„როგორც ირანის ტახტის შთამომავალი გამოიყვანეს დღის სინათლეზე, რომ ხელში აიღოს მართვის სადავეები, შესაძლოა, ასეთი სცენარისთვის გამოიყენონ გახარიაც“

„როგორც ირანის ტახტის შთამომავალი გამოიყვანეს დღის სინათლეზე, რომ ხელში აიღოს მართვის სადავეები, შესაძლოა, ასეთი სცენარისთვის გამოიყენონ გახარიაც“

თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ 2 ივლისს გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ფიქრობს, გახარიას ჯერ კიდევ ესმის, რომ ეს, სამართლებრივთან ერთად, პოლიტიკური პროცესია და საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა პირის პოლიტიკურ გარდაცვალებასაც ნიშნავს.

გიორგი გახარიამ პოლიტიკურ გარდაიცვლებას ხელი მაშინ მოაწერა, როდესაც ქვეყანა იმ მოტივით დატოვა, რომ მას აქვს საერთაშორისო ვიზიტები, რომელიც როგორც მისივე პარტია ამტკიცებს, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება. გახარია ისევ გერმანიაში და „მნიშვნელოვან“ შეხვედრებს მართავს. მაგალითად, ქვეყნიდან გაქცევიდან ორი კვირის შემდეგ დაწერა, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესს ესწრება და ჰქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდა ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს.

„გერმანიაში ვესწრები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს, რომელიც იმართება საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის კრიზისის ფონზე. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს, მათ შორის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს.

განვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობა, აგრეთვე პარტია „საქართველოსთვის“ გეგმები - გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) ოჯახის წევრი, რისი განხილვაც შემოდგომაზე იგეგმება. მადლიერები ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - დაწერა გიორგი გახარიამ.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიას გიორგი გახარიასთან 2012-2025 წლებთან დაკავშირებით აქვს კითხვები. ყოფილი პრემიერი და ყოფილი შს მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო ინტერესები არ დაუზიანებია და, რომ საგუშაგოს გახსნის შედეგად სახელმწიფოს არ დაუკარგავს ტერიტორიები. საპირისპიროს ამტკიცებენ კომისიის წინაშე სოფლის მცხოვრებლები, რომელთა განცხადებით, გახარიას მიერ საგუშაგოს ჩაყენების შემდეგ საკოლმეურნეო ტყის 100 ჰექტარი ოკუპანტმა დაიკავა და საოკუპაციო ხაზი გადმოწია. თეა წულუკიანის განცხადებით, როდესაც ორი ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებული ჩვენება გვაქვს, ეს ნებისმიერ გამოძიებაში ბუნებრივად იწვევს იმ პირველი პირის დაბარებას, რომელმაც სხვა რამ თქვა.

„სამუშაოს მიზნებიდან გამომდინარე, საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მოსვლა საინტერესოა. მასთან ასევე გვაქვს 2012-2025 წლებთან დაკავშირებული კითხვები, კერძოდ კი, საგარეო ასპარეზზე მისი საქმიანობის შესახებ, ვინაიდან მან განაცხადა, რომ ნიკა მელიას საკითხზე გადადგომის გადაწყვეტილებას კონკრეტული დღის დილას ვიდრე მიიღებდა, წინა ღამეს თუ წინა დღეებში აშშ-ის ელჩს შეხვდა. იმედი მაქვს, 2 ივლისს გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება.

ვფიქრობ, სხვებისგან განსხვავებით, მას ჯერ კიდევ ესმის, რომ ეს, სამართლებრივთან ერთად, პოლიტიკური პროცესია და საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა, სულაც რომ პროკურატურამ დისკრეცია გამოიყენოს და თქვას, რა მოხდა მერე, თუ არ მოვიდა კომისიაზეო, საგამოძიებო კომისიის წინაშე რომ არ ცხადდები, პირის პოლიტიკურ გარდაცვალებასაც ნიშნავს. ეს არის პოლიტიკის ანა-ბანა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქმის ქრონოლოგია კი აჩვენებს, რომ, დიდი ალბათობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ამაზე მიანიშნა საქართველოს ახალმა გენერალურმა პროკურორმა. გიორგი გვარაკიძე აცხადებს, რომ ჩორჩანა მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რადგან საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

