„ვისაც კი სანქციები დაუწესეს, დიპლომატიური პასპორტები აქვს და ვიზა საერთოდ არ სჭირდებათ“

„ვისაც კი სანქციები დაუწესეს, დიპლომატიური პასპორტები აქვს და ვიზა საერთოდ არ სჭირდებათ“

ვლადიმერ პუტინმა „ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით“ ბრძანებას ხელი მოაწერა. „2014 წლის 16 მარტის ყირიმის საყოველთაო რეფერენდუმზე ყირიმელთა ნების გამოხატვის გათვალისწინებით, ყირიმის რესპუბლიკა, რომლის ქალაქ სევოსტოპოლს განსაკუთრებული სტატუსი აქვს, ცნობილ იქნას დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ“, - ნათქვამია დოკუმენტში. ბრძანების თანახმად, დოკუმენტი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

როგორც ჩანს, რუსეთი უკანდახევას ნამდვილად არ აპირებს და საკუთარი გეგმის განხორციელებას ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელებს. როგორ განვითარდება მოვლენებნი იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ძალზე მკაცრი არ აღმოჩნდა რუსეთის მიმართ, ამ თემაზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

ბატონო სოსო, აღიარების გარდა, პუტინმა უკვე ყირიმის მიერთების გეგმაც დაამტკიცა, თქვენი შეფასებით, შემდეგში რა შეიძლება მოხდეს?

- დიახ, ყირიმი რუსეთის ფედერაციის ახალ, 84-ე სუბიექტად აღიარეს. არ ვიცით, რა მოხდება უახლოეს დღეებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ბაიდენი ჩადის ევროპაში, იქ განიხილავენ კიდევ სანქციების გაფართოებას, მაგრამ ჯერჯერობით, რაც ხდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ პუტინის გათვლა სწორი აღმოჩნდა დასავლეთთან მიმართებაში. ე.ი. სწორი აღმოჩნდა მისი გათვლა 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც - მაშინაც პუტინი აბსოლუტურად მშრალად გამოვიდა წყლიდან.

სასაცილოა, ამერიკამ 12 რუს და ყირიმელ მოქალაქეს აუკრძალა ვიზები, ევროპამ - 21-ს, თუმცა ეს ვიზების და სანქციების რეჟიმი მხოლოდ 6-თვიანია.

საპასუხოდ, რუსეთის დუმამ მიიღო რეზოლუცია, ევროპას და ამერიკას სთხოვს, მათ მიმართაც დააწესოს სანქციები. პუტინი კი აცხადებს რომ დასავლეთი ყველა ზღვარს გადავიდა - ეს ყველაფერი რბილად რომ ვთქვათ, დაცინვაა დასავლეთის?

- რასაკვირველია, დაცინვა და ცინიზმია, სანქციები თუ ვინმესთვის უნდა დაეწესებინათ, პირველ რიგში, პუტინისა და ლავროვისათვის. გარდა მაგისა, საინტერესოა, რა სანქციებია, გუშინ სიცილით კვდებოდა სლუცკი, ევროპაში ვიზა ისედაც არ მჭირდებაო - დიპლომატიური პასპორტი აქვს და ამ პასპორტით როცა მოისურვებს, მაშინ ჩავა - ფული მე არ მაქვს და არც ვინახავ ევროპასა და ამერიკაშიო. ფულს ევროპასა და ამერიკაში არც ერთი რუსი ჩინოვნიკი არ ინახავს. ფულს იქ მხოლოდ რუსი ოლიგარქები ინახავენ. ამიტომ, ეს სანქციები ყველამ იცის, რომ ბუტაფორიაა.

ნახევარზე მეტს, ვისაც კი სანქციები დაუწესეს, დიპლომატიური პასაპორტები აქვს და ვიზა საერთოდ არ სჭირდებათ. დიპლომატიური პასპორტის მქონეს უკვე ვერ აუკრძალავ ქვეყნაში შესვლას - ეს უკვე საერთაშორისო სკანდალია.

