„არ არის მარგველაშვილი ხელისუფლებასთან კონფრონტაციაზე წამსვლელი“

„არ არის მარგველაშვილი ხელისუფლებასთან კონფრონტაციაზე წამსვლელი“

ივანიშვილმა მის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი ღიად გააკრიტიკა, თანაც ისეთი პრეზიდენტი, რომელიც თუ 60%-ზე მეტით არ გავიდოდა, ივანიშვილი იფიქრებდა, რომ ქართველი ხალხი მას არ ენდობოდა. არაპოლიტიკოსი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას ქართული საზოგადოების უმეტესობა სკეპტიკურად კი უყურებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ ივანიშვილის ხათრით სწორედ მას დაუჭირა მხარი. გაპრეზიდენტებიდან საკმაოდ მალე, როგორც ჩანს, ივანიშვილი მარგველაშვილით უკმაყოფილოა. საექსპერტო წრეებში ისიც კი ითქვა, რომ მარგველაშვილმა ივანიშვილს თავი არ გააკონტროლებინა და ამით მისი რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდაო. მარგველაშვილის ფიგურიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე არც ივანიშვილს და არც ვინმე სხვას არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ მისი კონტროლი ადვილად შესაძლებელი იყო. ბოჰემური ხასიათის დემოკრატმა და თავისუფლებისმოყვარე საპრეზიდენტო კანდიდატმა საზოგადოებას თავბი ჯერ კიდევ მისი ოჯახური მდგომარეობით დაამახსოვრა, მანამდე კი მინისტრის გაზრდილ ხელფასზე უარის თქმით და განათლების მინისტრობისას სხვადასხვა არაორდინალური ქცევებით.

რაც არ უნდა იყოს, ცოტა უცნაური იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი რჩეულის ასე საჯაროდ გაკიცხვა, თანაც იმ კვალობაზე, რომ რაიმე მომაკვდინებელი ცოდვა მარგველაშვილს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, არ ჩაუდენია. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა ეჭვები, ხომ არ არის ეს სახელისუფლებო გუნდს შიგნით არსებული დაპირისპირების ანარეკლი? რა შეიძლება ხდებოდეს ხელისუფლებაში, ამის შესახებ ექსპერტი ნანა დევდარიანი გვესაუბრება.

ქალბატონო ნანა, როგორ ფიქრობთ ამ სახით გამოთქმულ კრიტიკაში ხომ არ იმალებოდა მარგველაშვილის კონტროლის სურვილი ივანიშვილის მხრიდან?

- არა, მან თქვა, რომ ის აღმოჩნდა უფრო სხვანაირი, ვიდრე მას ეგონა. კონტროლის სურვილი რომ ჰქონოდა, ამისი მოხერხება შეიძლებოდა როგორღაც. ეს კონტროლის სურვილი კი არ არის, სავარაუდოდ, თავისუფალ, ცურვაში გაუშვა მარგველაშვილი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს აღარ მოსწონს - ეს სურათი უფროა.

მართალია, ხვალ და ზეგ არ არის თბილისის მერის არჩევნები, მაგრამ ალბათ, ხალხი დაფიქრდება იმაზე, რომ ერთი პრეცედენტი უკვე იყო მარგველაშვილთან დაკავშირებით და ახლა ნარმანიასთან დაკავშირებით რომ თქვას ისეთი მერი არ აღმოჩნდა როგორიც მე მეგონაო, ამის შანსი არსებობს.

რა შთაბეჭდილება დარჩა ივანიშვილის ინტერვიუდან, არის თუ არა გუნდში სერიოზული უკმაყოფილება და დაპირისპირება?

- არაფერი არ მეტყველებს ასეთ სერიოზულ უთანხმოებაზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კერძო აზრი, ამ შემთხვევაში. ის აღარ არის პრემიერ-მინისტრი და მისი შეფასებები, კერძო პირის მოსაზრებაა. თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მარგველაშვილის უფლებამოსილება საკმაოდ შეკვეცილია - შეიძლება სუბიექტურად, მისი რომელიმე განცხადება მოგეწონოს ან - არა, თორემ რეალურად პრეზიდენტი სერიოზულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს.

თუმცა, უნდა გავიზიარო ივანიშვილის კრიტიკა ერთ საკითხში - უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს რომ ასწრებდნენ განცხადებების კეთებას, ეს არ მეჩვენება გონივრულად. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ დრის წესრიგით აკეთეს განცხადებები, მათ შორის, მარგველაშვილმაც.

საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყანას, მაგრამ ივანიშვილის კრიტიკა გაისმა იმ მხრივაც, რომ მიხეილ მაჭავარიანის ძმა არის მისი მრჩეველი. ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილს რომ აკონტროლებდეს, ალბათ, იმასაც გაუკონტროლებდა, რომ მიხეილ მაჭავარიანის ძმა არ ჰყოლოდა მრჩევლად.

