გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი რუსეთს მოუწოდებს, შეიცვალოს პოზიცია ყირიმის კონფლიქტთან მიმართებაში და აცხადებს, რომ ყირიმში შექმნილი ვითარება ფეთქებადსაშიშია.
„ჩვენ არ ვეძებდით კონფრონტაციას, მაგრამ თუ რუსეთი არ წავა დათმობებზე, მაშინ ორშაბათს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შესაბამის პასუხს გავცემთ რუსეთის ქმედებებს. რუსეთი ამ დრომდე უარს აცხადებს უკრაინაში კრიზისის დარეგულირების ყველა ვარიანტზე, სიტუაციის დეესკლაციაზე და, როგორც ჩანს, აპირებს ქმედებებს, რომლებსაც ჩვენ ვერ შევეგუებით“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებამდე რუსმა სამხედროებმა აღიარეს, რომ მოქმედებას 17 მარტიდან დაიწყებენ და ყირიმის აღების ოპერაცია ერთი თვის განმავლობაში დასრულდება.
ТСН-ის ინფორმაციით, ჯარისკაცები დარწმუნებული არიან, რომ უკრაინაში აბსოლუტურად კანონიერად იმყოფებიან და იქ სრულიად გააზრებულად ჩავიდნენ.
გარდა ამისა, ТСН-ის ინფორმაციით, ისინი სამხედრო საიდუმლოსაც ამხელენ და აცხადებენ, რომ რეალურად მოქმედებას 17 მარტს, მას შემდეგ დაიწყებენ, რაც რეფერენდუმის შემდეგ ბლოკირებული უკრაინული სამხედრო ნაწილები უკანონო ფორმირებებად ჩაითვლება და შესაბამისად, რუსები მათ შტურმს დაიწყებენ.
„მშვიდობიან მოსახლეობას არ შევეხებით, არ ვესვრით, შევეცდებით სახლებში ან სარდაფებში დავმალოთ“, - აცხადებენ ჯარისკაცები.
წავა თუ არა რუსეთი ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე, რომელმაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომიც კი გამოიწვიოს, ამ თემაზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზულად შეიძლება განვიხილოთ ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები შტურმით აიღებენ ყირიმს?
- ყირიმში არის რუსული სამხედრო ბაზები რომლის კონტროლსაც უკრაინული სამხედრო დანაყოფები ახორციელებენ. წინა პერიოდში იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც უკრაინული ბაზები რუსულმა გაურკვეველმა ფორმირებებმა მოაქციეს ალყაში და მოითხოვდნენ იარაღის ჩაბარებას, მაგრამ ეს არ მოხდა, ეს ბაზები უკრაინელებმა არ დათმეს.
მოვისმინე განცხადება, რომ 17 მარტის შემდეგ ეს ფორმირებები და ბაზები გამოცხადდება კანონგარეშედ. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთული სიტუაციაა, თუმცა ვთვლი, რომ ბრძოლა მიმდინარეობს არა ყირიმში, არამედ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
ალბათ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება, რეფერენდუმის შემდეგ რა მოხდება - ამერიკა იმუქრება სანქციებით - როგორი იქნება ეს სანქციები და მასზე პასუხი, თუ ეს სანქციები მართლაც ამოქმედდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი.
არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რეფერენდუმის შემდეგ, რომლის შედეგი წინასწარვე ყველასთვის ცნობილი იყო, მომენტალურად დაიწყოს უკრაინულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმები და ცეცხლის გახსნა. ეს არ შედის არც ერთი ქვეყნის ინტერესებში - არც უკრაინის, არც რუსეთის და არც - დასავლეთის.
რაღაც პირობებს ალბათ წამოაყენებენ რუსები ამ ბაზებთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი, რომლის პოზიციაც რეფერენდუმთან დაკავშირებით, ასევე წინასწარ იყო ცნობილი - ის არ აღიარებს შედეგებს ყირიმული რეფერენდუმისა.
