ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისის სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავს. განრიგის თანახმად, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, საქართველოს საკითხთან ერთად განხილული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ახლო აღმოსავლეთსა და ლიბიაში არსებული ვითარება, ჩინეთი და ევროპული უსაფრთხოება. საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებამდე კი ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმდნენ.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა, რომელზეც შეთანხმდნენ, საშუალებას მისცემს ევროკავშირს უფრო მოქნილად უპასუხოს ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფას, რაც შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების საკითხებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს.
„მომავალში, გაერო-ს ქარტიის დარღვევა, ადამიანის საერთაშორისო უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება. ახალი კანონით, უვიზო რეჟიმის შეჩერების დამატებითი საფუძვლები მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორიცაა მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დესტაბილიზაციას ან შერყევას და სქემები, რომელიც ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს („ოქროს პასპორტები“), რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს.
ქვეყნის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, რაც მას, პოტენციურად, ევროკავშირში უკანონო შესვლის ტრანზიტულ ქვეყნად აქცევს, ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება. შენარჩუნდება არსებული საფუძვლები, მათ შორის ხელახალი მიღების საკითხში თანამშრომლობის ნაკლებობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკავშირის ინფორმაციით, ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი ასევე შეთანხმდნენ მექანიზმის იმგვარად გაუმჯობესებაზე, რომ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა მხოლოდ იმ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გავრცელდეს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ფუნდამენტური უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების ვალდებულებების დარღვევაზე. შეეხება თუ არა ეს გადაწყვეტილება საქართველოს, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერები და მაგალითად პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოვიდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უვიზო რეჟიმის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს, რაც შეეხება თვითნებობას და საბაბის ძებნას, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სხვის თვითნებობაზე და არაკეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ აიღებს. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკვე იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან, რადგან არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა.
„თუ შევეცდებით ობიექტურად გავაანალიზოთ, რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს. მაგრამ, როდესაც ვინმეს საფუძველი კი არა საბაბი სჭირდება, საბაბს ყოველთვის მოიძიებს. შეგახსენებთ, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებით ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია.
დღემდე არ დაუსახელებიათ არც ერთი მუხლი ან საფუძველი, რითაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ბრიუსელმა ჩვეულებრივად დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც არის ორგანიზაციის არასათანადო ქცევა. აქედან გამომიდინარე, დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მით უმეტეს, როცა ვხედავთ პარტიულ მიკერძოებებს და მავნე მიზნებს საქართველოსთან დაკავშირებით ზოგიერთი სუბიექტების მხრიდან. რაც შეეხება თვითნებობას და საბაბის ძებნას, ჩვენ სხვის თვითნებობაზე და არაკეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ რიგი აქტორები უვიზო მიმოსვლას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ. თუმცა, მისი თქმით, შანტაჟის მიუხედავად, ქვეყნის ეროვნული ინტერესები საქმით უნდა დაამტკიცონ და ამ კურსს მიყვებიან. მაჭავარიანის თქმით, „ქართული ოცნების“ კურსია ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და მეტი დამოუკიდებლობა.
„უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მონაპოვარია. ჩვენ ვხედავთ, რომ გარედან რიგი აქტორები, რომლებიც მფარველობენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, ამას იყენებენ შანტაჟის მექანიზმად. ჩვენ ორი შანტაჟის მექანიზმი გამოვაცალეთ, პირველი იყო კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი - მოლაპარაკებების გახსნის საკითხი; ახლა ვიზალიბერალიზაციის გარშემო საუბრობენ. ტუსკი იყო, ვინც თავიდან ამ მუქარების ავანგარდში მოგვევლინა. კარგად ვიცით პოლონეთის მთავრობის დამოკიდებულება კონკრეტულად სააკაშვილთან მიმართებით.
საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება თუ ევროპარლამენტარები პოლონეთიდან, ისინი ძალიან გულშემატკივრობენ და მეგობრობენ სააკაშვილთან. ჩვენ ამისთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ შეგვიქმნია. შესაბამისად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. დემოკრატიის უკუსვლაზე საუბარს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გვესმის იმ დღიდან, რაც უკრაინაში დაიწყო ის ტრაგედია, რა ტრაგედიაც ტრიალებს.
კარგად გვახსოვს, როდესაც ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის პირობებში ბლინკენის პრესსპიკერი გვსაყვედურობდა, რომ დემოკრატიის უკუსვლაა საქართველოში. შემდეგ ჩაბრძანდებოდნენ, მაგალითად, მონღოლეთში და იტყოდნენ, რომ მონღოლეთი დემოკრატის შუქურაა. ომის დაწყების დღიდან შანტაჟის ენით გვესაუბრებოდნენ და ამ საუბარს აგრძელებენ. ჩვენ ამას მიჩვეული ვართ და შანტაჟის არ გვეშინია. საქართველო შემდგარია უკვე, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენი კურსია, გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს ხელისუფლება კი უდიდესი ზეწოლის ფონზე ინარჩუნებს მშვიდობას.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი არ არსებობს და გარდა ამისა, თუ ჩვენ გავაანალიზებთ უვიზო რეჟიმის შედეგებს, მისი თქმით, საქართველოდან ძალიან ბევრი ჯან-ღონით სავსე ადამიანი გავიდა ევროკავშირში, სადაც დეფიციტია მუშახელის და იქ ევროპელების საკეთილდღეოდ მუშაობენ, გაცილებით უფრო იაფად, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა.
„არავითარი მოტივაცია ამისთვის არ არსებობს. ჩვენ ზედმიწევით ვასრულებთ ყველა მათ მითითებებს. ერთადერთი უარს ვამბობთ იმაზე, რაც ვნებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს - მათი გულისთვის ომში ხომ არ ჩავერთვებოდით?! ამიტომ არის დისონანსი ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესებს შორის. ჩემი აზრით, ეს უფრო დამაშინებელი ზეწოლის აქციაა, ვიდრე რეალური და მათი განწყობის გამომხატველი, მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი არის ეროვნული ინტერესები. მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირს კარგი განწყობა ჰქონდეს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე უნდა ვთქვათ უარი?“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
პოლიტოლოგის შეფასებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. ამ შემთხვევაში, სულ მცირე, ორი ქვეყანა - სლოვაკეთი და უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ინიციატივას.
„საერთოდ, გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით და დღევანდელი მოცემულობით არ არის ამის შესაძლებლობა, ვინაიდან უნგერთი და სლოვაკეთი უარს იტყვიან. ამიტომ გამორიცხულია უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ერთადერთი ვარიანტი არის, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად თქვან უარი. აი, ამ შემთხვევაში შეიძლება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირი კრიზისშია და ყოველთვის ვამბობ, რომ ევროკავშირის ინსტიტუცია წინა მსოფლიო წესრიგის გადმონაშთია და ისევე როგორც ნატო, აღარ არის აქტუალური. ტრამპს აღარ უნდა ისეთი ურთიერთობები, როგორიც არის. ამიტომ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ. ჩვენ რომ ურთიერთობების სალდო დავითვალოთ, გაცილებით უკეთესი მონაცემები აქვს ევროკავშირს, ვიდრე ჩვენ. მეტ სარგებელს იღებენ ჩვენგან, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ეს არარაციონალური აზროვნება გვაიძულებს ვიფიქროთ იმაზე, რომ დავიღუპებით და რა გვეშველება. ამ დროს, არ დავიღუპებით, ხელებს გავანძრევთ და უკეთესად ვიქნებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.