ქართველი კანონმდებლები იმაზე დავობენ, ვინ დატოვა საომარი მოქმედების დროს ქვეყანა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გოგა ხაჩიძემ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების დასახელება სთხოვა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყნიდან გარბოდნენ. ბესელიამ კი კოლეგას ომთან დაკავშირებული ცალკეული ეპიზოდები გაახსენა.
ხაჩიძის სურვილი,პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დააკმაყოფილა. მან 2008 წლის 7-14 აგვისტოს, ხელისუფლების ყოფილი წევრების ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლის სია გამოაქვეყნა. სია, აგვისტოს ომის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა და ეს სია პარლამენტის არქივში ინახება.
სია თავის მხრივ ძალიან საინტერესოა. ამ სიის მიხედვით ირკვევა, რომ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქვეყანაში 8 აგვისტოს დაბრუნდა; გიგა ბოკერია ქვეყანაში 9 აგვისტოს დაბრუნდა, გასვლის თარიღი მითითებული არ არის. ნინო კალანდაძე ქვეყანაში შემოვიდა 10 აგვისტოს, ქვეყნიდან მომდევნო გასვლის თარიღი კი სიაში მითითებული არ არის. დავით ბეჟუაშვილი ქვეყნიდან 7 აგვისტოს გავიდა და შემოვიდა 11 აგვისტოს, ხოლო 15 აგვისტოს კვლავ გავიდა წითელი ხიდიდან.
ეკა ტყეშელაშვილი ქვეყნიდან გავიდა 13 აგვისტოს და დაბრუნდა 15-ში. ბაკურ კვეზერელი 9 აგვისტოს დაბრუნდა ქვეყანაში. ბეჟან ხურციძემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა 7 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი სიაში მითითებული არ არის. რომან მარსაგიშვილი ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი კი უცნობია.
მერაბ სამადაშვილი სადახლოს გავლით ქვეყნიდან 12 აგვისტოს გავიდა და იმავე დღეს დაბრუნდა. გიორგი ღვინიაშვილი ქვეყანაში, ვალეს გავლით 11 აგვისტოს დაბრუნდა, თუმცა როდის გავიდა ქვეყნიდან უცნობია. კობა ნაყოფია ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს, ქვეყანაში შემოსვლის თარიღი კი მითითებული არ არის. დეპუტატი ირაკლი ქავთარაძე ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს, შემოსვლის თარიღი უცნობია.
დიმიტრი გვინდაძე ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს და დაბრუნდა 10 აგვისტოს. ალექსანდრე ხეთაგური ქვეყნიდან გავიდა 8 აგვისტოს წითელი ხიდის გავლით, შემოსვლის თარიღი სიაში არ არის მითითებული. კანდიდ კვიციანი ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს, 11 აგვისტოს კი დაბრუნდა. კობა სუბელიანი საქართველოში დაბრუნდა 10 აგვისტოს. ნიკოლოზ რურუა ქვეყანაში შემოვიდა 10 აგვისტოს, წითელი ხიდის გავლით. გიორგი მელაძე ასევე საქართველოში შემოვიდა 9 აგვისტოს.
მარიკა ვერულაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა 7 აგვისტოს. დილარ ხაბულიანი ქვეყნიდან 8 აგვისტოს გავიდა, შემოსვლის თარიღი კი მითითებული არ არის. გიგი წერეთელი 7 აგვისტოს გავიდა ქვეყნიდან, 9 აგვისტოს კი დაბრუნდა. სიაში ორი გიორგი თარგამაძეა მითითებული. მათ სხვადასხვა პირადი ნომერი აქვთ. გიორგი თარგამაძე პირადი ნომრით 01005002431 ქვეყაში შემოვიდა 10 აგვისტოს, ხოლო მეორე გიორგი თარგამაძე პირადი ნომრით 01024011110 ქვეყნიდან გავიდა 7 აგვისტოს და დაბრუნდა 8 აგვისტოს.
ეს სია საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა პაატა დავითაიას „აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას“ 2008 წლის ომის შემდგომ გადაუგზავნა. სია რომ სრულყოფილი არაა ეს ფაქტია, რადგან ამ სიაში არ ფიგურირებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, მალხაზ აქიშბაია, რომელიც საომარი მოქმედების დაწყების დღეს სამეგრელოში, კერძოდ კი ზუგდიდში იმყოფებოდა.
