ცილისწამება და მცდარი ინფორმაციის გავრცელება დასჯადი ხდება

ცილისწამება და მცდარი ინფორმაციის გავრცელება დასჯადი ხდება

გერმანიაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტერნეტში ე.წ. სიძულვილის შემცველი შეტყობინებების სავარაუდო ავტორების წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა. პოლიცია, სპეცოპერაციის ფარგლებში, 170 სახლში შტურმით შევიდა. შს მინისტრმა, ჰერბერტ როილმა განაცხადა, რომ „ციფრული წამქეზებლები“ კლავიატურებს ვეღარ ამოეფარებიან. მისი კრიტიკოსები აცხადებენ, რომ სიტყვის თავისუფლება ახლა მიკროსკოპის ქვეშაა.

მედიის ცნობით, ბოლო წელს, სიძულვილის შემცველი შეტყობინებები 34%-ით გაიზარდა, რამაც ხელისუფლებას ონლაინ წაქეზების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ უბიძგა. ანალოგიური ვითარებაა ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში, რაც კანონით მკაცრად რეგულირდება. თუმცა, საქართველოში აკრედიტირებული ევროპელი დიპლომატები თვლიან, რომ საქართველოში ეს დაუშვებელია.

ასეთია, აგრესიული ლიბერალური დასავლეთის პოლიტიკა პატარა სახელმწიფოების მიმართ, მაგრამ პატარა საქართველო ლიბერალურ დღის წესრიგს ოფიციალურად აუჯანყდა და მიუხედავად მუქარისა და შანტაჟისა, არ ემორჩილება ლიბერალურ დღის წესრიგს. მმართველმა გუნდმა მოამზადა კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მთელი რიგი ცვლილებები შედის. მათ შორის სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება.

გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. ასევე, ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით - ვერბალურად, უხამსი ან სხვაგვარი ქმედებით, ნებისმიერ ვითარებაში - სასამართლო სხდომაზე თუ საჯარო სივრცეში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

რაც შეეხება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს, უქმდება კანონის ნორმა, რომლის მიხედვით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის ამოქმედების შედეგად, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ყველა ამ მანკიერ გამოვლინებას უნდა დავუპირისპირდეთ, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, კანონპროექტი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან.

„დღევანდელი პრაქტიკა არის ის, რომ არავითარი ზღვარი არ აქვს არც შეურაცხყოფას, არც ცილისწამებას და ეს არის საზოგადოების პრობლემა. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ყველა ამ მანკიერ გამოვლინებას უნდა დავუპირისპირდეთ. ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ჩვენ რაზეც ვმსჯელობთ, ყველაფერი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან. ამ ძირითადი უფლების ფარგლებში ყველა საჭირო ზომა უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს კანონპროექტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებას ემსახურება.

„რეალურად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ემსახურება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. თქვენ გახსოვთ როგორი პროცესები წარიმართებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ - პირდაპირი უხეში ჩარევის ფაქტები. კარგად გახსოვთ, როგორ დაიბარა, მაგალითად, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ერთ-ერთი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე და როგორ მოსთხოვა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლიანობა. თუმცა ფაქტი დარჩა ფაქტად და არავის აშშ-ის საელჩოდან ამ უხეში ჩარევისთვის, სამწუხაროდ, პასუხი საზოგადოების წინაშე არ გაუცია. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას სჭირდება დამოუკიდებლობის განმტკიცება. ყველა ის ცვლილება, რომელიც არის ასახული კანონპროექტში, რომელსაც განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ემსახურება სასამართლოს და ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე აცხადებს, რომ ორივე ცვლილება დროული და საჭიროა, რადგან დღეს ინტერნეტ სივრცე ცილისწამების და მცდარი ინფორმაციის გავრცელების წყაროდ იქცა. მისი თქმით, არც ჟურნალისტები და არც მოქალაქეები არ იჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და ისინი თითქოს ერთმანეთს ცილისმწამებლურ განცხადებებში ეჯიბრებიან.

„ორივე ცვლილება დროული და საჭიროა, რადგან დღეს ინტერნეტ სივრცე ცილისწამების და მცდარი ინფორმაციის გავრცელების წყაროდ იქცა. არც ჟურნალისტები და არც მოქალაქეები არ იჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას, ისინი თითქოს ერთმანეთს, ცილისმწამებლურ განცხადებებში ეჯიბრებიან. შესაბამისად აღნიშნული სფეროს დარეგულირება აუცილებელია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მიდგომა ქართული „ნოუ ჰაუ“ არ არის, ის აპრობირებული მეთოდია დასავლეთში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და ა.შ. დიდ ბრიტანეთში ბოლო წლების განმავლობაში ათობით ათასი ადამიანი დააკავეს (ინტერნეტ სივრცეში ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის) გერმანიაში კი დღის განმავლობაში 170-მდე ოპერაცია ჩატარდა, რომლის მიზანი დეზინფორმაციასთან და ცილისწამებასთან ბრძოლა იყო.

