დროებითმა საგამოძიებო კომისიამ განმეორებით, უკვე ვიდეო ჩართვის ფორმატში, გიორგი გახარია გამოკითხა. საქმე ეხებოდა 2019 წელს, გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს გახსნას, რის შემდეგაც, საოკუპაციო ძალებმა მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი დაიკავეს. გახარიამ მაშინ გადაწყვეტილება მთავრობასთან შეუთანხმებლად მიიღო, რითაც დაარღვია მოქმედი კანონდმებლობა და ქვეყანა დააყენა საომარი მოქმედების გახსნის საფრთხის წინაშე.
საქმის სიმძიმიდან გამომდინარე გიორგი გახარიამ ქვეყანა დატოვა და თავი გერმანიას შეაფარა. საგამოძიებო კომისიის პარალელურად საქმეზე გამოძიებას აწარმოებს გენერალური პროკურატურა. ქვეყნიდან გაქცეული გახარია ბრალდებას უარყოფს და ცდილობს ამტკიცოს, რომ ჩორჩანას ტყეში საგუშაგოების გახსნის გეგმა შეთანხმებული იყო ყველა შესაბამის უწყებასთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც საქმის კურსში იყო.
მისი თქმით, საგუშაგოს გახსნამდე ჩორჩანას ტყის „ეფექტურ კონტროლს“ არა ქართული მხარე, არამედ საოკუპაციო ძალა ახორციელებდა. შესაბამისად, იმ პერიოდში არსებული ინფორმაციით, ეს ტერიტორიები საოკუპაციოდ მზადდებოდა - აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, შედიოდნენ ტყეში და საოკუპაციო რეჟიმის სასაზღვრო მონიშვნების ბანერებს ათავსებდნენ.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა და კომისიის წევრებმა განაცხადეს, გიორგი გახარიას ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩორჩანას ტყეში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს აკავებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე თქმით, ადგილი ჰქონდა ორი პირის შეჩერებას და არა დაკავებას. კომისიის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ტყით ვეღარ სარგებლობს, რაც კომისიის სხდომაზე ერთ-ერთმა გამოკითხულმა პირმაც დაადასტურა.
კომისიის წევრებმა გიორგი გახარიას შეკითხვები დაუსვეს, თუ რატომ იმყოფებოდა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლის დროს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პარლამენტის შენობაში. გიორგი გახარიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შტურმი დაიწყეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საქართველოში ყველა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე მოვლენების შესახებ და სწორედ ამის შემდეგ მოვიდა გერმანიის ელჩი საკანონმდებლო ორგანოში.
„საგუშაგოების განთავსების გეგმა 2018 წლის ბოლოს შემუშავდა და 2019 წლის დასაწყისიდან განხორციელება დაიწყო. გეგმით განსაზღვრული იყო კონკრეტული კოორდინატები, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებს საგუშაგოების განთავსება აუცილებლობად მიაჩნდათ. ჩემთვის მორალურად, ადამიანურად აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც სახელმწიფო, რომელიც თვლის, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს, სოფლის მოსახლეობას იყენებს იმისთვის, რომ ჩვენებები მოაგროვოს პოლიტიკური დევნისთვის - ეს ერთი... მაშინ, როდესაც თქვენივე მთავრობის შს მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ცრუმოწმედ აქციეთ და დამსმენად აქციეთ.
ახლა, რაც შეეხება კონკრეტული საქმის მასალებს - პირველ რიგში ვიწყებ იმით, რომ საქართველოს მაშინ იმ ტყეზე კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, არამედ სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში. ასევე EUMM-ის 2019 წლის პრესრელიზი და ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი. ეფექტურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიაზე ვერ ახორციელებდა. ამ ტერიტორიაზე შემოდიოდნენ საოკუპაციო ძალები, თანმიმდევრულად აკეთებდნენ მონიშვნებს, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, შედიოდნენ ტყეში და იქ ამყარებდნენ მწვანე საოკუპაციო რეჟიმის ბანერებს, ანუ სასაზღვრო მონიშვნებს.
