ფორდოუ, ისპაჰანი და ნათანზი, რომლებიც ირანის ბირთვული ამბიციების ცენტრებს წარმოადგენენ, არ არსებობს. აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა. B-2 Spirit აშშ-ის საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია. ოთხძრავიან B-2-ს შეუძლია იყოს აღჭურვილი ბირთვული ან ჩვეულებრივი იარაღით, მას ორკაციანი ეკიპაჟი მართავს, აქვს 40 000 ფუნტი 20 ტონა ტვირთამწეობა და შეუზღუდავი დიაპაზონი საჰაერო საწვავის შევსებით.
აშშ-ის საჰაერო ძალების ინვენტარში მხოლოდ 20 B-2 ტიპის თვითმფრინავია, რომლებიც მისურის შტატში, უაითმენის საჰაერო ძალების ბაზაზეა განლაგებული. თითოეული ბომბდამშენის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარია. როგორც CNN-ს ოპერაციასთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადობის (MOP) ბომბი - GBU-57A/B - გამოიყენა, რომელიც „ბუნკერის ამფეთქებლის“ სახელითაა ცნობილი. B-2 აშშ-ის ინვენტარში ერთადერთი თვითმფრინავია, რომელსაც GBU-57A/B-ის გადატანა შეუძლია.
ირანში სამი ბირთვული ცენტრი არ არსებობს. საჰაერო დაბომბვის შემდეგ კი იზრდება რადიაციის საფრთხე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა, თუმცა საფრთხე რადიაციის გავრცელების იზრდება, თუკი გაგრძელდება საჰარეო იერიში, ხოლო ლიდერების განცხადებები ცხადყოფს, რომ საჰაერო იერიში არათუ დასრულდება, არამედ ახლა იწყება და რთულ ფაზაში შედის.
აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ემუქრება. იმ შემთხვევაში თუ ირანი მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მა შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს. მან ირანს პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეს არ შეიძლება გაგრძელდეს - ან იქნება მშვიდობა, ან ირანისთვის ტრაგედია იქნება, გაცილებით დიდი, ვიდრე ბოლო რვა დღის განმავლობაში ნახა მსოფლიომ.
„გახსოვდეთ, ბევრი სამიზნე დარჩა. აშშ-ს შეუძლია სხვა სამიზნეების ზუსტი, სისწრაფითა და ოსტატურად შეტევა, რაც რამდენიმე წუთში შეიძლება განხორციელდეს. ჩვენი მიზანი იყო ირანის ბირთვული გამდიდრების სიმძლავრის განადგურება და მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველი სპონსორი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ბირთვული საფრთხის შეჩერება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა, ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ირანთან ომში არ არის. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით, შტატების ოპერაციის სამიზნე, მხოლოდ ირანის ბირთვული ობიექტები იყო და ამ დროისთვის ირანის ბირთვული ამბიციები განადგურებულია. ჰიტ ჰეგსეთის განცხადებით, ოპერაცია არ იყო მიმართული ირანული ჯარის ან ირანელი ხალხის წინააღმდეგ. „ბევრ პრეზიდენტს უოცნებია ირანის ბირთვული პროგრამის საბოლოო განადგურებაზე და ვერავინ შეძლო, პრეზიდენტ ტრამპის გარდა“, - აღნიშნა პიტ ჰეგსეთმა.
შურისძიებით იმუქრება ირანი. სტამბულიდან რუსეთში გამგზავრებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ძალიან დიდი წითელი ხაზი გადაკვეთეს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, რასაც ირანმა უნდა უპასუხოს.
„ვაშინგტონის ომის წამქეზებელი და უკანონო ადმინისტრაცია სრულად არის პასუხისმგებელი თავისი აგრესიის აქტის სახიფათო შედეგებსა და შორსმიმავალ გავლენაზე. არ ვიცი რამდენად დარჩა დიპლომატიისთვის ადგილი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა. მათ ძალიან დიდი წითელი ხაზი გადაკვეთეს ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ლეგიტიმური თავდაცვის უფლების საფუძველზე“, - აღნიშნა აბას არაღჩიმ.
