ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნაციონალები განსაკუთრებულად აღაფრთოვანა. უკვე გაჩნდა შეფასებები, რომ ხელისუფლება კრიზისშია.
„ეტყობა, კრიზისია ხელისუფლებაში დასაპატიმრებელი ხალხის ძებნაში“, - ამგვარად გამოეხმაურა უმცირესობის დეპუტატი გიორგი ოჩიაური კახა ბენდუქიძის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას.
თუმცა მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდა. საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა გუბაზ სანიკიძის განცხადებები პარტიულ კონფერენციაზე, სადაც „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ ვითარებას შეეხო და აღნიშნა, რომ კოალიცია ყოფილი „ნაციონალებით“ გაივსო.
„პრეტენზიას ვერ წავუყენებ, რადგან ეს მათი პარტიული საქმეა. ისემც უქნიათ, შიგნით ყიზილბაშები შეუყვანიათ“, - ამბობს სანიკიძე, რომელიც თანაპარტიელებთან ღიად აფიქსირებს, რომ მთავრობაში არასწორი პოლიტიკაა. დეპუტატს არც მინისტრთა კაბინეტი ავიწყდება და აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ ორი ეფექტური მინისტრი ჰყავს, ნარმანიასა და სერგეენკოს სახით.
„დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი იყო. აქ ითქვა, რამდენად სამართლიანია კოალიციაში შემავალი ხუთი პარტია „ფორუმის“ მიმართო. გეტყვით, რომ სამართლიანად არ გვექცევიან. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, ჩვენ ერთმანეთის პარტიულ საქმიანობაში არ ვერევით... პარტიის ბევრი წევრი გვეუბნება, კოალიციიდან გამოვიდეთ, რადგან კარგად არ გვექცევიან, არ მოგვცეს თანამდებობები, არ გაგვიყვეს ლუკმა, არ დაასაქმეს ჩვენი ხალხი, ამიტომ გამოვიდეთ და „ოცნებას“ დავარტყათო. არის ასეთი მოსაზრება, მხოლოდ წევრებში კი არა, ჩვენ ხელმძღვანელობაშიც... კი ბატონო, კოალიცია დარჩეს ერთიანი, მაგრამ ადგილებზე ცალ-ცალკე გავიდეთ. არგუმენტი იყო ასეთიც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც მეორე ადგილს იკავებს და მთავარი ოპოზიციური ძალაა, „ფორუმი“ მესამე - მეოთხე ადგილზე გადააგდებს. ამაში ლოგიკა მართლაც არის, დემოკრატიასაც ამყარებ, მრავალფეროვნებასაც ზრდი, კოალიციაც ერთია, მაგრამ რესპუბლიკელმა და ფორუმელმა იომოს ერთმანეთში, ვის რამდენი აქვს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ხალხს ვერ გავაგებინებდით, ჩვენ რას ვაკეთებთ. ყველა ჩათვლიდა, რომ „ფორუმმა“ კოალიცია გახეთქა. ჩვენი კოალიციიდან გამოსვლა სავსებით შესაძლებელია, მთავრობის გადაყენების მაპროვოცირებელი ყოფილიყო... აქ, უკვე შიგნით რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ეს ცუდი არ არის. „რესპუბლიკელებს“ სხვა იდეოლოგია და მოსაზრებები აქვთ, „ფორუმს“ - სხვანაირი, დანარჩენი პარტიის იდეოლოგია კი ვერ გავიგე, რადგან ასეთი არ აქვთ. საქართველოში სეზონურ პარტიებს რა დალევს, თოვლივით მოვლენ და გაზაფხულზე დნებიან. მკვეთრად გამოკვეთილი იდეოლოგიის მქონე პარტია მხოლოდ ორია: აქეთ - ჩვენ, იქით - რესპუბლიკელები“, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
ამასთან, განმარტავს, რომ აქამდე როგორც იყო, ასე აღარ იქნება. მათ უარი თქვეს ალაფის განაწილებაზე, თორემ „ფორუმს“ ვერავინ „მოტეხავდა“. ადგილობრივ არჩევნებში კი „ფორუმელები“ მისხალს არ დაუთმობენ არავის. იგი არ მალავს, რომ კოალიციიდან ცალკე გასვლის სურვილი რეზო შავიშვილს ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა.
