„გუნდი არ არსებობს და რომელ განხეთქილებაზეა ლაპარაკი“?!

„გუნდი არ არსებობს და რომელ განხეთქილებაზეა ლაპარაკი“?!

საინფორმაციო სივრცეში ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტომასალის გამოჩენა, ძნელი სათქმელია, თუმცა დღის მთავარი თემა უცებ შეიცვალა და საინფორმაციო სივრცე, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის „იმედის“ ეთერში გასული ინტერვიუს განხილვით იყო გაჯერებული, მყისიერად ახალ ამბავზე გადაერთო. რეალურად რომ ვთქვათ, გადასაფარიც არაფერი იყო, თუმცა ნაციონალებმა მომენტით ისარგებლეს და ვიდეომასალის გავრცელების ავტორობა ხელისუფლებას მიაწერეს, თან იმით ახსნეს, რომ აღნიშნული კადრების გავრცელებით ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე ამბების გადაფარვას ცდილობს. იყო თუ არა ივანიშვილის კრიტიკაში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ ისეთი „ნაღმები“ ჩადებული, რომ ვინმეს მისი განეიტრალება აღნიშნული ფოტომასალით განეზრახა და რეალურად რა შეიძლება ხდებოდეს სახელისუფლებო გუნდში, ამ თემაზე ექსპერტი ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

როგორც კი სოციალურ ქსელებში გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოები გამოქვეყნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თითქმის ერთხმად აცხადებენ, რომ ეს კადრები ხელისუფლებამ გაავრცელა იმის გადასაფგარად, რაც ხდება ქვეყანაში. ბოლო დროს კი ივანიშვილ-მარგველაშვილის ფაქტობრივად არშემდგარი პოლემიკის გარდა თითქმის არაფერი მომხდარა. რამდენად დასჭირდებოდა ხელისუფლებას ამ ამბის გადაფარვა?

- ყველა მხარე ცდილობს, თავის სასარგებლოდ მიმართოს საზოგადოებრივი აზრი და აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, გარკვეული თვალსაზრისით, ამ მოვლენების დეტონაციის შესამცირებლადაც ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ჩვენ მეტისმეტ სიღრმეში არ უნდა შევიდეთ და მაინც და მაინც მეტაფიზიკური საფუძვლების ძიება არ უნდა დავიწყოთ ამა თუ იმ პიარული ხერხის.

დაიდო ეს კადრები და უნდა აღვიქვათ ისე, როგორც არის - ექსპერტების მოსაზრებებია საინტერესო, რას ცვლის ეს კადრები იმ ვერსიაში, რომელსაც საზოგადოება დღემდე იცნობს - მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიაში, პლუს, ახალი გამოძიების კონტექსტში. ეს არის საინტერესო ჩემთვის და არა ის, ვინ რას ცდილობს.

მთავარი ის არის, რომ ჩვენს საზოგადოებრივ სინამდვილეში ასეთი არაარსებითი მომენტებით აჟიტირება ხდება და არსებით და მნიშვნელოვან საკთხებს საზოგადოების ყურადღება აკლდება.

თავისთავად, ჟვანიას საქმე რეზონანსულია, მაგრამ მის გახსნას საშველი არ დაადგა, მათ შორის, არც იმ ვერსიის უარყოფას დაადგა საშველი, რომელსაც წინა ხელისუფლება გვთავაზობდა.

რაც შეეხება ივანიშვილისა და მარგველაშვილის გაპაექრებას მედიის მეშვეობით, მეჩვენება, რომ ამ პროცესმაც არასერიოზული ხასიათი მიიღო როგორც საზოგადოების დამოკიდებულების, ასევე მისი შეფასებების თვალსაზრისით, იმდენად, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ვწყდებით არსებითს და მთავარს - დაკავებული ვართ იმით, როგორ არკვევს მილიარდერი და ყოფილი პრემიერი ურთიერთობას თავისი გუნდის წევრებთან. ეს, მგონია, ჩვენი საზოგადოების დაბალ პოლიტიკურ კულტურასა და პოლიტიკურ უმწიფრობაზე მეტყველებს.

არსებითი და მთავარი რასაც ვწყდებით რა არის?

- ქვეყნის ეკონომიკის ამუშავება და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტა. ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე ჩიხი და უუნარობა ხელისუფლებისა, იწვევს იმას, რომ ამ თემით სპეკულირებენ ნაციონალები, ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აუფასურებენ და აუბრალოებენ.

ალბათ, ნახევრად ხუმრობით, ასეთი შეფასებაც კი გაკეთდა, ხელისუფლება წუხდა, რომ ოპოზიცია არ ჰყავდა და ივანიშვილის ამ გამოსვლით ახალი ოპოზიციური ფრთის შექმნასაც კი ეყრება საუძველი...