ჩვენ, რეალურად, კანონმდებლობის დასავლურ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ვახდენთ. რაც შეეხება სასამართლო დარბაზებში გადაღების აკრძალვას, ჩვენ ვხედავთ, რომ სხდომებს წარმოდგენის დასადგმელად იყენებენ, მათ შორის ტელევიზიის თუ მედიის სხვა წარმომადგენლები, რაც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს უშლის, მოსამართლეზე ზეწოლის, პროცესის ჩაშლის უფლება არავის აქვს, მათ შორის არც ჟურნალისტს, შესაბამისად აღნიშნული ცვლილება სასამართლო სისტემას გარე ჩარევებისგან იცავს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ჩიხელიძე იხსენებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ ოპოზიციის და ჩვენი დასავლელი მოჩვენებითი პარტნიორების შეფასებას, რომ აღნიშნული კანონი იყო რეპრესიული, თუმცა ანალიტიკოსის განცხადებით, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, იმავე კანონის მიღება ევროპის მრავალ ქვეყანაში და თვით ევროკავშირშიც კი დააინიცირეს.

„გარდა ამისა, გვახსოვს ფოიერვერკების სროლის გამო, გამოძიების დაწყებაზე აღშფოთებული დასავლეთი, მაშინ როცა ანალოგიური ქმედებისთვის გერმანიაში რამდენიმე ათეული პირი დააპატიმრეს, რასაც არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, რადგან ეს დასავლეთისთვის ნორმაა, ჩვენთვის კი დანაშაული. ეს ნათელი მაგალითებია, რომ დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რათა საკუთარი მერკანტილური ზრახვები განახორციელოს, რისთვისაც ისინი ჩვენს ოპოზიციას იყენებენ, რომელთაც ანალიზს და ფიქრსაც კი უკრძალავენ. მათ ბატონების პოზიცია პირდაპირ უნდა გაჟღერონ, რის გამოც ხშირ შემთხვევაში, მრავალი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განცხადების გაკეთება უწევთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ სასამართლო სხდომების ფოტო ვიდეო ფიქსაციის აკრძალვას თავის არგუმენტები აქვს, რაც მისი აზრით, აშკარად აჭარბებს ყურით მოთრეულ და უკვე გვარიანად მოყირჭებულ არგუმენტს სახელწოდებით „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“. კერძოდ, მოწმეებზე ზემოქმედება, ჩვენების დამახინჯების რისკი მრავალი კამერის გავლენის ქვეშ, გარდა ამისა, პროცესში მონაწილეთა კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობა.

„ეს ეხება არა მხოლოდ ბრალდებულებსა და მოწმეებს, არამედ პირად ინფორმაციასაც, რომელიც შეიძლება შემთხვევით იყოს აღბეჭდილი ვიდეოზე ან ფოტოზე: დოკუმენტებზე ტელეფონის ნომრები, საცხოვრებელი მისამართები, საქმესთან კავშირში არმყოფი ოჯახის წევრების სახეები და ა.შ. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, მათ შორის უსაფრთხოების დარღვევის საშიშროება, კონფიდენციალურობის დარღვევა, ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებთან დაკავშირებულ ან სექსუალური ძალადობის შემთხვევებში, მონაწილეთა ნებისმიერმა ვიზუალურმა გამოსახულებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს“, - წერს ანჯაფარიძე.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, საქართველოს შემთხვევაში, ბოლო დროს მოხშირებულმა არასანქცირებულმა ფოტო ვიდეოგადაღებებმა სასამართლო პროცესებზე დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი და კონკრეტული საქმეების ირგვლივ ხელოვნურად შექმნა ნეგატიური საზოგადოებრივი ატმოსფერო.

„სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასამართლო პროცესით მანიპულირება სწორედ ფოტო-ვიდეო გადაღებების მეშვეობით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფოტო და ვიდეო მასალის ტირაჟირებით, და მათი სპეკულაციური ინტერპრეტირებით, რეალობის დამახინჯებით, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. დაბოლოს, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, მარტივია სასამართლო სხდომიდან სასურველი შინაარსის ვიდეომონტაჟი და „ფეიქ“- ამბების გავრცელება“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

Gami ორივე კანონი /ცვლილება/ დროულია, ადრეც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ რას ჰგავს მოსამართლეებისთვის ხელფასის მომატება!
4 საათის უკან
მარბიელი სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
3 საათის უკან