„ივანიშვილი იხტიოლოგია, მარგველაშვილი - მონა“

„ივანიშვილი იხტიოლოგია, მარგველაშვილი - მონა“

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სამწუხაროდ, გიორგი მარგველაშვილი არაფერს წარმოადგენს, რაც სახელმწიფოსთვის ცუდია. კანონმდებელი პრეზიდენტის გარდა, ბიძინა ივანიშვილსაც აქილიკებს და მას საქართველოში მთავარ იხტიოლოგად მიიჩნევს.

საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, for.ge გიორგი კანდელაკს ესაუბრა:

ყირიმში მიმდინარე პროცესების თაობაზე, „ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი რეზოლუციის მიღებას ითხოვს. მეგობარ სახელმწიფოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, უკვე ოთხი განცხადება მიიღეთ. ამაჟამად, რას ითხოვთ?

- საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანი სანქციები შემოიღო და დამატებით ფართომასშტაბიანი და მტკივნეული პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციების შემოღებას გეგმავს, რაც გამოიხატება „გაზპრომის“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ ემბარგოზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს შანსი მოახდინოს ქვეყნის ოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხის ხელახლა აქტივაცია და ეს საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგში მოათავსოს. კერძოდ, იმ მოთხოვნათა შორის მოათავსოს, რომელიც რუსეთს წაეყენება.

საქართველოს ხელისუფლების გააქტიურება აუცილებელია. პირველ რიგში, საქართველო უკვე გამოცხადებულ სანქციებს უნდა მიუერთდეს და ამით ქვეყანა ცივილიზებული სამყაროს მხარეს ერთმნიშვნელოვნად დადგება. ახლა დიდი შანსია, რომ საქართველოს დეოკუპაციის საკითხი ამერიკა-რუსეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნდეს, მაგრამ ამჟამად, ეს საკითხი დღის წესრიგიდან გამქრალია, რაც „ქართული ოცნების“ ძალიან მცდარი პოლიტიკის შედეგია.

ქართული მხარე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გმობს და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს, მაგრამ ამასთანავე, ხელისუფლება სანქციებს რატომ არ უერთდება - „დათბობისპოლიტიკის, თუ სიფრთხილის გამო?

- საქართველოს დეოკუპაციის საკითხის აქტივაცია აღარ ხდება და თუ ქართული მხარე ამ საკითხზე არ იაქტიურებს, ამაზე სხვამ რატომ უნდა იაქტიუროს? მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა გახსოვთ? იქ, პრემიერ-მინისტრს ამ საკითის აქტივაცია საერთოდ არ მოუხდენია. რაც შეეხება სანქციებს, ამ მხრივ ორი პრობლემა არსებობს. ერთი მხრივ, ადგილი აქვს რეალობის არაკვალიფიციურ აღქმას, მეორე მხრივ კი არ არის დასამალი, რომ საქართველოს პარლამენტშიც არის პრორუსული ბირთვი. პარტია „ქართული ოცნება“ არის ანტიდასავლური ბირთვი, რომლის ლიდერადაც შეიძლება მივიჩნიოთ 1984-1990 წლებში, კომპარტიის ცეკას ინსტრუქტორი გია ვოლსკი და სხვები.

ვოლსკის პრორუსულობა რაში გამოიხატება? - მის გარდა ანტიდასავლურ ბირთვში ვის მოიაზრებთ?

- საქართველოს პარლამენტის ფაქტიური თავმჯდომარე გია ვოლსკია და არა დავით უსუფაშვილი. პრორუსული ბირთვშია ბაშალეიშვილი, რომლის ბიოგრაფიას გადახედეთ და ნახავთ, რომ ის გაზეთ „პარტიული სიტყვის“ განყოფილების გამგე იყო.

რაც შეეხება საქართველოსთვის MAP-ის მიცემის შანსს, ჩვენს ქვეყანას რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს?

- მკითხაობას ვერ დავიწყებ, მაგრამ ვიცი, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ შანსები გაიზარდოს და რა არ გააკეთა. მმართველმა გუნდმა გასულ წელს ორი რამ არ გააკეთა. პირველი ის, რომ ხელიდან შანსი გაუშვეს ჩვენთან ერთად ნატოს გაწევრიანების პროგრამა მოეთხოვათ. ეს წინადადება მაია ფანჯიკიძემ მოიწონა და ივანიშვილმა უარყო, რომელმაც მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს საკითხი თავზე გადაახია. ამას გარდა, ხელისუფლებას გასული წელი უნდა გამოეყენებინა, რომ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში - საფრანგეთსა და გერმანიაში კამპანია ეწარმოებინა, რაც ვიზიტებსა და სტატიების გავრცელებაში გამოიხატება. ეს აქტივობა საერთოდ არ ყოფილა და საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კამპანია არ უწარმოებია. ნატოს სამიტამდე დროა დარჩენილი და იმედია, ფართოდ ფრონტით გაშლილ კამპანიას წამოიწყებენ. სამწუხაროდ, არაფერს არ აკეთებენ.

თუმცა, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მსგავსად, ლობისტებში მილიონობით ლარს ვერ გადაყრიან...

- ლობისტები თვითონ მათ ჰყავთ, რომელთაც ვიცნობ. ხელისუფლების ლობისტები ბრიუსელშიც მინახავს. სხვათაშორის, ლობისტებს ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდიან, მაგრამ ლობისტების მიზანი არის არა საქართველოს ინტერესების დაცვა, არამედ „ქართული ოცნებისთვის“ კრიტიკის არიდება.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებულ უთანხმოებას. ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა. ქვეყნის მთავარსარდალმა კი, სადაო საკითხების საჯაროდ განხილვა არ ისურვა. რა პროცესები მიმდინარეობს მმართველ გუნდში?

- მიმაჩნია, რომ ყოფილი პრემიერი საქართველოს მთავარი იხტიოლოგია. ის სხვა რეალობაში ცხოვრობს და მისი აზრით, საქართველოში მთავარი პრობლემა შეუსრულებელი დაპირებები კი არ არის, არამედ ის, რომ ჟურნალისტები სწორ ანალიზში ვერ შედიან. თურმე, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ გაჭივრებულ ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა იზრდება, არამედ ის, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში შევიდა.

თუმცა, ივანიშვილის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მარგველაშვი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას არ აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილება მოგვიანებით შეცვალა...

- მარგველაშვილმა თქვა, რომ კანცელარიაში რამდენიმე სართულის მაგივრად, ორი ოთახი მისცეს. ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ნება ვერ გამოიჩინა, რომ ეთქვა - მე ვარ პრეზიდენტი და არა მონა! მან თქვა, რომ ის არის მონა! სამწუხაროდ, მან აღიარა, რომ ის არაფერს წარმოადგენს, რაც სახელმწიფოსთვის ცუდია. სახელმწიფოს მეთაურის ფეხქვეშ გათელვა, კარგი არ არის და ამას არ მივესალმებით.