ნაციონალებს პარლამენტი ქუთაისში უნდათ, სხდომებზე სიარული კი ეზარებათ

ნაციონალებს პარლამენტი ქუთაისში უნდათ, სხდომებზე სიარული კი ეზარებათ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპარლამენტო სხდომებს ისევ არ ესწრებიან, გაცდენილი დღეების სანაცვლოდ კი, მათ ხელფასს არავინ უქვითავს. პარლამენტის ხელმძღვანელობა ამ დრომდე არ სარგებლობს რეგლამენტში არსებული ჩანაწერით და გამცდენ დეპუტატებს ხელფასის 10 პროცენტს არ უქვითავს, რაც თავად მიხეილ მაჭავარიანსაც არ მოსწონს.

თუ წინა მოწვევის პარლამენტში უდისციპლინო დეპუტატების მიმართ სანქციები წესდებოდა და მათ კუთვნილი ხელფასის აღება დანაკლისით უწევდათ, ამ მოწვევის პარლამენტში პლენარული სხდომების გაცდენისთვის ერთხელ როლანდ ახალაია დაჯარიმდა, გარემოს დაცვის კომიტეტის გაცდენისთვის - გოგა ხაჩიძე. კვორუმის თვალსაზრისით კი, პარლამენტში კვლავ მძიმე ვითარებაა.

თუ აქამდე, კანონმდებლები განსაკუთრებული ინტენსივობით კომიტეტის სხდომებს აცდენდნენ, ბოლო პერიოდში, ნაციონალები პლენარულ სხდომებსაც საკუთარი სურვილისამებრ ესწრებიან.

მაგალითად გუშინ, პლენარულ სხდომას ნაციონალების 51 კაციანი შემადგენლობიდან მხოლოდ შვიდი დეპუტატი - მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი კანდელაკი, გოგა ხაჩიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ზურა ჯაფარიძე, შოთა მალაშხია და ტარიელ ლონდარიძე დაესწრნენ. დანარჩენები კი, სად იყვნენ for.ge-სთან საუბარში ამის შესახებ ინფორმაციას მათი თანაგუნდელებიც კი ვერ აკონკრეტებენ.

ზურაბ ჯაფარიძემ განგვიცხადა, რომ მისი თანაგუნდელები საარჩევნო პროცესში არიან ჩართულნი და ფუნქციები აქვთ გადანაწილებულნი, გოგა ხაჩიძემ კი აქეთ გვისაყვედურა, რომ უმცირესობა რეგლამენტში არსებული ჩანაწერით „ოჯახური მდგომარეობის“ მოტივით არ მანიპულირებს და სხდომებს არ აცდენს.

„ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო“ გოგა ხაჩიძეზეა ნათქვამი. იმის ნაცვლად, რომ „შესანიშნავი შვიდეული“ დღეს პლენარული სხდომის ბოლომდე დარჩენილიყო, მათ საკანონმდებლო ორგანო დღის პირველ ნახევარში დატოვეს და თბილისის გზას დაადგნენ.

თუ რატომ წავიდნენ დროზე ადრე კანონმდებლები დედაქალაქში, ამ საკითხით მხოლოდ for.ge არ უნდა ინტერესდებოდეს, მაგრამ როგორც ჩანს, პარლამენტის ხელმძღვანელობას დეპუტატების „ჯიბეების შეთხელება“ არ სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართულ რეალობაში სანქციები გაჭრიდა.

ჩვენს მსგავსად, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური წუხს, რომ ოპოზიციონერები სხდომებს აცდენენ, მაგრამ მას იმის თქმა უჭირს - დეპუტატებს რატომ არ უქვითავენ ხელფასის 10 პროცენტს.

ძიძიგურისგან განსხვავებით, წინა მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერობის პერიოდში, მიხეილ მაჭავარიანი თანაგუნდელებს ხელფასებსაც აჭრიდა და მათ დისციპლინის დაცვასაც სთხოვდა, მაგრამ ამ მოწვევის უწყებაში ოპოზიციონერი ამბობს, რომ სხდომებს როგორც ნაციონალები, ასევე „ქართული ოცნების“ წევრებიც აცდენენ.

