დასავლელი დიპლომატების მისამართით საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა კიდევ უფრო მკაცრი და შეურიგებელი ხდება. მმართველი გუნდის შეფასებით, საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი დასავლელი დიპლომატი საკუთარ მანდატს სცდება და დიპლომატიური ეთიკის საპირისპიროდ, პოლიტიკური პროცესების პირდაპირი მონაწილეა.
ამ შეფასებების უკან, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, იმალება ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მათი თქმით, მიუთითებს ევროკავშირის წარმომადგენლების: გერმანიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის ელჩების მიერ პოლიტიკური ოპონენტების მხარდაჭერაზე, რადიკალური ორგანიზაციების დაფინანსებასა და წინასაარჩევნო პროცესში არაობიექტურ ჩართულობაზე.
სწორედ ამ გარემოებებს ეყრდნობა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, რომელიც საჯაროდ მოუწოდებს ხელისუფლებას, განიხილოს მათი გაძევების შესაძლებლობა. მისი თქმით, თუ დიპლომატი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, საკუთარ პოზიციას აშკარად რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან აიგივებს და შიდა დაპირისპირებებს ხელს უწყობს, იგი დიპლომატად აღქმას კარგავს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მკაცრ შეფასებას იმსახურებს.
„დიდი ბრიტანეთის ინტერესები გასაგებია, პატარა სახელმწიფოების მიმართ ისევ კოლონიალური დამოკიდებულება აქვთ და ჰგონიათ, რომ როგორც 2012 წლამდე იყო, როცა ელჩები ჰყავდათ გუბერნატორებად, მათ შორის საქართველოში და ყველაფერი მათთან თანხმდებოდა, ახლაც ასეა. ეს პერიოდი წარსულს ჩაბარდა და ამას ვერ ეგუებიან. ხელმოცარულები, ვინც აქ დარჩათ, აგენტურა, ვერაფერს აკეთებენ - ერთი, მეორე, მესამე რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ. ახლა ამათ ელჩები ჩაენაცვლა. ანუ, ელჩები რადიკალები გახდნენ, მათ შორის ბრიტანეთის. რადიკალებს წინასაარჩევნო მონიტორინგს უფინანსებდა და შემდეგ იმ ხალხს რა დასკვნა უნდა დაედო, ვინც მიტინგზე დგას და ჩამოგდებით გვემუქრება? ისინი ობიექტურ დასკვნას დადებდნენ? ამას ბრიტანეთის ელჩი აფინანსებდა. ამ ყველაფერს „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონმა ხელი შეუშალა და ეტყობა, გაბრაზდნენ, ძალიან ეტკინათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მმართველი გუნდისთვის გუბერნიად საქართველოს ყოფნა დასრულებულია და უცხოელი ელჩების ჩარევები მათთვის მიუღებელია როგორც სუვერენიტეტის, ისე დემოკრატიის შინაარსიდან გამომდინარე.
ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ დასავლეთის მხრიდან ასეთი არასამართლებრივი და არადიპლომატიური აქტივობა მხოლოდ ამწვავებს შიდა დაძაბულობას, აძლიერებს პოლარიზაციას და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ გარკვეული წრეები ქვეყნის სტაბილურობას მიზანმიმართულად აზიანებენ.
„ეს განსაკუთრებით შეეხება საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილს, რომლებიც თავიდან ბოლომდე ჩართულნი არიან შიდა პოლიტიკაში ვენის კონვენციის დარღვევით. ყველას შევახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ მოიცავს 2 საკითხს, პირველი ეს გახლავთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატების იმუნიტეტი და პრივილეგიები… ამის საპირწონედ, იმავე მუხლში წერია, რომ ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა. დღეს ვხედავთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი რომ ჩვეულებრივად, კონფლიქტშია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან. ზოგ შემთხვევაში, მათ კომენტარებს როცა ვისმენთ, ვხედავთ, რომ პერსონალურ ზიზღშიც კი აქვთ გადაზრდილი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება“, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ვრცელი წერილი მიუძღვნა ე.წ. „დიფ სთეითის“ გავლენას საქართველოში. მისი შეფასებით, დასავლეთის გავლენიანი კორპორაციები და ევრო ბიუროკრატები წლებია ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ საინფორმაციო ველის შექმნას, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ძალადობრივი ცვლილება მოახდინონ.
შათირიშვილი კონკრეტულად აკრიტიკებს ევროკავშირის ელჩსა და ზოგ დიპლომატს, რომელთა ქმედებები, მისი თქმით, სცდება დიპლომატიურ მანდატს და შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას აღრმავებს. ტექსტში აღწერილია რამდენიმე სცენარი, როგორ შეიძლება ე.წ. დიფ სთეითმა მისთვის მისაღები ხელისუფლება საქართველოში მოიყვანოს, მათ შორის განხილულია სლოვაკეთისა და აშშ-ის მაგალითები, სადაც პოლიტიკურ ლიდერებზე ფიზიკური თავდასხმები მოხდა.
„ისინი შექმნიან სიძულვილით სავსე გარემოს, ისინი წაახალისებენ ძალადობას და კრიმინალს, ისინი ფეხქვეშ გათელავენ ინსტიტუციებს, ისინი შენებას ნგრევად, ხოლო, სიკეთეს ბოროტებად წარმოაჩენენ - ხოლო როდესაც ზამბარა მაქსიმალურად დაიჭიმება, როდესაც ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს და მათთვის ასე ნანატრი მსხვერპლიც რეალობად იქცევა.