მთავრობის თავმჯდომარე დაცვის თანამშრომლებს გაეპარა და გეზი აჭარის მიმართულებით აიღო. დაცვამ კი აქიშბაია ბათუმში იპოვა, სადაც ის მისი დაცვის თანამშრომლებს დაემშვიდობა და ასე მიმართა -„მე თავს ვუშველი, თქვენ თქვენს თავს უშველეთ“. აქიშბაიას დაცვამ აჭარა შემოვლითი გზით დატოვა. რაც შეეხება თავად აქიშბაიას, რომელიც თურქეთის მიმართულებით უნდა გაფრენილიყი, უშიშროების სამსახურმა თვითმფრინავიდან ჩამოიყვანა.
საპარლამენტო კომისიის დასკვნაში საგანგებოდ არის მიძღვნილი მალხაზ აქიშბაიას მოქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც რეაგირებისთვის კომისიამ პროკურატურას გადაუგზავნა. მთავარ პროკურატურაში for.ge-ს დაუდასტურეს, რომ აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე, გამოძიება მიმდინარებს.
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისის წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ამ დასკვნაში მნიშვნელოვანი ინფორმაციები არის ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ, რომელსაც გრიფი ადევს. ლორთქიფანიძე პარლამენტს მიმართავს, რომ კომისიის დასკვნა გაასაჯაროოს.
რა მოტივით დატოვა საქართველო პარლამენტის წევრმა კობა ნაყოფიამ და რატომ მოითხოვა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სხდომის დახურვა, ამ საკითხებზე For.ge დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
დღემდე დავის საგანია ვინ დატოვა ქვეყანა. რა ხდებოდა კომისიის დახურულ სხდომაზე?
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ამ კომისიის სპეციფიკიდან გამომდინარე, არის დახურული მუხლები, რომელიც საიდუმლო რეჟიმში მიმდინარეობდა და რომელთა დაკავშირებითაც საუბრის უფლება არ მაქვს. ამასთან დაკავშირებით დღევანდელმა პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და გაასაჯაროვოს დეტალები, რასაც ვითხოვ. ძალიან ბევრი საიდუმლო რეჟიმს დაქვემდებარებული ინფორმაცია ექვემდებარება გასაჯაროვებას.
მაგალითისთვის გეტყვით, მთელს საქართველოს აინტერესებს რატომ იქნა ქალაქი გორი დაუცველი დატოვებული? რატომ აღიმართა ბოლო ზღუდე მცხეთაში? რატომ არ მოხდა საინჟინრო-საფორთიფილაციო ნაგებობის აგება ფრონტის წინა ხაზზე, როდესაც ჩვენი ჯარები უკან იხევდნენ? რატომ მოხდა, რომ სამივე ბატალიონი ჩვენი რეზერვისტებისა, ფაქტობრივად, იქნა განწირული და ყვითელ ავტობუსებში ბედის ანაბარა დატოვებული ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე?
რატომ ხელმძღვანელობდა საბრძოლო-საშტაბო მოქმედებებს, ამ საქმეში აბსოლუტურად ჩაუხედავი პირთა ჯგუფი, როგორიც არის გიგი უგულავა, ლადო ვარძელაშვილი და ა.შ.? რატომ იყო, რომ საგანგებო სიტუაციათა მართვის სახელმწიფო კომისია არ მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხელმოწერილი იყო იმდროინდელი პრემიერ მინისტრის მიერ? ძალიან ბევრი შეკითხვაა, რომელიც ნათელს მოჰფენდა საქართველოს მდგომარეობას იმ დროს და საქართველოს ხელისუფლების სრულიად უნიათო და უპასუხისმგებლო მოქმედებებს.
ამ კითხვებზე პასუხები თუ მიიღეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მოწვეული იყვნენ კომისიის სხდომაზე?
- მქონდა შესაძლებლობა, რომ პირადად დამეკითხა ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი. მათი გამოკითხვის ოქმები საიდუმლო რეჟიმშია მოქცეული. როდესაც ღია ეთერში შეკითვა დავუსვი ვანო მერაბიშვილს, რატომ დარჩა გორი დაუცველი, მან მოითხოვა სხდომის დახურვა. აი სხდომის დახურვის შემდეგ რაც თქვა, ეს ყველაფერი საქართველოს პარლამენტში დაცულ მდგომარეობაშია. რატომ არ შეიძლება, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გახდეს, ეს ჩემთვის უცნობია.
ახალი ხელისუფლების მხრიდან ისმის მარტო ერთადერთი გზავნილი, რომ აპრიორი, ამ კომისიის მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს და, რომ ეს იყო ფორმალიზებული. არ ვეთანხმები ამას, იმიტომ, რომ პირადად ჩემს მიერ სამოქალაქო თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, ყველა ის გამოწვევა და დარღვევა, რომელიც სახეზეა, ასახული იქნა დამოუკიდებელ დასკვნაში, რომელიც მე ცალკე გამოვეცი.
