა კონცეპტუალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემა. ვერანაირ არგუმეტს ვერ ვხედავ იმისა, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს. სახელმწიფოს მეთაურის ცვლილება, ძალიან დიდი დისონანსია მმართველობის ძალიან მაღალ რგოლში.