„ის ადამიანები, რომლებიც სისხლის კალოებს აყენებდნენ ქუჩებში, ხვრეტდნენ ადამიანებს, დღეს მორალს გვიკითხავენ“

„ის ადამიანები, რომლებიც სისხლის კალოებს აყენებდნენ ქუჩებში, ხვრეტდნენ ადამიანებს, დღეს მორალს გვიკითხავენ“

16 ივნისს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე იმსჯელეს. სხდომაზე მოუსმინეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძეს, ასევე მერაბ ჭიქაშვილსა და დაჩი ცაგურიას.

დაჩი ცაგურია ახლა საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და აქტივისტი იყო. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მან დეტალურად ისაუბრა 2009 წლის 15 ივნისის მოვლენებზე და გაიხსენა, რომ მორიგი დაპატიმრებისა და სასტიკად ცემის შემდეგ, თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან, დედამისსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაჩი ცაგურიამ ეს ამბავი მოგვიანებით, სრულიად შემთხვევით შეიტყო, მისი თქმით, ცემის შედეგად, დედამ ტვინის მძიმე შერყევა მიიღო და საავადმყოფოში იწვა...

For.ge დაჩი ცაგურიას დაუკავშირდა.

დაჩი, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც თქვენ და თქვენმა მეგობრებმა გადაიტანეთ, რაც სააკაშვილის რეჟიმმა დაგმართათ, როგორ აფასებთ საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდების არც ისე მშვიდობიან პროტესტს, რომელიც 201 დღის წინ დაიწყო, როდესაც ცეცხლის კვამლში გახვიეს რუსთაველი და მოლოტოვის კოქტეილებს უშენდნენ პოლიციელებს?

- ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ჩემი ემოციური გამოსვლისთვის. ძალიან მინდოდა, მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამომივიდა მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია გასული იმ საშინელი დღიდან. დღეს რომ ვუყურებ აქაურ ამბებს, რაც ხდება, პირველ რიგში, მახსენდება ის ხალხი, რომლებიც მაშინ დაგვცინოდა და აბუჩად გვიგდებდა. ახლა არიან ისინი ძალიან აქტიურები, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლები გახდნენ, არადა, ადრე დაგვცინოდნენ. ვგულისხმობ შოთა უტიაშვილსა და მის მეუღლეს - ეკა კვესიტაძეს, რომლებიც იქ იყვნენ. ის ადამიანები, რომლებიც ადრე თავ-პირს გვალეწავდნენ, ძვლებს გვიმტვრევდნენ, ოჯახებს გვიწიოკებდნენ, სისხლის კალოებს აყენებდნენ ქუჩებში, ხვრეტდნენ ადამიანებს, დღეს მორალს გვიკითხავენ და დემოკრატიის ნორვეგიაზე მაღალ სტანდარტს ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან!

მე სულ მერიდება ხოლმე ჩემს თავზე საუბარი, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მძიმე და საშინელი ამბები დამართეს ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. დღეს საშინელი შესახედია, როდესაც ეს ადამიანები ჭკუას გვარიგებენ და შეუძლებელს ითხოვენ. გამოხატვის თავისუფლება ყოფილა, თურმე, ფოიერვერკს რომ ესვრი სახეში პოლიციელს, ასევე შურდულს, ქვებს, გამოხატვის თავისუფლებაა, თურმე პარლამენტის შენობის მინების დაზიანება, ფანჯრებში ბენზიანი „ბუშტების“ შეგდება... ამის შემდეგ, როცა პოლიცია ვალდებულია, რომ იმოქმედოს, რათა შეაჩეროს ასეთი ძალადობა, პრეტენზიას აცხადებენ მოძალადეები - ნახეთ, პოლიციამ აქცია დაარბიაო. ეს არ არის დარბევა, დარბევა იყო 2009 წლის 15 ივნისს, როცა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაგვარბიეს, ეს არის პოლიციის მიერ აქციის დაშლა, რაც აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. როდესაც ერთად შეკრებილი ადამიანები ძალადობენ და ისინი საშიშები არიან, დედამიწაზე, ნებისმიერ ქვეყანაში, პოლიცია ვალდებულია, ასეთი აქცია დაშალოს.

მე ყველა აქციას თვალ-ყურს ვადევნებდი გაფაციცებით და ყურადღებით. არცერთი აქციის დაშლა არ დაუწყია პოლიციას უსაფუძვლოდ. ჩემი შეფასებით, ძალიან ხშირად დაგვიანებითაც კი დაიწყეს პოლიციელებმა ამ აქციების დაშლა, ამ დროს დაადანაშაულო საკუთარი ქვეყანა დიქტატურასა და ტირანიაში, სხვა ქვეყნებს სთხოვო, დაასანქცირონ შენი ქვეყანა, უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ და შენი ქვეყნის რეპუტაცია მიწასთან გაასწორო, რბილად რომ ვთქვათ, უნამუსობა და უსინდისობაა.

არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანი ასე ადვილად ითხოვდეს საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას იმ უაზრო მიზეზის გამო, რომლის „საფუძველზეც“, ზელენსკიმ გამოაგდო ჩვენი ქვეყნის ელჩი. არადა, კიევი რომ იბომბებოდა, ჩვენს დიპლომატებს ფეხი არ მოუცვლიათ უკრაინიდან და ბოლომდე იქ იყვნენ. არადა, ჩვენ ვნახეთ, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საელჩოების უდიდესმა უმრავლესობამ უკრაინა დატოვა. უკრაინის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ თითქოს სააკაშვილს კლავენ, აწამებენ, რომელსაც დემენცია ჰქონდა, თითქოს, მაგრამ ისიც ვნახეთ, რომ ეს „მომაკვდავი“ ადამიანი, რომელსაც აღარაფერი შეეძლო და დღე-დღეზე კვდებოდა, მრავალშვილიანი მამა გახდა, მოულოდნელად. ამ დროს, შენი ქვეყნის დამცირება რომ გიხარია და აღფრთოვანებული ხარ, როგორ აგდებენ შენი ქვეყნის ელჩს, უნამუსო ხარ და სერიოზული პრობლემები გაქვს!

მზად არიან ადამიანები, რომ ჩასხდნენ თვითმფრინავებში, 18 საათი იფრინონ ვაშინგტონამდე და იქ ეხვეწონ, თქვენი ჭირიმე, ჩემი ქვეყანა დაასანქცირეთო, ეს არის შაჰისევანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიას უნახავს. სამწუხაროდ, ესენი სადუნ მანკაბერდელსა და მის შვილს - ხუტლუბუღას ჰგვანან, რომლებმაც დემეტრე მეორე თავდადებული დააბეზღეს ყაენთან... უბრალოდ, დრო გავიდა, ეპოქა და ტექნოლოგიები შეიცვალა, მაგრამ მოღალატე ადამიანები და მათი ბუნება არ შეცვლილა. ეს ძალიან მძიმე სიტყვაა და ვერიდები ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, მეტი რა უნდა დავარქვა ადამიანებს, რომლებიც საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს, სააკაშვილს აწამებდნენ ციხეში. არ ვიცი, რა ვუწოდო მამა-შვილ ბუღაძეებს, ქალბატონ საბანაძეს და მათ, რომლებიც საქართველოს დასანქცირებას ითხოვენ. არც ირინა ენუქიძეს, ია მეტრეველს და იური ვაზაგაშვილს, რომელიც საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს, არც გამცემლიძის, შავლაძისა და ცინდელიანის ოჯახის წევრებს არ მოსვლიათ თავში აზრად, რომ სხვა ქვეყნებისთვის ეთხოვათ საქართველოს დასანქცირება და ასე რამ გააბრაზა ქალბატონი საბანაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც დარჩა თავის პოზიციაზე, რომ უჩნდება სურვილი, საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ, მოაქციონ იზოლაციაში და დაუწესონ სანქციები?!

როცა ეს უსინდისო ხალხი იყო ხელისუფლებაში, უფლებას აძლევდნენ, რომ ჩვენ ვეწამებინეთ, ვეცემეთ, ჩვენთვის ძვლები დაელეწათ, ჩვენი მშობლები ეცემათ, ჩვენი ნათესავები და ახლობლები ციხეებში ეწამებინათ, ამის მიუხედავად, დემოკრატიის შუქურად მონათლეს სააკაშვილის რეჟიმი. ტელევიზიებს არბევდნენ, მედია მიწასთან გაასწორეს, მაგრამ ახლა ყოფილა დიქტატურა საქართველოში და თავისუფალი სიტყვა იდევნება, თურმე. ახლა, როცა თავისი ტელევიზიებიდან იგინებიან, პირდაპირ და ოჯახის წევრებს უწიოკებენ ადამიანებს - რა დღეში ჩააგდეს მარიამ ლაშხი, თავის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად - ყველაფერი ეს, მათთვის დემოკრატიის მაღალი სტანდარტია და ხელისუფლების რეაგირება ამ ყველაფერზე - დიქტატურა?!

მე თუ მკითხავთ, გაცილებით მძიმე პასუხი უნდა იყოს ამ ყველაფერზე. დიპლომატებისა და გარე აქტორების უხეშ ჩარევაზე აღარაფერს ვამბობ, პირდაპირ აფინანსებენ სახელმწიფო გადატრიალებას. მიზეზი ის არის, რომ დიქტატურა ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ ის, ვინც მართლა დიქტატორი იყო, ის უნდა დააბრუნონ ისევ, რაც არის ცინიზმი! ჩემს წარმოსახვაში, რაც იყო ევროპა და ევროპული სამართალი, ყველაფერი ეს, ან აღარ არსებობს, ან მე ვცდებოდი... ამას, რასაც ვხედავთ, არავითარი საერთო არ აქვს ევროპულ სამართალთან და დემოკრატიასთან. მეტიც, ჩვენ ვხედავთ, რომ დიპლომატიურ მისიებს საქართველოში, თავზე აქვთ გადახეული ვენის კონვენცია. აბა, რას ნიშნავს, რომ გერმანიის ელჩს, რომელიც აქ, რუსთაველზე, მიტინგზე იდგა და ლამის, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდა, თუ ვინმე გაუბრაზდება და პასუხს მოსთხოვს, გადატრიალებას რატომ აწყობო, ეს ყოფილა დანაშაული, მაგრამ გერმანიის ელჩის ქმედება დემოკრატიის მწვერვალი! გვიყურებენ, როგორც ბანანის რესპუბლიკას, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არ არის ბანანის რესპუბიკა, ეს არის სახელმწიფო, რომელიც თავის ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ატარებს და რომელიც ორიენტირებულია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვაზე. საქართველოში დღეს რომ არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სასამართლო, არ შემეშინდება ამის თქმის და დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა!