ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის მრჩეველს ვანო მაჭავარიანს მკაცრად აკრიტიკებს და მას „უღირსს“ უწოდებს, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკაში მოსული მილიარდელი მაჭავარიანს საარჩევნო სიაში ჩასმას სთავაზობდა.
წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე დიპლომატმა უარი მისი ძმის მიხეილ მაჭავარიანის ფაქტორის გამო თქვა და მილიარდელს აუხსნა, რომ „პარლამენტში ერთ მხარეს ერთი ძმა ვერ დაჯდებოდა, მეორე მხარეს კი - მეორე“.
ინფორმატორის ცნობით, მაშინ, ვანო მაჭავარიანის ახსნა-განმარტებას ბიძინა ივანიშვილი „გაგებით მოეკიდა“, მაგრამ მოგვიანებით, „ყოფილ პრემიერთან „ამბები“ განსხვავებული რაკურსით რესპუბლიკელებმა და ირაკლი ღარიბაშვილმა მიიტანეს“.
ძნელია იმის პროგნოზი, თუ რას იტყვის for.ge-ს ინფორმაციაზე თავად ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყოფილი პრემიერი მასსა და მარგველაშვილს შორის უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ვანო მაჭავარიანს ასახელებს.
ივანიშვილის ინფორმაციით, ვანო მაჭავარიანი „ქართულ ოცნებასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ შესაშინებლად მივიდა.
„თუ მას სამსახურს არ მისცემდნენ, ის „ქართულ ოცნებაში“ წავიდოდა. მაჭავარიანი ოფისში დადიოდა და მასთან ბევრი დრო დავხარჯე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, მან განაცხადა, რომ სურვილი აღარ აქვს. გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ ნაციონალები გააბრაზა, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და უმუშევარი იყო. საპარტნიორო ფონდში მას ქრთამის სახით სამსახური მისცეს და 7 ათას ლარს უხდიდნენ. არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, მაგრამ მან უმსგავსო საქციელი ჩაიდინა და ასეთი ადამიანი დღეს, ახალი პრეზიდენტის სახე გახდა“, - განაცხადა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყურადღება ვანო და მიხეილ მაჭავარიანებს შორის არსებულ „კარგ ძმობაზე“ გაამახვილა.
ვანო მაჭავარიანის გარდა, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი მიხეილ მაჭავარიანიც იყო, რომელსაც for.ge ესაუბრა:
ბატონო მიხეილ, ცნობილია, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო, ძმასთან განსაკუთრებული ურთიერთობა არ გაქვთ, მაგრამ ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ თქვენ და თქვენს ძმას ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ. მან ამის დასტურად ჭორვილაში მდებარე თქვენი სახლი მოიყვანა და აღნიშნა, რომ თქვენს ეზოს სტადიონის ტერიტორიაც შეუერთეთ. მართალია ის, რასაც ივანიშვილი ამბობს?
- ეს ბიძაჩემის სახლი იყო, რომელიც 40 წლის წინ აშენდა, მაგრამ დაუმთავრებელი იყო. 2005 წელს, ვანომ ამ კარ-მიდამოს მიხედვა გადაწყვიტა და სახლის რაღაც ნაწილი მეც დამითმო. ძმები ვართ და საქართველოში, როგორ ხდება? ჩემი სოფელი ძალიან მიყვარს და მომავალ კვირას, ჭორვილაში მედიის წარმომადგენლებს წავიყვან, რომ ნახოთ, სად ვცხოვრობ. ჩვენს ეზოს ერთი მეტრიც არ მიმატებია. ბურთით წამოიღეთ და სტადიონზე გათამაშებთ. ნაციონალებმა ჭორვილისთვის თუ რაიმე გავაკეთეთ, სწორედ ეს სტადიონია. ივანიშვილისგან განსხვავებით, მას დამსახურებებს ვერ დავუკარგავ. ჭორვილისთვის ბევრი რამ ბიძინას სურვილით გაკეთდა, მაგრამ ეს პოლიტიკური დივიდენდების დასაგროვებლად არ უნდა გამოიყენო. სხვათაშორის, თავის დროზე, სახლის აშენებასაც მთავაზობდნენ, მაგრამ უარი ვთქვი. არ მინდოდა, ვინმეს ჩემთვის სახლი აეშენებინა.
ვინ გთავაზობდათ - ბიძინა ივანიშვილი?
- რა მნიშვნელობა აქვს - ვინ მთავაზობდა?!
რაც შეეხება თქვენს ძმას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვანო მაჭავარიანი „ქართულ ოცნებაში“ ნაციონალების შესაშინებლად მივიდა და ის საპარტნიორო ფონდში დაასაქმეთ, სადაც არ დადიოდა, მაგრამ ხელფასს იღებდა. ამ ფონდში, როგორ მოხდა თქვენი ძმის შერჩევა?
- პოლიტიკაში ყველაფერი გამიგია, მაგრამ ჭორაობა - არა. ჩემი ძმის კარიერული წინსვლისთვის მე ხელი თუ შემიშლია, თორემ მას არასოდეს დავხმარებივარ. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემაა და ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ გეტყვით, რომ ვანოს მაღალანაზღაურებადი სამსახური არასოდეს აკლდა. მას შეიძლება გილაურთან რაღაც დაპირისპირება ჰქონდა, რადგან პროექტების განხორციელების თაობაზე ისინი სხვანაირად ფიქრობდნენ. სხვათაშორის, ვანო ბიძინასთან საპარტნიორო ფონდში მუშაობის დროს ურთიერთობდა. ვანო ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და პატრიოტი ადამიანია, რომელსაც თავისი ქვეყანა უანგაროდ უყვარს.
