ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ამსახველი ვიდეომასალის გარშემო პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა არ ცხრება. „ნაციონალური მოძრაობა“ ფოტომასალის გავრცელებაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს, უმრავლესობა ნანახით შოკირებულია, მთავარი პროკურატურა კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება ერთადერთ მიზანს, საქმეზე მიმდინარე გამოძიებას და დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებს ხელი შეეშალოს.
პროკურორ ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეო მასალა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში საქმისგან განცალკევებით ინახებოდა, რაც ბევრ კითხვას ბადებს.
მთავარ პროკურატურაში ინფორმაციას არ ფლობენ, თუ ვის მიერ გავრცელდა ვიდეომასალა, მაგრამ ამბობენ, რომ მასალის გავრცელების და ავტორის იდენტიფიცირების საკითხს გამოძიების ფარგლებში შეისწავლიან.
„ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრების ფოტოების გავრცელება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ გამოძიებას ხელი შეეშალოს, ვინაიდან, ამ ეტაპზე აღნიშნული მასალის გამოქვეყნებამ შეიძლება დააზიანოს და გაართულოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება“, - ნათია მეზვრიშვილმა, რომლის განცხადებასაც პოლიტიკურ წრეებში შეფასებები მოჰყვა.
for.ge-სთან საუბარში გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ პროკურატურის განცხადება თვითილუსტრაცია და აღიარებაა იმისა, რომ ეს ფოტომასალა პროკურატურამ და მთავრობამ გაავრცელა.
კანონმდებელის შეფასებით, ვიდეომასალის გავრცელება ხელისუფლების ჩავარდნებს საეჭვოდ ემთხვევა.
„ზურაბ ჟვანია, რომელიც ჩვენი ძალის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მისი ფოტომასალის ნახვა მძიმეა. გარდაცვლილი ადამინით სპეკულირება უღირსი საქმეა და ეს საეჭვოდ ემთხვევა ხელისუფლების ჩავარდნებს. მთავრობას მოვუწოდებ უღირსი საქციელი შეწყვიტოს და საქმეს მიხედოს“, - განაცხადა კანდელაკმა, რომელის პათოსსაც ზურაბ ჯაფარიძეს იზიარებს.
ჩვენთან საუბარში ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის სეიფში რა ინახებოდა, ეს აღმოჩენა არ არის, რადგან ხელისუფლებამ ეს ადრეც იცოდა.
„მთავარია ის, ამ ფაქტების ატვირთვა ვის დასჭირდა? ეს გაკეთებულია პროკურატურის ხელშეწყობით, რადგან ამ მასალებზე ხელი სხვას არავის მიუწვდება. დიდი ალბათობით, ხელისუფლება საკუთარი უუნარობისა და უსაქმურობის გადაფარვას ცდილობს. ზურაბ ჟვანიას საქმეში მასალები არსებობს, რომლებიც გაასაჯარონ. თუ რაიმე ახალი გარემობა აქვთ, საზოგადოებას ამის შესახებაც შეატყობინონ, მაგრამ მანიპულირება მოახდინო გარდაცვლილი ადამიანების სურათებით, ეს ამაზრზენია“, - განუცხადა for.ge-ს ჯაფარიძემ.
თანაგუნდელების მსგავსად, გოგა ხაჩიძე ხელისუფლებას აკრიტიკეს და აცხადებს, რომ საზოგადოებას ღარიბაშვილის გაკვირვებული სახის დანახვა მოსწყინდა, არადა ეს კადრები სწორედ მას უნდა ჰქონდეს ნანახი.
მისი თქმით, ეს ის ფოტოებია, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში იდო და დევს.
„ეს არის ძალიან ბინძური, მდაბიო ადამიანების თავში მომწიფებული პროვოკაცია და ბინძური თამაშები, რომელსაც ეწევიან კრიზისული მდგომარეობის დროს, როცა არჩევნები მოდის. ეს მასალა პროკურატურამ ღარიბაშვილის თანხმობით გამოიტანა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დიადი ბიძინას გზას გავარძლებო და როგორც ჩანს, ამ ტრადიციებს თავის ქნევებით, შოკში ყოფნით და გაოგნებით აგრძელებს. ძალით გაოგნებული ღარიბაშვილის ატანა უკვე ძნელია, მაგრამ ეს ის ბიჭია, რომელიც ხალხს skype-თ მოიკითხავდა“, - განუცხადა for.ge-ს ხაჩიძემ.
გიგი წერეთელი პროკურატურას გამოძიების დასრულებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, გამოძიებამ საბოლოოდ უნდა გაარკვიოს ვინ ატვირთა მასალა, რაც გაცილებით იოლი პროცესია.
დეპუტატის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეკულაციები საბოლოოდ უნდა მორჩეს და გაირკვეს, რა მოხდა სინამდვილეში.
„პროცესი, რომელიც თან ახლავს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას, ცუდ და უცნაურ ფორმას იღებს. ამ საკითხის წამოწევა მუდმივად ხდება, რომელიც ზოგჯერ საარჩევნოდ არასასიამოვნო მოვლენის გადაფარვას უკავშირდება. ხელისუფლების მხრიდან ბევრჯერ ითქვა, რომ გამოძიების ბოლო ეტაპია და ყველაფერს ნათელი მოეფინება, მაგრამ არაფერი არ ყოფილა იმგვარი, რომლითაც ამ საკითხზე მსჯელობა დასრულდებოდა“, - აცხადებს წერეთელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე ექსპერტული წრეები.
ოპონენტის მსგავსად, ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება მალე უნდა დასრულდეს და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ყველა დეტალი.
„ამ საქმის გახსნას საზოგადოება მოულოდნელად ელის და გამოძება სწრაფ რეჟიმში უნდა დასრულდეს. ბევრი ვერსია თქმულა, მაგრამ ეს ფოტომასალა მძიმე იყო. რა მოხდა, ამას წერტილი უნდა დაესვას“, - განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ.
ზურაბ ჟვანიას საქმეზე დღეს მურთაზ ზოდელავას დაკითხავენ, მისი ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის კომენტარის ჩაწერა კი იმის გამო გართულდა, რომ ის უკრაინაში იმყოფება. როგორც for.ge-ს ნაციონალებმა განუცხადეს, საყვარელიძე უკრაინელებს პროკურატურაში გასატარებელი რეფორმების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
სოციალურ ქსელში ვიდეომასალა - „სააკაშვილი მკვლელი“ გუშინ გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები. ვიდეოს მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო თავდაპირველად Youtube-ზე გავრცელდა, სადაც ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ცნობით, ექს პრემიერი გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირით დაიღუპა, თუმცა, ოჯახის წევრებს ამ ვერსიის არ სჯერათ და ყოფილი პრემიერის მკვლელობაზე საუბრობენ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თაობაზე გამოძიება უკვე მეორე წელიწადია მიმდინარეობს, თუმცა, საქმის ახალი დეტალები საზოგადოებისთვის კვლავ უცნობი რჩება.