ოპოზიციური წინასაარჩევნო ალიანსები და რუსული ფულის ხიბლი

ოპოზიციური წინასაარჩევნო ალიანსები და რუსული ფულის ხიბლი

„საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და ნინო ბურჯანაძის პარტიამ – „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ – შესაძლოა, კოალიცია შექმნან. ყოველ შემთხვევაში, ამისი შესაძლებლობა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი თარგამაძემ არ გამორიცხა (ქდმ-ს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი ახვლედიანი ასრულებს). კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ბურჯანაძემ ქდმ-ს ყიდვა მოახერხა.

ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა „ქრისტიან-დემოკრატები“ ნინო ბურჯანაძის პარტიასთან კოალიციაში ვიხილოთ, გიორგი თარგამაძემ უპასუხა: „რატომაც არა“. როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძის მოთხოვნას - ჩემს საარჩევნო სიაში იმათ ჩავწერ, ვინც ჩემს პარტიას შემოუერთდებაო - ჯერჯერობით მხოლოდ ქდმ გამოეხმაურა. გავრცელებული ინფორმაციით, ბურჯანაძე და ქდმ მერობის პოსტზე არა მხოლოდ ერთიანი კანდიდატით, არამედ, ერთი პარტიითაც გამოვლენ. წინასწარი ინფორმაციით, ბურჯანაძე მერობის პოსტზე ირაკლი ბათიაშვილს ლობირებს.

საბოლოოდ რა კონფიგურაციები ჩამოყალიბდება არასაპარლამენტო ოპოზიციურ ფრონტზე, ძნელი სათქმელია. თუკი ისეთმა, რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის პარტიებმა მონახეს საერთო, როგორიც ქდმ და ბურჯანაძის პარტიაა, არაფერი აღარ უნდა გაგვიკვირდეს. ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ შესაძლოა, წინასაარჩევნოდ კიდევ ერთ დიდ კოალიციას ჩაეყაროს საფუძველი - ლოგიკურად ეს უფრო მომგებიანი იქნება პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციისთვის, თუმცა ქართველი პოლიტიკოსების ამბიციებიდან გამომდინარე, რაციონალიზმი ყოვეთვის დაჩაგრულ პოზიციაში რჩება-ხოლმე.

რას აპირებენ კახა კუკავა, „ახლები“ ან ედპ - უცნობია, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ახალი კოალიციის იდეა ცსკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილსაც გააჩნია, ხოლო შალვა ნათელაშვილი კვლავ მარტო აპირებს ბრძოლას.

რა პერსპექტივები შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციურ ფრონტზე ამის შესახებ ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

ბატონო რამაზ, იმდენად არაორდინალურ ალიანსზეა საუბარი ქდმ-სა და ბურჯანაძის გაერთიანების შემთხვევაში, რომ ხომ არ არის მოსალოდნელი, წინასაარჩევნოდ ეს ალიანსი ერთ კოალიციად ან დიდ საარჩევნო ბლოკად ვიხილოთ?

- შეიძლება ეს იყოს ერთი რგოლი უფრო დიდი გაერთიანებისა იმ პარტიებს შორის, რომლებიც პარლამენტს გარეთ არიან და მაშინ, ამ ნაბიჯს სხვა მნიშვნელობა აქვს. თუ გაერთიანება მხოლოდ ამ ნაბიჯზე დარჩება და მეორე მხარეს დადგება „ქართული დასი“ და „თავისუფალი საქართველო“, მაშინ სხვა მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, თუ ასე ცალ-ცალკე გაერთიანდებიან, მცირე-მცირე ჯგუფებად, არასაპარლამენტო ოპოზიცია გარდა ხმების გაყოფისა, სხვას ვერაფერს მიიღებს - ერთმანეთის მარცხს შეუწყობენ ხელს.

