„რუსეთის მიზანი აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე სუბიექტად დაყოფაა“

„რუსეთის მიზანი აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე სუბიექტად დაყოფაა“

„ყირიმის ე.წ. თავდაცვამ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის შტურმი დაიწყო. დაახლოებით 200-მდე ადამიანი შემოიჭრა შტაბის ტერიტორიაზე. ნიღბიანმა მამაკაცებმა შტაბის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად კარი შეამტვრიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ. თავდამსხმელთა შორის არიან ქალბატონებიც“, - წერს „ფეისბუქზე“ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი.

უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმში არსებული სამხედრო და სტრატეგიული ობიექტების გარდა, სეპარატისტები ნახევარკუნძულზე 130 ტურისტული ობიექტის მითვისებასაც აპირებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში გუშინ მომხდარი ფაქტის გამო, როდესაც უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა, ნახევარკუნძულზე დისლოცირებულ სამხედროებს იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ჩანს, ვიღაც საგულდაგულოდ ცდილობს სიტუაცია მშვიდობიანი რელსებიდან საომარ მოქმედებებზე გადაიყვანოს. როგორი შეიძლება იყოს მოვლენათა განვითარება, ამ თემაზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, როგორც ჩანს, რუსეთს მოსალოდნელი სანქციები არ ანაღვლებს, როგორ ფიქრობთ, ყველაფერი შეიძლება ლოკალური შეტაკებებით დასრულდეს თუ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი უფრო შორს წავა?

- რაიმეს გამორიცხვა დღეს ძნელია. არ მგონია, ვინმეს სიამოვნებას ჰგვრიდეს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, მაგრამ ძალის დემონსტრირების მცდელობა იქნება ორივე მხრიდან. მითუმეტეს, ორივე ძალის ინტერესში უნდა შედიოდეს, გარკვევა, ხომ არ არსებობს მესამე ძალა, რომელიც კიდევ უფრო ამღვრევს ისედაც მღვრიე წყალს, ამ ორი დიდი ქვეყნის ურთიერთობაში.

ვის გულისხმობთ მესამე ძალაში?

- იყო ბრალდებები იმაზე, რომ ასეთი ძალა შეიძლებოდა ყოფილიყო ინიციატორი და შემსრულებელი სნაიპერების ქმედებისა, ჯერ კიევის მოედანზე, ახლა უკვე სიმფეროპოლში. თუმცა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სნაიპერების ვინაობა დადგენილია კიევის ხელისუფლების მიერ - მათი მისამართები და ვინაობაც იციან და არ გამორიცხავენ, რომ მათ შორის იყოს ვინმე მესამე ქვეყნის მოქალაქეც.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ 18 მარტი იყო პიკი პუტინის პოლიტიკური ბიოგრაფიისა - ეს ყველამ ნათლად დავინახეთ და არ უნდა დავივიწყოთ, რომ რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი, მისი ვარდნა უფრო მტკივნეულია-ხოლმე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმში დისლოცირებულ სამხედროებს უკვე მისცა იარაღის გამოყენების უფლება. რას ნიშნავს უკრაინისგან ეს ჟესტი, იმას ხომ არა, რომ ყველა საშუალებით დაიცავს საკუთარ ტერიტორიას?

- ეს არის უპირველეს ყოვლისა ის ინფორმაცია, რომელიც სიმშვიდეს მოჰგვრის პირველ რიგში უკრაინის მოსახლეობას, რადგან საკუთარი ჯარისკაცები რუსეთის საზარბაზნე ხორცად არავის წარმოუდგენია. ასეთი უფლება ნამდვილად ექნებოდა გაურკველი წარმოშობისა ე.წ. თვითდამცველთა ჯგუფებს და შესაბამისად, რომ არ გათამამდნენ არაიდენტიფიცირებული სამხედროები, ასეთი პრევენციული გადაწყვეტილება აუცილებელია უკრაინის მხარისთვისაც.

თავის მხრივ, რუსეთმაც გადაისროლა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ყირიმში, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ომს იწყებს, თუ ესეც მხოლოდ ძალის დემონსტრირებად უნდა მივიჩნიოთ?

