თავდაცვის მინისტრის შეხვედრა გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ ტრაიონთან (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ ტრაიონთან (ვიდეო)

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრაიონი იმყოფება. დღეს, ამერიკელ გენერალს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.  შეხვედრაზე ასევე, იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.  

მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში (ISAF) და 2014 წლის შემდეგ  "გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში საქართველოს ჩართვა. მხარეებმა 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს მონაწილეობაზეც იმსჯელეს.

შეხვედრაზე   საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეითებს შორის სამომავლო თანამშრომლობის  მიმართულებებზე გამახვილდა ყურადღება. შეხვედრაზე მინისტრმა გენერალ-ლეიტენანტ ტრაიონს საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებისა და ქართველი სამხედროების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ჩართვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ეწვია გენერალი ტრაიონი. ის ქართული არმიის ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ძალიან ბევრი ქართველი ჯარისკაცი მომზადდა მისი უშუალო კურატორობითა და ხელმძღვანელობით. ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს, თუ როგორ მიიღებს მონაწილეობას მომავალში საქართველო, რათა კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოება უზრუნველყოს ავღანეთში, ნატოს ძალებთან ერთად. ასევე, დღეს გვქონდა საუბარი ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც დღითიდღე კიდევ უფრო იზრდება, კიდევ უფრო ღრმავდება. ბუნებრივია, იმ ვიზიტის მერე, როგორიც ჰქონდა ჩვენს პრემიერს პრეზიდენტ ობამასთან, ამ თანამშრომლობამ ახალი ათვლის წერტილი აიღო. დიდი მადლობა ჩამოსვლისთვის და ჩვენ ვაგრძელებთ გენერალთან თანამშრომლობას მომავალშიც.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.