ეს კონტროლი არ არის, ივანიშვილმა უბრალოდ გამოხატა თავისი აზრი და სხვათა შორის, ამასაც ვიზიარებ - ერთი ძმა „ნაციონალურ მოძრაობაშია“, მეორე - „ოცნების“ პრეზიდენტის მრჩეველია - სრული გაუგებრობაა.

თავიდან, როდესაც მარგველაშვილს ასახელებდა პრეზიდენტობის კანდიდატად, ივანიშვილს უნდა სცოდნოდა, რომ ფილოსოფოსი, თავისუფლებისმოყვარული მარგველაშვილი არ იქნებოდა თავისუფლად სამართავი. ის იქნებოდა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებშიც და პოლიტიკოსის მოზომილი მოქმედების ტაქტიკა უბრალოდ მის ბუნებაში არ იყო... თავიდანვე ხომ არ შეცდა ივანიშვილი საკუთარ არჩევანში?

- 2012 წლის იანვრიდან ვლაპარაკობ იმაზე, მისი გუნდი შერჩეულია არც თუ მართებულად. დროდადრო ის რაღაცეებში რწმუნდება, მაგრამ დრო ჩვენი, ყველას საწინააღმდეგოდ მუშაობს. მარგველაშვილის შემთხვევაშიც რაღაცეებში დარწმუნდა, გუნდის სხვა წევრებთან დაკავშირებითაც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ საკითხზე შეხედულება შეეცვალა, მაგრამ უნდა დაველოდოთ შემდეგ არჩევნებს და ვნახოთ, რა მოხდება. ამასობაში კი ეს ყველაფერი ხელს უწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ უტიფრად იქით დაამუნათოს „ქართული ოცნებაც“ და მოსახლეობასაც ნერვები უშალოს.

შესაძლებელია, რომ ეს განხიბვლა თანდათანობით უთანხმოებაშიც გადასულიყო?

- ასე თვალხილულად მსგავსი არაფერი არ ჩანს, მაგრამ ვიცით, რომ ივანიშვილი გადასულია სამოქალაქო საზოგადოებაში და ის ლაპარაკობს, როგორც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი. მას შეუძლია ჰქონდეს კრიტიკული მოსაზრებები, სულ რომ არავინ გააკრიტიკოს ეს ხელისუფლება, იცით, რომ ჩასაფრებულია მთელი გუნდი ნაციონალური ენჯეოების და იტყვიან, რომ ივანიშვილმა შექმნა არასამთავრობო, რომ მხარი დაუჭიროს მთავრობას. გააკრიტიკებს თუ არა, ე.ი. რაღაც ხდება შიგნით. ნებისმიერ შემთხვევაში, მოლას და ვირის ამბისა არ იყოს, ყოველთვის გამოძებნიან სათქმელს.

რაც შეეხება კრიტიკას რამდენად ობიექტური იყო? შეიძლება ითქვას, რომ მარგველაშვილმა ძალაუფლება მოირგო და ივანიშვილს ეს არ მოეწონა? მაგალითად მარგველაშვილი ამბობდა, რომ ამ ცოდვით სავსე შენობაში არ შევიდოდა, თუმცა ახლა როგორც ითქვა ნელ-ნელა ავლაბრის რეზიდენციაში გადადის...

- ხშირად, ჩვენთან საკითხებს უყურებენ რაღაც წინასწარი ახირებით. უზარმაზარი ფული ჩაიდო იმ პრეზიდენტის სასახლეში და შენ შეიძლება ძალიანაც არ გინდოდეს იქ შესვლა, ადამიანურად გასაგები მომენტია, მაგრამ სხვა არაფრისთვის ეს შენობა არ არის მოწყობილი, არც უნივერსიტეტისთვის, არც საგამოფენოდ, თუმცა გამოფენები იქ პრინციპში, შეიძლება მოეწყოს.

იქ არის უნიკალური ტექნიკით აღჭურვილი მოლაპარაკების დარბაზები, რომლებიც დაცულია მოსმენისგან, ჩაწერისგან და ა.შ. ეს არის უმაღლესი დონის შეხვედრების გამართვის ადგილი. ასე ზეპირად თქმა რომ მოდი, ახლა იქ ხელნაწეთა ინსტიტუტი განვათავსოთ, არ შეიძლება. ხელნაწერთა ინსტიტუტს სჭირდება სპეცფიკური შენობა და მასზე დამატებით უნდა დახარჯოს მთავრობამ ფული, რომ ააგოს ისეთი შენობა, სადაც ხელნაწერები იქნება სათანადოდ დაცული.

