პოლიტიკური ინტრიგები ჩიხში შედის

პოლიტიკური ინტრიგები ჩიხში შედის

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტთან „პოლემიკის“ ერთ-ერთ მიზეზად ვანო მაჭავარიანს ასახელებს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მაჭავარიანი მათთან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შესაშინებლად მივიდა, რომ თუ სამსახურს არ მისცემდნენ, „ქართულ ოცნებაში“ წავიდოდა, მაგრამ აღნიშნულში, როგორც ამბობს, მარგველაშვილის დარწმუნება ვერ შეძლო. ამასთან, მისივე შეფასებით, ვანო მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი წევრი იყო. ივანიშვილი მის ქმედებას „უღირსად“ აფასებს.

„გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გამცა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით - რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, როცა ძველი პრეზიდენტის ფავორიტი არის მისი ძმა – მიშა მაჭავარიანი. აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ზოგადად ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ძმა მუშაობდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა მაჭავარიანთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ისმოდა და ისმის დღესაც. როცა მე მოვედი პოლიტიკაში და ჩვენ შევქმენით კოალიცია „ქართული ოცნება“, გიორგიმ მოიყვანა მისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი. მე მასთან ბევრი დრო დავხარჯე, საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ „სურვილი აღარ აქვს“. მომავალში გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ გააბრაზა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ. სხვათა შორის, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმუშევარი იყო. მან მიაღწია იმას, რომ მისცეს სამსახური და ქრთამის სახით 7 ათას ლარს უხდიდნენ საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტი გახლდათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილს ვალში არცპრეზიდენტის მრჩეველი დარჩა. ვანო მაჭავარიანის შეფასებით, მასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები დამახინჯებულად მიტანილი ინფორმაციის შედეგია. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ვიღაცას ხელისუფლებაში ხინჯის შეტანა და ამ მხრივ მისი თემით სარგებლობა სურს. 

For.ge. ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

ყოფილმა პრემიერმა ძალიან მკაცრად გაგაკრიტიკათ. პრეზიდენტთან პოლემიკის ერთ-ერთ მიზეზად თქვენ გასახელებ. მეტიც, მან თქვენს ქმედებასუღირსიუწოდა, საქმე ეხება საპარტიორო ფონდში თქვენს მუშაობას და ხაზი გაუსვა იმას, რომ ხართ მიშა მაჭავარაიანის ძმა. რას უპასუხებთ ივანიშვილს?

ვანო მაჭავარიანი: ვადასტურებ, რომ ვარ მიშა მაჭავარიანის ძმა. ჩვენ გაგვზარდეს ისე, როგორც ეს ქრისტიან ოჯახს შეეფერება. ძმა ძმის წინააღმდეგ არ მიდის. ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება. ამის შესახებ იცოდა ბიძინამ. შეხვედრის დროს, ბიძინამ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჩემი განსხვავებული პოზიცია მისთვის იყო ძალიან გასაგები.

რას შეეხება საპარტიორო ფონდს, სანამ ნომებრეში ბიძინასთან მივიდოდი, მისი ინიციატივით, რომ მას სჭირდებოდა საგარეო მიმართულებით კვალიფიციური ხალხი, ერთი წელი ვმუშაობდი საპარტიორი ფონდში ზუსტად იმ თემაზე, რომელსაც ერქვა საგარეო პოლიტიკური თუ საინვესტიციო მიმართულება. არსად არ მივსულვარ, ეს ბიძინამ იცოდა და მითხრა, რომ დარჩი, გააგრძელე მუშაობა და თუ გაგანთავისუფლებენ, ეს ჩვენთვის იქნება ერთ-ერთი ძალიან კარგი საბაბი, რომ ეს მთავრობა გავაკრიკიოთო.

ავუხსენი მას, რომ ის შემოთავაზება, რომელიც იყო ბიძინასგან, რომ ვყოფილვიყავი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვერ შევძლებდი სხვადასხვა მიზეზების გამო. ჩავთავლე, რომ მან ეს გაიგო. შევთანხმდით, რომ ეს ურთიერთობა გადაიზრდებოდა იმ კუთხით, რაზეც უკვე ვმუშაობ - საგარეო მიმართულებით.

მინდა გითხრათ, რომ გარდა საგარეო მიმართულებისა, არანაირ სხვა თემებში არ ვარ ჩართული. ამაზე ჩვენ შევთანხმდით და ეს იყო პრინციპული საკითხი. როგორც ჩანს, მანიპულირება მოხდა ამ თემით.

რომ დავაკონკრეტოთ, რას ნიშნავს მანიპულირება მოხდა ამ თემებით?

- ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილს დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს. ეს ყველაფერი ახლოსაც არ არის სინამდვილესთან. როგორც ჩანს, ვიღაცას უნდა, რომ ასეთი დამახინჯებული ინფორმაცია მიიტანოს მასთან, რადგან მე საკმაოდ კარგი, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა მქონდა არჩევნებამდე, არ მერიდებოდა და მასთან ურთიერთობა არ მეშინოდა, ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით. მათ არასწორად მიუტანეს ინფორმაცია და ჩათვალეს, რომ ამითი მათ პოზიცია გაიმყარეს.

ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც თქვენი მისამართით გაისმა არის ის, რომ თქვენ აშანტაჟებდითნაციონალურ მოძრაობას“, რომ თუ სამსახურს არ მოგცემდნენ, ქართულ ოცნებაში წავიდოდით. საინტერესოა, მართლა აშანტაჟებდით ნაციონალურ მოძრაობას?

- სამსახური უკვე მქონდა. ვმუშაობდი საპარტიორო ფონდში. ეს იცოდა ბიძინამ. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა დამეშანტაჟებინა „ნაციონალური მოძრაობა“. ცოტა სასაცილო ხომ არაა? ვერავინ იმ პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ დააშანტაჟებდა. რა თქმა უნდა, მივიღე ძალიან დიდი შენიშვნები, რომელსაც არ ვიზიარებდი. ამის გამო, ძალიან ბევრ პროექტს ჩამომაშორეს. გილაურთან ჩემი განხეთქილების თემა იყო, ჩემი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან, გიორგი მარგველაშვილთან და ჩემი პოლიტიკური შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდა ჩიხში მმართველობის თვალსაზრისით. მათი ქმედება ნულზე იყო დაყვანილი.

მეტსაც გეტყვით, გამაფრთხილა გილაურმა, რომ ჩემი პოზიციის გამო, იგი არჩევნების შემდეგ მომხსნიდა სამსახურიდან. როცა გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ გაბედა და მომენტს ელოდებოდა. როდესაც მოვიდა კოვზანაძე და როგორც ჩანს, მან ეს საკითხი შეათანხმა კოვზანაძესთან, რომელიც მოგეხსენებათ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი იყო და მათი საპარლამენტო უმრავლესობის საბიუჯეტო საფინანსო კომისიის თავმჯდომარე. გილაურმა კოვზანაძის ხელით შეასრულა დანაპირები და მითხრა - ხომ დაგპირდი, რომ ამას გავაკეთებდიო.

საპარტნიორო ფონდიდან თქვენი განთავისუფლების მიზეზად ივანიშვილმა დაასახელა კონკრეტული მიზეზი. თქვენ არ დადიოდით სამსახურში...

- არასერიოზულია. სრულიად აბსურდული საბაბით მომხსნეს, რომ თითქოს, არ დავდიოდი სამსახურში. როდესაც ვკითხე იურისტს, მითხრა, რომ ეს არის ერთადერთი საბაბი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მოგხსნათ და რომელსაც ვერ შემოგვედავებიო. ეს არის მთელი ისტორია. სამწუხაროა, ასეთ დეტალებზე საუბარი, როდესაც ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. დღეს გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე დგას სახელმწიფო იმისთვის, რომ პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის ფუნქციონირება მიმართული იყოს პრობლემების გადალახვისკენ და არა ინტრიგებში ჩახლართვისკენ.

ხელფასი რამდენი გქონდათ საპარტიორო ფონდში?

- 7 ათასი ლარი ნამდვილად არ მქონია ხელფასი. რაც ყველას ჰქონდა, ზუსტად იმდენი მქონდა. ერთადერთი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ როცა მოვიდა გილაური ხელფასი 30 ათას ლარამდე გაიზარდა, რაზეც ასევე გამოვთქვი სრული გაოგნება. იმიტომ, რომ ჩვენ, აღმასრულებელ თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს გვქონდა 3 ათასი ლარი ხელფასი. შესაბამისად, ეს თანხაც - 7 ათასი ლარი არის გამოგონილი.

მას შემდეგ რაც გახდით პრეზიდენტის მრჩეველი, ივანიშვილთან შეხვედრა არ გქონიათ?

- არჩევნების შემდეგ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს კონცერტზე. ძალიან თბილად და კარგად ვისაუბრეთ. მაშინ არ მქონია ამ ნეგატივის განცდა. ვფიქრობ, რომ ეს ნეგატივი მერე შეიქმნა. ბიძინა მიესალმა იმას, რომ ჩართული ვიყავი საგარეო მიმართულებით სააარჩევნო კამპანიაში. უკვე გიორგის გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცეებმა დაიწყეს არასწორი ხმების მიტანა იმის შესახებ, რეალურად ვინ რას აკეთებს ამ ადმინისტარაციაში. ვფიქრობ, რომ ეს არის მისი არასწორი ინფორმირების შედეგი.

თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია?