რეფერენდუმის წინ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაც გავრცელდა, სადაც საუბარი იყო ზოგადად ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების უფლებაზე...
- აქ მეორე მხარეც არის, იურიდიული ბრძოლაც მიმდინარეობს. უკრაინის საკონსტიტუციო კომიასიაშია ეს საკითხი განხილვაზე და შესაძლოა, ყირიმის რადა დათხოვნილი იყოს ანტიკონსტიტუციური მოქმედებების გამო. ანუ სამარლებრივი ბრძოლაც ერთ-ერთი მხარეა.
მაინც მგონია, რომ შესაძლოა, რაღაც გართულებები იყოს, მაგრამ ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას ნამდვილად არ ველოდები. არ მგონია, რომ ეს მოხდეს, თუმცა ხიფათი იმისა, რომ პროვოკავიები იყოს, აშკარად იქნება და ნამდვილად არსებობს.
დაძაბულობა ნელ-ნელა აღწევს კულმინაციას. როგორი იქნება განმუხტვა, ძნელი წარმოსადგენია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მგონია დასავლეთი მზად იყოს იმისათვის, რომ სამხედრო ჩარევა მოახდინოს ამ კონფლიქტში. არც რუსეთი მოისურვებს ამის გაკეთებას.
უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებით რუსეთი აპირებს ომი დაიწყოს ქვეყანასთან რომელსაც 5 ბირთვული სადგური გააჩნია. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებში ნაკლებად იგრძნობა, რომ კრემლს ეს ადარდებდეს, თუმცა საომარი მოქმედების დაწყების შემთხვევაში ბევრი ექსპერტი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას წინასწარმეტყველებს...
- ვფიქრობ, ეს გამორიცხულია. თუ დაიწყო ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, ვგულიხმობ, რუსეთსა და უკრაინას, ეს პროცესი ერთ და ორ დღეში და ერთსა და ორ წელიწადში არ დასრულდება. ეს იქნება საკმაოდ რთული პროცესი, რომელმაც შესაძლოა, ისეთივე ხასიათი მიიღოს, როგორი ხასიათიც მიიღო ამან ავღანეთში (როდესაც საბჭოთა კავშირი შევიდა ავღანეთში).
ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა პირველ რიგში, რუსეთისთვის, რადგან პროცესი შეიძლება გახდეს არაკონტროლირებადი, რაც ნიშნავს, რომ არეულობის ტალღა სამოქალაქო დაპირისპირებისა, შეიძლება გადაედოს რუსეთსაც.
პრინციპში, უკვე დაიწყო გაფიცვები რუსეთში უკრაინის მოვლენების გამო, დემონსტრანტები უკრაინაში მოსალოდნელ საომარ მოქმედებებს აპროტესტებენ, მაგრამ რამდენად შეიძლება პუტინმა ამას ანგარიში გაუწიოს? ეს არ არის მასშტაბური და პერმანენტული გამოსვლები...
- ახლა, რუსული საზოგადოება აჟიტირებულია. უკანასკნელი გამოკითხვებით ყირიმში განვითარებული პროცესების გამო პუტინს მხარს უჭერს რუსული მოსახლეობის 70%-ზე მეტი, მაგრამ ეს რეიტინგი უფრო ეიფორიულია.
ყველა მხრიდან რომ შევიდნენ რუსი სამხედროები და უკრაინის ყველა ქალაქი დაიკავონ, ეს ასე მარტივად ვერ დამთავრდება. პროცესი ყველა შემთხვევაში დროში გაიწელება და ეიფორია უკრაინასთან მიმართებაში გაივლის. საკმარისია ეს დაპირისპირება ერთ წელიწადს გაგრძელდეს, თავად რუსეთში დაწყება ძალიან დიდი ანტისახელისუფლებო გამოსვლები.
რუსული მოსახლეობა ზოგადად, იმპერიული აზროვნების საზოგადოებაა. ისინი მხარდამჭერები იყვნენ რუსეთის საზღვრების გაფართოების დასავლეთით, აღმოსავლეთით თუ სამხრეთით, მაგრამ როგორც კი სიტუაცია შედიოდა კრიზისში, ნელ-ნელა იწყებოდა განხილვა ამ იმპერიული ნაბიჯების. რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველთვის ხდებოდა დაპირისპირება უკვე საკუთარ ხელისუფლებასთან.