ამ დასკვნაში მნიშვნელოვანი ინფორმაციებია, იგივე აფხაზეთის მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელის, მალხაზ აქიშბაიას ქმედებაზე. დავით კეზერაშვილის უკანონო მოქმედებაზე, იგივე ეროსი კიწმარიშვილის უკანონო მოქმედებებზე. არის მთელი რიგი ინფორმაციები, რომელიც მოითხოვს გასაჯაროვებას.
რაც შეხეება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოქმედებას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის ზუგდიდიან გაემგზავრა ბათუმში, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც რუსეთის რეგულარულმა არმიამ ფრონტის ხაზი გახსნა კოდორის მიმართულებით. როგორც ირკვევა, ის ტრაპიდან იქნა ჩამოყვანილი, ანუ მიემგზავრებოდა თურქეთში. ეს ინფორმაცია კომისიის დასკვნით დასტურდება?
- მადლობა, რომ ამ კითხვას მისვამთ. მალხაზ აქიშბაიას მოქმედებასთან დაკავშირებით, კომისიის დასკვნაში არა თუ საგანეგებოდ არის მიძღვნილი მისი მოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, არამედ რეაგირებისთვის გაგზავნილია პროკურატურაში. როგორც მახსოვს, მინიმუმ, 7 საკითხი არის რეაგირებისთვის დაქვემდებარებული პროკურატურას, მაგრამ მათზე რეაგირება არ ყოფილა.
თქვენ მართალი ხართ. ბატონი აქიშბაია პასუხისმგებელი იყო კოდორის ხეობაში განვითარებულ პროცესებზე. ის იქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა. ინფორმაცია მისი მოძრაობის ტარაექტორიის შესახებ, მოგვაწოდა სამთავრობო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გრიფით „საიდუმლო“. გრიფით „საიდუმლო“ საბოლოო ჯამში, აისახა ჩვენს დასკვნაში, მაგრამ სამწუხაროდ, მასზე რეაგირება არ მომხდარა. თუმცა, ინფორმაცია რომელიც უკავშირდება აქიშბაიას, ხანდაზმული არაა და დღესაც შეიძლება მასზე რეაგირება.
პროკურატურა იძიებს აგვისტოს ომის მიზეზებს და შედგებს, როგორც ამბობენ, კონკრეტული პირთა მხრიდან დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ არაერთელ მიმართა კომისიის თავმჯდომარეს, რომ საჯარო გაეხადა ის სიები, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა ქართულ მედიაში. გარდა ამ სიებისა, სხვა სიებიც არსებობს, რომელთა შესახებ ჯერჯერობით საზოგადოებამ არაფერი იცის?
- იმ პირთა სიები, რომლებიც ტოვებდნენ საქართველოს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით გავიდნენ და შემოვიდნენ, მათ შორის ოლიმპიადის შემადგენლობის დელაგაციის ჯგუფი, ყველა იქნა გამოქვეყნებული. ეს სიები წაკითხული იქნა პირდაპირ ეთერში. მას შემდეგ, რაც დასახელდა ყველას სახელი და გვარი, გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა მოგვაწოდა. ამის შემდეგ მთელი ეს ინფორმაცია გავრცელდა მედიის საშუალებით.
თუ საუბარია იმაზე, რომ არის დამატებითი სია და ჯონდი ფლობს ამ ინფორმაციას, მაშინ გასაჯაროვდეს ყველა საიდუმლო რეჟიმს დაქვემდებარებული ინფორმაცია. არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა, რომლის სრული დაცვის შემთხვევაში, პარლამენტი უფლებამოსილი იქნება მთავრობასთან შეთანხმებით გაასაჯაროვოს ეს ინფორმაციები. დღეს დადგა უკვე მიზანშეწონილობა ასეთი ინფორმაციების გასაჯაროვებისა. პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება ამ საკითხებთნ დაკავშირებით. როგორც ჩანს, პარლამენტი ელოდება პროკურატურის დასკვნას, რაც შემდეგ საფუძველი ხდება ინფორმაციის გასაჯაროვების.
როგორც პარლამენტის წევრი, დაინტერესდით გაგერკვიათ რატომ არ მოახდინა მაშინ პროკურატურამ გადაგზავნილ საქმეებზე რეაგირება?
- პოლიტიკური ნება არ არსებობდა. არ ყოფილა დღე, რომ არ შემეხსენებინა მაშინდელი ხელისუფლებისთვის. იგივე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით კომისიას ჰქონდა სერიოზული პრეტენზიები და ამ პრეტენზიებთან დაკავშირებით პროკურატურას უნდა ჰქონოდა რეაგირება, მაგრამ როგორ გაწირავდნენ მაშინ კეზერაშვილს, როცა დღესაც მფარველები ჰყავს?