„უდისციპლინო დეპუტატების არსებობა ძალიან ცუდია. ვიცე-სპიკერი ვიქნები, თუ რიგითი დეპუტატი უდისციპლინობა საერთოდ არ მომწონს. უდისციპლინობა არ მომწონს არც ჩვენთან და არც სხვასთან, მაგრამ არ არსებობს საკითხი, რომლის განხილვაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ არ მონაწილეობს. წინა პარლამენტში ხელფასებს ვქვითავდი და ამათაც ასე უნდა გააგრძელონ, მაგრამ სხდომებზე სიარულით თავს არც უმრავლესობა იკლავს. ხედავთ, რომ ხშირად, კანონპროექტები უვარდებათ კიდეც“, - განუცხადა for.ge-ს მაჭავარიანმა, რომლის მსგავსად, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ სანქციები უნდა ამოქმედდეს.

საკითხზე საუბრისას ძიძიგური განსაკუთრებით უმცირესობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნაციონალები როცა რაღაცა ტიპის დივიდენდების მოპოვება სურთ, სხდომებზე „ყელმოღერილები“ მხოლოდ მაშინ დადიან.

„პრაქტიკულად, ოპოზიონერი კოლეგები არც სხდომებზე დადიან და არც კომიტეტებზე. შემდეგ კი, რიხიანად გამოდიან და აცხადებენ, რომ მათთვის ქუთაისში მუშაობა საკმაოდ კომფორტული და კარგია. თუ სხდომას არ ესწრები, რა თქმა უნდა, ეს კომფორტული იქნება“, - დასძინა ძიძიგურმა.

for.ge იმას ვერ გაარკვევს დეპუტატები სხდომებს მართლაც „ოჯახური პრობლემების“ გამო ვერ ესწრებიან თუ, პარტიული დავალებების შესრულების გამო, მაგრამ მომავალში საზოგადოებას ყოველი სხდომის შემდეგ იმას ვამცნობთ - ვინ დაესწრო სხდომას და ვინ არა.

დღეს კი იმ პირებს შემოგთავაზებთ, რომლებიც პლენარულ სხდომას არ დაესწრნენ. ესენი არიან - გოკა გაბაშვილი, პაატა ლეჟავა, ირმა ნადირაშვილი, როლანდ ახალაია, დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, დავით დარჩიაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი თევდორაძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, მიხეილ მახარაძე, გიორგი მელაძე, აკაკი მინაშვილი, გიორგი პეტროსიანი სამველ სერგო რატიანი, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი, აზერ სულეიმანოვი, ლევან ქარდავა, პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი, ნუგზარ წიკლაური, გოგი უჩიაური, ნიკოლოზ ყიფშიძე, კობა ნაყოფია და რამაზ ნიკოლაიშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ოთხმა დეპუტატმა გაცდენების კუთხით, ყველა „რეკორდი“ მოხსნეს. გასულ წელს, 71 სხდომიდან ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი 58 სხდომას არ დაესწრო. ნაყოფია-ყიფშიძემ კი 71 სხდომიდან დასწრების სურვილი მხოლოდ 10 სხდომაზე გამოთქვეს.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრებს, საკომიტეტო და პლენარულ სხდომებს ნაციონალებისგან განსხვავებით ისინი უფრო ესწრებიან, მაგრამ მათი პრობლემა კანონპროექტების წაკითხვაა. მმართველ გუნდში არიან დეპუტატები, რომელთაც კანონპროექტები არათუ მოუმზადებიათ, არამედ მომზადებულიც კი არ წაუკითხავთ.

უნდა ითქვას, რომ კვორუმის პრობლემა ამ მოწვევის პარლამენტის გადაულახავი ბარიერია, მაგრამ ნაციონალების გაცდენებზე განსაკუთრებულ აქცენტს იმიტომ ვაკეთებთ, რომ პარლამენტი ქუთაისში სწორედ მათი ავტორობით გადავიდა და მათი მოთხოვნით რჩება.