შაჰინს და უილსონს კალიფორნია თავზე ემხობათ და ბაჩიაშვილზე დარდობენ

შაჰინს და უილსონს კალიფორნია თავზე ემხობათ და ბაჩიაშვილზე დარდობენ

„სკანდალია, როცა ამერიკის კონგრესის წევრი ფულის გამთეთრებელ ადამიანს ესარჩლება, დიდი ხანია, ვნახეთ, ასეთ განცხადებებს როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ“, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის და კონგრესმენის ჯო უილსონის შეფასებებს გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული შეფასებით, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება დემოკრატიული პროცესების უკუსვლად მიიჩნია და განაცხადა, რომ იმუშავებს „მეგობარი აქტით“ გათვალისწინებული სადამსჯელო ზომების ამოქმედებაზე. „საქართველოში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია. დემოკრატიის უკუსვლას უნდა გაეცეს პასუხი“, - წერს შაჰინი.

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმაც: „ბაჩიაშვილის დაკავება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ იყენებს ოლიგარქიული რეჟიმი სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. დროა, მმართველი გუნდი შეეწინააღმდეგოს ავტორიტარიზმის გზას და დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები“.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო 2 მილიარდ ლარამდე თანხის მითვისების საქმეში და 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიცია მას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს და სენატორ შაჰინის განცხადებას სრულად ეთანხმება.

შაჰინისა და ჰელსინკის კომისიის მწვავე განცხადებები მმართველ გუნდში არავის გაკვირვებია. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გაჟღერებული საერთაშორისო რეაქციების ფონზე, აშკარა ხდება, რომ ქვეყნიდან გაქცეული მსჯავრდებულის მხარდაჭერის უკან კონკრეტული ფინანსური ინტერესები დგას. ხელისუფლებისთვის ბაჩიაშვილის მხარდამჭერების ხმაური „დიფ სთეითის“ მუდმივი ინტერესის დადასტურებაა.

საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ ბაჩიაშვილი, რომელზეც სასამართლოს კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე აქვს განსახილველი, უკანონოდ მოპოვებული თანხებით ანტისახელისუფლებო აქციების დაფინანსებაში მონაწილეობდა. მმართველი გუნდის შეფასებით, მისი მიზანი უცხოელ ლობისტებთან შეთანხმებული პოლიტიკური დღის წესრიგის დაწესება იყო.

„საერთო ჯამში, ეს იმ კრიზისს აჩვენებს, რომელიც პოლიტიკურ ელიტაში, კონგრესის ამ ჯგუფში არსებობს. სხვა განცხადებებიც გვსმენია, ფულის გამთეთრებელს კი არა, წამების სისტემის შემქნელ სააკაშვილს ესარჩლებოდნენ. ვიცით, ასეთი განცხადებები სად იწერება, როგორ იგეგმება, როგორ ხორციელდება და როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ესეც დიდი ხანია, ვნახეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან ლობისტური კამპანია და საკუთარი აგენტურის დაცვა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მისი თქმით, დაუშვებელია, ადამიანი, რომელსაც ფულის გათეთრების საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს, პოლიტიკურ პატიმრად განიხილო.

„ჯიმ შაჰინსს ერთხელ არ გაუკეთებია კომენტარი საკუთარ ხელმძღვანელზე - ბობ მენენდესზე, რომელსაც არაერთი დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი და დღეს სასჯელს იხდის. სწორედ მენენდესი იყო იმ საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის წევრიც ქალბატონი ჯინ შაჰინიც იყო. 16 მუხლით მენენდესი დამნაშავედ ცნეს. ქალბატონ შაჰინს თუ მაშინ არ ჰქონდა ინფორმაცია მისი დანაშაულების შესახებ, ახლა ხომ იცის? თუმცა მისგან არც ერთი გამამტყუნებელი განცხადება საკუთარი კოლეგისა და ხელმძღვანელის მიმართ არ მოგვისმენია. თუ კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბრად უნდა მუშაობდეს, რატომ არ ვხედავთ ამ პრინციპის დაცვას მისივე მხრიდან?“ - აცხადებს ქართველიშვილი.

მისი თქმით, შაჰინი და უილსონი აგრძელებენ ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში და ისეთ თემებს ეხებიან, რაც მათივე ქვეყანაში ხშირად უკიდურესი უკანონობის მაგალითებით ხასიათდება.

„საქართველოსთვის, რომელიც მათთვის მეხუთეხარისხოვანი ქვეყანაა, არც სამართლის და არც კანონიერების პასუხიმგებლობას არ გრძნობენ. ამერიკის რიგი პოლიტიკური ელიტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის იმუშავებს ორმაგი და სამმაგი სტანდარტი, ამიტომ მათი განცხადებები მუდმივად უნდა შეაფასოს და განმარტოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ქვეყანა სუვერენულია და არც ერთი ქვეყნის ვასალი არ არის“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე შეფასებით, შაჰინმა და უილსონმა საკუთარი ლობიზმი პოლიტიკურ აქტივიზმად აქციეს.

„ქართველი ხალხისთვის ეს პირები კარგად ნაცნობები არიან, ამიტომ მათი განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს, ისინი, უბრალოდ, ფულს იღებენ ამ განცხადებებში. ვხედავთ, როგორ განულდა მათი აგენტურის რეიტინგი საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ იძულებულნი არიან, რომ დღის წესრიგი თავადვე შექმნან და ბაჩიაშვილი ე.წ. პოლიტპატიმრად წარმოაჩინონ“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ბაჩიაშვილის პოლიტიკურ აქტორად წარმოჩენა მაშინ, როცა იგი ფულის გათეთრების საქმეზეა მსჯავრდებული, კიდევ უფრო აშკარად აჩვენებს, რომ მათ განცხადებებს პოლიტიკური საფუძველი გააჩნია.

„ამ ადამიანების აგენტები საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური ცხოვრებიდან. ზოგჯერ საცოდავად ჩნდებიან რუსთაველზე გამართული აქციების დროს და ისიც უკვე სიგიჟის ზღვარზე მყოფ ფორმატში. ხალხი მათ აღარ უსმენს და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ბაჩიაშვილის გამოყვანა ე.წ. პოლიტპატიმრად“, - აღნიშნავს ქართველიშვილი.

მისი შეფასებით, მაშინ, როცა ამერიკა მწვავე პოლიტიკური კრიზისის წინაშეა და კალიფორნიაში სისტემური კოლაფსის ნიშნებია, სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან ბაჩიაშვილის ბედით დაინტერესება ცინიკურად გამოიყურება.

„მაინტერესებს, ასეთ მძიმე პერიოდში, როცა ამერიკას თავზე ერთად მოევლინა ყველა კრიზისი და საშინელი დაპირისპირებაა მოსალოდნელი, როგორ შეუძლიათ შაჰინსა და უილსონს ისევ „მეგობარი აქტით“ ემუქრებოდნენ საქართველოს. ტრამპს ამაზე ხელის მოსაწერად თუ ეცლება?! ეს ყველაფერი აბსურდის ზღვარზეა მისული. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე და დავიცვათ ქვეყნის ინტერესები. ლობისტების განცხადებებს არანაირი გავლენა არ აქვს ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგზე“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.