სანიკიძის აზრით, „ფორუმის“ ოპოზიციაში გადასვლა ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ გაახარებდა და „ფორუმელები“ ვითარების ამჭრელები გამოვიდოდნენ. ეს კი დაუშვებელია იმ დროს, როცა საქართველო და მთელი მსოფლიო უფსკრულთანაა მისული და თვით კარიბის კრიზისიც კი, 60-იან წლებში, ამ მნიშვნელობის არ ყოფილა.
როგორც აღმოჩნდა, კოალიციაში მიმდინარე მოვლენებით მხოლოდ გუბაზ სანიკიძე არ ყოფილა უკმაყოფილო. არავინ ელოდა, რომ ყოფილი პრემიერი მის მიერ ხელდასხმულ გიორგი მარგველაშვილთან ურთიერთობას ამ ფორმით გაასაჯაროებდა. მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს იმედები გაუცრუა. მას „პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, არჩევნების შემდგომ ხასიათი გამოავლინა“. მსგავსი მაგალითი კი თითქმის 60 წელს მიტანებულ ივანიშვილს არ ახსოვს.
ყოფილი პრემიერის განცხადებების შემდეგ ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის გაცილებით მეტი პრობლემაა, რაზეც საუბარს ივანიშვილმა თავი აარიდა. ხოლო ახალი თვისებების ის ჩამონათვალი, რაც ივანიშვილმა მის მიერ „გამოძერწილ“ მარგველაშვილში „აღმოაჩინა“, სულაც არ არის დრამატული საიმისოდ, რომ ადამიანზე გული გაგიცრუვდეს. მოკლედ, პრობლემა გაცილებით დიდია.
რეალურად რა ხდება კოალიციაში და რა მოვლენებს უნდა ველოდოთ 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როცა ნაძალადევი თავდაჭერილობა აღარ იქნება საჭირო? აშკარაა, რომ ეკლექტური გაერთიანება ბუნებრივი მდგომარეობისკენ მიდის და იდეოლოგიური განსხვავებები მოვლენებს თავის გზას მისცემს. ამდენად, საინტერესოა, ვინ დარჩება და ვინ გამოეყოფა კოალიციას? როგორ დაჯგუფდებიან ხელახლა გადანაწილებული პარტიები და, ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში როგორ კონფიგურაციას მივიღებთ დაწინაურებული ნინო ბურჯანაძის ფონზე?
ამბობენ იმასაც, რომ ბურჯანაძე ივანიშვილის სქემას იმეორებს და შესაძლოა, არასაპარლამენტო ოპოზიციის ფლანგზე მთავარ ფიგურად მოგვევლინოს. მით უფრო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა, სხვა არასაპარლამენტო ძალებთან შედარებით, მისი უპირატესობა აჩვენა. რაც შეეხება ნაციონალებს, ვაშაძე-მელიას დაპირისპირების შემდეგ აქაც სიტუაცია „აჭრილია“.
For.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, რომ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გამოთქმული ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკური კრიზისის დონემდე ავიყვანოთ, რადგან კონსტიტუცია არ იძლევა საშუალებას, პრეზიდენტსა და პრემიერს (თუნდაც ყოფილ პრემიერს) შორის ძალაუფლების გადანაწილების თვალსაზრისით გაუგებრობა მოხდეს და ამან პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. კრიზისი იქნება მაშინ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა და პრეზიდენტი იქნებიან ერთ პოზიციაზე და საპარლამენტო უმრავლესობა დაუპირისპირდება დღევანდელ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამის სიმპტომები კი არ ჩანს. ამდენად, ყველაფერი ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ჩარჩოში ჯდება.
