თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნება“ „ეროვნულმა ფორმუმმა“ დატოვოს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, გუბაზ სანიკიძის გუნდთან დაპირისპირება დღითიდღე მატულობს.
წყაროს ცნობით, ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის დახურულ შეხვედრაზე, „ეროვნულმა ფორმუმმა“ მოითხოვა, რომ 15 ივნისის საარჩევნო სიებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ „პორტირებული“ პირები არ მოხვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორუმს მმართველი გუნდის დატოვება მოუწევს.
თუ რა შედეგით დასრულდება „ეროვნულ ფორუმსა“ და კოალიციის სხვა პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ გუბაზ სანიკიძე, რომ მმართველი გუნდის მუშაობით კმაყოფილი არ არის, ეს ცნობილი იმ პარტიული ღონისძიებიდანაც გახდა, რომელიც ერთ-ერთმა გაზეთის ჟურნალისტმა ფარულად ჩაიწერა.
კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, ნაძალადევის რაიონში „ეროვნული ფორუმის“ პარტიულ კონფერენციაზე, გუბაზ სანიკიძემ მთავრობის წევრები მკაცრად გააკრიტიკა. დადებითად დავით სერგეენკო და დავით ნარმანია დაახასიათა, ხოლო დანარჩენ მინისტრებზე აღნიშნა, რომ „ისინი დედამიწას არ ეტყობიან“.
ამას გარდა, სანიკიძემ პარტიულ გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ეროვნული ფორუმის“ კოალიციიდან გასვლის საკითხი უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა.
„ყრილობისთვის ვემზადებით, სადაც უნდა განვიხილოთ, რას ვაპირებთ. შეიძლება, ერთი წევრი ადგეს და გვითხრას, მოდი რა, გავიდეთ და ცალკე „შევუბეროთო“. თუ ამას უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ამას დავემორჩილებით, ოღონდ ერთი პირობით: თვითონ პარტიის ყველა წევრმა უნდა ვაგოთ პასუხი, რა დაემართება შემდეგ „ეროვნულ ფორუმს“ - ქართველი ხალხი გმირებად ჩაგვთვლის თუ მოღალატეებად?! ამ მოსაზრებაზე დღე და ღამე ვფიქრობ. საბჭოში სამი ადამიანი ვართ - კახა შარტავა, რეზო შავიშვილი და მე. რეზო შავიშვილს ჰქონდა მოსაზრება, მოდი რა, ცალკე გავიდეთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონში გამოსვლისას სანიკიძემ, რომელიც დღეს პარლამენტში არ გამოცხადებულა.
იქედან გამომდინარე, რომ გუბაზ სანიკიძე დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, ის ბიუროს სხდომებს თითქმის არ აცდენს, თუმცა, დღეს, ის საკანონმდებლო ორგანოში არ გამოჩენილა.
გაურკვეველია, სანიკიძის ბიუროზე არდასწრების მოტივი მისი სკანდალური განცხადების გასაჯაროვება გახდა, თუ სხვა მიზეზი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ „გუბაზი ის აღარ არის, ვინც 1-ელ ოქტომბრამდე იყო“.
თუ წლების განმავლობაში, გუბაზ სანიკიძე აქტიური რესპოდენტი იყო, ის მერვე მოწვევის პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს ყოველთვის გაურბის. სანიკიძის ჩაწერა უფრო ძნელი გახდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის.
ამა თუ იმ საკითხზე for.ge-მ სანიკიძის ჩაწერა არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. მას ჩვენს კითხვებზე ყოველთვის ერთი პასუხი აქვს - „არ ვიცი“.
აღსანიშნავია, რომ მედიის გარდა, გუბაზ სანიკიძე არც საპარლამენტო ტრიბუნას სწყალობს. პოლიტიკური დებატების დროს, სანიკიძე ტრიბუნასთან იშვიათად გამოდის და მაშინაც ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობას უთმობს, მაშინ, როდესაც თურმე, მას ამ ხელისუფლების მიმართაც „რამდენი რამ ჰქონია სათქმელი“.
საგულისხმოა ერთი დეტალიც - თუ მედიისთვის გუბაზ სანიკიძესთან კომენტარის ჩაწერა გახდა საოცნებო, ქუთაისელებს მისი დანახვაც ენატრებათ. მიუხედავად იმისა, რომ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია, ის ქუთაისელებს დიდი ხანია არ უნახავთ. რეგლამენტით, არასასესიო კვირის პერიოდში, მაჟორიტარი დეპუტატი ამომრჩეველს უნდა ხვდებოდეს, მაგრამ ისევე როგორც ბევრ სხვა დეპუტატს, სანიკიძესაც საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა მაჟორიტარის ბიუროსთვის აქვს მინდობილი.
მართალია, სანიკიძე „მიუწვდომელ“ პოლიტიკოსად იქცა, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტში საკმაოდ აქტიურია „ფორუმელი“ ანი მიროტაძე, რომელსაც პარტიულ გეგმებთან დაკავშირებით for.ge ესაუბრა:
ქალბატონო ანი, „ეროვნული ფორუმის“ კოალიციიდან გასვლის საკითხი განიხილება?
- მსგავსი საკითხი არ დასმულა, თუმცა, 12 ათასიან პარტიაში შეიძლება ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდეს, რაც მისი უფლებაა. პირადად მე გეტყვით, რომ „ეროვნული ფორუმი“ კოალიციაში რჩება.
თუმცა, თქვენი ლიდერი მმართველი გუნდის საქმიანობას მკაცრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ყოფილი ნაციონალებით გაივსო. მისი თქმით, „ისემც უქნიათ, შიგნით ყიზილბაშები შეუყვანიათ!“...
- პარტიულ აქტივთან შეხვედრაზე, რას იტყვის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ეს მისი საქმეა. თუმცა, მიმაჩნია, რომ გუბაზს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. გუბაზმა თქვა, რომ სხვა პარტიებში რაც ხდება, არავის საქმე არ არის, მაგრამ კოალიციაში რაც ხდება, ის გვაწუხებს. ეს არ არის ჩასაფრებული ადამიანის პოზიცია, არამედ იმას ვამბობთ, რაც გვტკივა. არ ვაპირებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ამხანაგები ვიყოთ.
გუბაზ სანიკიძის მსგავსად, თქვენც მიიჩნევთ, რომ ეფექტური მხოლოდ ორი მინისტრია, დანარჩენები კი, „დედამიწას არ ეტყობიან“?
- გუბაზს ვეთანხმები, რომ ეფექტური მინისტრები ნარმანია და სერგეენკო არიან, მაგრამ მათ რიგებს თამარ სანიკიძესა და ირაკლი ალასანიას დავუმატებდი, რომლებიც კარგად მუშაობენ.
გასაგებია, რომ მინისტრების საქმიანობა არ მოგწონთ, მაგრამ „ეროვნული ფორუმის“ მუშაობით კმაყოფილი ხართ? ამ მოწვევის პარლამენტში „ფორუმი“ და თავად გუბაზ სანიკიძე არ ჩანან. პრობლემებს თქვენში ვერ ხედავთ?
- მოხარული ვიქნები, თუ „ფორუმის“ მუშაობაზე სხვებიც ისაუბრებენ. რაც შეეხება აქტიურობას, ამ ეტაპზე იმ დოზით ვჩანვართ, რა დოზითაც უნდა ვჩანდეთ. შესაძლოა, მალე უფრო აქტიურები ვიყოთ.