- ძალიან ძნელია, ოპოზიციის ხელოვნურად შექმნა. საზოგადოებაში არის მოლოდინი არენაზე ახალი პოლიტიკური ძალების გამოსვლის, ეს შესაძლოა იყოს ძველი სახეები, ტრანსფორმირებული ახალ გაერთიანებაში. შეიძლება იყოს სრულიად ახალი სახეები - ასეთი მოლოდინი არსებობს, რამდენადაც „კოალიცია ქართული ოცნება“ არის არამდგრადი, არამყარი და ეკლეკტიკური სიმბიოზი, ხოლო ოფიციალურ ოპოზიციას ამძიმებს წარსული ავტორიტარული საქმიანობის კრიმინალური სერიალები და ბუნებრივია, ვერ ასრულებენ ოპოზიციის ფუნქციას.

ბუნებრივია, უნდა შემოვიდეს ახალი ძალა, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიციას ამისი არც ადამიანური რესურსი აქვს და არც ფინანსური. უნდა დაველოდოთ ახალი ძალების გამოჩენას, რომლებიც რეალურად შექმნიან პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში და რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში, თავის დროზე, გაქრა საქართველოში. მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალა გადარჩა, დანარჩენები აბსოლუტური დაბნეულობის და სტაგნაციის მდგომარეობაში არიან.

ისე, რეალურად რომ ვთქვათ, რა იყო ის, რაც მოხდა? ივანიშვილის ინტერვიუსა და შემდეგ მარგველაშვილის . საპასუხო პრესკონფერენციას ვგულისხმობ...

- ეს არის ჩვენი, ქართული სინამდვილის და პოლიტიკური ლიდერების უმწიფარობის ერთ-ერთი გამოვლინება. საქართველოში რატომღაც მიაჩნიათ, რომ ყველაზე იოლი საქმე პოლიტიკოსობაა. ამ პოლემიკამაც გვაჩვენა, რომ პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა და არა წარმატებულმა და ნიჭიერმა ადამიანებმა თავის საქმეში - წარმატებულობა და ნიჭიერება კარგი პოლიტიკოსობისთვის საკმარისი არ არის.

ამ შემთხვევაში ორივეს გულისხმობთ, ივანიშვილსაც და მარგველაშვილსაც?

- რა თქმა უნდა, ორივე პიროვნება საქართველოში ყველაზე გავლენიან ადამიანთა ტოპოცეულის წარმომადგენელია. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ პირველია ამ სიაში. არის რაღაც, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს საზოგადოებამ - შევიტყვეთ მაგალითად, რომ პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი, მილიარდერი და მეცენატი, ფონდ ქართუს დამფუძნებელი, თურმე ინტენსიურ კონსულტაციებს მართავს პოლიტიკურ თემებზე, მაგალითად, ისეთზე, დაედოდ თუ არა ვეტო ერთ-ერთ კანონპროექტზე. როგორც ჩანს, კონსულტაციები ჰქონია ამ თემაზე პრეზიდენტთან და მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენაც მოუხდენია - მისი პოზიციის მიუხედავად მარგველაშვილს ვეტო არ დაუდია კანონზე.

ბუნებრივია, არც ერთ დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი არაფერი ხდება და ორი ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურის კონსულტაციების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს. ეს გვამცნო ბიძინა ივანიშვილმა, მაგრველაშვილი კი გამოდის და ამბობს, რომ ამ უმნიშვნელობანეს თემებზე არ გააკეთებს კომენტარს, არც ფაქტზე, რომ მას ჰქონია კონსულტაციები საქართველოს ერთ-ერთ გავლენიან პირთან.

ესეც იმის დასტურია, რომ პოლიტიკოსები ასე არ მოქმედებენ. პოლიტიკოსებს ყოველთვის აქვთ თავიანთი დასკვნა და პოზიცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

ძალიან დიდია საზოგადოების ინტერესი მარგველაშვილის და ივანიშვილის გაპაექრებაზე, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიჩნიოთ გარკვეული დაპირისპირების ფორმად. თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ფორმულირება, რომ ეს არის დაპირისპირება პილიტიკურ გუნდში. ხომ თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის და ხელისუფლების რომელიმე შტოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას არ შეეცდებოდა და საჯაროდ იტყოდა ამა თუ იმ საკითხზე თავის მოსაზრებას.

რეალურად გამოვიდა, რომ ასე არ არის და მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის მრავალი სიკეთის გამკეთებელია და სააკაშვილის ავრორიტარული რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლის წინამძღოლი, მას ევალება, რომ საჯაროდ გაცხადებული შეასრულოს და პრეზიდენტის თუ პრემიერის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა არ მოახდინოს - როგორც თავად თქვა ინტერვიუში, ზეგავლენა უკვე მოახდინა და გადააფიქრებინა მარგველაშვილს ვეტოს დადება.

რამდენად სწორი იყო მარგველაშვილი, ეს სხვა საკითხია. შეიძლება, მეც ვემხრობოდე მოწმეების სასამართლოში დაკითხვის საკითხის გადავადებას, ნურავინ იკეკლუცებს თავისი დემოკრატიითა და თანამედროვე შეხედულებებით, რადგან ჩვენი სასამართლო დღეს ამისთვის მზად არ არის. არ არის მზად არც პროკურატურა და არც მთლიანად, სამართლებრივი სისტემა და უმჯობესია, ჯერ მის გაჯანსაღებაზე ვიზრუნოთ. ეს სხვა საკითხია, ყურადღებამისაქცევი აქ პოლიტიკური პროცესია - ქართულ პოლიტიკას აშკარად დაეტყო პოლიტიკოსების სიმცირე.

სწორი ის იქნებოდა, ივანიშვილს თავად რომ გამოეთქვა საზოგადოების წინაშე საკუთარი მოსაზრება მოსალიოდნელ ვეტოსთან დაკავშირებით, პრეზიდენტს განეცხადებინა, რომ ის აპირებს ვეტოს დადებას, თუ მასთან ასეთი სახის კანონპროექტი შევა, ესარგებლა თავისი უფლებით, ვეტო დაედო კანონპროექტისთვის და უსუფაშვილს თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერდა, დაეძლია ეს ვეტო. ასე იქცევიან ცივილიზებულ ქვეყანაში.

დაახლოებით ერთი თვის წინ შალვა ნათელაშვილი ამბობდა, მარგველაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოვითხოვოთო, გასულ წლებში ყოველთვის ამბობდნენ, რომ ის ახალი ხელისუფლების გამხმოვანებელი იყო. ახლაც მსგავი რამ ხომ არ ხდება და მარგველაშვილ-ივანიშვილის ან მარგველაშვილ-ღარიბაშვილის უთანხმოება ხომ არ გაახმოვანა ნათელაშვილმა?

- არ ვფიქრობ ასე. არ მიმაჩნია ნათელაშვილი ნაციონალების გამხმოვანებლად, ის გამოცდილი პოლიტიკოსია. გარკვეული ეჭვები მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არანაირი დასტური, რომ ნათელაშვილი თამაშობდა ნაციონალების თამაშს, არ გვაქვს. თუმცა, შესაძლოა ეჭვების საფუძველი იყოს, რადგან ზოგჯერ ის არათანმიმდევრული იყო.

ახლაც არ მგონია, რომ რაღაც წიაღსვლები უნდა ვეძებოთ ამ მოვლენის უკან. მოხდა ის, რაც მოხდა და კარგად ესადაგება ივანიშვილის კოლორიტულ, მაგრამ წინააღმდეგობრივ ნატურას და იმას, რომ მას სიკეთე უნდა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ არ იცის, ეს სიკეთე როგორ გაუკეთოს. პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ამას პოლიტიკური იერი აქვს - ვგულისხმობ „მოქალაქის“ ექსპერიმენტს, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ ახსოვს - 20 ექსპერტი დაატრენინგოს და ამის შემდეგ გახადოს საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი ქვეყანაში. არც ჟურნალისტების ტრენინგებით მომზადების მწამს, ჟურნალისტიც და ექსპერტიც უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში იზრდება და ა.შ

გახსოვთ ალბათ, თავის დროზე საზოგადოებაში ირაკლი ალასანია მოიაზრებოდა საპრეზიდენტო კანდიდატად. შემდეგ მოხდა უთანხმოება - ივანიშვილმა გადააყენა ალასანია ვიცე-პრემიერობიდან და მარგველაშვილით ჩაანაცვლა. ახლა დაახლოებით მსგავსი რამ უკვე მარგველაშვილთან დაკავშირებით მოხდა, თუმცა პრეზიდენტობიდან მისი გადაყენება ვეღარ მოხერხდება - არც საფუძველია საკმარისი და პროცედურაც ბევრად რთულია. რაღაც უცნაური დამთხვევა ხომ არ ხდება?

