როცა არ ხარ ლიდერი, მაგრამ ძალიან გინდა იყო

როცა არ ხარ ლიდერი, მაგრამ ძალიან გინდა იყო

ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი ჯერარჩატარებული ადგილობრივი არჩევნების „ქართული ოცნების“ მითის ნაწილად მიიჩნევს. როგორც ჩანს, ექსპრეზიდენტი ოპოზიციური სპექტრის რადიკალური ფრთისკენ იხრება. მაშინ, როცა ოპოზიცია ორ ბანაკადაა გაყოფილი, არჩევნების ბოიკოტის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, ზურაბიშვილი აშკარად ერთ მხარეს „აძლიერებს“, რაც მის, როგორც ვითომ გამაერთიანებელი ფიგურის როლს კიდევ უფრო ართულებს. რეალურად, ოპოზიციურ ძალებში ზურაბიშვილს დიდი ხანია არ აღიქვამენ ლიდერად. როცა მისმა შეთავაზებულმა გეგმებმა - გარდამავალი მთავრობის იდეიდან დაწყებული „ქართული ქარტიის“ განახლებამდე - პრაქტიკული მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, საინტერესოა რა შანსი დარჩა სალომე ზურაბიშვილს, რომ ოპოზიციის გამაერთიანებელი გახდეს?

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არსებობს და ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ შემოგდებული მითია, რომლის მიზანია ოპოზიციის დაპირისპირება და გახლეჩა. მისი თქმით, ქვეყანაში არ იგეგმება რეალური არჩევნები და მოსახლეობამ ეს უნდა გააცნობიეროს.

ზურაბიშვილი გამოსავლის გზად ოპოზიციური ერთობის განმტკიცებას ასახელებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას სწორედ ერთობის ეშინია. იგი მოითხოვს შიდა დაპირისპირებების დასრულებას და ერთიანი ძალისხმევის გაძლიერებას.

მისი გამოსვლა ასევე შეიცავს პოლიტიკურ გეგმას: იმის აღიარებას, რომ არჩევნების თემაზე არავინ გაიმარჯვა და არც დამარცხდა; წინააღმდეგობის პლატფორმის გაძლიერებასა და გაფართოებას, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს გარდამავალ მთავრობად; „ქართული ქარტიის“ განახლებას, როგორც სამოქმედო გეგმას.

ზურაბიშვილის თქმით, ახლა გადამწყვეტი ეტაპია და სწორედ ერთობაა ბრძოლის მთავარი იარაღი.

ზურაბიშვილის მსგავსი განცხადება არჩევნების არ და ვერ ჩატარების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმაც გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ადგილობრივი არჩევნები არ შედგეს, მთავარი კი არის, რომ ხალხმა არ მიიღოს მონაწილეობა მასში.

„ჩვენი მყარი პოზიცია ცნობილია, სხვა პარტიების პოზიცია ცნობილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არ შედგეს ადგილობრივი არჩევნები, ამაში ვგულისხმობ სწორედ იმას, რომ მთავარი არის, ხალხმა არ მიიღოს მონაწილეობა იმ სპეცოპერაციაში, რომელიც დაგეგმა ბიძინა ივანიშვილმა. არმონაწილეობა ნიშნავს რომ საქართველოში ორმილიონ-ნახევრიანი ამომრჩევლიდან, რომელიც მიდიოდა არჩევნებზე, შეიძლება, მაგალითად, 300 000 მივიდეს. ეს იქნება არალეგიტიმური, არშემდგარი არჩევნები“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადება არაფრით გამორჩეული ან მოულოდნელი არ ყოფილა. მისი შეფასებით, ზურაბიშვილი დღეს იმდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, რომ ბოლომდე რადიკალური რიტორიკის შენარჩუნებას ცდილობს.