რაც შეეხება კონსტანტინოვს, ყირიმის რადას თავმჯდომარეს, თვითონ კრიმინალს და აქსიონოვს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგათ რა უნდათ ამერიკაში?! აქ იქნებიან და ფულს დააგროვებენ, თანაც იციან, რომ დროებით არიან და პუტინი მაგათ დიდხანს არ დატოვებს.

გამოდის, რომ სანქციების დაწესება არაადეკვატურია იმისა, რაც დღეს რეალურად ხდება? თუ ეს შეცდომაა?

- შეცდომა ის არის, რაღაც კარგის გაკეთება რომ გინდა და არ გამოგივა - ეს არის შეგნებული ქმედება და იმას ნიშნავს, რომ თვით უკრაინაც კი, დასავლეთს არ უღირს იმად, რომ განახლდეს ცივი ომი დღევანდელ რუსეთთან.

თავის დროზე, ომი რეიგანსაც არ უნდოდა, მაგრამ ბოლო მოუღო საბჭოთა კავშირს მშვიდობიანი მეთოდებით - სრული პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციით.

დღეს კი რა ხდება?! ამ გერმანელებს საერთოდ სინდისი აღარ შერჩათ, როდესაც ეს საშინელება ხდებოდა, მოსკოვში 80 გერმანელი ბიზნესმენი ფორუმზე იჯდა, მათ გარდა ჩინელები, იაპონელები და სამხრეთ კორეელები და თანამშრომლობის 10-15- წლიან გეგმებზე მსჯელობდნენ - აი, დასავლეთი რა არის!

გერმანიას ამ ეტაპზე მწვავე განცხადება არ გაუკეთებია. შესაძლოა, გერმანიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მკაცრ სანქციებზე სულაც უარი თქვან?

- საფრანგეთმა არ მგონია, საფრანგეთიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ დიდი რვიანიდან რუსეთს გარიცხავენ. მაგრამ იცით რა ხდება? - რუსეთს ეს უკვე აღარ აინტერესებს, მას შემდეგ რაც ბრიკის წევრი გახდა, (ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია სადაც შედის ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია) რუსეთს ბოლო წლებში თავისი საგარეო ბრუნვის ვექტორი გადააქვს აღმოსავლეთისაკენ.

რატომ არის რომ ჩინეთი ყველაფერზე თავს უქნევს რუსეთს? - ჩინეთს თავად აქვს უდიდესი სეპარატისტული პრობლემები - სინცზიან-უიგურსკის ოლქში სროლამდეა საქმე მისული, სეპარატისტები ისე გააქტიურდნენ, ტიბეტზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სინცზიანში 40 მილიონი კაცი ცხოვრობს, ათი საქართველოსხელა პროვინციაა, მაგრამ მაინც მხარს უჭერს ჩინეთი რუსეთს - აქ მთავარია ეკონომიკური საკითხები.

პუტინმა თავის დროზე დაიჭირა თადარიგი, 5-6 წლის წინ დაიწყო გაზსადენის მშენებლობა „აღმოსავლეთის მიმართულება“ და როდესაც სამ-ოთხ წელიწადში ევროპას აღარ დასჭირდება ევროპის გაზი, - ამერიკიდან წამოვა ფიქალის გაზი, მთელი რუსული გაზის ბაზარი გადაინაცვლებს ჩინეთში - ჩინეთს კი რა გააძღობს ან გაზით ან სხვა რამით?!

ამიტომ რუსეთთან სხვა მიდგომებია საჭირო, რუსეთისთვის უფრო მტკივნეული. მაგრამ რაც რუსეთისთვის მტკივნეული იქნება, დასავლეთისთვისაც მტკივნეული გამოვა და არ უნდა, რუსეთი ისე აიძულოს, იყოს წესიერი, თვითონ არაფერი დაკარგოს, ასე კი არაფერი არ გამოდის...

თქვენი შეფასებით, რა ტიპის სანქციები იქნებოდა რუსეთის მიმართ ეფექტური?

