ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რამდენიმე მიმართულებით დამატებითი დაეხმარება, ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებების თანახმად, აღნიშნული გულისხმობს დახმარებას როგორც ევროატლანტიკური მიმართულებით სვლაში, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ა.შ.
ისიც ვიცით, რომ აშშ მზადაა, ნატო-ს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ხელი შეუწყოს და შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს (MAP). რამდენად არის საქართველო ამისათვის მზად და არსებობს თუ არა წინაპირობა იმისა, რომ ნატო-ს შემოდგომის სამიტამდე სიტუაცია შეიცვალოს, ამის შესახებ საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, აშშ-მ გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მაგრამ ასევე არსებობს ფორმალური მხარეც. ხშირად ველოდით, რომ რომელიმე სამიტზე საქართველო ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღებდა, თუმცა ეს არ მომხდარა. რეალურად არის მზად ქვეყანა იმისათვის, რომ სექტემბერში MAP მივიღოთ?
- დღევანდელი რეალიებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ნატო-სკენ სვლა საქართველოს განუყოფელი ნაწილია, საუბარია MAP-ის სტატუსის მიღებაზე. ახლა საქართველო ევროინტეგრაციის მესამე საფეხურზეა და ამ ეტაპზე ინტენსიური დიალოგის სტატუსი გვაქვს - გაცილებით წინ ვართ ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა (2006 წელს მივიღეთ ეს სტატუსი).
საქართველო პირველი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელსაც შეუძლია MAP-ის მიღება. MAP შედგება ხუთი ძირითადი ბლოკისაგან, პირველია - პოლიტიკური უსაფრთხოება, მეორეა - ეკონომიკური და სოციალური, მესამეა - სამხედრო ბლოკი, მეოთხე - საინფორმაციო უსაფრთხოება ანუ სახელმწიფოებრივი უშიშროების კონტექსტზეა საუბარი და მეხუთეა - სამართლებრივი რეგულირების საკითხები.
წინა ხელისუფლების პერიოდში სწორედ პოლიტიკური ბლოკი იყო ერთგვარი მოწყვლადი ფაქტორი და გარდა იმისა, რომ გვქონდა სხვა ფაქტორები - სამხედრო მომზადების კუთხითაც იყო გარკვეული ჩავარდნები აგვისტოს ომის შემდგომ, პლუს ეკონომიკური-სოციალური პირობებიც არ უწყობდა ხელს, რომ ეს პირობები ასე თუ ისე ყოფილიყო გარანტირებული.
სახელმწიფოებრივი უშიშროების კუთხითაც იყო საკმაოდ სუსტი მდგომარეობა, რადგან იმ პერიოდის სახელმწიფო უშიშროების სისტემა ვერ იდგა სათანადო დონეზე და ვერ უმკლავდებოდა იმ საფრთხეებს, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის იქნებოდა საკმარისი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაკლი იყო, რომ სახელმწიფო უშიშროების ინსტრუმენტი გამოიყენებოდა, როგორც პოლიტიკური ტერორის ინსტრუმენტი - ეს ძალზე სერიოზული მომენტია. სამართლებრივი მდგომარეობაც, ფაქობრივად, ისეთი ბლოკი იყო, რომელიც ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, რადგან პოლიტიკური რეფორმების ლიბერალიზაცია დაიწყო ქვეყანაში. შეიარაღებული ძალების რეფორმირებისთვისაც დასახულია გზები და ამოცანები, საკმაოდ ინტენსიუირად მიდის რეფორმირება-განვითარება.
სახელმწიფო უშიშროების კუთხითაც მოხდა გარკვეულწილად ცვლილებების შეტანა და ეკონომიკური და სოციალური დროებითი ხარვეზების მიუხედავად, ის ტემპები, რომელიც ჩვენ შეიძლება უელსის სამიტისთვის მოვიპოვოთ, ანუ MAP-ის სტატუსიდან ინტეგრაციის მეხუთე დონეზე გადასვლის პერიოდში, საერთო ანალიზიდან გამომდინარე, ეკონომიკური მაჩვენებლები უკვე შორსმიმავალია და შესაბამისად, იქნება მიღწეული.
ანუ ყველა ამ პარამეტრის გამოსწორების ნიადაგზე, მიუხედავად იმისა, რომ ამას ემატება ძალიან მყიფე სიტუაცია უკრაინასთან დაკავშირებით - არსებობს რუსეთის მხრიდან წარმოებული პირდაპირი აგრესიის საშიშროება, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართულებითაც.
გასულ კვირებში, როდესაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები დგანან უკვე ქარელის შესასვლელთან და აკონტროლებენ გარკვეულ სივრცეს, ამან სერიოზულად შემაშფოთა. ყველა ეს მომენტი ქმნის საფუძველს, რომ დაჩქარდეს საქართველოსთვის MAP-ის მიღების პროცედურა, როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური ფაქტორებიდან გამომდინარე.