„ახლა ვერ იქნება კრიზისი, როგორც არ უნდა უნდოდეთ ეს ნაციონალებს. არჩევნების წინ კოალიციაში კრიზისის გამომწვევი შეიძლება ბევრი რამ იყოს, ბუნებრივია, მიდის მძიმე საუბრები კვოტების გადანაწილებაზე, მაგრამ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდად მოაგვარა ეს საქმე. კვოტების 50% დარჩა „ქართულ ოცნებას“, დანარჩენი სხვა პარტიებმა გაიყვეს. რა იქნება არჩევნების შემდეგ, ვინ დატოვებს და ვინ არა კოალიციას, ეს დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. გუბაზ სანიკიძის ჩანაწერიც ვნახე, ესეც ბუნებრივია, რადგან კოალიცია ძალზე რთული მექანიზმია, არის პარტიები, არიან ადამიანები და სხვადასხვა შეხედულებები. სრულიად გამართლებულია გუბაზის მიდგომა, რომ არ შეიძლება ამ შემთხვევაში დავტოვოთ კოალიციაო. კოალიციაში შემავალი ყველა პარტია ასე მოიქცევა. არჩევნების შემდეგ კოალიციის ბედი დამოკიდებული იქნება მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ და არა დანარჩენ პარტიებზე. გვინდა თუ არა, რეალობას ვერ შევცვლით და ისეთი ხიფათის წინაშე ვდგებით, რომ სახელისუფლო ვერტიკალში (როგორც ცენტრში, ისე რაიონებში), უმრავლესობის უმრავლესობა იქნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ისევ ვუბრუნდებით იმ დროს, როცა ერთი რომელიმე პარტია იყო შერწყმული სახელმწიფო სტრუქტურებთან. „ქართულ ოცნებას“ დასჭირდება უფრო მეტი და მეტი ადგილები და ეს ადგილები იმ პარტიების ხარჯზე უნდა შეივსოს, ვისზედაც დღეს ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
ამასთან, განმარტა, რომ, თუ „ოცნება“ ისევ პოპულარული იქნება, პარტიებს არ გაუჩნდებათ წასვლის სურვილი, ხოლო, თუ „ოცნებისადმი“ საზოგადოების დამოკიდებულების გაციების პროცესი გაგრძელდება, მაშინ სხვა რეალობას უნდა ველოდოთ. თანაც, გასათვალისწინებელია ქვეყნის საგარეო გამოწვევებიც. ყველაფერი ერთიანობაში უნდა განვიხილოთ. ამიტომ ზუსტი ფორმირება, ვინ დარჩება კოალიციაში და ვინ წავა, შეუძლებელია. ჯერჯერობით, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ეცდებიან, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციამ ერთიანად მიაღწიოს.
რაც შეეხება პოლიტიკურ ველზე სხვა ძალების კონფიგურაციას, ვახტანგ ძაბირაძე ამ საკითხსაც არჩევნების შედეგებს უკავშირებს.
„სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ რეალური კონკურენტი არ ჰყავს. არჩევნების შემდეგ შეიძლება დაიწყოს სერიოზული გადახალისება ნაციონალებს შიგნით. თუ თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალებმა ვერ შეძლეს მეორე ადგილის შენარჩუნება, ძველი გვარდიიდან საკმაოდ ბევრს მოუწევს პოლიტიკური ასპარეზის დატოვება და სამოქალაქო სექტორში გადასვლა. არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი წამყვანი ძალა, მისდამი დამოკიდებულების მიუხედავად, არის ბურჯანაძე და მისი პარტია. მას აქვს პარტიული ინფრასტრუქტურა, გარკვეული ფინანსები და ჰყავს საქართველოში განფენილი კადრები. შესაძლოა, არითმეტიკულად ბურჯანაძემ ბევრი ვერაფერი მიღოს, მაგრამ, თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება მოახერხა, ეს იქნება წინაპირობა, რომ ამ ძალამ, უკვე კოალიციის სახით, საპარლამენტო არჩევნებში რეალურად იბრძოლოს მინიმუმ მეორე პარტიის ადგილისთვის. შეიძლება, მათ სერიოზულად ჩაანაცვლონ „ნაციონალური მოძრაობა“, თუ მეტი არა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ამასთან ეჭვობს, ბურჯანაძის გარეშე, ამ პარტიებმა ცალკე 3%-იან შედეგს მიაღწიონ. ამიტომ აჯობებს, ერთი ბლოკით გამოვიდნენ, რაც ქვეყნისთვისაც კარგი იქნება. გვეყოლება სამი ფავორიტი არათანაზომადი ძალა, სერიოზული მოთამაშეები და პოლიტიკური პროცესიც უფრო გაჯანსაღდება.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე For.ge-სთან საუბარში ფიქრობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებამდე კოალიცია ერთიანობას შეინარჩუნებს, თუმცა იმ ფაქტის გათვალიწინებით, რომ 2015 წელი არ არის საარჩევნო წელიწადი, შესაძლოა, კოალიციას ცალკეული პიროვნებები ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები გამოეყოს. თავის დროზე კობა დავითაშვილმა დატოვა კოალიცია, შემდეგ გიორგი გაჩეჩილაძემ, ახლა კი გუბაზ სანიკიძე აკეთებს პარტიულ განცხადებებს. ეს მიანიშნებს, რომ შესაძლებელია, კოალიციას კიდევ გამოეყოს რამდენიმე სუბიექტი.
