როლანდ ახალაია კუბლაშვილ-თორდიას ინიციატივამ „გადაარჩინა“

როლანდ ახალაია კუბლაშვილ-თორდიას ინიციატივამ „გადაარჩინა“

სამართლებრივი კოლიზიის გამო, ამ ეტაზე, დეპუტატ როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ვერ მოხდება.

მთავარმა პროკურატურამ როლანდ ახალაიას ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დასდო და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდების წარდგენისთვის თანხმობის მიცემის მიზნით, პარლამენტს გასულ კვირას მიმართა.

საკითხზე მუშაობა დეპუტატთა იურიდიულმა ჯგუფმა დაიწყო და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, საკანონმდებლო ორგანოს როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია.

სპიკერის განცხადებით, სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, პარლამენტის თანხმობის გარეშე, საქართველოს მთავარ პროკურორს დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობა არ გააჩნია.

„ამგვარი სამართლებრივი კოლიზიის შედეგად, პარლამენტის წევრს პრაქტიკულად აბსოლუტური იმუნიტეტი ენიჭება - შეუძლებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა და მტკიცებულებათა უტყუარობისა. აღნიშნული აბსურდული ვითარების მიზეზია 2010 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლებში შეტანილი ცვლილება, რამაც კანონის დონეზე აღადგინა ის ინსტიტუტი, რომელიც 2004 წლიდან გაუქმებული იყო კონსტიტუციის დონეზე. ირკვევა ისიც, რომ კანონპროექტში აღნიშნული საკითხი არც ინიცირების და არც პირველი მოსმენით მიღების დროს არანაირი ფორმით არ ფიგურირებდა და ის პროექტს მეორე მოსმენის დროს ჩაემატა, რაც საკანონმდებლო პროცესის უხეში დარღვევაცაა“, - განმარტავს სპიკერი.

დავით უსუფაშვილი შექმნილ ვითარებაში გამოსვალს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ კორექტირებაში ხედავს და მოითხოვს, რომ კოდექსში ცვლილებები დაუყონებლივ შევიდეს.

„პარლამენტის ბიუროს მივმართავ, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის ინიცირება 2010 წელს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შეტანილი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად, რაც საქართველოს მთავარ პროკურორს საშუალებას მისცემს, ხელოვნური და არაკონსტიტუციური სამართლებრივი დაბრკოლებების გარეშე, განახორციელოს თავისი უფლებამოსილება. მათ შორის, როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხში“, - აღნიშნულია უსუფაშვილის განცხადებაში, რომელსაც ოპონენტები ეხმაურებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობაში ადანაშაულებენ.

for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში ადგილი არანაიარ სამართლებრივ კოლიზიას არ აქვს.

მისი მოსაზრებით, სამართლებრივ დავაში შესვლა იმას უკავშირდება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ სურს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს იმ პროცესებზე, რომელიც ოპონენტების დევნას უკავშირდება.

„დავით უსუფაშვილს ძალიან კარგად მოეხსენება - თუ რა არის ანტიკონსტიტუციური და რას წარმოადგენს სამართლებრივი კოლიზია. სინამდვილეში, ადგილი სამართლებრივ კოლიზიას არ აქვს. რაც შეეხება ბრალდებას, რომ 2010 წელს კოდექსში ცვლილებები არაკანონიერად შევიდა, აბსურდია, რადგან მოგეხსენებათ, რომ პირველი მოსმენით კანონპროექტის განხილვა ხდება, ხოლო მეორე მოსმენით მუხლობრივი მსჯელობა. არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს. ამ სამართლებრივ დავაში შესვლა იმას უკავშირდება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ სურს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს იმ პროცესებზე, რომელიც ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“, - აცხადებს ბეჟაშვილი, რომელიც ყურადღებას უსუფაშვილის განცხადების იმ ნაწილზე ამახვილებს, რომლის გათვალისწინებითაც, მთავარ პროკურორს უფლებამოსლება გაეზრდება.

ბეჟაშვილის შეფასებით, მომავალში, მთავარ პროკურორს საშუალება ექნება დეპუტატების მიმართ პოლიტიკური დევნა განახორციელოს.

„როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილებას თავიდან ირიდებს და პრეროგატივას პროკურატურას ანიჭებს. ვფიქრობ, რომ მთავარ პროკურორს საშუალება ეძლევა დეპუტატების მიმართ ნებისმიერი სახის სამართლებრივი პროცედურები აწარმოოს და დეპუტატების მიმართ პოლიტიკური დევნა განახორციელოს. ეს ხელისუფლების პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას აჩვენებს“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა, რომლის პათოსს იზირებს პავლე კუბლაშვილი. სხვათა შორის, სწორედ კუბლაშვილის და ლაშა თორდიას მიერ მომზადდა 2010 წელს, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები.

კუბლაშვილის მოსაზრებით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება - სამარცხვინოა.

„მან ბრძანა, რომ პარლამენტის წევრს სამართლებრივი დევნისაგან და სამართალდამცველების უკანონო ქმედებებისაგან დაცვა არ სჭირდება. ეს სრული აბსურდია. ცუდია თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ნორმა უნდა გაუქმდეს. ვფიქრობ, რომ ამით უსუფაშვილს იმის წარმოჩენა სურს, თითქოს, ის პოლიტიკურ დევნასთან არაფერ შუაშია და ეს პოლიტიკური დევნა მის მიღმა ხორციელდება. ეს არ გამოვა, რადგან ეს ყველაფერი პარლამენტის გასაკეთებელი იქნება. ამიტომ, გადაბრალებები და სხვაგან თითის გაშვერები უადგილოა“, - აცხადებს კუბლაშვილი.

რაც შეეხება როლანდ ახალაიას ბრალდებას, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2009 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, როლანდ ახალაია მოქალაქე მარინა ესებუას შეხვდა, რომელსაც მან მსჯავრდებულ მეუღლესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, არარსებული „ანაკლიის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე 150 000 ლარი ჩარიცხვა მოსთხოვა.

გამოძიების ცნობით, აღნიშნული თანხა როლანდ ახალაიას ახლობელის, ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილი კომპანიის ,,სანის“ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელიც ფირმის კომერციული მიზნებისათვის სრულად იქნა გახარჯული.

ამას გარდა, პროკურორის ცნობით, ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 60 000 ლარი კვლავ „სანის“ ანგარიშზე შეეტანათ.

თავად როლანდ ახალაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე აპელირებს.

ახალაიას მტკიცებით, 2009 წელს, პატრიარქის დასასვენებლად განმუხურში მეგრული ოდა უნდა გაშენებულიყო, რისთვისაც თანხა ბიზნესმენებმა გაიღეს.

როლანდ ახალაიას განცხადებას საპატრიარქო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალაიამ ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი სახლის აშენების შესახებ მზადყოფნა თავად გამოთქვა, თუმცა ის არ განხორციელებულა და ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.