ბუნებრივია, სანქციებით დასავლეთი იზარალებს, მაგრამ არც მას არ აქვს სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში, მაგრამ იძულებული ხდება, გაატაროს ძალზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები - სამხედრო ძალით ჩარევას, ფაქტობრივად, გამოვრიცხავ.
სანქციები იქნება იმდენად ძლიერი, რომ რუსული მოსახლეობა ამას ძალიან სწრაფად იგრძნობს, რაც გამოიწვევს იმას, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ აუცილებლად დაიწყება გამოსვლები. რუსეთი იძულებული გახდება, წავიდეს კომპრომისზე და ისევ დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან.
ვფიქრობ, სცენარი ასე განვითარდება და ისიც მგონია, რუსეთის ხელისუფლებამ, იგივე პუტინმა იცის, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ უნდა განვითარდეს.
მიუხედავად რეფერნდუმის გადაწყვეტილებისა, ვფიქრობ, რუსეთი არ გარისკავს და არ მოახდენს ყირიმის მიერთებას რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა რეფერენდუმის შედეგებს, რა თქმა უნდა, ცნობს.
ყველაზე სავარაუდო სცენარით, ჩემი აზრით, ყირიმმა შეიძლება ისეთივე სტატუსი მიიღოს რუსეთის მხრიდან, როგორც მოხდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში.
დასავლეთი დღემდე არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ აღიარებულ სტატუსებსაც. უნდა ვივარაუდოთ, რომ უკრაინის შემთხვევაში დასავლეთი უფრო აქტიური აღმოჩნდება, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში მოხდა?
- საქმე ისაა, რომ დიდი კამათი და აზრთა სხვადასხვაობებია, თუ რა მოხდა 2008-ში. რა თქმა უნდა, ყოფილი ხელისუფლება ცდილობს, რომ თემები ერთმანეთს გადააჯაჭვოს და ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოში არის საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც რუსეთს ოკუპანტად არ მიიჩნევს. თუმცა ეს ასე არ არის - რუსეთი ვინც არის და როგორიც არის ეს ყველამ ყოველთვის კარგად ვიცოდით.
საქართველოს ხელისუფლება მაშინ წამოეგო ამ პროვიკაციას და თავად ჩაერთო ამ საომარ მოქმედებებში, საბაბი მისცა, რომ რუსეთს განეხორციელებინა ოკუპაცია და მანაც განახორციელა.
რეალურად, საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლებას ყველანაირი საერთაშორისო უფლება აქვს, რომ დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს იყო პროვიკაცია, რომელაც საქართველოს ხელისუფლება წამოეგო.
ისიც ვთქვათ, რომ იმ მომენტში დასავლეთის სახელმწიფოებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მათ უნდოდათ და შეეძლოთ - ძირითადად მათმა დამოკიდებულებამ შეაჩერა რუსეთის წინსვლა თბილისისკენ.
უფრო მკვეთრი ნაბიჯები არ გადადგეს, როგორც ჩანს, უფრო იმიტომ, რომ ისინი წინასწარ აფრთხილებდნენ სააკაშვილს, არ წამოგებოდა ამ პროვოკაციებს და რადგან სააკაშვილმა არ გაითვალისწინა მათი ხედვები, არც მათ ჩათვალეს თავი ვალდებულად, უფრო შორს წასულიყვნენ. თუმცა, თუ ძალიან ღიად ვილაპარაკებთ, მათ პოლიტიკურად ხელს არ აძლევდათ იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს.
ამ შემთხვევაში სიტუაცია არის სრულიად სხვა. იცით, რომ რუსული ბაზები, სადაც უკრაინული შენაერთებია, ალყის ქვეშაა, მაგრამ უკრაინელები მშვიდად განაგრძობენ პოზიციურ ბრძოლას. სამხედრო ნაწილებმაც კი არ გამოიყენეს საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო იარაღი.
