საქართველოს პოლიტიკურ ველზე შემოჭრილი ელჩების ნაწილი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩარევასაც აღარ ერიდება. ამ ფონზე „ქართულ ოცნებაში“ დასავლელ პარტნიორებთან მიმართებით განცხადებები უფრო მკაცრდება. მმართველი გუნდის დეპუტატები და პარლამენტის თავმჯდომარე ღიად ადანაშაულებენ უცხოელი დიპლომატების ნაწილს საქართველოს სუვერენულ საქმეებში ჩარევასა და ხელისუფლებისადმი ინსტრუქციების მიცემაში.
„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ზოგიერთი საელჩო თუ ელჩი პირდაპირ იყო ჩართული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ხოლო უცხო ქვეყნების წარმომადგენლები თავს ინსტრუქტორებად მოიაზრებდნენ და ხელისუფლებას კანონების შინაარსს უშუალოდ კარნახობდნენ. მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „არც ერთ უცხოურ ორგანიზაციას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა აღარ მიეცემა“. მათი თქმით, დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან ფინანსების გაცემა იგეგმებოდა პარტიულ ორგანიზაციებსა და საარჩევნო სიის წევრებზე, რაც შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაა. ასევე ქვეყნის შიდა საქმეეში ღიად ერევიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩები. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ისინი პირდაპირ ღია პოლიტიკურ დისკუსიაში შედიან ხელისუფლებასთან, რაც არც ერთ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით არ ხდება.
შეფასებებს კატეგორიულად არ ეთანხმება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, გრანტების მიღება არ შეიძლება შიდა საქმეებში ჩარევად განიხილებოდეს, რადგან ფინანსების გამოყოფის მიზანი დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა.
„რომელიმე პარტიას არავინ არ უჭერს მხარს გარედან, დემოკრატიას უჭერენ მხარს. ხელისუფლებამ არ მისცა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოეხდინა იმ დემოკრატიული პროექტის დაფინანსება, რაც საელჩოს მიაჩნია სწორად“, - აცხადებს პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია.
პარლამნეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კი ფიქრობს, რომ ბრიტანეთის ელჩი ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში, ის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოქალაქეების აზრის ფორმირებაზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„შესაბამისად, მისი მიზანი იყო „ქართული ოცნების“ დამარცხება და სხვისი მოყვანა ხელისუფლებაში. დავსვათ კითხვა - ვისი მოყვანა? ვინ არიან? ეს არის ის ძალა, რომელიც, ერთი მხრივ, ვნახეთ ვინც არიან, საგამოძიებო კომისიაში ვისმენთ რა ტერორი დაატრიალეს საქართველოში. ეს არის ის ხალხი, რომლებიც მთავარ პრობლემას „ქართული ოცნებისა“ ხედავს იმაში, რომ ჩვენ არ ვუჯერებთ უცხოელებს. ამბობენ, რომ პირველი, რასაც გააკეთებენ - დაუჯერებენ უცხოელებს“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
მისივე თქმით, ბრიტანეთის ელჩმა უნდა გასცეს პასუხი ბრალდებას, რომ ის საქართველოს არჩევნებში ჩარევას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ცდილობდა.
„ამაზე უნდა გასცენ პასუხი - დამალობანას რომ თამაშობენ ელჩები, გამოვლენ რაღაცას იტყვიან, მერე ხმას არ იღებენ და უკარებასავით არიან - ასე არ არის. რადგან ჩაერთნენ ქართულ პოლიტიკაში, შემოვიდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში და იყვნენ ამის მონაწილეები, კეთილი ინებონ და მოიქცნენ, როგორც პოლიტიკის მონაწილე სუბიექტები და გაგვცენ პასუხი - რატომ ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში? ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან მიმართებით ვაყენებ და გასცეს პასუხი - იყო თუ არა ეს მცდელობა, გავლენა მოეხდინა აზრის ფორმირებაზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთ უცხოურ ორგანიზაციას ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის შესაძლებლობა არ მიეცეს, არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ელჩი, საელჩოს თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი! ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები გვექნება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.
როგორც ზარქუამ ამ კონტექსტში აღნიშნა, გარკვეული ქვეყნების ელჩებმა და საელჩოებმა თავიანთი ფუნქცია დაივიწყეს.