- მიახლოებით ვიცი. მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დასახელებისგან. ამას მნიშვნელობაც არ აქვს. სამწუხარო ისაა, რომ ამაში არ უნდა იხარჯებოდეს ეს დრო. ძალიან კარგად მიცნობს, ჩემს საქმეზე ვარ ორიენტირებული და პოლიტიკურ ინტრიგებზე და ჭორაობაზე არასოდეს არ ვყოფილვარ მიმართული. ჩემი საქმით ვამტკიცებ იმას რაც შემიძლია. 20 წელია ამ ქვეყანას ვემსახურები, არსად არ გავქცეულვარ, არასად არ დავმალულვარ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური ინტრიგების ერთ-ერთი თემა, რომელიც როგორც ჩანს, უფრო დიდ თემას უკავშირდება.

თქვენი აზრით, რას უკავშირდება?

- ვინ უნდა აკონტროლებდეს პრეზიდენტის საქმიანობას და ვინ არა. შემიძლია ერთი რამ გითხრათ - პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფიგირა. მას აქვს თავისი აზრი, რომელიც არის ძალიან მსგავსი იმისა, რაზეც ყოველთვის საუბრობდა. ვფიქრობ, რომ ეს არის ის რელობა, რომელიც ჩვენ უნდა მოვიცილოთ, როდესაც მთელი 10 წელი ერთ თარგზე იყო გამოჭრილი მთელი პოლიტიკური სპექტრი და რა შედეგიც მივიღეთ, ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ.

ჩვენ დემოკრატიის ახალ პერიოდში შევედით. აზრთა სხვადასხვაობა გუნდის შიგნით ჯანსაღი პროცესია. არ შეიძლება ყველას, ყველა თემაზე, ერთი აზრი ჰქონდეს. ჩვენ ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოვიარეთ და რა შედეგებამდეც მივედით, ამის თაობაზე ძალიან ღიად მისაუბრია.

პოზიციას, რაც პრეზიდენტს გააჩნია, გუნდის შიგნით არ მალავს. მას პოზიციის დაფიქსირების საშუალება აქვს პარლამენტის თავმჯდომარესთან თუ პოლიტიკურ ლიდერებთან.

ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ ყველას აქვს თავისი კონსტიტუციური უფლებები. შეიძლება იყო მოლოდინები, რომ ხელისუფლებაში ყველა ერთ თარგზე გამოჭრილი იქნებოდა. გიორგი მარგველაშვილს ახასიათებს დამოუკიდებლობა, მას აქვს სახელმწიფოებრივი ხედვა, რაც ბიძინა ივანიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა კარგად იციან.

როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის კრიტიკა გახდება პრეზიდენტისთვის საფუძველი, რომ გაგანთავისუფლონ თანამდებობიდან?

- ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ეპითეტები არასწორად იქნა შერჩეული. მე არანაირი უმსგავსობა არ ჩამიდენია. მოვისმინე ბიძინა ივანიშვილის, როგორც თავისუფალი მოქალაქის და საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარული ადამიანის აზრი. შემიძლია გითხრათ, რომ ივანიშვილს არ ვეთანხმები, ეს არაა სიმართლე და ძალიან ბევრმა ადამიანმა ამის შესახებ იცის. იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან, რომ ამაზე კოჭი გაუგორონ ძალიან ბევრს. მაგრამ შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ეს არის გუნდური გადაწყვეტილება.

არ მიმაჩნია სწორად, რომ თავისუფალი ადამიანის, კერძო პირის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელსაც, რა თქმა უნდა, თავისი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე, უნდა იყოს საბაბი გადადგომა გადმოდგომისა. ეს არასწორად მიმაჩნია. თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. არასდროს არ მითაკილებია თანამდებობიდან წასვლა. ჩვენ ვისაუბრებთ და გამოჩნდება, რეალურად რა დგას ამის უკან, გარდა იმისა, რომ არასწორად არის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც გარკვეული ქულების დასაწერად არის გაკეთებული.

როგორც ფიქრობთ, პრეზიდენტის დისკრედიტაციას ემსახურება? ფაქტია, რომ მარგველაშვილი ძალიან მკაცრად გააკრიტიკა. უმრავლესობა იზიარებს ივანიშვილის კრიტიკას...

- ეს მათი გადასაწყვეტია. კარგად ვიცოდი მათი განწყობა, რომელიც საკმაოდ დადებითი იყო. როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი იცვლება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ღიად ეს უკმაყოფილება არასოდეს არ დაუფიქსირებიათ ჩვენთან ურთიერთობაში. პირიქით, ჩვენ გვქონდა რამდენიმე სახელმწოფო ვიზიტი, რომელშიც უმრავლესობა იღებდა მონაწილეობას. მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ განწყობას ვიღებდით. ახლა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის განცხადებებმა კორექტირება შეიტანა. ისინი არჩეული არიან „ქართული ოცნებიდან“. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ეს როგორც ჩანს, ბევრისთვის იქნება გარკვეული ტესტი, რეალურად რა მიაჩნიათ მათ სწორად თუ არასწორად, პოლიტიკური გემოვნებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე.