ირანზე აშშ-ის თავდასხმამ შესაძლოა გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს და ამავე დროს იზრდება რადიაციის გავრცელების საფრთხე. ამ თვალსაზრისით მოწყვლადია საქართველოც. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (ANRS), რომელიც არის მთავარი ეროვნული რეგულატორი, ექვემდებარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სააგენტო ამუშავებს სტაციონარულ სადგურებს რადიაციული ფონის უწყვეტი მონიტორინგისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2024 წლიდან საქართველო ჩაერთო IAEA-ს IRMIS სისტემაში - სადგურების მონაცემები ავტომატურად იგზავნება საერთაშორისო ქსელში. სააგენტოს აქვს საკუთარი რადიაციული ლაბორატორია და ახორციელებს მობილურ საზომ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით.
ანალიტიკოსის „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტო მართავს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატურ მონიტორინგის ქსელს, რომელიც აფიქსირებს PM2.5, PM10, NO₂, ოზონის, ბენზოლისა და სხვა დამაბინძურებლებს. მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტად და სიგნალების შემთხვევაში ხდება მოსახლეობის გაფრთხილება.
„სსიპ „სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკისა და ტექნიკის ინსტიტუტი“ (SIPT) - ეს არის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც მუშაობს ბირთვული ფიზიკისა და რადიაციული ეკოლოგიის სფეროში. ჩერნობილის ავარიის შემდეგ, ინსტიტუტი აწარმოებდა რადიოაქტიური დაბინძურების კვლევებს, ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ანალიზებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხისმგებელია რადიოაქტიური და ქიმიური ნივთიერებების უკანონო მიმოქცევის აღკვეთაზე. ახორციელებს მონიტორინგს იმ ობიექტებზე, რომლებიც ქიმიურ-ბიოლოგიურ-რადიოლოგიურ (CBRN) საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
რაც შეეხება აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მსოფლიო წამყვანი ლიდერების კულუარული საქმის კურსში ჩაყენების დონეზე ხდება, მით უმეტეს, როდესაც ეს ლიდერები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან შენს ნაბიჯებს.
„აქედან გამომდინარე, ინტუიციის დონეზე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ღამის დაბომბვები, მიუხედავად მათი რეალური ხასიათისა - მაინც „კარწინკა“ იყო, რომლის წინ ირანმა მაქსიმალურად გადაიტანა სხვა უსაფრთხო ადგილებში ის ყველაფერი, რომლის განადგურებაც ზარზეიმით უპატაკა საკუთარ ხალხს და მსოფლიოს აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა.
ვვარაუდობ: ირანის მიერ ისრაელის საპასუხო დაბომბვის ინტენსივობის ზრდას, ირანის შეიარაღების გაგრძელებას ჩინეთ-პაკისტანიდან მხრიდან, ჰორმუზის სრუტეს - წითელი ზღვის გადაკეტვას - რაც გახდება გარდაუვალი მოლაპარაკებების წინ აუცილებელი სავაჭრო „ქეისი“. ანუ, ტრამპის დღევანდელი გამოსვლის ფინალურ ფრაზას: NOW IS THE TIME FOR PEACE (ახლა მშჭვიდობის დოა)- მოვლენათა განვითარების სწორედ ამ ვექტორს მივაკუთვნებდი.
საკუთარი ელექტორატის წინაშე - ტრამპი გმირი გამოდის: ის არ ერთვება ფართომასშტაბურ ომში, მას „მშვიდობა“ უნდა და ნობელის პრემია, თუმცა თავისი დანაპირები - გაენადგურებინა ირანული ბირთვული პროგრამა, ანუ, დაეჭირა ბნელ ოთახში იქ არარსებული შავი კატა, მან შეასრულა! რაც შეეხება ნეთანიაჰუს ხელისუფლებას - ეს უკვე მეორე ხაფანგია“, - წერს დავით ქართველიშვილი.