„ჩვენზე როზგი მოგერიელებულია მას მერე, რაც უკრაინის კონფლიქტი დაიწყო“

„ჩვენზე როზგი მოგერიელებულია მას მერე, რაც უკრაინის კონფლიქტი დაიწყო“

15 ივლისს ევროკავშირის მინისტერიალი იმართება. სადაც, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება საქართველო. თუკი გავითვალისწინებთ ევროკავშირის პოლიტიკას, რთული ამოსაცნობი არ უნდა იყოს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთან დაკავშირებით. ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპელი მინისტრები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებს გაცვლიან.

ივნისში გამართული ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშიროს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს საკითხი, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. როგორც მაშინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, სხდომის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია, მათ შორის იმსჯელეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრების თემაზე და ისაუბრეს მზარდ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებაზე, თუმცა შეთანხმება არ იყო მიღწეული.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო კაია კალასის ხელმძღვანელობით, ალბათ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ ევროკავშირის 15 ივლისის მინისტერიალზე დაგეგმილი საქართველოს „ეგზეკუცია“ - ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება და სწორედ, ამიტომ დაიწყო მისი ხსენება ორი კვირით ადრე. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს იქნება „9 აპრილის“ ტოლფასი მოვლენა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას მისცა ფატალური ბიძგი.

„საქართველოს „გაროზგვა“ 15 ივლისს - ევროსაბჭოთა კავშირის გარდაუვალი დაშლის, ტრანსფორმაციის, გარდაქმნის საწინდარი გახდება. გვეტკინა 9 აპრილი? რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ტკივილის გარეშე ვერ მოვიდოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ღირსება. გვეტკინება 15 ივლისი? მიუხედავად იქ მიღებული უსამართლოების მასშტაბისა? - ისე რა, გვეტკინება, რამეთუ ამ უსამართლოებასთან მუდმივ ბრძოლაში სერიოზული იმუნიტეტი და „ანტისხეულები“ გამოვიმუშავეთ“, - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის შეფსაებით, უსამართლობის მესვეურებს ელემენტარული წარმოდგენა რომ ჰქონდეთ, საქართველოს სახით რა ძალებს უცხადებენ ომს - საქართველოს ხსენებაზე ყოველ დილას მეტანიებით დაიწყებდნენ და მათ გარეშე ვეღარც დაიძინებდნენ.

„ასე რომ, საკუთარი კრახის დაჩქარებას მოეწერება ხელი 15 ივლისს და ეს არის კანონზომიერი პროცესი. საქართველო მორიგ ჯერზე დედამიწას ათავისუფლებს ტოტალურ უსამართლობაზე, ავტოკრატიაზე, ბიუროკრატიასა და ოლიგარქიულ მმართველობაზე დაფუძნებული იმპერიისგან. და ამ იმპერიის მიერ დამონებულ და დაჩაგრულ ერებს შანსს აძლევს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისაკენ. ამაშია საქართველოს (იბერიის) პლანეტარული მასშტაბის ისტორიული მისია, რომლის „ბოლო გაჩერება“ - დედამიწის ანტიქრისტეს მმართველობისგან გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილი იქნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, 15 ივლისის მინისტერიალზე გასატანი საკითხებიდან უკვე გაჟღერდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გადახედვა და მთავარი გათვლაც ამაზეა. ცუცქირიძის შეფასებით, მას შემდეგ, რაც ეუთოს გენერეალურმა მდივანმა პირდაპირ აღიარა საპარლამენტო არჩევნების სრული ლეგიტიმაცია, ევრობიუროკრატიას სხვა დასასჯელი თუ „გასაროზგი“ ვარიანტი, ფაქტობრივად, აღარ რჩება. მით უმეტეს, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წლის ზრდის მაღალი 7.5 % იანი პროგნოზი უკვე დადო.

