ლატვია შიშობს, რომ რუსეთის აგრესია ევროპისკენ გადაინაცვლებს

ლატვია შიშობს, რომ რუსეთის აგრესია ევროპისკენ გადაინაცვლებს

ლატვიის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხი განიხილა და ამის შესახებ ლატვიის სეიმმა სპეციალური რეზოლუციაც კი მიიღო. სეიმი მიიჩნევს, რომ პუტინი ქვეყნის სრულ ოკუპაციას გეგმავს.

ლატვიელი დეპუტატების ვარაუდით, რუსეთის აგრესია უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების მითვისებით არ დასრულდება. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მომდევნო ქვეყანა, სადაც შესაძლოა, რუსული ჯარები შევიდნენ, ლატვია და სხვა ბალტიისპირა ქვეყნები იქნებიან.

ამ მოსაზრებას იზიარებს ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდ ვეიონისიც, რომელიც ვარაუდობს, რომ ბალტიისპირეთში რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისგან თავდაცვის მიზნით, ლატვია სამხედრო ხარჯებს ზრდის. ამავდროულად, ლატვიის ხელისუფლების თხოვნით, გაიზარდა ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან რეგულარულ პატრულირებაზე ნატო-ს მფრინავი გამანადგურებლების რაოდენობაც.

რამდენად არის შესაძლებელი, რუსეთმა გადაინაცვლოს ევროპისაკენ და რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს მას, მაშინ, როდესაც უკრაინის მოვლენების გამო, მთელი დასავლური სამყარო მასთან დაპირისპირებას აპირებს, ამ თემაზე ექსპერტი კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.

ბატონო კახა, რამდენად სერიოზულია საფრთხე, რომ რუსეთი მსგავსი ნაბიჯებისთვის მართლაც ემზადება? ლატვიის სეიმის რეზოლუციაში უკრაინასა და საქართველოზე საუბარია, როგორც პოტენციურად დაპყრობილ ქვეყნებზე...

- რისკი არსებობს, მაგრამ შესაძლებლობა, რომ რუსეთმა გადაინაცვლოს ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში, ძალიან მცირეა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ომს უცხადებს ნატოს.

ლიტვა, ლატვია ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნებია. გარკვეული სახის დესტაბილიზაციის მოწყობა რუსეთის მხრიდან ლატვიის ისეთ ქალაქებში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს, სრულიად შესაძლებელია. არ არის გამორიცხული, მსგავს ხერხს მიმართოს რუსეთმა იმისათვის, რომ დააშანტაჟოს როგორც ეს ქვეყანა, ასევე ევროკავშირი. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მოაწყოს დაახლოებით ისეთივე სამხედრო აქცია, როგორც მან გააკეთა ყირიმში.

რაც შეეხება საქართველოს, რისკი საკმაოდ მაღალია. არ ვსაუბრობ ისეთ სიტუაციაზე, თუ ყირიმის საკითხი გაყინული ფორმით დარჩება, მაგრამ ყირიმის საკითხის გამწვავებამ შეიძლება, გამოიწვიოს პოლიტიკური გახისტებაც და როგორც ვხედავთ, რუსეთი არ ერიდება ასეთი ხისტი ნაბიჯების გადადგმას. სრულიად შესაძლებელია, რომ პირველ რიგში, მოინდომოს საქართველოს ტერიტორიის დამატებითი ოკუპირება თავისი სამხედრო მიზნებით, მაგრამ აქვე აუცილებლად ეცდება სრულ პოლიტიკურ დამორჩილებას ჩვენი ქვეყნისა. ამიტომ საჭიროა ყველანაირი სცენარის კარგად გათვლა და მომზადება მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის.

ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს? შანსი გვაქვს თავიდან ავიცილოთ ეს სცენარი?

- შანსი ყოველთვის არსებობს. მგონია, რომ საჭიროა საკმაოდ სწრაფი და ეფექტიანი სამხედრო მზადება. ჩვენი თავდაცვისუნარიანობა უნდა ავიყვანოთ იმ დონეზე, რომ როგორც მინიმუმ, რუსეთს არ ეგონოს, რომ ადვილად შეძლებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას ან ჩვენს დასავლეთის სანაპიროზე დესანტირებას და ა.შ. საჭიროა მობილიზება ჩვენი ყველანაირი რესურსის, რომ მათ იცოდნენ, ეს ადვილად არ გამოუვათ.

რა თქმა უნდა, აუცილებელია საერთაშორისო აზრისა და მხარდაჭერის მობილიზება, სწორედ იმ მიზნით, რომ საქართველო გახდეს უფრო მეტად თავდაცვისუნარიანი. ეს არ არის ერთი და ორი დღის საკითხი. ჩვენ სტრატეგიული გეზი უნდა ავიღოთ იქითკენ, რომ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის დაცვა და ამავე დროს, ბევრად უფრო მაღალი დოზითა და მაღალი ხარისხით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, ვიდრე ეს იყო 2008 წელს.

დასავლეთი აპირებს ეკონომიკური სანქციების დაწესებას, მათ შორის, აშშ- პრეზიდენტმა ობამამ უკვე გააკეთა განცხადება რუსი ოლიგარქებისთვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვისა და საბანკო ანგარისების გაყინვის შესახებ. სავარაუდოდ, ეკონომიკური სანქციებიც, რომელიც რუსეთისთვის მზადდება, იქნება საკმაოდ მკაცრი. ამის გარდა რა ბერკეტები გააჩნია საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად?