რაც შეეხება კითხვას, ემსახურება თუ არა პრეზიდენტის დისკრედიტაციას? ამაზე პრეზიდენტი თავად ისაუბრებს. პრეზიდენტი მაქსმალურად მიმართულია სახელმწიფოებრივი საქმიანობისკენ. მან ეს დაამტკიცა 4 თვის განმავლობაში. თუ პასიურობდა ზუსტად იმისთვის, რომ მეტი სივრცე მიეცა სამოქმედოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და არასდროს არ გასცდენია თავის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სამწუხაროა, რომ ჩვენ გვიწევს ისეთ თემებზე საუბარი, რომელიც ქვეყნისთვის დროის კარგვაა. დრო უნდა ეთმობოდეს იმას, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, როგორც ეკონომიკურ, ასევე საგარეო მიმართულებით. იმაზე, რაც ხდება რეგიონში. გაცილებით კონცენტრირებული უნდა იყოს ერთიან ხედვაზე და ამ მიდგომების ძებნაზე. თორემ, ვინ ვის არ მოსწონს, ვინ ვისზე რას ფიქრობს, ეს მგონია, რომ აკნინებს ქვეყნის განვითარების შესაძლებლობებს.

რაც შეეხება ჭორვილაში არსებულ თქვენს სახლს, რომელიც ასევე გახდა ივანიშვილის კრიტიკის საფუძველი. მაინტერესებს, სტადიონი სახლად აქციეთ?

- ჩვენი დიდი ბაბუა არის ჭორვილიდან. რევოლუციიამდე ძალიან დიდ მიწებს ფლობდნენ. მერე მოხდა მათი განკულაკება. ის სახლი, რომელზეც ბიძინა საუბრობდა 40 წლის წინ ააშენა ბიძაჩემმა. ზუსტად, იმ უბანში, რომელსაც ჰქვია მაჭავარიანების უბანი. მე უბრალოდ შევაკეთე. ეზო, ზუსტად იმ ფარგლებშია, როგორც იყო, თავისი ვენახით და ბაღით.

სტადიონი არის ჩვენს გვერდზე, რომელიც ჩვენ კბილებით დავიცავით, რომ დარჩენილიყო სდატიონად და მათ შორის ყველანაირად შევუწყვეთ ხელი, რომ შემოღობილიყო, რომ ბავშვებს ეთამაშათ და არ გამხდარიყო ვიღაცის ძროხების საძოვარი. ეს ძალიან კარგად იციან სოფელში. ძალიან დიდი მადლობა აქვთ ნათქვამი ადამიანებს და მათ შორის, ივანაშვილებს და იმ უბანს, რომლებიც ჩამოდიოდნენ და ფეხბურთს თამაშობენ, სანამ იქ ახალი სტადიონი გაკეთდებოდა. ეს უბრალოდ, ისევ არასაწორად მოწოდებული ინფორმაციაა ბიძინასთვის, რომელიც ემსახურება ქულების დაწერას.

ანუ თქვენ ახალი სახლი არ აგიშენებიათ?

- არაფერი ახალი სახლი არ აშენებულა. უბრალოდ შევაკეთე, ეს არის ჩემი სახლი. სახლი არ ამიშენებია ბორჯომში და შეკვეთილში. ძალიან ხშირად ვართ იქ. შევინარჩუნეთ ჩვენი ფუძე. თბილისში ბინა არ მქონდა, როდესაც ჭორვილაში ეს სახლი გავარემონტე. როდესაც დავიწყე ამ სახლის რემონტი, ბიძინას მიუტანეს არასწორად ენა. ეს გაკეთებულია იმისათვის, რომ თავისი ჭკუით რაღაცა აჟიოტაჟი შეექმნათ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, ეს სტადიონი იქ არის.

ეს არის ჩემი სახლი, მიშაც ჩამოდის თავისთავად, სადაც მას აქვს თავისი ადგილი. მათ შორის ძალიან ბევრი ელჩია იქ ნამყოფი. პირველად, ჩემთან ჭორვილაში აღმოჩნდა გიორგი მარგველაშვილი. ბიძინასთან შეიძლება არა, მაგრამ, მისი ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს, მის ძმასთან, მშობლებთან. ვიღაცა ცდილობს, რომ ენა მიუტანოს იმისათვის, რომ თავისი პოზიციები გამიყაროს. მაგრამ თვითონ რაში სჭირდება არასწორი ინფორმაციით აპელირება, არ ვიცი. სამწუხაროა, რომ მან ეს არასწორი ინფორმაცია გაიმეორა. ასე რომ, ჩვენ არ ვართ მტაცებლობით დაკავებული.