„ყველა ის ადამიანი აუცილებლად გამოიკითხება, ვისაც ამ საქმესთან რაიმე სახის შეხება ჰქონია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, რადგან ვთვლი, რომ არ არის ჯერ გასაჟღერებელი, თუმცა ისევე როგორც სხვა ბევრ საქმეზეც, პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას მასმედიის სხვადასხვა საშუალებით და ჩაგაყენებთ საქმის კურსში როგორც თქვენ, ისე საზოგადოებას, რა თქმა უნდა, თუ გვექნება უკვე შეკრებილი მტკიცებულებები რომელიმე კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მას კავშირი აქვს ამ საქმესთან და იგი გამოკითხული იქნება“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

გიორგი გახარიას რომ ამ საქმესთან შეხება აქვს და როგორც მთვარი ფიგურანტი, ფიგურირებს საქმეში, ეს აშკარაა, მაგრამ - გაქცეულია. გახარიას პარტიის წევრის ზაზა თავაძის განცხადებით, გადაწყვეტილება, როდის დაბრუნდება გიორგი გახარია საქართველოში, მიღებული არ არის ბევრი ფაქტორის გამო.

„შესაბამისად, როცა ეს ბევრი ფაქტორი ერთად გაანალიზებული, აწონილი და დაწონილი იქნება, თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრ მსჯელობას ვუთმობთ ხოლმე ასეთ საკითხებს, მაშინ მიიღებს გიორგი გახარია საბოლოოდ გადაწყვეტილებას“, - ამბობს ზაზა თავაძე.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არ იცის, გახარიამ ცალმხრივი ბილეთი აიღო თუ არა და არ ამბობს თუ ვერ ამბობს, როდის დაბრუნდება, მაგრამ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ჩორჩანის ეპიზოდზე ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვია.

„გიორგი გახარია ხომ ამბობს, რომ უშიშარია. რატომ არ უნდა დაბრუნდეს და გაახმოვანოს თავისი მოსაზრებები, თუ რაიმე აქვს სათქმელი ჩორჩანას ეპიზოდზე? ფაქტია, რომ მან ქვეყანა დატოვა. ასეთ რა ტურნეშია წასული, რომ ერთი დღე ვერ მოიცლის, რომ კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულოს? იმედი მაქვს, საგამოძიებო კომისიაში გამოცხადდება და განმარტებებს გააკეთებს. ეს მისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩორჩანის ეპიზოდზე ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვია“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, დავით კუხალაშვილს არ აქვს წვდომა იმ ინფორმაციასთან, რაზედაც კონკრეტულად ედავებიან გახარიას. თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში ალბათ, არის შედეგობრივი მაჩვენებელი, ექსპერტების და მათ შორის იურისტების დასკვნაც, რომელიც, პრაქტიკულად, არის ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არის დანაშაულის შემცველი ქმედება.

„არ მაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, ამიტომ, უბრალოდ, მოვლენას ვერ შევაფასებ. მაგრამ, რატომ მოხდა, რომ ამ ადამიანმა ასე თავისუფლად დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაშინ მის წინააღმდეგ უკვე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე საბოტაჟის მუხლით. რატომ არ ჩაითვალა საჭიროდ, რომ მომხდარიყო გარკვეული შეზღუდვა? უკვე ამ მიმართულებით გარკვეული შეკითხვები მიჩნდება. იმიტომ, რომ ეს არ არის ისეთი მარტივი საქმე და მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში, რომ ობიექტი ასე მარტივად ტოვებდეს ტერიტორიას.

ზოგადად, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ვითარების გამოსწორება არის აუცილებელი. ყოფილი პრემიერი, შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ა.შ. ეს ადამიანები არიან მაღალი საიდუმლოების მქონე ინფორმაციების მატარებლები თავიანთი სამსახურეობრივი მდგომარობიდან გამომდინარე და მათი ასე უთავბოლო მოძრაობები უცხო ქვეყნებში, შესაძლებელია, გარკვეულ საფრთხესაც დაუკავშირდეს.

