გახარია გაიქცა

გახარია გაიქცა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს ვადას, იმისათვის, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს. გერმანიაში მყოფი გახარია for.ge-ს ინფორმაციით საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ყოფილმა პრემიერმა იცის, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 15-წლიანი მუხლით უპირებენ შესახლებას. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2 ივლისი არის უკიდურესი ვადა, იმისთვის, რომ გახარია გამოცხადდეს სხდომაზე.

პარტიაში აცხადებენ, რომ გახარია საქართველოში არ იმყოფება და მან მზაობა გამოთქვა, ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას დისტანციურად გაესაუბროს. პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისია უარს აცხადებს დისტანციურად გამოკითხვაზე. კომისიის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, კომისიაზე ვინც ჩართვით იმყოფებოდა, ის იყო ან დაზარალებული, რომელმაც უმძიმესი პერიოდი გაიარა ან ინფორმაციის მატარებელი. გიორგი გახარიას შემთხვევა კი, არ შეიძლება ამ რიგის შემთხვევა იყოს, შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ რატომ არ დაეთანხმა კომისია გიორგი გახარიას მოთხოვნას სხდომაზე ონლაინ ჩართვის თაობაზე,

„ეს კაცი არის პასუხისმგებელი, რომ მილიონი კვადრატული მეტრი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ჩამოშორდა სახელმწიფოს კონტროლს და ეს ტერიტორია დაიკავეს ოკუპანტებმა. ეს არის უმძიმესი საკითხი. ასეთ შემთხვევაში, ონლაინ ჩართვა და რაღაც შოუების მოწყობის საშუალება მას არ უნდა მიეცეს და საზოგადოებას დამატებით შეკითხვებზე უნდა უპასუხოს“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

კომისიის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, იმისთვის, რომ ახალი სპეკულაციები არ მოჰყვეს გახარიას სხდომაზე გამოცხადების საკითხს, მაგალითად, „ფრენა არ იყო, ბილეთი არ იყო“ და ა.შ. ამიტომ, 2 ივლისამდე ადამიანს ყველანაირად საშუალება ეძლევა, ქვეყანაში დაბრუნდეს და კომისიაზე გამოცხადდეს.

კომისიის წევრის გურამ მაჭარაშვილის მოსაზრებით კი, გახარია ძალიან კარგად მიხვდა, რომ ჩორჩანას საკითხზე მისთვის პასუხების გაცემა მძიმე იქნებოდა და, ალბათ, ვერც გასცემდა. მაჭარაშვილის თქმით, გახარიას ამ მნიშვნელოვან საკითხზე შესაძლოა, ტექნიკური ხარვეზიც კი მოემიზეზებინა ჩართვის დროს.

„კარგად იცოდა, რომ კომისიის სხდომა ჩანიშნული იყო. ის საქართველოში იყო, როცა ეს უწყება ჩაიბარა, დაადასტურა და ამის შემდეგ მოიგონა, რომ მსოფლიო პოლიტიკა ვერ წყდება გახარიას გარეშე და უცხოეთში არა 2-3 დღიანი, არამედ რამდენიმეკვირიანი შეხვედრები ჰქონია თურმე. წესების შესაბამისად, გამონაკლისი შემთხვევები არსებობს, როდესაც კომისია ჩათვლის საჭიროდ, რომ შეიძლება ჩართვით ადამიანი გამოიკითხოს და ახსნა-განმარტებები გააკეთოს. ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ჩორჩანას საკითხი, სადაც მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აქ პირი უნდა გამოიკითხოს ფიზიკურად, რომელიც მობრძანდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გახარიას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ „ოცნების“ რეჟიმი გიორგი გახარიას „უკერავს“ ბინძურ საქმეს, რომელიც 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. მისი თქმით, გახარია მზაობას აცხადებს, ჩორჩანას საკითხზე კომისიაზე 2 ივლისსაც დისტანციურად ისაუბროს.

„ჩორჩანაში ქართული მიწის მშვიდობიანი დაცვისთვის, მცოცავი ოკუპაციის მშვიდობიანი შეჩერებისთვის და სეპარატისტების მხრიდან კიდევ უფრო დიდ ტერიტორიებზე პრეტენზიებისგან დაცვისთვის გიორგი გახარიას უკერავს ბინძურ საქმეს, რომელიც 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, რაც იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რისთვისაც აუცილებლად დადგება ყველა მასში მონაწილე პირის სამართლებრივი და ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხი.

დღეს ცხადია, რომ სეპარატისტული რეჟიმი და „ოცნება“ ერთი და იგივე ნარატივით საუბრობს ჩორჩანაზე. როგორც ბიბილოვი აცხადებს, ჩორჩანა არის მტკივნეული ხიჭვი სეპარატისტული რეჟიმისთვის, ახლა როგორც ირკვევა, თურმე ასეა „ოცნებისთვისაც“. როგორც ჩანს, ისინი დღეს ერთი და იგივე „დიფსთეითიდან“ იღებენ ინსტრუქციებს. გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ამაყობს ჩორჩანას საქმით. საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ვერავინ შეძლებს ჩორჩანას საქმიდან გაქცევას და დამალვას, ვერც ერთი კომისია, ცრუ მოწმე თუ სამართალდამცავი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მაშ ასე, გახარიამ გადაწყვიტა თავი გერმანიას შეაფაროს. მოითხოვს თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ არც 2 ივლისს გეგმავს საქართველოში დაბრუნებას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სურათი დღესავით ნათელია - ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს.

„მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას, ამის გამო ის დიალოგისთვის განსხვავებულ ფორმას ითხოვს. მგონია, რომ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიის სხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ მართალია. რა თქმა უნდა, მე სხვა აზრი მაქვს. მე ვიცი, რომ წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან. ეს ღიმილის მომგვრელია. ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა. რაც შეეხება ჩორჩანას საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს. ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის, სამართალდამცავი უწყებების საქმე. ჩემთვის, ზოგადად, სურათი დღესავით ნათელია - ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერის თქმით, გახარია ნაბიჯებს დგამდა „დიფ სთეითის“ დაკვეთებისა და დავალებების შესაბამისად.

„უფრო კომპლექსურად მინდა დაგანახოთ გახარიას ქმედებები, ეს არ იყო მხოლოდ იზოლირებული შემთხვევა, როდესაც მან რაღაც პროვოკაცია განახორციელა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება, მანამდე იყო ე.წ. „ბასიანის“, პანკისის შემთხვევა, უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი.

ვერ დავიჯერებ ასეთი მიამიტი არ ვარ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთებისა და დავალებების შესაბამისად. გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც ის იღებდა გარედან, „დიფ სთეითისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს - ირჩევს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ჩორჩანაში ღონისძიებების ჩატარების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, შედეგად მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიაა დაკარგული.

„ვხედავთ, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე თავს იკავებს გიორგი გახარია და იმიზეზებს იმას, რომ მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება, გამოცხადებულიყო საგამოძიებო კომისიაზე, დატოვა ქვეყანა. ჩვენ ეს დღეები ვისმენთ მოსახლეობის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში რასთან გვქონდა საქმე ჩორჩანას შემთხვევაში. ის, რასაც გვიმტკიცებდა გიორგი გახარია და მისი გუნდი, თითქოს, მათ შეძლეს, მისი ამ ქცევით, საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპიროდ. აღმოჩნდა, რომ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გასულია დღეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან სწორედ გიორგი გახარიას მიერ მაშინ ჩატარებული ღონისძიებების გამო. მან წინა კომისიაზე ისაუბრა, რომ მის იდეას თუ ინიციატივას, რომ ევროკავშირთან სადამკვირვებლო მისიასთან შეუთანხმებლად, ჩორჩანას ტყეში დაედგა საგუშაგო, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა მსგავსი სტრუქტურები.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის მისიასთან შეუთანხმებლად, ისევე როგორც სხვა უსაფრთხოების სტრუქტურებთან შეუთანხმებლად, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ჩადგა საგუშაგო, რასაც მოჰყვა შემდეგ რამდენიმედღიანი მოთხოვნა და განხილვა, რომ აეღოთ ეს საგუშაგო და მას შემდეგ, რაც ეს საგუშაგო არ აიღო, ვნახეთ, რომ 5 დამატებითი საგუშაგო გაიხსნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც იმ მომენტში იყო საქართველო ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარბიელი ვინ თქვა რომ ის მითიური მილიონი კვ.მ მართლა საგუსაგომ გადასცა ოსებს? სხვა ადგილებში და სხვადასხვა დროს მიტაცებულები?
არსად არცერთ დოკუმენტში არ წერია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ჩვენების მიცემა არ შეიძლება "ონლაინ"
რასაც ახლა ქოცრუპორები გაჰკივიან ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით, უნიჭო ჭორია!!!
დავუშვათ და მართლა საგუსაგოს ცადგმა ქვეყნის ღალატი და საბოტაჟია; გომელაურის არაპროფესიონალური "ტრაქტორს ხომ არ გამოვიყვანდი" კი არა, თუ რაიმე საფრთხე იყო,მაშინვე კანონით უსაფრთხოებას, და დაზვერვას უნდა დაედოთ დასკვნა ... პროკურატირას უნდა დაეწყო გამოძიება ... პარლამენტის შესაბამის კომიტეტს უნდა მიეწვია გახარია და მოეთხოვა განმარტება ...
და ახლა წულუკიანის, სუბარის, მაჭარაშვილის განცხადებებით და ვიღაც აშკარად არაიქაური კილოს მქონეების განმარტებით გვიმტკიცებენ, რომ საგუშაგო საფრთხეა? ღობის გადმოწევისათვის ხელის შეშლა ომის საფრთხეა? დღეს რომ გვითხრან დაცალეთ გორი გვინდაო, რა ვქნათ?
რახან მოფიქრებაზე ხართ, რამე აზრიანი მოიფიქრეთ!
5 საათის უკან