თუ მთლიანად გაერთიანდა არასაპარლამენტო ოპოზიცია, მაშინ ექნებათ შანსი მიიღონ იმ ადამიანთა ხმები, რომლებიც უკმაყოფილო არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“. ოღონდ გარდა მათით უკმაყოფილებისა, სასურველია ამ გაერთიანებამ თავისი პოზიციური იერი ჩამოაყალიბოს ისეთი, რომ მიიზიდოს ხმები, რადგან თითოეულ პარტიას, ცალ-ცალკე არსებულს, დიდი ხანია უკვე იცნობს ქართული საზოგადოება.

ამიტომ, მარტო გაერთიანება შეიძლება, მიმზიდველი არ იყოს, კიდევ უნდა დაემატოს პლატფორმაში, პოზიციაში, პოლიტიკაში რაღაც სიახლე, განსხვავებული ორი დიდი ჯგუფის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნებისაგან“.

რეალურად რომ ვთქვათ, გააჩნიათ ამ პარტიებს ის პოტენციალი, ალტერნატიული სერიოზული პოლიტიკური ცენტრი რომ შექმნან?

- საპრეზიდენტო არჩევნებმა გვიჩვენა, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის პრეტენზია არასაპარლამენტო ოპოზიციას მიკუთვნებულ, ბურჯანაძის პარტიას შეიძლება ჰქონდეს - მისი პირველი პირი, ბურჯანაძე სერიოზული შედეგით გამოვიდა იმ არჩევნებიდან -10%-ით.

რაც შეეხება, იქნება თუ არა უფრო პროდუქტიული მისი და „ქრისტიან-დემოკრატების“ ალიანსი, ძნელი სათქმელია. შეიძლება პირიქით, ორივემ დაკარგოს ხმები, იმიტომ, რომ მათ ძალზე განსხვავებული ელექტორატი ჰყავდათ. ბურჯანაძის ელექტორატი იყო რადიკალურად ნაციონალების წინაამდეგი, თარგამაძის ელექტორატი კი ნაციონალების „კოსმეტიკური რემონტის“ მომხრე იყო და ამ გაერთიანებით შესაძლოა, ორივემ დაკარგოს თავ-თავიანტი ელექტორატის რაღაცა ნაწილი - ამ გაერთიანებაში თითოეული მათგანი რაღაც რისკზე წავა.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ შეიძლება ხიბლავდეთ რაღაც, რაც ბურჯანაძისა და ქდმ- ირგვლივ გააერთიანებს?

- გამბედაობა, რადიკალიზმი, ვაჟკაცობა იყო ის ნიშნები, რომლითაც ბურჯანაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიზიდა ხმები. საპრეზიდენტო არჩევნები პერსონებზე, პიროვნებებზე ორიენტირებული არჩევნებია და პიროვნულ თვისებებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ანალოგიური დამოკიდებულება ამ არჩევნებში არ იქნება, რადგან რამდენი საარჩევნო ოლქიცაა, იმდენ პიროვნებაზე იქნება საუბარი, მაგრამ შეიძლება, რაღაც ზოგადი პლატფორმა შეიმუშავონ ისეთი, რომელიც უფრო მიმზიდველი იქნება საზოგადოებისათვის და რომლის მიმტანი საზოგადოებასთან იქნება ამ გართიანების თითოეული წარმომადგენელი. ჯერჯერობით, ასეთი პოლიტიკრი პლატფორმა არ ჩანს, არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა.

წინა არჩევნების დროს ხშირად ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას მთავარ ოპოზიციურ ძალად აწყობდანაციონალური მოძრაობადა რომ ყველაფერს გააკეთებდა, მის მეორე ადგილზე გასაყვანად. ამ არჩევნებზე რამდენად აწყობს ხელისუფლებას ანალოგიური კონფიგურაცია? თუ მხოლოდ არასაპარლამენტო ოპოზიციის მარიფათზე იქნება დამოკიდებული საკუთარი წარმატება?

- ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილებს სხვადასხვა წონა აქვს. საპარლამენტო არჩევნებში ეს დეპუტატების გარკვეულ რაოდენობას ნიშნავს, ადგილობრივ არჩევნებში კი ქვეყნის მასშტაბით პირველი-მეორე ადგილები არაფერს არ ნიშნავს, გარდა პოლიტიკური რეიტინგებისა.

გააჩნია, რა რეგიონებში აიღებ პირველ ან მეორე ადგილს, რამდენად წარმომადგენლობითია ეს რეგიონი და ა.შ. ანუ, ფაქტობრივად, ეს არის რეგიონის მართვის ადგილები და რეგიონებზეა დამოკიდებული, რამდენად მნიშვნელოვანია პირველი, მეორე ან მესამე ადგილის აღება.

მგონია, რომ ხელისუფლების ამოცანა იქნება ყველა დიდ რეგიონში პირველი ადგილის აღება და საკუთარი პოზიციების გამყარება. უფრო წვრილ და ნაკლები დატვირთვის მქონე რეგიონებში ვინ გავა, ამას სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიისთვის არ ექნება მნიშვნელობა.

ყველასათვის ცნობილია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საკმაოდ ღარიბები არიან, არჩევნებში კი დიდი მნივნელობა ენიჭება ფინანსებს. ბოლო პერიოდში საექსპერტო წრეებში არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ამ მომენტითაც ისარგებლოს რუსეთმა და საქართველოში თავისი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებაზე იზრუნოს. თქვენი შეფასებით რამდენად რეალური საფრთხეა?

- თავს უფლებას მივცემ, ექსპერტებს შევეკამათო, რადგან არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ გაუკეთებია რუსეთისთვის ისეთი მოცულობის სამუშაო, როგორიც ხელისუფლებაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. მან ტერიტორიების დიდი ნაწილი დაუკანონა, უფრო სწორად, საბაბი მისცა დაეკანონებინა; ბიზნესის დიდი ნაწილი დაუთმო და იმ რიტორიკით, რომ რუსეთს ვებრძვიო, დააფრთხო დასავლეთის ინვესტორები - ესეც დამატებითი ბერკეტი იყო რუსული კაპიტალისთვის გზის გახსნისა საქართველოსკენ. რომელ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას შეუძლია ეს გააკეთოს?!

მათ არ აქვს ასეთი ბერკეტები ხელთ, თუმცა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი ღიად მართავდა რუსეთთან მოლაპარაკებებს და თავიანთ კავშირებს არც მალავენ...

- ღიად რომ აწამოებდნენ მოლაპარაკებას რუსეთთან, ეს საფრთხეს არ შეიცავს, მაგრამ ღიად რომ არ აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსეთთან და იქცეოდა ისე, როგორც რუსეთს სჭირდებოდა, მოდით, იმ პარტიებს დავაკვირდეთ.

თვლით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ შეიძლება გამოიყენონ რუსული ფული?

- ფული შეიძლება, ყველამ გამოიყენოს, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ რუსული დაკვეთა შეასრულო, ამის უნარი ვის აქვს, შეხედეთ.

ვის აქვს? „ნაციონალურ მოძრაობას“ ალბათ, უკვე აღარ - ის აღარ არის ხელისუფლებაში...

- საკმაოდ დიდი დოზით მაინც აქვს, როგორც იერარქიულად ყველაზე მაღლა მდგომს ოპოზიციაში.

რა შეუძლია რომ გააკეთოს?

- თავისი განცხადებებით მისცეს სხვა ქვეყნებს საფუძველი, რომ აი, წამყვანი პარტიების განცხადებები აძლევთ მათ რაღაც მოქმედების საბაბს... მაგრამ კოლეგებს კიდევ ერთ საკითხში შევეკამათებოდი - მეჩვენება, რომ ძალიან მარტივად ვწყვეტთ რუსეთის საკითხს.

