გენერალური შტაბის უფროსი დასავლეთ ოპერატიულ დაჯგუფებაში (ვიდეო)

გენერალური შტაბის უფროსი დასავლეთ ოპერატიულ დაჯგუფებაში (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ქუთაისში გაიმართა, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, ასევე, დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ხელმძღვანელ ოფიცერთა და სერჟანტთა კორპუსი ესწრებოდა.

გენერალური შტაბის უფროსმა დოდ-ის სერჟანტ-ოფიცრებს შეიარაღებული ძალების სამომავლო ხედვები, მიმდინარე რეფორმები და სერჟანტთა კორპუსის განვითარების საკითხები გააცნო. „საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩამოყალიბებულია კარგი ტრადიცია, როდესაც უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა ხვდება თავის სერჟანტებს, სერჟანტთა კორპუსს და ოფიცრებს. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ოფიცრებისა და სერჟანტების ადგილისა და როლის გარკვევა დღევანდელ შეიარაღებულ ძალებში. ასევე, სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარება შეიარაღებული ძალებისთვის.“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა.

შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა დოდ-ის სერჟანტებს სამომავლო გეგმებზე და სერჟანტთა კორპუსის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. ასეთი ხასიათის შეხვედრები გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის მხრიდან პერმანენტულ ხასიათს ატარებს და სერჟანტ-ოფიცერთა კორპუსის ინფორმირებას ისახავს მიზნად.