„სამწუხაროდ, გარკვეული ქვეყნის საელჩოები და ელჩები ქართველი ხალხის ნების და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ პირდაპირ იყვნენ ჩართული სახელმწიფო გადატრიალების საქმეში. ამის არაერთი დემონსტრირება ვნახეთ. ასევე, ვნახეთ უცხო ქვეყნების თანამდებობის პირების საქართველოში ჩამოსვლა და მათი მიტინგებში მონაწილეობა. ეს პირდაპირ ითარგმნება იმაში, რომ სურთ, ამბოხსა და ჯანყს შეუწყონ ხელი. სამწუხაროდ, გარკვეული ქვეყნების ელჩებმა და საელჩოებმა თავიანთი ფუნქცია დაივიწყეს. ჩვენ საქმე გვაქვს რევოლუციის მცდელობებთან. ამაში უამრავი თანხები იხარჯება, რაც უნდა დასრულდეს“, - აცხადებს ზარქუა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე აცხადებს, რომ ელჩების მხრიდან „დამალობანა“ აღარ გამოვა. მისი თქმით, დიპლომატების მიერ პოლიტიკური განცხადებები და ღიად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მხილებული უნდა იყოს. ანალიტიკოსი for.ge-თან მიიჩნევს, რომ ევროპელი დიპლომატების უსამართლო ბრალდებებზე ხელისუფლებამ პასუხის გაცემა დაიწყო და მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში.
„ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ და გლობალური ომის პარტიის ფილიალები ადგილზე ვეღარაფერს აკეთებენ და აქ უკვე წინა პლანზე კონკრეტული კოორდინატორები გამოდიან. ამ ელჩების ქმედებებსა და განცხადებებს სწორედ ასე შევაფასებდი. საქართველოში მოქმედ ელჩებს და იმ დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც რიგ ევროპულ ქვეყნებს წარმოადგენს, პირდაპირ შეგვიძლია სამარცხვინოები ვუწოდოთ. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ვენის კონვენციასთან, არც დიპლომატიასთან და არც ეტიკეტთან. იმ წითელ ხაზებთან, რაც სუვერენულ სახელმწიფოს დიპლომატიურ კორპუსთან აკავშირებს, ამ ხალხს კავშირი უკვე მთლიანად გაწყვეტილი აქვთ.
უნდა გავიხსენოთ 2018–2019 წლიდან დაწყებული ოთხი რევოლუციური ეტაპი, რომელიც საქართველომ გაიარა. დიახ, სწორედ ეს ელჩები, მათ შორის მათი წინამორბედებიც, განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ, როცა კოორდინაციას უწევდნენ ისეთ ოდიოზურ ფიგურებს, რომლებიც ვითომ სამოქალაქო საზოგადოების სახელით მოქმედებდნენ და რეალურად ანტისახელმწიფო და ანტისაზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ“, – ამბობს ქადაგიძე.
მისი თქმით, როცა ესა თუ ის სახელმწიფო ორგანო ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციულ ძალას აფინანსებს, იქ კონკრეტული ელჩია კურატორი და ის კურირებს იმ მიმართულებებს, რომლებიც დესტაბილიზაციასა და არეულობას ისახავს მიზნად.
„ეს ყველაფერი უკვე ღიად არის ცნობილი. ფაქტია, რომ ეს ელჩებიც აღარ ინიღბებიან და აღარ ერიდებიან ჩრდილიდან გამოსვლას. როდესაც უკვე კონკრეტული ინტერესების მქონე ქვეყნები, რომლებსაც ამ ქვეყანაში პროცესების წარმართვა სურთ, კულისებიდან ღიად გამოდიან, ეს უკვე სხვა მასშტაბის პროცესია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში უკვე გამჭვირვალობის კანონი ამოქმედდა, ეს თავისთავად ბევრ ფაქტს და დეტალს მოჰფენს ნათელს. მეორე მხრივ, ცოტა სასაცილოა ის გარემოება, როცა საელჩოები აფინანსებენ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყნის ინსტიტუტების წინააღმდეგ პირდაპირ საბოტაჟს აწყობენ. ეს შეფუთულია ისე, თითქოს ამ ორგანიზაციებს დემოკრატიის ხარისხის შეფასება ევალებათ და არჩევნებზე დამკვირვებლების როლს ასრულებენ. გაჟღერდა ჯაფარიძის, ჩერგოლეიშვილის და სხვა მათნაირი ოდიოზური ფიგურების გვარები, რომლებიც ქვეყნის ინსტიტუტებს პირდაპირ არ აღიარებენ. მეტი რაღა მტკიცებულებაა საჭირო იმისთვის, რომ ელჩები მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ფაქტობრივად, ოპოზიციისა და იმ ხალხის დამფინანსებლად გვევლინებიან, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას“, - აცხადებს ქადაგიძე.