- სრული პოლიტიკური იზოლაცია, როგორც საბჭოთა კავშირს დაუწესა რეიგანმა 1979 წლის ავანტურის შემდეგ, როდესაც ავღანესთში შეიჭრა საბჭოთა კავშირი. ამ დროს დაიწყო სანქციები, რამაც ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირი გააკოტრა. 10 წელი დასჭირდა ამ სანქციების ეფექტურობას, მაგრამ საბჭოთა კავშირს რაც დაემართა, ყველამ ვნახეთ.

ახლა არ გვაქვს ის შემთხვევა, „როცა ბწკენა-ბწკენით პატარძალი ორსულდება“ რუსეთს ბწკენა-ბწკენით ვერაფერს ვერ უზამ, მაგრამ სხვა რამისთვის პოლიტიკური ნება არ ჰყოფნის დასავლეთს.

ამერიკაში რეიგანისნაირი პრეზიდენტი რომ იყოს, ინგლისში ტეტჩერისთანა, დე გოლის - საფრანგეთში, კოლის, გნებავთ, ვილი ბრანტისნაირი გერმანიაში, სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. მაგრამ გერმანიაში აღმოსავლეთ გერმანელი ყოფილი კომკავშირელი აქტივისტია კანცლერი, ინგლისში - უხერხემლო პრემიერი, საფრანგეთში საერთოდ, გაუგებრობა - კანონიერ და უკანონო ცოლებში ვერ გარკვეულა, ამერიკაშიც კრიზისი ვერ გამოსწორდა და პუტინმა ეს ყველაფერი სწორად გათვალა.

მაგრამ ფსონი იმდენად დიდია და დასავლეთისთვის იმდენად სტრატეგიული, რომ ამაზე გაჩერება არ შეიძლება. ეს არ არის ერთი ციცქნა საქართველო - 46 მილიონიან ქვეყანაზეა საუბარი.

ანუ წინასწარი სცენარით, რუსეთს შეიძლება უკრაინაც შერჩეს?

- პატარა, მაგრამ მაინც, იმედი არსებობს, რომ დასავლეთი ნელ-ნელა მიხვდება როგორ იმოქმედოს. დღეს უკვე კეთდება განცხადებები, რომ ეს სანქციები მხოლოდ დასაწყისია. იმედია, რომ მართლაც დასაწყისი იქნება და ღმერთმა ნუ ქნას, პუტინს ესეც ისე შერჩეს, როგორც შერჩა საქართველო, ირანი, სირიაში ასადის გადარჩენა.

ძალიან ბევრი რამე შერჩა პუტინს. მაგალითად, არ მესმის, რატომ არ აკეთებს „ფიფა“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში აღარ ჩატარდება რუსეთში. ამ ოლიმპიადის უფლებაც არ უნდა მიეცათ, მაგრამ 50 მილიარდ დოლარს არავინ დადებდა რუსეთის მეტი. 2018 წელსაც, ისეთ პირობებს, როგორსაც რუსეთი შეუქმნის მსოფლიო ჩემპიონატს, სხვა არავინ შეუქმნის. ფულს გადააყოლეს ეს ამბავიც - რუსეთმა გაცხარებული სტადიონების მშენებლობა დაიწყო.

ანუ ვიდრე არ გაირკვევა, რა პოზიციას დაიკავებს საბოლოოდ რუსეთის მიმართ დასავლეთი, მანამდე არ გამოიკვეთება, საქართველოს რა შეიძლება ელოდეს რუსეთის მხრიდან?

- ხელშეკრულებების გაფორმების პარალელურად ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ნამდვილი დასავლური ღირებულებების დამკვიდრების პროცესი. მშიერი ხალხი და დემოკრატიაც შეიძლება და ინდოეთი ამისი მშვენიერი მაგალითია, მაგრამ საქართველო სხვაა. როცა დღითიდღე ცხოვრების დონე უარესდება, ყოველ შემთხვევაში, არ უმჯობესდება; როდესაც მთავრობამ დაივიწყა ლაპარაკიც კი უმუშევრობის შემცირებაზე, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი კარგადაა.

როგორც მთავრობა ამბობს, ამისათვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საჭირო და როდესაც ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ვართ, ალბათ რთულდება ამისი გაკეთება...