- ეს საკმაოდ სუსტი, პირველადი სანქციებია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს ევროკავშირისგან და ამერიკისგან რუსეთი, მაგრამ ეს არ არის რეალური ეკონომიკური სანქციები, რომლითაც ისინი ემუქრებიან.

არის მთელი სია ამ შესაძლო სანქციებისა, რომელსაც დასავლეთი მიიღებს. აქ შედის როგორც ფინანსური ანგარიშების გაყინვა რუსი ოლიგარქებისა და ასევე, რუსული კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქმიანობენ დასავლეთში.

შესაძლებელია სახელმწიფო პროგრამების შეჩერება, რომელიც აქვს რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომს, ლუკოილს და ა.შ. შესაძლოა, მოხდეს მათი გამოდევნა დასავლეთის ბაზრებიდან. თავისთავად იგულისხმება რეიტინგების გაჩერება; იგივე, შეჩერება ნებისმიერი საინვესტიციო ხელშეწყობისა რუსეთის ტერიტორიაზე; ევროპული და ამერიკული ინვესტიციების შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიაზე; მაგალითად, შესაძლებელია ისეთი სანქციის დაწესება, რომელიც აკრძალავს რუსეთის ტეროტორიიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვას.

ალბათ, ნავთობზე უფრო ადვილი იქნება, მსგავსი სანქციის დაწესება, რადგან ევროკავშირს საკმაოდ ადვილად შეუძლია სხვა ქვეყნებიდან ნავთობის ტანკერებით შემოტანა. რაც შეეხება გაზს, გაზზეც არის ძალიან სერიოზული პროექტები იმისათვის, რომ გადავიდნენ თხევადი გაზის შესყიდვაზე, მათ შორის აშშ-დან.

შესაძლოა, გაზის შესყიდვაზე უარის თქმის შესახებ სანქცია არ იყოს სწრაფი და მყისიერი, მაგრამ ევროპა დარწმუნებული ვარ, მყისიერად დაიწყებს ამაზე სერიოზულ მუშაობას.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ყველაფერი, რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, დამანგრეველი იქნება. მათ ტყუილად აქვთ იმედი, რომ კომპენსირებას მოხდენენ აღმოსავლეთის ბაზრებზე.

საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ რუსეთი თავისი ქმედებით ცდილობს, მსოფლიო პოლიტიკა ისევ ორპოლუსიან განზომილებაში გადაიყვანოს. სწორედ ამიტომაც სჭირდება საზღვრების გაფართოება. თქვენი შეფასებით, რამდენად გააჩნია მას შესაძლებლობა,რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრად გადაიქცეს?

- გასაგებია, რომ რუსეთი აწყობს ასეთ გეგმებს. მოგეხსენებათ, რომ რუსეთი დიდი რვიანის წევრია და რუსეთს აქედან გარიცხავენ - ჯერ შეუჩერებენ წევრობას, შემდეგ კი გარიცხავენ და როგორც ათწლეულების განმავლობაში იყო დავა, ისევ შვიდიანის ფორმატზე გადავა მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების თანამშრომლობა.

რუსეთს სურს, შექმნას რაღაც პარალელური ფორმატი, იგი მოიაზრებს ისეთ ახალ განვითარებულ სახელმწიფოებს, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი, ბრაზილია და შესაძლოა, რამდენიმე სხვა სახელმწიფო უნდა, რომ შემოიერთოს ამ ფორმატში. ამითი სურს რუსეთს, რაღაც საპირწონე შექმნას ახალი პოლიტიკური პოლუსის თუ ცენტრის სახით.

ეს სურვილი გასაგებია, მაგრამ გაურკვეველია, რატომ ინდოეთი, ჩინეთი და ბრაზილია, ან ეს ქვეყნები რატომ გაერთიანდებიან მაინც და მაინც რუსეთთან ამ მიზნებით? გასაგებია, რომ არსებობს გარკვეული ანტიდასავლური სენტიმენტები ჩინეთსა და გნებავთ, ინდოეთშიც, მაგრამ ბრაზილია, რომელიც ცივილურად ვითარდბა, ალბათ, ის უფრო სიამოვნებით გააგრძელებს დასავლურ ბლოკთან ურთიერთობას, ვიდრე ჩინეთთან ან ინდოეთთან.

კიდევაც რომ იყოს ინდოეთსა და ჩინეთთან ურთიერთობის პერსპექტივა, თვითომ ამ ქვეყნებს, ჩინეთსა და ინდოეთს შორის არსებობს ძალიან დიდი უთანხმოებანი. გარდა ამისა, ეს ქვეყნები, ძირითადად, არ არიან დემოკრატიული სახელმწიფოები, მათ შორის ნებისმიერი კავშირი იქნება საკმაოდ მერყევი, რადგან ეს ურთიერთობები არ იქნება დაფუძნებული იდეოლოგიურ საფუძვლებზე.

განსაკუთრებით არსატაბილური შეიძლება იყოს რუსეთის ურთიერთობები ინდოეთთან და ჩინეთთან - ინდოეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, ჩინეთი - კომუნისტური, რუსეთი კი უცნაური ჰიბრიდია კომუნიზმის და თანამედროვე კაპიტალიზმისა. ბრაზილია დგას დემოკრატიული განვითარების გზაზე და ალბათ, მალე შეუერთდება დემოკრატიული ქვეყნების რიგებს. ასე რომ, ძნელი წარმოსადგენია, რუსეთმა მეორე პოლუსის შექმნას ჩაუყაროს საძირკველი, რადგან საფუძველი, რომ მათ შორის არსებობდეს მტკიცე პარტნიორული კავშირი, არ არსებობს.