უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, აქვთ მტკიცებულებები იმისა, რომ რუსები ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ, თუმცა არ აკონკრეტებს თუ რომელი ევროპული სახელმწიფო შეიძლება გახდეს მოსკოვის მორიგი მსხვერპლი. ექსპერტულ წრეებში ზელენსკის ამ განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა: ნაწილი თვლის, რომ უკრაინის პრეზიდენტი ცდილობს დასავლეთს ყურადღება არ მოადუნებინოს რუსეთთან მიმართებაში, ახლო აღმოსავლეთში ახალი კონფლიქტური კერის გაჩენის ფონზე.
სამხედრო ექსპერტის, ამირან სალუქვაძის შეფასებით, თუ ვარაუდს დავუშვებთ, რომ ზელენსკის განცხადება რეალობასთან ახლოსაა, რუსეთის ახალი სამიზნე შესაძლოა ბალტიის ის ქვეყნები გახდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგებნლობაში შედიოდნენ. თუმცა, სალუქვაძემ მსგავს შესაძლებლობას თითქმის გამორიცხავს.
„ზელენსკის გარკვეული მიზნები ამოძრავებს, რომ მის მხარდასაჭერად განწყობები რუსეთის წინააღმდეგ არ განელდეს ახლო აღმოსავლეთში, ახალი ომის ფონზე. ის ცდილობს, რომ ევროპაში ანტირუსული განწყობები არ განელდეს, პირიქით - გააქტიუროს მისი მოკავშირეები.
ჩვენ ვარაუდის დონეზე რომ დავუშვათ ზელენსკის ეს განცხადება, პირველ რიგში, ესენი იქნებიან ბალტიის ქვეყნები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ და რომელი ქვეყნებიც ყველაზე ახლოს არიან რუსეთთან. თუ ომის დინამიკას დავაკვირდებით, რუსეთს ჯერ უკრაინაში აქვს პრობლემები მოსაგვარებელი და ამოცანები გადასაჭრელი - არ მგონია, რომ პარალელურად თუ შემდგომში, წლების შემდეგ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, რუსეთს ჰქონდეს იმის რესურსი, რომ 500-მილიონიან ევროპას მიადგეს, რომლის უკან ამერიკა და კანადა არიან - ასე რომ, ეს არ მიმაჩნია რეალისტურად“, - განაცხადა სალუქვაძემ.
ზელენსკის თქმით, მან მოისმინა უკრაინის დაზვერვის უფროსის, კირილ ბუდანოვის ანგარიშს და ბევრი დეტალია რუსეთში არსებული ვითარებისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიის შესახებ: „ჩვენ ვიცით აგრესორი სახელმწიფოს ძირითადი დაუცველობები და შესაბამის დარტყმას მივაღწევთ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად, ასევე, რუსეთის აგრესიის უნარის მნიშვნელოვნად შესამცირებლად. ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის ხელმძღვანელობაში ინტელექტუალური დაცემის მუდმივ ტენდენციას და გვაქვს მტკიცებულებები, რომ ისინი ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ“.
მისივე თქმით, უკრაინა ასევე ხედავს რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზე სანქციებით მიყენებულ ძალიან ხელშესახებ ზიანს, რაც ადასტურებს უკრაინის კურსის სისწორეს, რომელიც რუსეთს ომის დასრულებას სანქციების გამკაცრებითა და ზეწოლის სხვა ფორმებით აიძულებს.
„ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვაცნობებთ ჩვენი დაზვერვის სამსახურების მიერ მოპოვებული ფაქტების შესახებ. ჩვენ ვამზადებთ თავდაცვის ერთობლივ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირთან. მადლობას ვუხდი ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ამირან სალუქვაძის თქმით, დღეს მსოფლიო ლიდერები პრობლემების მოსაგვარებლად არა თუ დიპლომატიურ დიალოგს მიმართავენ, არამედ ერთმანეთს იარაღითა და ქვემეხებით ემუქრებიან.
„საერთოდ, რაც ხდება მსოფლიოში, ყველაფერი სიგიჟეა - ახლა ახლო აღმოსავლეთში რაც მძვინვარებს, საშიშია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. უზარმაზარი ბირთვული არსენალის მქონე სახელმწიფო დაპირისპირებულია ლამის ნახევარ მსოფლიოსთან. თუ იმ კუთხით შევხედავთ, რომ მსოფლიო უფრო და უფრო შეშლილი ხდება, გამორიცხული არაფერია მომავალში. რუსეთს რომ ყველა მხრიდან თანდათან უახლოვდება კონფლიქტები, ესეც სახეზეა.
ირანის შემდგომი სამიზნე ანუ შემდგომი ცხელი წერტილი შესაძლოა შორეულ აღმოსავლეთში ან რუსეთთან ახლოს იყოს. ბოლო წლების ტრენდია, რომ დიპლომატია ჩაანაცვლა იარაღმა, ქვემეხებმა - ქვეყნის ლიდერები გადაეჩვივნენ ერთმანეთთან საუბარს“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთი ნატო-ს პირდაპირ საფრთხედ რჩება. მისი თქმით, ალიანსში „კვლავ სჯერათ, რომ უკრაინისთვის ნატოსკენ გზა შეუქცევადია“.
„რა თქმა უნდა, ამ ალიანსის წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ რუსეთის ფედერაცია რჩება. მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ჩინეთის, ასევე ბელარუსის მხარდაჭერით აგრძელებს. ჩვენ ყველას მშვიდობა და ამ საშინელი ომის დასრულება გვსურს.
გასულ წელს ვაშინგტონში ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ალიანში გაწევრიანების შეუქცევადი გზა არსებობს. ეს დღესაც ასეა და ამ სამიტის შემდეგაც ასე იქნება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინას ის ჰქონდეს, რაც მას დღეს თავის დასაცავად სჭირდება და მომავალში შეკავებისთვის დასჭირდება. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და ის გაგრძელდება“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.