- როდესაც ივანიშვილი აყალიბებდა გუნდს, რომლითაც უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში, აღმოჩნდა, რომ ივანიშვილისა და ალასანიას შეხედულებები ზოგიერთ აკითხში არ ემთხვეოდა ერთმანეთს და ამიტომ მოხდა გარკვეული დისტანცირება მათ შორის. საერთოდ, ივანიშვილს სჩვევია გუნდის შერჩევისა და თანამდებობებზე განთავსების საკითხში ფავორიტიზმი, შემდეგ ამ ფავორიტებს ალაგებს თანამდებობებზე. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკიდან წასვლამდე ასე იქცეოდა.

ალასანიათი მისი აღტაცება შეიცვალა მის მიმართ კრიტიკული ხედვით და მოხდა მათი დისტანცირება. თუმცა, ისინი ერთად დარჩნენ გუნდში. ალასანიამ დაიკავა საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტი, რამაც დაალაგა პროცესი. ივანიშვილს უფრო მეტად მოეწონა განათლებული და ერუდირებული მარგველაშვილი და ჩათვალა, რომ უფლება-მოვალეობა შეკვეცილი მარგველაშვილის გაპრეზიდენტება უფრო სასარგებლო იქნებოდა საქმისთვის, ვიდრე გამოცდილი პოლიტიკოსის, ალასანიასი - ეს არის მთელი ფილოსოფია.

რომელსაც ვერ გააკონტროლებდა?

- რომელსაც ვერ გააკონტროლებდა არა. იმ ეტაპზე, მას ეს საკითხი ნაკლებად აინტერესებდა, რამდენადაც მიაჩნდა, რომ მისი ავტორიტეტი აიძულებდა ყველას, მორჩილები ყოფილიყვნენ -ამის პრობლემა მას არ ჰქონდა, რაც სჭირდებოდა ყველა კარტი ხელში ჰქონდა - უბრალოდ, ფსონი მარგველაშვილზე დადო, რადგან თვლიდა, რომ ის იყო მოქნილი, განათლებული, ჰუმანისტი ადამიანი, რაც მისი აზრით, საკმარისი იყო პრეზიდენტობისთვის. მაგრამ გაპრეზიდენტებულმა მარგველაშვილმა ხასიათი, პრინციპები გამოავლინა. სხვათა შორის, აბსოლუტურად სწორად მოიქცა და საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, სამწუხაროდ მცდარი - ვეტოს შემთხვევას ვგულისხმობ. რაც შეეხება მაჭავარიანს, თუკი კაცს პრეზიდენტად აირჩევ, თუნდაც ივანიშვილის ხათრით, შემდეგ მას მოქმედების თავისუფლება უნდა მისცე და საკუთარი კადრები მაინც დააკომპლექტებინო საკუთარი შეხედულებისამებრ - მართლა მარიონეტების თეატრი ხომ არ არის!..

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელისუფლებო გუნდში სერიოზული განხეთქილება არ მომხდარა და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია?

- განხეთქილება არ შეიძლება არსებობდეს, რამდენადაც, ხელისუფლებაში შეკრებილნი არიან ივანიშვილის მიერ, მაგრამ აღარ არიან ივანიშვილის გუნდში, რადგან ის პოლიტიკიდან წავიდა. შესაბამისად, უთანხმოება ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის არ შეიძლება იყოს განხეთქილების გამომხატველი.

რეალურად ეს მაინც პიროვნული დაპირისპირებაა და არა გუნდის შიგნით არსებული კონფლიქტი. მართალი გითხრათ, მმართველ ერთიან პოლიტიკურ გუნდსაც ვერ ვხედავ, რამდენადაც ეს არის გარკვეული კონგლომერატი, სადაც კოორდინაცია საკმაოდ სუსტია, შეჯერებული გადაწყვეტილებების მიღება და პოლიტიკის შემუშავება არ ხდება.

კოალიციის 6 სუბიექტი არა მარტო ტაქტიკასა და სტრატეგიას, პრინციპულ გადაწყვეტილებებსაც კი არ უთანხმებს ერთმანეთს. რაიმე მიგანიშნებთ იმაზე, რომ რესპუბლიკელები „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლებს ეთათბირებიან რამეზე? მე არ მიმანიშნებს.

მე ველი განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილისგან, მან როგორც კოალიციის ლიდერმა უნდა შეაფასოს ეს დაპირისპირება. ვფიქრობ, რომ აგვიანებს ბატონი ვოლსკის პრინციპული შეფასებაც, რამდენადაც ის პარტია „ქართული ოცნების“ და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია. გუნდი არ არსებობს და რომელ განხეთქილებაზეა ლაპარაკი?! იმედი მაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების პროცესში მაინც შეიკვრება ეს და გამოჩნდება რას წარმოადგენს ეს გუნდი.