რაც შეეხება ჩემს ძმასა და ჩემს შორის ურთიერთობას, ძმასთან სულ კარგი ურთიერთობა მექნება და ამას არც ბიძინა ივანიშვილს შევეკითხები და არც მიშას ვეკითხებოდი. ძმასთან ურთიერთობა პოლიტიკაზე მაღლა ყოველთვის იდგა. ეს ასე ჩვენმა მშობლებმაც გვასწავლეს.
ანუ, პოლიტიკაში სხვადასხვა მხარეს ყოფნის მიუხედავად, კარგი ძმები ხართ?
- რას ჰქვია, ურთიერთობა არ გვაქვს?! 84 წლის დედა გვყავს და გარდაცვლილი მამის წინაშე უფლება არ მაქვს, რომ პირველ ადგილზე ძმობა არ დავაყენო. მართალი გითხრათ, ჩვენი ძმობისთვის ხელი არ შეუძლია იმას, რომ მე 5-იანი მოვხაზე და მან - 41. კამათი მუდმივად არის. ვანო კრიტიკული იყო, როცა ხელისუფლებაში ჩვენ ვიყავით, ახლა კი, კრიტიკული მე ვარ. მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ დაპირებებს არ ასრულებს და მათი პოლიტიკა სიცრუეზეა აგებული. ხელისუფლებას ბიზნესთან დაკავშირებით ვაკრიტიკებ და ვამბობ, რომ ის პროცესი მიდის, რაც ჩვენს დროს შეცდომად მიმაჩნდა, ანუ წილების გადანაწილება და გამსხვილება. ვანო კი ბევრს იმის გამო გვაკრიტიკებდა, რაც პოლიციასა და საგადასახადო სისტემაში ხდებოდა. ვანო ჩემთან 84 წლის დედის სანახავად მოდის და ვცდილობთ, რომ სახლში კარგ თემებზე ვისაუბროთ, მაგრამ როგორც ყველა ქართულ ოჯახში, ასევე ჩვენთან პოლიტიკაზეც ვსაუბრობთ. ზომაზე მეტად ვანოსთან არც მარგველაშვილს და არც ივანიშვილს ვახსენებ, ისვეე როგორც მან იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ზღვარი უნდა დაეცვა. ივანიშვილთან მიმართებაში პიროვნულს არასოდეს შევხებივარ, რადგან ერთი მხრივ, მის ოჯახს ვიცნობ, მეორე მხრივ კი, ეს ჩემთვის ქვევით დასვლაა.
ბიძინა ივანიშვილმა ვანოს მაჭავარიანის გარდა, გიორგი მარგველაშვილიც გააკრიტიკა. ფაქტია, რომ ყოფილ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ვანო მაჭავარიანი გახდა. ამის შემდეგ, პროცესების როგორ განვითარებას ელით?
- „ქართული ოცნების“ სამზარეულო არ ვიცი, მაგრამ როგორც ვიცი, თავის დროზე ვანოს მიმართ შეთავაზებები იყო და ივანიშვილმა ახლა სხვა გზა რატომ არჩია, ვერ გეტყვით. ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებას თავზე პრეზიდენტი მოახვია და ეს არასწორი იყო. მას წარმოედგინა, რომ მარგველაშვილი მომთმენი ფინია უნდა ყოფილიყო და მას თავისი ადგილი სცოდნოდა. პრობლემა ხელისუფლებაშია. პარლამენტში მარგველაშვილი მთავრობის გარეშე მოვიდა და მას მმართველი გუნდის წევრები იცავდნენ, მაგრამ როგორც კი ივანიშვილმა გიორგი გააკრიტიკა, მისი პათოსი უმრავლესობის წევრებმაც გაიზიარეს. იგივე მოხდება ნარმანიაზე.
ანუ, 15 ივნისის არჩევნების შემდეგ, თუ თბილისის მერი დავით ნარმანია გახდა, ყოფილი პრემიერი მასაც გააკრიტიკებს?
- ფაქტია, რომ ივანიშვილმა ყველას მიმართა საკუთარი ადგილები იცოდნენ, თორემ დაისჯებიან. ეს არის გზავნილი, რომ ივანიშვილი მართავს ქვეყანას. ივანიშვილი ნარმანიას აფრთხილებს, რომ მერად აგირჩევენ, მაგრამ ფრთხილად იყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახავ რა მოგივაო. არ არის გამორიცხული, რომ ოთხი თვის შემდეგ ივანიშვილი გამოვიდეს და თქვას, რომ ისევ იმედგაცრუებულია.
და ბოლოს. ივანიშვილმა თქვენ „გამყალბებელი“ გიწოდათ. თქვენ და ხათუნა გოგორიშვილს „გამყალბებლებს“ ხშირად გიწოდებენ და „საარჩევნო კოდექსს“ გოგორიშვილ-მაჭავარიანის კოდექსიც შეარქვეს. რას უპასუხებდით ოპონენტებს?
- ჩემთან დაკავშირებით ცილისწამებასა და ტყუილებს მივეჩვიე, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს. ამასაც მოვითმენ.