„ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა. რეალურად, ის მოვლენები რაც განვითარდა უკრაინაში საფრთხეს უქმნის სტაბილურობას არა მთლიანად რეგიონში, არამედ იმ გლობალურ წესრიგს, რომლითაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფუნქციონირებდა“, - ამ სიტყვებით დაიწყო ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი პრესკონფერენცია.
არავინ დავობს იმაზე, რომ რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების საკითხი აქტუალურია, თუმცა, ფაქტია, დღემდე საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვან მოვლენებზე საკუთარი აზრის გამოსახატავად უპირატესობას ეპისტოლარულ ჟანრს ანიჭებდა და მოვლენებს ოფიციალური განცხადებებით ეხმაურებოდა.
სწორედ, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ 19 მარტს დანიშნული პრეზიდენტის პრესკონფერენციის მიზანი მხოლოდ ყირიმის მოვლენები არ იყო და გიორგი მარგველაშვილს, რეალურად, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა ეპასუხა.
საუბარია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გუშინ გასულ ინტერვიუზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილმა მას იმედები და მოლოდინი გაუცრუა.
„ბიძინას კომენტარები, მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ვაფასებ ბიძინას ძალიან, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად ჩემი კრიტიკა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის“, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა და ივანიშვილისგან განსახვავებით, უთანხმოების დეტალებზე საჯაროდ საუბარი არ ისურვა.
„ესაა ჩემსა და ბიძინას შორის ურთიერთობები და არა ურთიერთობები ჩემსა და მედიის მეშვეობით ბიძინასთან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან საჯაროდ და გარკვევით მხოლოდ ის თქვა, რომ კანცელარიაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ორ ოთახში პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესრულება უჭირდა და ავლაბრის სასახლეში ამიტომ გადმოვიდა. ივანიშვილი კი მარგველაშვილის ერთ-ერთ მთავარ შეცდომად, სწორედ, ავლაბრის რეზიდენციაში მის გადასვლას მიიჩნევს.
რაც შეეხება, ზოგადად, ივანიშვილის იმედგაცრუებებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს იმედგაცრუებებზე პირველად მარგველაშვილის შესახებ არ უსაუბრია. როგორც თავად აცხადებდა, წლების წინ მას იმედი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუცრუა, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გარკვეული იმედგაცრუება გაუჩნდა ირაკლი ალასანიას მიმართაც და შედეგად იგი ვიცე-პრემიერის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა. იმედგაცრუებად არა, მაგრამ, მოგვიანებით შეცდომად გამოცხადდა ე.წ. ტრაქტორების საქმე, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის თანამდებობა შეეწირა, დაახლოებით ასეთივე იყო პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლაშა ნაცვლიშვილის დანიშვნა.
თუმცა, წინა „იმედგაცრუებებთან“ შედარებით მარგველაშვილის შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს მიმართავდა, რომ თუ მას ენდობოდნენ, პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი არანაკლებ 60%-ით უნდა აერჩიათ.
„გიორგი არის ღირსეული პიროვნება - თანამედროვე, განათლებული, გაწონასწორებული და წესიერი ადამიანი, სუფთა წარსულით. გიორგი მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს“, - აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის 19 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე.
დღეს კი იმედგაცრუების მიზეზად რამდენიმე საკითხს ასახელებს - გიორგი მარგველაშვილმა თანაშემწედ აიყვანა პოლიტიკური თვალსაზრისით არც თუ სანდო პირი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის ძმა ვანო მაჭავარიანი, მარგველაშვილი „მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით“ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას და ამით საპარლამენმტო უმრავლესობის წინააღმდეგ გამოსვლას აპირებდა და კიდევ ერთი, მან ავლაბრის რეზიდენციის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, არადა, არჩევნების წინ კატეგორიულ უარს აცხადებდა წინამორბედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ სასახლეში გადასვლაზე.
რა გავლენას იქონიებს პოლიტიკურ პროცესებზე ივანიშვილის განცხადება, რომ ის მარგველაშვილით იმედგაცრუებულია? - სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილისა და მარგველაშვილის ურთიერთობებში ბზარის გაჩენას დადებითი შედეგიც შეიძლება მოჰყვეს და უარყოფითიც.
„ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის „შავი კატის“ გარბენამ, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება, ივანიშვილის პოლიტიკიდან რეალურ წასვლას ანუ, ხელისუფლებაზე მისი უშუალო ზემოქმედების განეიტრალებას შეუწყოს ხელი, ხოლო, უარეს შემთხვევაში, გამოიწვიოს დესტრუქციული კონფრონტაცია პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შორის, რაც მართვაში კრიზისს შექმნის. დარჩენილ თვეებში ვნახავთ, ქართული პოლიტიკა დემოკრატიის ვექტორისკენ წავა თუ მართვის კრიზისისკენ. სააკაშვილის დროს, ცხადია, ასეთი დილემა არ არსებობდა, რადგან იმდროინდელი პრეზიდენტის უფლებასმოსილება მართვის სრული მონოპოლიზების შესაძლებლობას იძლეოდა და სინამდვილეშიც ასეც იყო,“- განმარტავს იაგო კაჭკაჭიშვილი.
სოციოლოგი არ გამორიცხავს, რომ იმედგაცრუებასთან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადებამ თბილისის მერობის კანდიდატად მის მიერვე დასახელებული დავით ნარმანიას რეიტინგიც დააზარალოს.
„თუ ამომრჩეველი ნარმანიას ივანიშვილთან „მიბმულობის“ გამო აძლევს ხმას, ახლა ამ კავშირს რამდენადმე ეჭვის თვალით შეხედავს - ნარმანიას საზიანოდ - რადგან დაუშვებს, რომ მანაც შეიძლება არ გაამართლოს ივანიშვილის იმედები“,- განუცხადა for.ge-ს იაგო კაჭკაჭიშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ მარგველაშვილთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ქვეყნისთვის დადებითი შედეგი მოჰყვება.
„ლეგენდა, რომ ივანიშვილი კულისებიდან მართავს ხელისუფლებას და ქვეყანა ინსტიტუციონალურად ვერ ლაგდება, დაიმსხვრა. დღეს ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და მზად არის, პასუხი აგოს ამ გადაწყვეტილებაზე. ამ ორმა დღემ დაადასტურა, რომ მივიღეთ ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს სრულფასოვანი ხელმძღვანელი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
მისივე თქმით, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, სწორედ, ეს ფაქტია და სხვა თემაა, ვინ არის მართალი ივანიშვილი თუ მარგველაშვილი და მართებულია თუ არა მარგველაშვილის გადაწყვეტილება პრეზიდენტის სასახლეში შესვლის, ვანო მაჭავარიანის მრჩევლად დანიშვნის თუ სხვა საკითხებში. ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში ივანიშვილმა მარგველაშვილი რომელიმე გადაწყვეტილების გამო კვლავ შეაქოს.
„ბიძინა ივანიშვილს, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ეცვლება შეხედულებები. მეგობრებიც კამათობენ და ძმებიც არ საუბრობენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. დინამიკაში უნდა შევხედოთ მოვლენებს. ერთი განცახადებით არ სრულდება ყველაფერი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში გადადგმული რომელიმე ნაბიჯის გამო შეიძლება, შეაქოს იგივე მარგველაშვილი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის კრიტიკის გამო მარგველაშვილი პოლიტიკური კუთხით იზოლაციაში არ აღმოჩნდება, რადგან იგი ხელისუფლებაში მყოფი გუნდის ნაწილია და ძირითად საკითხებზე კოალიციის წევრთა მსგავსი ხედვები აქვს.
იაგო კაჭკაჭიშვილი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილისა და მარგველაშვილის მეგობრული ურთიერთობის საჯარო სივრცეში გადატანა, ერთი მხრივ, მარგველაშვილს გაათავისუფლებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ზედმეტი დამოკიდებულებისგან და, მეორე მხრივ, ივანიშვილის, როგორც არასამათავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ ლიდერის კრიტიკას მეტ წონას შესძენს.
„მათ შორის ფამილარულ ურთიერთობებთან დაკავშირებული უხერხულობა გადალახულია, რაც პოზიტიური მოვლენაა. მთავარია ახლა, ეს პოზიტიური ელემენტი მარგველაშვილის „ჩაძირვის“ მცდელობით არ გააფუჭონ კოალიციის სხვა სუბიექტებმა“, - აღნიშნავს იაგო კაჭკაჭიშვილი.