სწორედ ამ დიდი და მზაკვრული გეგმის ნაწილია ეგრეთ წოდებული დიპლომატების არაბუნებრივი აქტიურობა. მათი ყოველი უსამართლო განცხადება, დაუსაბუთებელი კრიტიკა და ზოგ შემთხვევაში, სახელმწიფოსათვის შეურაცხმყოფელი ქმედებები, ერთადერთი მიზნით არის ნაკარნახევი - საქართველოში შექმნან უკონტროლო ვითარება და შემდეგ, როგორც სპეცსამსახურების ტერმინით იტყვიან - „თუ დამკვეთი არ არსებობს, დამნაშავე მხოლოდ ერთია“. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ უნდა ავყვეთ ემოციებს, არ უნდა დავიჯეროთ, რომ პაველ ჰერჩინსკი თუ რომელიმე დიპლომატი საქართველოზე ლოცვით მუხლებს გადაიტყავებს. პირიქით, ეს ხალხი „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებს და თითოეულ მათ სიტყვას და ქმედებას სწორედ ამ პრიზმიდან უნდა შევხედოთ“, - წერს ზაზა შათირიშვილი.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-თან აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების ნაწილის ქმედებები აშკარად სცდება დიპლომატიური მანდატის ფარგლებს და ვენის კონვენციის დარღვევასთან გვაქვს საქმე.
ზარდიაშვილის თქმით, ეს ელჩები ღიად და უშუალოდ ერთვებიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და არც მალავენ საკუთარ დამოკიდებულებებს.
„ეს არის ექსტრემისტული პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ელჩების ნაწილი მიმართავს. საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ დიპლომატიურ დემარშთან ამ ქვეყნების მხრიდან, რომლის პრეცედენტიც მსოფლიო პრაქტიკაში იშვიათია. ბუნებრივია, რომ ევროკავშირთან ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ხელისუფლება ცდილობს, ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს. სწორედ ამიტომ არ სურს, რომ აღნიშნული ელჩები ქვეყნიდან გააძევოს.
მიუხედავად ყველა ფაქტისა, „ქართული ოცნება“ მაინც იკავებს თავს, რათა მოვლენები რადიკალიზმამდე არ მივიდეს. ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი, რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბოს. ეს არის ის შემაკავებელი მექანიზმი, რაც ხელისუფლების მხრიდან საჯარო განცხადებების ფორმით ვლინდება. მმართველი გუნდი პარტნიორებს მიანიშნებს, რომ ელჩების მსგავსი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და ყველა დიპლომატიურ სტანდარტს სცდება“, – აცხადებს ზარდიაშვილი.
მისივე თქმით, უკვე აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ ეს ელჩები აღარ წარმოადგენენ კლასიკურ დიპლომატიურ კორპუსს, არამედ პიროვნებები არიან, რომლებიც ღიად მოქმედებენ ხელისუფლების წინააღმდეგ.
„თუ სიტუაცია სერიოზულად გართულდა და ელჩების ქცევა კვლავ იქნება რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი და მიმართული ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციისკენ, მაშინ გარკვეული ზომების მიღება ხელისუფლების მხრიდან აუცილებელი გახდება. ვნახეთ ზაზა შათირიშვილის წერილიც, სადაც ძალიან სწორი აქცენტები იყო გაკეთებული. ნათელია, რომ მიზანია საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის დესტაბილიზაცია.
გეოპოლიტიკური კონტექსტიც არ უნდა გამოგვრჩეს: ბრიტანეთი და მისი სტრატეგები ფიქრობენ, რომ რაც უფრო დაიძაბება მდგომარეობა რუსეთის სამხრეთით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მით მეტი მანევრის შესაძლებლობა ექნებათ. ეს, ცხადია, სარგებლის მომტანი იქნება უკრაინისთვისაც. მათი გათვლებით, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტის გაჩაღება მათ პოზიციებს გაამყარებს. საქართველო კი რეგიონის სტრატეგიული პუნქტია - აქედან ხდება კავკასიის პოლიტიკის განსაზღვრა. ასე რომ, თუ საქართველოში სიტუაცია აირევა, მთლიან რეგიონს ცეცხლი მოედება“, – ამბობს ანალიტიკოსი.
ზარდიაშვილი ასევე მიუთითებს, რომ დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერა უკვე ღია და კოორდინირებული ფორმით მიმდინარეობს:
„დიპლომატიური კორპუსი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული გეგმებითა და სქემებით მოქმედებს. ფაქტია, რომ ეს არის შეთანხმებული მოქმედება და ოპოზიციის თითქმის ყველა ნაბიჯი მათი კარნახით ხორციელდება. იგივე, ელენე ხოშტარიას შიმშილობა, რომელიც სასაცილოდ არავის ეყო და მალევე შეწყვიტეს. ასევე ოპოზიციონერი ლიდერების შეთანხმებული, ერთდროული წასვლა ციხეში. ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი და გაწერილი სქემის ნაწილია.
ხელისუფლება დღეს მტკიცედ, ძლიერად და ფრთხილად მოქმედებს. იმედი მაქვს, რომ ეს დასავლური ქვეყნები მოვლენ გონს და შეცვლიან რიტორიკას“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.