შეგიძლიათ მითხრათ, ვინ არის ის შვიდი ადამიანი, რომელთა წინააღმდეგ მასალები გადაუგზავნეთ პროკურატურას?
- ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. შეიძლება უფრო ნაკლებია, მაგრამ ფაქტთან და კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, როგორც მე მახსოვს 7 რეკომენდაციაა გაცემული. დავით საყვარელიძემ იცრუა, როდესაც თქვა, რომ კობა ნაყოფია, თურმე, იმიტომ წავიდა, რომ 20 ათასი საწოლი გამოეგზავნა თურქეთიდან. არაა ბატონებო ეს სიმართლე. კობა ნაყოფია დაკითხა კომისიამ და მან პირდაპირ განაცხადა, რომ ქვეყნიდან წავიდა საკუთარი ბიზნესის გადარჩენისათვის.
შემიძლია მისი სიტყვების ციტირებაც მოვახდინო - „მე წავედი იმიტომ, რომ გადამერჩინა ბიზნესი“, ლაპარაკია „კვარციტის“ გადარჩენაზე და არა 20 ათასი საწოლის შემოტანაზე.
შარშან, როდესაც ახალი ხელისუფლების პირობებში აღვნიშნავდით აგვისტოს ომის წლისთვს, მაშინაც გამოვედი და მოვუწოდე ახალ ხელისუფლებას, რომ დაინტერესდით, ნუ თვლით მარგინალურად ჩვენს მიერ დადებული კომისიის დასკვნას. მითუმეტეს, რომ პირადად, დამოუკიდებელ რეჟიმში ვმუშაობდი და არ ვემორჩილებოდი და არ ვექვემდებარებოდი იქ არავის. თქვენ წარმოიდგინეთ არ არსებობდა არც ერთი ევაკუაციის გეგმა.
ეს კითხვა დაუსვით პრეზიდენტს და გენშტაბის უფროსს?
- რა თქმა უნდა, ეს კითხვა დავუსვი ყველას, ვკითხე რატომ არ არსებობდა საევაკუაციო გეგმები თვითმმართველობის დონეზე? სად უნდა გაგეყვანათ, რატომ გამორბოდა ჯარი და ხალხი რატომ რჩებოდა გამოქცეული ჯარის უკან? ეს ხომ არ იყო მიმართული იქითკენ, რომ მიზანმიმართულად მომხდარიყო პროვოკაცია? იგივე, ყვითელი ავტობუსები, რომლებიც კომუფლირების გარეშე შეჰყავდათ საბრძოლო ხაზზე, რომელშიც იმყოფებოდნენ გამოუცდელი ახალგაზრდები, რეზერვისტები, რომლებსაც არ ჰყავდათ შესაბამისი ხელმძღვანელობა.
თითო ავტობუსში მხოლოდ 2 სამხედრო პოლიციის ლეიტენანტი იყო. ე.ი. ეს პირდაპირ მიზნად ითვალისწინებდა იმას, რომ რუსულ სუ-25-ებს დაებომბათ ავტობუსები, მაგრამ გადავრჩით, რომ გაცილებით დიდი მასშტაბის კატასტროფის წინაშე არ აღვმოჩნდით მაშინ. ეს კითხვები აკუმლირებულია ამ საპარლამეტო კომისიის მუშაობის ფარგლებში.
მიხეილ სააკაშვილს არ ჰკითხეთ, სად გარბოდა მთავარსარდალი?
- ყველა შეკითხვა დავსვით და ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხი არის საიდუმლო რეჟიმში მოქცეული, ისევე, როგორც ეს და სხვა შეკითხვა. ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, დაუსვათ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეკითხვა, რატომ არ ხდება ამ კომისიის მიერ ზოგიერთი საიდუმლო რეჟიმს დაქვემდებარებული დოკუმენტის გასაჯაროვება.
დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა 2008 წელს, როგორ უნდა დაკვალიფიცრდეს?
- ეს პროკურატურის პრეროგატივაა. ის დაადგენს კონკრეტულ პირთა დანაშაულს. პირველ რიგში, უნდა დადგეს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, საომარ მოქმედებებზე იმ დროს პასუხისმგებელი პირებისა და მათ შორის, ქალაქის მერის, გიგი უგულავას, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და ყველა იმ ადამიანის პასუხისგებლობის საკითხი, რომელებმაც სრულად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღეს. მოხსნეს ყოველგავრი ზღუდეები და ფაქტიურად, ქვეყნის შუაგული დაუცველი დატოვეს. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გაასაჯაროვოს ეს საქმე.