თბილისის საკრებულოს სარევიზვიო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც კრწანისის რაიონის გამგეობაში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.
როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, მის კომისიას კრწანისის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსმა ია გრიგალაშვილმა მიმართა და აღნიშნული რაიონის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა.
მიხეილ ქავთარაძის განცხადებით, ბერძენიშვილი მის თანმამშრომელს უკანონო დოკუმენტებზე ხელის მოწერას აიძულებდა. საუბარია სხდომის ოქმზე, რომლითაც 355 სოციალურად დაუცველ და უმწეო პირებზე კრწანისის რაიონის გამგეობამ საგარანტიო ფურცლები გასცა.
დეპუტატის თქმით, სინამდვილეში სხდომა, სადაც ამ პირებზე სოციალური დახმარებების გაცემა გადაწყდებოდა, რეალურად არ ჩატარებულა და იმ პირთა უმეტესობა, ვისზეც უნდა გაცემულიყო აღნიშნული დახმარება, პოლიტიკური ნიშნით იყვნენ შერჩეულები.
როგორც მიხეილ ქავთარაძემ განმარტა, აღნიშნული ქმედებით დაირღვა კრწანისის რაიონის გამგეობის განკარგულება N76 (2013 წლის 6 სექტემბერი), რომლის თანახმადაც, თანხის გაცემამდე, უნდა მოხდეს ოჯახის/მოქალაქის შემოწმება.
საკრებულოს დეპუტატმა ხათუნა ბერძენიშვილი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაშიც ამხილა. მისი თქმით, კრწანისის გამგებელი სოციალურ დახმარებებზე მოქალაქეებს უარს ეუბნებოდა იმ მოტივით, რომ თბილისის ბიუჯეტი არ იყო დამტკიცებული და თითქოსდა გამგეობას საამისოდ საკმარისი თანხები არ გააჩნდა. ბიუჯეტის მიღების შემდეგ კი 355 სოციალურად დაუცველ პირზე მიმდინარე წლის 12 მარტს ერთიანად გასცა გარანტიები.
მიხეილ ქავთარაძემ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში ჩადებულ რეგულაციებზე ისაუბრა, რომელთა თანახმადაც, თბილისის მთავრობის მიერ სოციალური დახმარებები და სხვა სოციალური ღონისძიებები საკრებულოს ბიუროსთან უნდა იყოს შეთანხმებული
და დასძინა, რომ ეს რეგულაციები მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება.
,,როგორც ჩანს, ხათუნა ბერძენიშვილმა „მოასწრო“ ამ თანხების პარტიული ნიშნით გამოყენება. აღსანიშნავია, რომ შემოწმების დასკვნების წერა ხათუნა ბერძენიშვილის დავალებით კრწანისის გამგეობაში დაიწყეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს დასკვნები გამგეობაში მისულმა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის წარმომადგენლებმა გამოითხოვეს და მათი შედგენა ხდებოდა უკანა თარიღით. შესაბამისად, საქმე გვაქვს დოკუმენტის გაყალბებასთან, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. ამდენად, ქალბატონი ხათუნას ქმედებებში დარღვევები იკვეთება სამი მიმართულებით – ერთი ის, რომ იგი პოლიტიკური ნიშნით არჩევდა სოციალური დახმარებების მიმღებ პირებს, მეორე დარღვევა არის ის, რომ იგი აიძულებდა სოციალური სამსახურის უფროსს, გაყალბებულ სხდომის ოქმზე მოეწერა ხელი. და ბოლოს, მესამე დარღვევა არის დოკუმენტის გაყალბება, ანუ შემოწმების დასკვნების უკანა თარიღით შედგენა“,- განაცხადა მიხეილ ქავთარაძემ.
საკრებულოში გამართულ ბრიფინგს კრწანისის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი ია გრიგალაშვილიც ესწრებოდა.