მართლა გაუგებარია მარგველაშვილის პოზიცია, მაგრამ რა უნდა გაგვიკვირდეს, სააკაშვილი ჯერ მეტროთი დადიოდა სამსახურში, უცხოეთში კი - ეკონომკლასით. შემდეგ იმდენად ძვირადღირებული თვითმფრინავები იყიდა და ისეთი ესკორტებით დადიოდა, რომ წესით, აღარაფერი არ უნდა გვიკვირდეს.

პრინციპში, როგორც ვიცით, მარგველაშვილმა ივანიშვილთან მისვლისას ხელფასზე უარი განაცხადა, მინისტრობისას ხელფასის გაზრდაზე უარი თქვა, პრეზიდენტად მოსვლისას კი მედია უკვე მის ძვირადრირებულ ავტომობილსა და გაზრდილ ხელფასზე საუბრობდა. პრეზიდენტს პრიორიტეტები შეეცვალა?

- ნუ ვიკამათებთ იმაზე, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ნორმალური ანაზღაურება. ჩვენ სხვა უბედურება გვჭირს, რაზეც რატომღაც ახალი ხელისუფლებაც არ ლაპარაკობს. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი სამსახურები, სადაც მოხელეები პრეზიდენტზე რამდენჯერმე უფრო მაღალ ხელფასს იღებენ, ეს არის მისახედი. მაგალითად, ავიღოთ მარეგულირებელი კომისია, რომელიც უნდა არეგულირებდეს კავშირგაბმულობას თუ ენერგეტიკულ სფეროს ისე, რომ რიგითი მოქალაქეები არ დავზარალდეთ - ისინი ამ მაღალ ხელფასებს კომპანიის მიერ გადახდილი თანხებიდან იღებენ და როგორ გგონიათ, ადამიანს 20 და 30 ათასი რომ ექნება თვეში ხელფასი, ის ჩვენს ინტერესებს დაიცავს თუ იმ კომპანიის, ვის ხარჯზეც აქვს ასეთი მაღალი ხელფასი?! - ეს ყველაფერი როგორი სიმახინჯედაც იყო, ისევე დარჩა და არც არავინ არ ფიქრობს მის დარეგულირებას.

სიმართლე გითხრათ, მარგველაშვილის 9 ათასი ლარი ნაკლებად მაწუხებს, იმიტომ, რომ პრეზიდენტი ერთია და მარეგულირებელ კომისიაში შეყრილია ყველა, თუკი ვინმე ნაციონალების ლაქია და მსახური იყო.

რამდენადაც ცნობილია მარგველაშვილს საკმაოდ შეკვეცილი უფლებამოსილებები გააჩნია, დასაშვებად თუ მიიჩნევთ მის გაძლიერებას იმდენად, სერიოზული ოპონირება რომ გაუწიოს ხელისუფლების დანარჩენ შტოებს? საუბრობენ მარგველაშვილ-ღარიბაშვილის დაპირისპირებაზეც. ყოველ შემთხვევაში, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მარგველაშვილი რაღაცას ცდილობდა და ამ საჯარო განცხადებებით თუ კრიტიკით ივანიშვილმა დატუქსა...

- არ ტოვებს მარგველაშვილი ისეთი ფიგურის შთაბეჭდილებას, რომ კონფრონტაციულ ურთიერთობებზე წავიდეს პრემიერთან მაშინ, როდესაც მთელი ძალაუფლება პრემიერის ხელშია. ცალკეულ საკითხებზე უთანხმოება, ბუნებრივია, იქნება.

მარგველაშვილი თუ ამას გადაწყვეტს, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ის უნდა გახდეს სააკაშვილის ტიპის პრეზიდენტი, უფლებამოსილებით კი არა, პოპულისტური განცხადებებით, მყვირალა გამოსვლებით, ხშირად ტყუილის ლაპარაკითაც - გაიხსენეთ, რას აკეთებდა სააკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე იყო, არაფერი ისეთი მაღალი თანამდებობა არ არის, მაგრამ ის ახერხებდა, რომ დისკომფორტი შექმნას მთლიანობაში ხელისუფლებისთვის. მარგველაშვილი არ არის ამ ტიპის ადამიანი. მაშინ ის უნდა შეიცვალოს მთლიანად...

როგორ ფიქრობთ, ივანიშვილს რაში დასჭირდა ამ თემაზე საუბარი? მოგვიანებით პრესკონფერენცია მარგველაშვილმაც გამართა, თუმცა ივანიშვილის კრიტიკასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი არ გასცა...

- როგორც ჩანს, სწორი დასკვნები გავაკეთე - არ არის მარგველაშვილი ვინმესთან, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილთან ან ირაკლი ღარიბაშვილთან კონფრონტაციაზე წამსვლელი...