- ინვესტიციები რა შუაშია, იმისათვის, ტექდათვალიერება 45 ლარი რომ არ ღირდეს, 20 ლარში ვერ ჩაეტეოდა? - ვიღაც გერმანული ფირმა უნდა შემოვიდეს და მილიონები იშოვოს არა? რატომ არ შეიძლება, ქვეყნის შიგნით ყველამ მოიჭიროს ქამარი? არ შეიძლება მინისტრების 200-ათასიანი ჯიპები გაიყიდოს და 10-15 ათასიანი მანქანებით იარონ? არ მესმის ასეთი რაღაცეები და მოდით, ინვესტიციებს პანაცეად ნუ ვაქცევთ.

ეკონომიის რეჟიმზე უნდა გადავიდეთ, მაგრამ ეს არც მინისტრებს არ უნდათ და არც პარლამენტარებს. ივანიშვილის ხიბლით, რომ მილიარდერი გვყავს მამა-მარჩენლად, ყველა მილიონერივით ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ხარჯზე.

რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ეს დამოკიდებული იქნება დასავლეთის პოლიტიკაზე რუსეთის მიმართ. თუ დასავლეთმა პუტინს უკან დაახევინა, მაშინ ეს ჩვენ დიდ შანსს გვაძლევს და პუტინი ცოტა თავშეკავებული იქნება, მაგრამ თუ პუტინს გაუვიდა, ძნელი სათქმელია, რა მოხდება.

გგონიათ კრემლში არ მუშაობს სპეციალური ჯგუფი იმაზე, თუ როგორ გადაუკეტოს საქართველოს გზა ევროკავშირისაკენ? - რომ რაც შეიძლება მწარე აღმოჩნდეს საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

რუსეთში ეს ხომ ჩვეზე კარგად იციან. ჩვენს საზოგადოებაში არ მგონია, 20 კაცზე მეტი მოიძებნოს, ვისაც ეს 1000-გვერდიანი დოკუმენტი წაკითხული მაინც აქვს. ამიტომ მთავრობას რატომ არ შეუძლია, პრევენციულად დაიწყოს ახსნა მოსახლეობაში, რომ ამ სიძნელეებს ყველამ ერთად გაუძლოს, ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც . უცებ, „მოწმენდილ ცაზე მეხივით რომ დაეცემა“ მოსახლეობას ათასობით ვალდებულება, რუსეთს სწორედ ამაზე აქვს გათვლა.

მერე ისევ დაიწყება საქართველოში „მეხუთე კოლონის“ შექმნა, მადლობა ღმერთს, რომ დღემდე ეს ვერ მოხერხდა და ვერასოდეს ვერ იტყვის, ყირიმის მსგავსად, მე ჩემი რუსი მოქალაქეების დასაცავად უნდა შევიჭრაო.

არ ვიცი საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ ყველაფრის ასაცილებლად პრევენციული გეგმა თუ მუშავდება. საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთოდ, ინტელექტს ვერ ვხედავ, ვერც - უშიშროების საბჭოში.

ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაანაცვლეს მეცნიერული კვლევები, რომელთა ლიდერების უმეტესობას არც განათლება ჰყოფნით, არც ინტელექტი და არც პროფესიონალიზმი.

ელემენტარულად 2008 წლის ომი კარგი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ გამოდგა - პრეზიდენტიდან დაწყებული უბრალო მინისტრით დამთავრებული, ყველა ნეტარმორწმუნის როლში იყო - რუსეთი არ ჩაერევაო. საკმარისი იყო, ყოფილიყო ერთი კავალიფიციური კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც როგორც ორჯერ ორი, ისე დაუმტკიცებდა პრეზიდენტს, რომ რუსეთი ჩაერეოდა.

დღესაც ამ დღეში ვართ, რუსეთი რაღაცას იზამს და ჩვენთვის ეს კვლავ მოულოდნელი აღმოჩნდება. ამას რად უნდა ინვესტიციები, ერთი ამიხსენით! ამას სჭირდება კეთილი ნება ხელისუფლების მხრიდან.