პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა „მოქალაქის“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს იმედები გაუცრუა. ყოველ შემთხვევაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა.
ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტთან არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა და ყურადღება იმედების გაცრუებაზე გაამხვილა.
ივანიშვილის განცხადებით, მარგველაშვილს შორის უთანხმოების მიზეზი მრჩევლის პოსტზე ვანო მაჭავარიანის დანიშვნა და პრეზიდენტის მიერ ავლაბრის რეზიდენციის დაკავება გახდა. მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მას მარგველაშვილთან ურთიერთობა არ აქვს.
„არ დავმალავ - უკეთესს ველოდი. პრეზიდენტთან პირველი ორი თვე საკმაოდ ბევრი პოლემიკა მქონდა. ჩვენს შორის გაუგებრობა მრავლად იყო. მას პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა და არჩევნების შემდეგ, მან სხვა ხასიათი გამოავლინა. 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითიც არ მახსოვს. ჩვენ არაფორმალურ ურთიერთობებს აღარ ვაგრძელებთ და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ორივე მხრიდან გადავწყვიტეთ, რომ ეს საჭირო აღარაა და საჯაროდ შეგვიძლია ვისაუბრით, თუკი მის ირგვლივ რაიმე ხდება“, - განაცხადა ივანიშვილმა, რომლის განცხადებასაც პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა მოჰყვა.
მმართველი გუნდის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს იზიარებს, მეორე ნაწილი თვლის, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ფორმაში ჯერ არ შესულა, ხოლო უმცირესობა ყოფილ პრემიერს მკაცრად აკრიტიკებს და მის პოლიტიკურ უპასუხისმგებლობაზე აპელირებს.
„მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ბიძინა ივანიშვილის პათოსს იზიარებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი დადებითი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს. ტყემალაძის მოსაზრებით, როგორც ჩანს, ივანიშვილს იმედი გაუცრუვდა და ის ამას პირდაპირ ამბობს.
„გიორგი მარგველაშვილი ამბობდა, რომ პრეზიდენტის სასახლეში არ შევიდოდა, მაგრამ შევიდა, რაც არასწორია. გიორგი მარგველაშვილს თავდაპირველად რომ ეთქვა, პრეზიდენტის სასახლეში უნდა შევიდეო, მას მხარს დავუჭერდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონ ბიძინას ვეთანხმები. რაც შეეხება ვანო მაჭავარიანს, როგორც ჩანს, ბატონმა გიორგიმ ის პოსტზე მეგობრობის ნიშნით შეარჩია, მაგრამ ეს საკითხი პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის უნდა ყოფილიყო შეთანხმებული“, - განაცხადა ტყემალაძემ.
ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე თვლის, რომ გიორგი მარგველაშვილი ყველაზე საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და ის დღესაც საკმაოდ ღირსეული პრეზიდენტია.
მარგველაშვილის დადებითად დახასიათების პარალელურად, კობახიძე ბიძინა ივანიშვილის კრიტიკასაც იზიარებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში საზოგადოება დემოკრატიისკენ ვითარდება.
„ადრე, პრეზიდენტის კრიტიკა ხდებოდა? ეს წამოუდგენელი იყო. ტაბუდადებული საკითები არ არსებობს და არც ის პირები, რომელთა კრიტიკას უნდა მოვერიდოთ. პრეზიდენტის სასახლეში შესვლასთან დაკავშირებით, მეტი სიცხადე უნდა იყოს და ასეთი გადაწყვეტილებები გუნდთან უნდა იყოს შეთანხმებული“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, გიორგი მარგველაშვილით იმედგაცრუებული არ არის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, რომელიც for.ge-ს კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის არსებულ „სამზარეულოს“ არ იცნობს.
„არ ვიტყოდი, რომ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ შიდა სამზარეულოს შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. გიორგი მარგველაშვილის საკადრო თემა თავის დროზეც ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტი იყო, რადგან „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძლიერი კადრები ჰყავს და რიგების მაინცდამაინც ნაციონალებზე დამოკიდებული კადრებით დაკომპლექტება, მიღებული არ იყო“, - აცხადებს საგანელიძე, რომლის მსგავსად, გიორგი მარგველაშვილით იმედგაცრუებული არა რის „ეროვნული ფორმის“ წევრი ანი მიროტაძე.
for.ge-სთან საუბარში ანი მიროტაძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ფორმაში ჯერჯერობით ჩართული არ არის, შესაბამისად, იმედების გაცრუებაზე საუბარი ნადრევია.
„გიორგი მარგველაშვილმა „ეროვნულ ფორუმს“ იმედები არ გაუცრუა. რაც შეეხება ივანიშვილს გაუცურა თუ არა მარგველაშვილმა იმედები, ამაში ტრაგიკულს არაფერს ვხედავ. მერე რა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ლიდერი იყო? ის გულწრფელი ადამიანია და მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილის კანდიდატურა მან შემოგვთავაზა, როგორც ჩანს, მან პოზიცია იცვალა. ბატონი ბიძინა დაგვპირდა, რომ ჩემს გუნდს გავაკრიტიკებო და ეს ცუდი არ არის. ალბათ, მეც გამაკრიტიკებს“, - აცხადებს მიროტაძე.
ოპონენტებისგან განსხვავებით, ყოფილი პრემიერის კრიტიკის შეფასებისაც რადიკალურია უმცირესობა.
for.ge-სთან საუბარში აკაკი მინაშვილი ივანიშვილს უპასუხიმგებლობაში ადანაშაულებს, გივი თარგამაძე კი, ყურადღებას მარგველაშვილის „მიჯირყვნაზე“ ამახვილებს.
გივი თარგამაძის განცხადებით, ივანიშვილმა და მარგველაშვილმა ურთიერთობა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ.
„ქვეყანაში, რეალურად ბერა ივანიშვილი მედია სივრცეს „ჯირყვნის“, უჩა მამაცაშვილი, რომელიც ყოფილი პრემიერის საყვარელი დედიაშვილია, ბიზნეს სექტორს „ჯირყვნის“, ხოლო თავად ყოფილი პრემიერი 62 პროცენტით არჩეულ პრეზიდენტს „ჯირყვნის“ და მას ამომრჩევლები აზრი ფეხებზე კიდია“, - განუცხადა for.ge-ს თარგანაძემ, რომლის პათოსსაც იზიარებს აკაკი მინაშვილი.
კანონმდებელის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი საქმეებზე არ საუბრობს და მისი სტილი ჭორაობაა.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დე-ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილია. როგორც ჩანს, მისი სიტყვას ფასი არ გააჩნია და ეს დადასტურდა გუშინ. რამდენიმე თვის წინ ის იძახდა, რომ გიორგი მარგველაშვილი ღირსეული კანდიდატი იყო, ხოლო გუშინ თქვა, რომ იმედები გამიცრუაო. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ივანიშვილი ამომრჩევლის მიმართ უპასუხისმგებლოა“, - განაცხადა მინაშვილმა.
თუ რას ფიქრობს ყოფილი პრემიერის განცხადებებზე საქართველოს პრეზიდენტი, ამას საზოგადოება 15:00 საათზე გაიგებს, რადგან არსებული ინფორმაციით, ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის პრესკონფერენცია დაინიშნა. პრესკონფერენციის თემა ყირიმში განვითარებული მოვლენებია. თუმცა, მას მედია პასუხს სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე მოსთხოვს.