„მაინც ვფიქრობ, ორი მთავარი სუბიექტი - „რესპუბლიკური პარტია“ და „ჩვენი საქართველო - გაერთიანებული დემოკრატები“ შეინარჩუნებენ კოალიციაში ერთიანობას. ეს ორი პარტია წარმოდგენილია სოლიდური სახით (11 არის „გაერთიანებული დემოკრატი“, ხოლო 9 – „რესპუბლიკელი“). ამას ემატება „რესპუბლიკელი“ პარლამენტის თავმჯდომარე. ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაც წარმოდგენილია „რესპუბლიკელებით“ და „გაერთიანებული დემოკრატებით“. ამიტომ, უფრო სავარაუდოა, რომ კოალიციისადმი ერთგულება სწორედ მათ შეინარჩუნონ. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ არ ჰყავთ მთავრობაში თავიანთი წარმომადგენელი. თუ კოალიცია დაიშალა, მაშინ პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია ეყოლება „ნაცმოძრაობას“, რომელთა წევრთა რაოდენობაც 50-ს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, მსჯელობის საგანი გახდება, თუ როგორ შენარჩუნდეს კოალიციის ერთიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალზე წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება კოალიციის თითოეული სუბიექტი“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე, რომლის აზრითაც, კოალიციის შიგნით გამოკვეთილი პროდასავლური ძალა „რესპუბლიკელები“ და „გაერთიანებული დემოკრატები“. რუსეთისადმი ლოიალური კი უფრო არის „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველები“.
რაც შეეხება ფრაზას „დავარტყათ კოალიციას და გამოვეყოთ“, ნიკა ჩიტაძის აზრით, „ფორუმს“ არანაირად არ უნდა აწყობდეს კოალიციისგან გამოყოფა. დროებით შეიძლება გამოეყოს და ქვეყნის მართვის პროცესზე პასუხისმგებლობა აიცილოს, მაგრამ უკვე შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე მათ გაუჭირდებათ პარლამენტში საკუთარი ხალხის შეყვანა.
არასაპარლამენტო ოპოზიცია კი, ნიკა ჩიტაძის აზრით, შედარებით სუსტია. აქ ორი ძირითადი ძალა მოიაზრება - პროდასავლური (ქდმ, „ახალი მემარჯვენეები“, „ეროვნულ-დემოკრატები“) და პრორუსული („დემოკრატიული მოძრაობა“, კახა კუკავას პარტია). ამიტომ, თუ გაერთიანება მოხდება, ექსპერტი ფიქრობს, ბურჯანაძე-კუკავას პარტიები გაერთიანებიან, ხოლო მეორე მხრივ მოხდება პროდასავლური ძალების გაერთიანება.
ნაციონალებთან დაკავშირებით კი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით მათ შეინარჩუნეს თავიანთი ძირითადი ბირთვი, ვისაც უნდა დაეტოვებინა ფრაქცია, უკვე დატოვა კიდეც. საერთო ჯამში, პარტია ერთიანობას შეინარჩუნებს და საეჭვოა, ნაციონალებმა ვინმესთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბონ. ისინი უფრო დამოუკიდებლად იმოქმედებენ.