- რუსეთი სიამოვნებით მიაყენებს სერიოზულ ზარალს უკრაინის ინფრასტრუქტურას, მაგრამ არსებობს სხვა, მშვიდობიანი ხერხებიც, რომელიც ხელეწიფება უკრაინას, რომ გამოიყენოს. ვგულისხმობ იმას, რომ სწორედ უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების ხელშია ბერკეტები ყირიმის ელექტროენერგიით და წყლით მომარაგებისა.

თუ ძალადობაზე წავიდა საქმე, სერიოზული რესურსი არის უკრაინული პატრიოტიზმი, რომელსაც არაერთი ლეგენდარული გმირობა მიეწერება უკრაინის ისტორიაში და დღესაც საკმარისზე მეტია ისეთი ხალხი, თანამედროვე უკრაინაში, რომელსაც პატრიოტიზმი გადმოცემით კი არ გაუგია, არამედ, გენეტიკური ვალდებულების სახით აქვს ჩანერგილი.

ამ რესურსის გამოყენებამდე სჯობს, რომ არ მივიდეს სიტუაცია, და ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში დასავლეთი უფრო მკაფიო უნდა იყოს თავის გადაწყვეტილებებში, მხოლოდ საბანკო ანგარიშების დაყადაღებით არ შემოფიგარგლს, მითუმეტეს, როდესაც ის მხოლოდ ათეულობით ადამიანს ეხება და არა მათი ოჯახის წევრებსაც. ეს მარტივად ვერ შეაშფოთებს რუსეთის გათავხედებულ ხელისუფლებას.

უკრაინის პრემიერმა სიტუაციის მოსაწესრიგებლად თავდაცვის მინისტრსა და ვიცე-პრემიერს დაავალა ყირიმში ჩასვლა, თუმცა ყირიმის რადას ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათ ყირიმში არ შეუშვებენ. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ შეიძლება გახდეს უფრო დიდი არეულობის საბაბი?

- იურიდიული პროცედურა ყირიმის მიერთებისა, რუსეთში დასრულებული არ არის, მას სჭირდება პარლამენმტის ორივე პალატის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისად, რაიმე ტიპის საზღვარი რუსეთსა და უკრაინას შორის არ არსებობს.

უფრო მეტიც, წინააღმდეგობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებისას, დასჯადია მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ასეთი მაღალი თანამდებობის პირებს. ვნახოთ, გამარჯვების ეიფორია არსებობდა თავის დროზე კიევის მაიდანზე, ახლა იგივე ეიფორიაა ყირიმშიც. საბედნიეროდ, კიევში ეს ეიფორია უკვე თვალსაჩინოდ გადაიზარდა მაღალი პასუხისმგებლობის განწყობებში და ვფიქრობ, გონიერება გაიმარჯვებს.

თვითონ რუსეთის საქციელი როგორ შეიძლება შეფასდეს? ვნახეთ, რაც მოხდა 2008 წელს, ვფიქრობდით, რომ მიზეზი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაზე წამოგება იყო. ყირიმიც ისევე აიღო რუსეთმა, როგორც სამხრეთ ოსეთი, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციაზე არ წამოგებულა...

- უკრაინის და საქართველოს თავგადასავალი არ არის იდენტური თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთმა თბილისი ჩამოაშირა სოხუმსა და ცხინვალს გავლენებისგან, ჯერ კიდევ 1992-93-წლებში. მხოლოდ 15 წლის შემდეგ მოხდა ამ ტერიტორიების გამოყოფა საქართველოსგან. ხოლო უკრაინაში მეიდნის მოვლენების დასრულებიდან ფაქტობრივად, 15 დღეში მოხდა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული და სამ კვირაში აღსრულებული.