„მიუხედავად იმისა, რომ რადიკალიზმს არანაირი პოლიტიკური დივიდენდები არ აქვს და ვერც ექნება, ზურაბიშვილი მაინც ცდილობს თავი ოპოზიციის გამაერთიანებელ ფიგურად წარმოაჩინოს. ეს სრული აბსურდია. რეალურად, ძალიან მცირე ჯგუფის ილუზიაა, თითქოს სალომე ზურაბიშვილი რამეს წარმოადგენს ქართულ პოლიტიკაში. ის დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ვადაგასული პოლიტიკოსია, რომელსაც პრეტენზია აქვს, საზოგადოებისთვის ავტორიტეტული ფიგურა იყოს. სინამდვილეში, რაც უფრო მეტ განცხადებას აკეთებს, მით მეტად ამჟღავნებს პოლიტიკურ გაურკვევლობასა და სიყალბეს“, - აცხადებს აბაშიძე.

მისი თქმით, ზურაბიშვილი ილუზიების ქვეშ იმყოფება, როდესაც ფიქრობს, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩაშლას შეძლებს, მით უმეტეს, რომ საპროტესტო ერთობის პლატფორმა უკვე ჩაშლილია და ზუსტად იგივე ბედი ელის მის ნებისმიერ სხვა დესტრუქციულ გეგმას.

„პოლიტიკაში რადიკალიზმზე და ნეგატივზე ორიენტირებული ფიგურები საზოგადოებრივ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ. ზურაბიშვილის ბოიკოტის სურვილს არჩევნებზე გავლენა არ ექნება – ის ვერც პროცესის დაბლოკვას შეძლებს და ვერც რეალურ პოლიტიკურ ეფექტს მოიტანს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქციული პოლიტიკური ლიდერობის ნიშა დღესაც თავისუფალია, ზურაბიშვილი ამ სივრცის ათვისების ნაცვლად კვლავ რადიკალურ მიდგომას ირჩევს. ზურაბიშვილს, თავისი ქედმაღლობის გამო, არც ოპოზიციაში იღებენ. მას ჰგონია, რომ საკუთარი გამოცდილებით სხვებზე მაღლა დგას, მაგრამ ეს არა ლიდერის, არამედ კომპლექსიანი პოლიტიკოსის თვისებაა. ასეთი მიდგომა იწვევს ანტიპათიას და არავის სურს ასეთი ფიგურის გარშემო გაერთიანება. წარმოუდგენელია, ასეთმა ადამიანმა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ნებისმიერ სფეროში მიაღწიოს წარმატებას“, - ამბობს ანალიტიკოსი.

აბაშიძის თქმით, არც ზურაბიშვილის და არც მისი მოკავშირე ნაციონალების მუქარები ადგილობრივ არჩევნების ჩაშლაზე სერიოზულად არ აღიქმება.

„მათ მესიჯბოქსი ერთნაირია – იგივე ტიპის განცხადებები გიორგი ბოტკოველმაც გააკეთა. როგორ აპირებენ არჩევნების ჩაშლას? როგორ უნდა გადაარწმუნონ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომ არ მივიდეს საარჩევნო უბნებზე? ან რას იზამენ, უბნებთან მივარდებიან და ძალადობას ეცდებიან? ასეთ შემთხვევაში, ცხადია, კანონი შესაბამის პასუხს გასცემს. ხელისუფლება ამ არჩევნებს ჩაატარებს მშვიდობიანად და სამართლიანად ისე, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს შეესაბამება. რადიკალიზმმა ვერ გაიმარჯვა და ვერც გაიმარჯვებს“, – ამბობს გია აბაშიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Gami ეს რა უბედურებაა! შეიძლება გადაგვარებული, სულელი, მავნებელი ქალის ბოდვას და ბჟუტურს ჟურნალისტური და ექსპერტული ახსნა- განმარტება და კომენტარი გაუკეთოთ?! სულ დაკარგეთ პროფესიული ღირსება?! ზურაბიშვილმა გუშინდელი როშვით ფსკერი გახვრიტა და უგნურების გეენაში ჩაენთხლა; თქვენ კი, სერიოზულად მსჯელობთ ამაზე. ამ შტერმა და უგვანმა ოპოზიციამაც უპასუხოდ დატოვა ამ უბედურის აგონიური კრუნჩხვები. თქვენ კი....
1 დღის უკან