კამათია, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე შევა ნატო-ში. როგორ წარმოგიდგენიათ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობა ქვეყნისთვის რომელსაც გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები?
- ასეთ შემთხვევაში საქართველოს შეუძლია შევიდეს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში, რადგან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის ავტორებს არ უღიარებიათ, ანუ ისინი არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთიან კონტექსტში. უბრალოდ, მათზე არ განხორციელდება დროებით მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება.
ასეთი პრეცედენტი იყო შექმნილი, იგივე, თუნდაც, გერმანიის მიმართ, როდესაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შევიდა ნატო-ში. მაშინ გერმანია არ იყო ერთიანი ქვეყანა. ის იყო ორ ნაწილად გაყოფილი - ერთი იყო საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ანუ აღმოსავლეთ გერმანია.
უშუალოდ დასავლეთ გერმანია შევიდა ნატოში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იმ პერიოდში საკმაოდ დიდი ეჭვის ქვეშ იდგა. ანუ, იმ პერიოდში აღმოსავლეთ გერმანიაზე არ გავრცელდა ევროატრლანტიკური ალიანსის ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლით გათვალისწინებული პირობები. ანუ ქვეყნის კოლექტიური თავდაცვის პრინციპის გამოყენება თუ განხორციელდება აგრესია მეორე სახელმწიფოზე.
ანუ, თუ დავუშვებთ საქართველოს მიმართ - მეხუთე მუხლი დროებით არ გავრცელდება კონფლიქტური ტერიტორიების მიმართ, რადგან ამჟამად ოკუპაციის რეჟიმში არიან. ამიტომ, ამ ეტაპზე დროებით არ გავრცელდება. მაგრამ ეს დროებითი პირობაა რადგან ნებისმიერ პერიოდში შეიძლება მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რის შემდეგაც საქართველოს მთელ ტეროტორიაზე გავრცელდება ეს პირობა.
ფორმალურად, ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ სულ მცირე, რუსულმა სამხედრო ბაზებმა შეიძლება დატოვონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტეროტორიები და დაბრუნდეს 2008 წლამდე არსებული სტატუს-ქვოს მდგომარეობა, როდესაც არ არსებობდა ამ ტერიტორიებზე სტაციონალურად განლაგებული სამხედრო დაჯგუფებები.
ეს უკვე აღარ ითვლება სამხედრო ბაზებად, ეს არის სამხედრო დაჯგუფებები, რომლებსაც შეუძლია ავტონომიურად იმოქმედოს ძირითადი ძალების დახმარების გარეშე და პირდაპირი სამხედრო საფრთხე შეუქმნას საქართველოს შიდა ტეროტორიული თვალსაზრისით. ანუ, ნატო და MAP დაგვეხმარება, რომ 2008 წლამდე არსებული სტატუს-ქვოს მდგომარეობა აღდგეს.
ამერიკა ყოველთვის უფრო ღიად გამოხატავს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტისას ამერიკული პოლიტიკური წრეების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა. ევროპა შედარებით თავშეკავებულია ამ საკითხთან მიმართებაში. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე შესაძლებელია თუ არა, ევროპამ თავისი დამოკიდებულება შეიცვალოს საქართველოს მიმართ, თუნდაც ამერიკის გავლენით?
- აქ ერთი საინტერესო ნიუანსია. გავლენა, რა თქმა უნდა, შეუძლია მოახდინოს. მითუმეტეს, ამერიკასა და ევროკავშირს შორის უკრაინაში არსებული სიტუაცია ახალი რეალობის წინაშე აყენებს მათ რეგიონულ პარტნიორობასაც. თუმცაღა, მათ შორის შეიმჩნევა გარკვეული უთანხმოება. განსაკუთრებით ნოლანდის ჩანაწერის გავრცელებით რუსებმა შეძლეს გარკვეული უთანხმოების შეტანა ტრანსატლანტიკური პარტნიორობის თანამშრომლობის სივრცეში, მაგრამ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ეს დროებითია.
განვითარებულმა მოვლენებმა ევროპას დაანახა, რომ სხვა გამოსავალი არ გააჩნია, თუ არა ისევ ამერიკასთან ერთიანი ტრანასატლანტიკური ერთიანობა, რომ ამის გარეშე, შეიძლება, ვერ გაუმკლავდნენ იმ საფრთხეს, რაც უკვე წამოვიდა ამჟამინდელი რუსეთის ფედერაციის მმართველი რეჟიმისაგან.
საუბარია უკვე ხისტი ძალის გამოყენების საფრთხეზე. თუმცაღა ევროპასაც უჩნდება გარკვეული ინსინუაციები ამასთან დაკავშირებით.