ეს გარკვეული ბლიცკრიგი მეტ სიმწვავეს მატებს, რა თქმა უნდა, უკრაინაშიც და მსოფლიოშიც მიმდინარე პროცესებს. მაგრამ აფხაზური სეპარატიზმი იმაზე უფრო ხანგრძლივი ისტორიის მქონეა, ვიდრე პუტინი არსებობს ამქვეყნად. შესაბამისი რეაგირება საქართველოს მხრიდან არსებობდა სწორედ ისეთი ქმედებებით, რასაც ერქვა მუდმივი დათმობების რეჟიმი, მაგრამ ასეთი მიდგომა გამოდგა უუნარო.

ახლა არნახული მხარდაჭერა აქვს უკრაინას, დიდი ალბათობით, 21 მარტს ხელს მოაწერს ასოცირების ხელსეკრულებას, ხოლო აპრილის დასაწყისში ევროპის ლიდერები უკვე იმსჯელებენ მისი დაჩქარებული გზით გაწევრიანებაზე ევროკავშირში.

ანალოგიური ინტერესი გააჩნია ნატო-საც, თუმცა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება ღიად საუბრობს იმაზე, რომ არ დგას დღის წესრიგში უკრაინის გაწევრიანება ნატოში - ეს სრულიად წინდახედული ნაბიჯი იქნება უკრაინის მხრიდან, რადგან არ არის საჭირო ისედაც ცოფიან რუსეთის ხელისუფლებას კიდევ ზედმეტი მოტივი გაუჩინოს რაიმე სერიოზული სამხედრო აქტივობისთვის.

ის, რაც უკრაინაში ხდება ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის სილის გარტყმას ნიშნავს, თუმცა შესაბამის საპასუხო ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. თქვენი შეფასებით, რა პოლიტიკას ირჩევს დასავლეთი?

- სანქციები, რომელიც ცივილიზებულ ფორმას ატარებს, არის საკუთარი ქმედების სისწრაფით უფრო შენელებული, მაგრამ როდესაც ისინი რეალურად მოახდენენ გავლენას რუსულ სინამდვილეზე, აქ უკვე ტრაბახის საფუძველი მაინც და მაინც არ იქნება. რუსთეში უკვე მკაფიოა ნეგატიური დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ, რადგან რუსეთის პენსიონერებს პენსიების გაზრდის მოლოდინი ჰქონდათ. ახლა დიდი ალბათობით, შესაძლებელია, საწინააღმდეგო პროცესი დაიწყოს.

ფინანსურ-ეკონომიკური შეზღუდვები, რაც უახლეს თვეებში უთუოდ თვალსაჩინო იქნება რუსეთისათვის, მათივე მენტალობიდან გამომდინარე, იქნება სერიოზული ფაქტორი უკმაყოფილების, თუმცა არა გადამწვეტი.

ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, საფრანგეთმა უნდა დაანებოს თავი რუსეთის ბობმბდამშენების დაკომპლექტებას საკუთარი წარმატებული ლაზერული ტექნოლოგიებით და „მისტრალების“ თემა, რომელიც ერთხელ უკვე გაჟღერდა საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან, უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი. იმედი მაქვს, რომ 13 მაისს საქართველოში ჩამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტს ექნება საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ თავი მოიწონოს იმ ზომებით, რაც მის ქვეყანას მიღებული ექნება რუსეთის წინააღმდეგ.

თვით უკრაინის ხელისუფლებაც მოუწოდებს დასავლეთს უფრო მკაცრი იყოს რუსეთის მიმართ...

- ყველა ბერკეტის ერთდროულად ამოქმედება იქნებოდა გაუაზრებელი ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან. ჯერ ერთი, თვითონ უნდა დარწმუნდნენ, რომ ასეთი ქმედება იქნება ერთსულოვნების შედეგი. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ესპანეთი არ აპირებს ასეთი ბერკეტების გამოყენებას, მართალი გითხრათ, მაკვირვებს, რადგან ანალოგიური საფრთხე ესპანეთს უკვე ფორმალურადაც გააჩნია, რადგან კატალონიური სეპარატიზმი, ვფიქრობ, ყველაზე უფრო ძლიერი და საფუძვლიანია ყველა იმ მოვლენასთან შედარებით, რაც დღევანდელ ევროპაში ხდება.

ასევე ვენეტოს პროვინციას სურს, რომ გამოეყოს იტალიას, იქაც მიმდინარეობს რეფერენდუმი, მართალია, არა სახელმწიფოს მიერ ინიცირებული, მაგრამ შედეგი დიდი ალბათობით შიძლება, ასეთივე დადგეს. რაკი რუსეთმა თავისი დღევანდელი ქმედებებს საუკუნეების წინ არსებულ ვითარებას აყრდნობს, მე-18 საუკუნის ბოლომდე, ვენეტოც და ვენეციაც დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყვო. ამიტომაც ერთიანობა ევროპისა, რუსეთის ასეთი აქციების წინააღმდეგ, აუცილებელი წინაპირობა იქნება წარმატებისთვის.

რეალურად, მთელ ევროპას ელოდება საფრთხე რუსეთისგან, რითი აიხსნება ევროპა რომ დიდად არ ჩქარობს?

- რუსეთისგან გასაკვირი არაფერია - იმპერიულ-შოვინისტური განწყობილებები თავის პიკზეა - პოსტსაბჭოთა პერიოდშიც ჯერ კედევ ვერ გამოიტირა პუტინმა საბჭოთა კავშირი, ვერც ის ბედნიერი დღეები გაწირა, რომელიც მისი გერმანიაში სრულიად გასაიდუმლოებული მუშაობის დროს იყო... უყვარს ამ კაცს და არ შეუძლია სტალინისა და ლენინის გარეშე არსებობა, მაგრამ მსოფლიო შეიცვალა და როცა ერთი ადამიანი ვერ იცვლება, მსოფლიოს მეტი ბერკეტი აქვს მის შესაცვლელად, ვიდრე ერთ კაცს, რამდენი ბირთვული იარაღიც არ უნდა გააჩნდეს მას.

არსებობს წინასწარი პროგნოზები, რომ შესაძლოა, რაც უკრაინაში ხდება, არც კი გადაიზარდოს შეიარაღებულ კონფლიქტში და ყველაფერი დასრულდეს ფედერალიზაციით, რამდენად რეალურად გამოიყურება ამ გადასახედიდან მსგავსი პროგნოზი?

- ფედერალიზაცია გახლავთ უკანასკნელ ხანებში რეცეპტის სახით შემოთავაზებული არაერთი რუსი მოხელის, მოღვაწის და ექსპერტისგან. გაკვირვებული დავრჩი, დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსული მედიის გააქტიურებით, ჟურნალისტებმა მოულოდნელად, ჩემთან კითხვის დასმისას, ერთიმეორის მიყოლებით წამოწიეს საქართველოს ფედერალიზაციის საკითხი და აინტერესებდათ, როგორია მზაობა ჩვენს ქვეყანაში ასეთი თემების განსახილველად.

ახლა, უკვე, უკრაინის ფედერალიზაციაზე გვესაუბრებოდნენ პუტინის გარემოცვაში არსებული ექსპერტები, როდესაც მარტის დასაწყისში თბილისს სტუმრობდნენ. ეს არის კრემლის რეცეპტი, გარკვეული შემოწმება ხდება ასეთი კომუნიკაციისას, მაგრამ ვფიქრობ, თავისთვის ვერაფერ სასიამოვნოს და დამამშვიდებელს რუსი ექსპეტები თბილისიდან ვერ წაიღებდნენ.

რაც შეეხება უკრაინას?

- უკრაინისთვის ფედერალიზმი დღევანდელი გადასახედიდან არის სერიოზული საფრთხე, რადგან ამ დროს გავლენის ბერკეტი უფრო ადვილი მოსაპოვებელია რუსეთიდან, ხოლო ფედერალიზაციის ძირითადი სამიზნე რუსეთისთვის არის აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე სუბიექტად დაყოფა და პრაქტიკულად, იქ უკრაინული გავლენის აღკვეთა. ეს არის პრაქტიკულად ანექსიის შენიღბული ფორმა, რაც ადვილად გაშიფვრადია არა მხოლოდ უკრაინელების მხრიდან.