საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სამართალდაცვით სფეროში საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი ზურაბ ზუბადალაშვილი, ცეტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ივანე პაპიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთის ქვეყნებში შსს-ს წარმომადგენლების - პოლიციის მეკავშირე ოფიცრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკის, უკრაინის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ევროკავშირის, აშშ-ს, თურქეთის რესპუბლიკის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, ბელგიის სამეფოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლები. შეხვედრას ორგანიზება გაუწია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, რამდენადაც იგი ოპერატიული კუთხით კოორდინირებას უწევს სამართალდაცვით სფეროში საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის სახელმწიფოების პოლიციის, უსაფრთხოების ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებს. გარდა ამისა, 2013 წლის 4 ოქტომბრის „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შსს-მ აიღო ვალდებულება პერიოდულად გამართოს პოლიციის და უსაფრთხოების ატაშეების - მეკავშირე ოფიცრების ფორუმი.