ამ ყველაფერს წყვეტს სიტუაციური ეკომოდელირება, ანუ იმ პერიოდში, უელსის სამიტის დროს როგორი განწყობა, როგორი ურთიერთობა აიგება ევროკავშირის ბირთვ სახელმწიფოებსა და რუსეთის ფედერაციას შორის. შესაბამისად, როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთსა და ამერიკას შორის. ასევე როგორ განვითარდება სიტუაცია უკრაინასა და პოსტსავბჭოთა სივრცეში. არ დაგავიწეყდეთ, რომ ჯერი მიდგება მოლდოვაზეც, სადაც ყველა ელოდება იმ სასპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდება წელს. მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ეს არის ერთიანი ჯაჭვი იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ მიმართულებით.
დღეს რაიმე კონკრეტული ლაპარაკი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან რთულია.
ანუ შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ დასავლეთის და მათ შორის, ჩვენი გეგმები რადიკლურად შეიცვალოს?
- ფორმალურად ჩვენ უკვე ვაკმაყოფილებთ MAP-ის მოთხოვნებს. წინა ხელისუფლების პერიოდში ეს მოთხოვნები არ კმაყოფილდებოდა - ეს იყო ცალსახა. ამას იხვევდნენ ხელზე მაშინდელი ევროკავშირის წამყვანი ზოგიერთი ქვეყნები, იგივე გერმანია, იტალია, ესპანეთი, რომლებსაც გარკვეული სპეციფიკური ურთიერთობა გააჩნდათ რუსეთთან. თუმცა ჩრდილოატლანტიუკური უსაფრთხოების გარანტებიც იყვნენ. ისინი იყენებდნენ იმ ფაქტორებს, რომ საქართველოში არ იყო დაკმაყოფილებული MAP-ის მისანიჭებლად საჭირო პირობები და ბუქარესტის სამიტმა ეს ცხადად აჩვენა.
ახლა, როდესაც მოხდა საქართველოში ხელისუფლების ორჯერ მშვიდობით ტრანსფორმაცია, ამან შესაბამისად, თვისობრივად შეცვალა ჩვენი ჩრდილოატლანტიკური მიდრეკილების მისწრაფება და სვლა. ანუ ფორმალური კუთხით ის წინაღობა, რომელიც არსებობდა წინა პერიოდში, ფაქტობრივად გამოირიცხა.
ახლა უკვე დგება სხვა საკითხი - რეალური გეოპოლიტიკური სცენარების კუთხით როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები. უნდა დაველოდოთ იმ რეალიებს, რომელიც განვითარდება უელსის სამიტის პერიოდში და ცოტა ხნით ადრე.
მანამდე რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ, გარდა იმისა, რომ გამჭვირვალედ უნდა ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობვის არჩევნები?
- ერთი მხრივ, ძალზე ბანალურია, მაგრამ მეორე მხრივ, ძალზე რთულია, პროვოკაციაზე არწამოგების პოლიტიკა სამხედრო კონფრონტაციის კუთხით. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა შეუწყოს ხელი ახალი კონფლიქტური კერების წარმოქმნას.
რას გულისხმობთ?
- ჯერჯერობით თავს შევიკავებ, რომელ კერებს ვგულისხმობ, მაგრამ ამისი საშიშროება ნამდვილად არსებობს და თუ დღევანდელი ხელისუფლება ამას არ გაითვალისწინებს, შესაძლოა მივიღოთ საკმაოდ ცუდი გეოსტრატეგიული გამოწვევა - ამას ზოგადად ვამბობ, მაგრამ იმედია, ხელისუფლება ამ ფაქტორსაც გაითვალისწინებს. ამ გამოწვევებზეა დამოკიდებული MAP-ის მიღების პროცედურა.
ის რასაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ევროპა ხელზე იხვევდა, იყო მხოლოდ საბაბი, თუ მართლაც რეალური მიზეზი, რომ ნატო-სკენ სწრაფვის გზაზე რეალური პროგრესი ვერ მიგვეპოვებინა? ანუ ძალიან ღიად რომ ვთქვათ, მაშინ არ სჭირდებოდა დასავლეთს საქართველო ნატო-ში და ახლა შესაძლოა, დასჭირდეს?
- ვიტყოდი, რომ იყო ორივე, როგორც საბაბი, ასევე რეალური წინაღობის პარამეტრების შექმნა - ეს პროცედურა ორივე მომენტს შეიცავდა. უბრალოდ, ჩვენ არ უნდა მიგვეცა საბაბი. რელობა უნდა შეგვექმნა ისეთი, რომ საბაბის გამოყენების სურვილიც კი არავის გასჩენოდა.
რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას, როგორც უკვე მოგახსენეთ, უნდა დაველოდოთ იმ მოვლენებს, რომელიც განვითარდება უელსის სამიტის პერიოდამდე.