როდესაც არსებობდა საგანგაშო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალებს ყველაფერი მომზადებული ჰქონდათ ამ უზარმაზარი ტერიტორიის ბორდერიზაციისთვის, სწორედ ამ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ პატრულირების აღსადგენად დაიგეგმა საგუშაგოების განთავსება. შეიქმნა გეგმა, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდნენ როგორც სუსი და მისი ანალიტიკური სამსახური, ასევე შსს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან, ასევე, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა იმის თაობაზე, თუ რატომ დატოვა საქართველო მას შემდეგ, რაც გაიგო რომ კომისიის სხდომაზე იყო მიწვეული და რა მიზნებით იმყოფება ამჟამად საზღვარგარეთ. როგორც გახარიამ აღნიშნა, მას აქვს მნიშვნელოვანი შეხვედრები და ამით არის გამოწვეული მისი წასვლა საქართველოდან. კომისიის წევრებმა გიორგი გახარიას შეკითხვები დაუსვეს, თუ რატომ იმყოფებოდა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლის დროს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პარლამენტის შენობაში.
გიორგი გახარიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შტურმი დაიწყეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საქართველოში ყველა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე მოვლენების შესახებ და სწორედ ამის შემდეგ მოვიდა გერმანიის ელჩი საკანონმდებლო ორგანოში.
„ბატონი ჭოლაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ იმ ოთახში საიდანაც თქვენ მართავდით ამ ოპერაციას და ბრძანებებს გასცემდით და ინფორმაციებს იღებდით, იქვე დივანზე ჩამომჯდარი გყავდათ გერმანიის ელჩი - (ჭოლაძე) ტყუის?“ - ამ კითხვით მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გიორგი გახარიას, რომელმაც უპასუხა, რომ მნიშვნელოვანი დავალებების გასაცემად გადიოდა სხვა ოთახში.
„არა მაგ ოთახიდან მე არაფერს არ ვმართავდი. მე მაგ ოთახში ვიყავი ხოლმე, მაგრამ, როდესაც მნიშვნელოვანი დავალებები იყო გასაცემი გავდიოდი, იქ იყო სხვა ოთახიც“, - განაცხადა გახარიამ.
თეა წულუკიანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე იმ ოთახიდან იმიტომ ხომ არ გადიოდა, რომ იქ გერმანიის ელჩიც იყო, გახარიამ უპასუხა: „არა, იმიტომ რომ იქ ბევრი სხვა ადამიანიც იყო, ელჩიც იქ იყო. ბევრი ადამიანი იყო - ხალხი მიდიოდა, მოდიოდა, ვიღაცა დეპუტატები შემოდიოდნენ, ვიღაცები გადიოდნენ, ბევრი იყო, მაგრამ იმ ოთახს ჰქონდა უკანა ოთახი, საიდანაც მშვენივრად ვმართავდი ყველაფერს. იმ ოთახში ბევრი ადამიანი იყო და იქიდან მნიშვნელოვანი დავალებების გაცემა, ინფორმაციის მიღება არ შეიძლებოდა“.
გახარიას პასუხს თეა წულუკიანის რეპლიკა მოჰყვა: „ისე მშვენივრად მართავდით იმ პატარა ოთახიდან, რომ თვალებიც დათხარეთ გოგოებს“.
ბოლოს კი კომისიის თავმჯდომარემ გახარიას რჩევა მისცა: „ჩემი თხოვნა იქნება, თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ, ეს ალიბი სახლში დატოვეთ, არ ვარგა. შენ ჩვენთან თუ არ გაივლი გაკვეთილს, რომელ პროკურატურაში მისასვლელად ვარგიხარ!“.
გახარიას ჩართვა იმით დასრულდა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის, მიაჩნია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები მის დასასჯელად მოისყიდეს, არც ერთი გოჯი მიწის ნაკვეთი არ დაუკარგავს, მაგრამ ამის მიუხედავად, წულუკიანს მაინც შეპირდა ჩორჩანას ტყიდან ჯონჯოლის გამოტანას.
ყოფილმა პრემიერმა დაიბარა, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ თავად როდის მიმართავს გერმანიის სახელმწიფოს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თხოვნით, ეს არ დაუკონკრეტებია.
იმ მონღოლს რომ სხვანაირად შეეხედა, დაებრალებინა ცოტნესთვის თავისიანების ღალატი და სიტყვის გატეხა (ან სხვა უბედურება), მოეძებნა ქართველი, რომელიც ცოტნეს ტყუილ-მართალს დააბრალებდა, ისტორია სულ სხვანაირად დაიწერებოდა