ამასთანავე, პროცესი, რომელიც უკრაინაში სამი თვეა, მიმდინარობს, ეტაპობრივად ვითარდებოდა და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი და პოლიტიკა ჩართული იყო მასში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვიღებთ იმას, რომ დასავლეთს უბრალოდ არანაირი ხელმოსაჭიდი, თუნდაც თავის გამართლების მიზნით, არ აქვს, რომ უკრაინას არ დაუდგეს გვერდში, არ დაიცვას მისი პოზიციები. მას არანაირი მოტივაცია და გამართლება ამისა, არ მოეძებნება.
ამიტომ ვფიქრობ, დასავლეთი გააკეთებს ყველაფერს, გარდა სამხედრო ჩარევისა, რომ უკრაინის პოზიცია იყოს გამაგრებული და მხარდაჭერილი დასავლეთიდან. რუსეთი ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგება, რადგან არსებობს წინაპირობა, რომ რუსეთი მოექცეს საერთაშორისო იზოლაციის ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს არის გამოცდილი მეთოდი დასავლეთის მხრიდან. ეს არის ის ცივი ომის სტრატეგია, რასაც რუსეთი ახორციელებდა საბჭოთა კავშირის მიმართ ბოლო 40 წლის განმავლობაში და რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ მთელი სოციალისტური სისტემა დაირღვა.
რა თქმა უნდა, 40 წელი საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ მეორეა, ყველა ქვეყანა და ერი იბრძვის იმისათვის, რომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ცივილურ სამყაროში. თუ უკრაინასაც სურს ეს, მაშინ ის იძულებული და ვალდებულია, იბრძოლოს.
დასავლეთი უკრაინის ნაცვლად არ იბრძოლებს, ეს ცხადია, ისევე, როგორც ჩვენს მაგივრად არ იბრძოლებს, თუმცა მხარდაჭერა იქნება. ვერ მოვთხოვთ და არც შეიძლება მოვთხოვოთ დასავლეთს იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე შეუძლია.
საბჭოთა პერიოდში მუდმივად იყო რეპრესირებული პოლონეთი, გერმანია, უნგრეთი ჩეხეთი, ბალტიის ქვეყნებზე აღარაფერს ვამბობ. ამ ქვეყნებს ბრძოლა, რუსული დიქტატისგან გასათავისუფლებლად არ შეუწყვეტიათ, მიუხედავად იმისა, რაც ხდებოდა ნებისმიერ დედაქალაქში, იქნებოდა ეს ვარშავა, პრაღა, ბუდაპეშტი თუ სხვა. უკრაინელ ხალხსაც აქვს საშუალება, დასავლეთის დახმარებით იბრძოლოს იმისათვის, რომ გახდეს რეალურად დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა.
თქვენ თქვით, რომ საომარ მოქმედებების შემთხვევაში დასავლეთის მონაწილეობას არ უნდა ველოდეთ, თუმცა არსებობს 1992 წლის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც აშშ და რამდენიმე სხვა ქვეყანა მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტორია ბირთვულ იარაღზე უარის სანაცვლოდ. ამ ხელშეკრულებას ყურადღებას არავინ მიაქცევს?
- თუ არ ვცდები, ამ ხელშეკრულებას ოთხი სახელმწიფო აწერს ხელს - ეს არის უკრაინა, რუსეთი, აშშ და ბრიტანეთი, მაგრამ უკვე ამ ხელშკრულების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირება მიდის. რუსეთი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მოხდა კიევში, ეს ხელშეკრულება დევალვირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ რაღაც დაირღვა, ძალა იქნება გამოყენებული.
ნაკლებად უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ხელშეკრულების გამო იქ ომი დაიწყება - არარეალური მეჩვენება, რომ ამ კონფლიქტს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მოჰყვეს და ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. ეს არ არის არავის ინტერესებში.