ყველას აქვს იმის განცდა, რომ ვიცით, რა უნდა რუსეთს. რუსეთს უნდა ომი, არეულობა და ა.შ. მოდით, ნუ ვიქნებით ამ შემთხვევაშიც „რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკე“, რადგან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჯერ თვითონ რუსეთმა იცის, რა უნდა.

დავაკვირდეთ ზოგიერთ დეტალს, რომელიც დღეს ხდება რუსულ-უკრაინულ ურთიერთობაში.

პუტინმა, მაგალითად, ორი წლის წინ გამოაცხადა, რომ უნდა გავუწიოთ ანგარიში მთელი უკრაინული მოსახლეობის აზრსო. ეს ძალიან საინტერესო განცხადებაა იმ თვალსაზრისით, რომ პუტინის გარემოცვიდან საქართველოში მყოფმა რამდენიმე ექსპერტმაც გაუსვა ხაზი, რომ საბოლოო ჯამში, უკრაინის სახელმწიფო მოწყობაზე, მის ფედერალიზაციაზე იქნება ლაპარაკი, მთელი ეს ძვრები მაგისკენ წავაო.

ასე რომ, გამორიცხული არ არის, უკრაინის დღევანდელი მწვავე მდგომარეობის არამწვავე დასასრული შეიძლება აღმოჩნდეს მისი ფედერალური მოწყობა და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ეს მოდელი გადმოვა საქართველოზეც.

გამორიცხული არ არის, რომ ეს იყოს რუსეთისთვის შექმნილი სირთულეებიდან გამოსავალის ერთ-ერთი ფორმა. არ არის გამორიცხული, რომ პუტინმა ამაზე შეაჩეროს არჩევანი და არა მარტო არევაზე, სროლაზე და ა.შ. იმიტომ, რომ ყველა ეს აგრესიული ნაბიჯი მას დასავლეთთან სირთულეებს უქმნის.

თუ ამ მხრივ დავაკვირდებით მოვლენებს, ფორმულა, რომელ ოპოზიციურ პარტიებს ეყრდნობა რუსეთი საქართველოში, შეიძლება ღიმილისმომგვრელი გახდეს.

ანუ, შეგვიძლია, ვთქვათ, რუსეთს საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენი არ სჭირდება - ყველაფერი სხვაგან, გლობალურ მასშტაბებში წყდება?

- როდესაც ასე კატეგორიულად აცხადებ, რომ ეყრდნობა, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ ეყრდნობა, რა უნდა. ვიცით, რა უნდა რუსეთს და რას რაში გამოიყენებს?!

გამოდის, ოდნავ მოგვიანებით მოიცლის საქართველოსთვის?

- რა თქმა უნდა. შესაძლოა, ერთ-ორ კვირაში უკვე გამოიკვეთოს.

ანუ საქართველოს რუსეთისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს და ამიტომ პოლიტიკური გავლენებიც ნაკლებად სჭირდება?

- ქართველებმა კარგად დავინახეთ და ვინც ვერ დაინახა, მისი პრობლემაა, რომ დასავლეთმა განსხვავებული რეაქცია მისცა საქართველოში და უკრაინაში რუსეთის მოქმედებას. რუსეთის მოქმედება საქართველოს მიმართ გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე უკრაინის მიმართ და დასავლეთის რეაქცია უკრაინასთან დაკავშირებით გაცილებით მძაფრი იყო ვიდრე საქართველოსთან დაკავშირებით. ასე რომ, ერთი მარტივი დასკვნა გამომდინარეობს - ჩვენ უფრო ნაკლები მნიშვნელობის ვართ, ვიდრე უკრაინა დასავლეთისთვის. თუ დასავლეთისთვის უფრო ნაკლები მნიშვნელობის ვართ, რუსეთისთვის რატომ უნდა ვიყოთ უფრო დიდი მნიშვნელობის, ამაზე არ ვფიქრდებით. თუ საკუთარი თავის გარდა არაფერზე საუბარი აღარ შეგვიძლია?- ამას ეგოცენტრულობა ჰქვია.