ამიტომ, რაღაცა რეგლამენტი აუცილებლად არის შესამუშავებელი, რომ ასეთი ტიპის რისკებისგან სახელმწიფო იყოს დაზღვეული, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერ ამას ემატება ის, რომ საქმე აღძრულია საბოტაჟის მუხლით. სადაც საბოტაჟია იქ ალბათობის მაღალი ხარისხით, შესაძლებელია, გამოიკვეთოს უცხო ქვეყნის სადაზვერვო აქტივობების ნიშნები, რომელიც იყო საფუძველი ამ ეპიზოდისა, რომელსაც მას ედავებიან და რომელიც შედეგობრივად დაუდგა საქართველოს“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

ამ რისკების გათვალისწინებით, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ გახარიამ მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი.

„ვფიქრობ, რომ ამ მოქმედებით გარკვეული ეჭვები, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ჰქონდა და მეც მათ შორის, შესაძლებია, გამართლდეს - კონკრეტულად, გახარიას ისეთ ქმედებებში მონაწილეობა, რომელიც არანაირად არ შეიცავს სახელმწიფოს ინტერესების შესაბამის ქმედებებს, როგორც წარსულში, ისე დღესაც. უფრო მეტიც, თუ ის პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, შესაძლებელია იმ სახელმწიფოს აწყობდეს კიდეც პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა იმ მიზნით, რომ გახარიას მიერ გავრცელებული თუნდაც ყალბი ინფორმაციები გამოყენებულ იქნას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიზანმიმართული დისკრედიტაციისათვის, რაც პირდაპირ შეადგენს პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას.

ჩნდება კითხვა - მიმართავს თუ არა სახელმწიფო ინტერპოლს? სახელმწიფო ამაზე უნდა წავიდეს და ასევე უნდა გააქტიურდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი სადაზვერვო უწყება, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ თუ სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც საქმე აღიძრა, დადასტურებულია, მოხდეს უკვე ბრალდებულის რანგში მისი საქართველოში ექსტრადიცია.

როგორც ირანის ტახტის შთამომავალი არის გაყვანილი ირანიდან და ინახავენ უცხო სახელმწიფოში, მისი და მისი ოჯახის დაცვა მიმდინარეობს, ახლა, როდესაც ირანში დაიწყო საომარი მოქმედება, დღის სინათლეზე გამოიყვანეს მემკვიდრე და გაკეთდა განცხადებები, რომ მზად იყო დაბრუნებულიყო ქვეყანაში და ხელში აეღო მართვის სადავეები. შესაძლებელია, რომ მომავალში ასეთი სცენარისთვის გამოყენებული იქნას პირი, რომელსაც მისცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს.

ასეთი საფრთხეები და რისკები მუდმივად არსებობს. ამიტომ სახელმწიფომ უფრო მეტი ყურადღებით უნდა შექმნას სათანადო მარეგლამენტირებელი დოკუმენტი, რომ ასე მარტივი არ იყოს სხვადასხვა ტიპის გადაადგილება იმ პირების მხრიდან, რომლებიც ერთი-ორი და სამი წლის წინ ფლობდენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს და მათ შორის ისეთებს, რომელთა გაჟღერებამ შეიძლება დააზიანოს ქვეყნის ინტერესები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

Gami რა პოლიტიკური "ბაგაჟიც" ირანის პრინცს აქვს, იმაზე ნაკლები აქვს " უშიშ, ვითარცა უხორცოს" გახარიას. ნატრაკი არ გაიშვას.
5 საათის უკან
მარბიელი უშიშარი კაცი გამყოფ ზოლტან საგუშაგოს ჩადგმისათვის (რომლითაც მაშინ ყველა ამაყობდა) ციხეში უნდა ჩამჯდარიყო?
თუ უშიშარი ისაა, ვინც ამბობს, რომ მერე რა, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ საგამოძიებო კომისიის ნახევარი ოპო უნდა იყოს? თუ ის ვინც 3-წუთიან სიტყვაში სამჯერ აღუვლენს ხოტბას ივანიშვილს?
თუ ისინი, ვინც ფიქრობს, რომ ფიქრი რა ჩვენი საქმეა. კობახიძე და ივანიშვილი იფიქრებენო
მე ივანიშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უდიდესი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, მაგრამ ამ ზარქუა-მაჭარაშვილების მიდგომაა მიუღებელი
5 საათის უკან