„ბოიკოტის რეჟიმიც ამის ნაწილია, რომ პრობლემები ეკონომიკაში და ევროკავშირში საექსპორტო საქონლის გაძვირება, საპროტესტო ტალღაზე გადაიყვანს მსხვილ ბიზნესს და ააგორებს ახალ საპროტესტო ტალღას. ჩემი შეფასებით, ეს არის ამ გეგმით გათვალისწინებული. ცალკე საკითხია ამ გადაწყვეტილებით თუ, რა თქმა უნდა, ამ „სადამსჯელო ნაბიჯზე“ წავიდენ, რეალურად რა ზეგავლენა ექნება ეკონომიკაზე ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობიდან გამომდინარე. ზეგავლენა, ბუნებრივია, ექნება მაგრამ არა კატასტროფული.

სავაჭრო ბალანსი ევროკავშირთან: სავაჭრო ბრუნვა 4.5 მილიარდი აშშ დოლარი, ევროკავშირის წილი მთლიან ვაჭრობაში: მნიშვნელოვანი, დაახლოებით 20-22%, რაც ევროკავშირს საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად აქცევს. შემდეგ მოდიან თურქეთი 14% და რუსეთი 10%. ევროკავშირთან გვაქვს მნიშვნელოვანი დეფიციტი 3 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი 2024 წელს, ხოლო - 771 მილიონი აშშ დოლარი 2025 წლის 1 კვარტალში.

ევროკავშირში ექსპორტი მცირეა - საქართველოს მთლიანი ექსპორტის 8-9%, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტი გაცილებით დიდია, მთლიანი იმპორტის 25-26% და აქედანაც კარგად ჩანს, თუ ზარალზე მიდგა საქმე, ევროკავშირი უფრო მეტად იზარალებს. დროში ექსპორტიც ჩანაცვლებადია, სადაც ყველაზე დიდია თხილის, სპილენძის, ფერადშენადნობების და ღვინო მასალების ხვედრითი წილი და იმპორტიც, სადაც ყველაზე დიდი წილი მოდის ავტომობილებზე ნავთობპროდუქტებზე და მედიკამენტებზე“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ისეთი მჩქეფარე ცხოვრება გვაქვს, რთულია თქვა რა მოხდება ერთი კვირის შემდეგ, მით უმეტეს ორი კვირის შემდეგ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ბევრი ფაქტორი, მათ შორის როგორ დასრულდება უკრაინის კონფლიქტი.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენზე როზგი მოღერებულია მას მერე, რაც უკრაინის კონფლიქტი დაიწყო. გადავრჩით, არ ვუხსენებივართ ირანი-ისრაელის კონფლიქტის პარალელურად, მაგრამ ახლა წინა პლანზე გამოდის აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი რუსეთთან. როგორ წავა ეს კონფლიქტი, რა სურათად ჩამოყალიბდება და აღმოჩნდება თუ არა კავკასიის ზოგად სურათში ის ტენდენციები, რომელიც ევროპელებს უფრო გააღიზიანებს თუ უფრო ნაკლებად. ვგულისხმობ იმას, რომ ევროპელები სომხეთის გაევროპელებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და თუკი სომხეთის ევროპაზე ორიენტაცია გამოისახა რუსეთთან დაპირისპირებაში, ეს უკვე სხვა თემა ხდება. ამაზეა ბევრი დამოკიდებული კავკასიის ნაწილში. ამიტომ, მიჭირს კონკრეტულ ნაბიჯზე ლაპარაკი და მე მგონია, რომ მაგათაც გაუჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება. დიდი-დიდი, რასაც იზამენ, ეს იქნება სანქციები, რადგან სანქციების ეფექტურობა ჩვენზე უკეთ იციან. რეალურად, სანქციებს არ აქვს ის ეფექტი, რაც ექნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, რასაც მოჰყვება ხალხის გადამტერება, რაც მგონია, რომ არ ენდომებათ იქამდე, სანამ ასეთი არეული სიტუაციაა. მათი მიზანია ეს ხაზი, რომელიც ჩვენზე გადის, არ აღმოჩნდეს დიდი ქვეყნების - რუსეთის და ჩინეთის ხელში. ამიტომ, ამ მიმართულებით რა მოხდება და როგორ განვითარდება მიმდინარე მოვლენები, ამის თქმა მიჭირს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.